12 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა თორნიკე ნონიაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა მასობრივ ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინები ჩიპის სახით უნდა იყოს, ხოლო ჩიპზე უარის თქმის შემთხვევაში, ადამიანებს მუშაობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. თორნიკე ნონიაშვილის პოსტში ასევე წერია, რომ ბილ გეიტსმა ატომური იარაღი ძველ გამოწვევად შეაფასა, ხოლო დღევანდელ საფრთხედ კორონავირუსი დაასახელა და მისი მოდელიც აჩვენა. პოსტს თანდართული აქვს ბილ გეიტსის ფოტოკადრი TED Talk-ში გამოსვლის ვიდეოდან, ასევე youtube ბმული, რომელიც პანდემიას განიხილავს და რამდენიმე ვიდეოს, მათ შორის ბილ გეიტსის 2015 წელს TED Talk-ში გამოსვლასაც ეხება.
პოსტს 13 ოქტომბრის მონაცემებით 106 გაზიარება აქვს. Crowdtangle-ის მონაცემებით პოსტი 5 ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის “კორონა მაფია” და “ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი”.
გავრცელებული პოსტი, თითქოს ბილ გეიტსი ვაქცინის შექმნას ჩიპის სახით აპირებს და მასზე უარის თქმის შემთხვევაში ადამიანებს მუშაობის უფლება არ მიეცემათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტო, რომელიც პოსტს აქვს თანდართული გეიტსის 2015 წლის TED Talk-ზე გამოსვლიდანაა, სადაც მას კორონავირუსი არ უხსენებია და ვირუსის მოდელად ეკრანზე არა კოვიდ19, არამედ H1N1-ის მოდელი აჩვენა.
რეალურად რაზე ისაუბრა ბილ გეიტსმა?
2015 წელს ბილ გეიტსმა TED Talks-ში გამოსვლისას ვირუსებზე და მათგან წამოსულ საფრთხეზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გლობალური კატასტროფის რისკები ამჟამად არა ატომურ იარაღსა და რაკეტებს, არამედ ვირუსებს უკავშირდება, მაგალითად კი ეკრანზე ინფლუენსას ვირუსის, H1N1-ის 3D მოდელი აჩვენა. ბილ გეიტსს არც COVID-19 და არც სხვა ტიპის კორონავირუსები არ უხსენებია, ის მხოლოდ ებოლას ეპიდემიას შეეხო და განაცხადა, რომ ის ყველასთვის გაკვეთილი იყო და მომავალი ეპიდემიისთვის მსოფლიოს უკეთესად მომზადება მართებდა. გეიტსის აზრით, ებოლას დიდი მასშტაბი მხოლოდ იმიტომ არ ჰქონდა, რომ ის ბევრ ურბანულ ქალაქში არ გავრცელებულა, თუმცა, გეიტსის თქმით, მომავალში ასეთი იღბლიანები აღარ ვიქნებოდით.
TED Talks-ში გამოსვლისას ფილანტროპმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეპიდემიებთან საბრძოლველად მსოფლიოს ძალიან ცოტა აქვს ინვესტირებული და ამ ეტაპზე საკმარისი მზაობა არ არსებობს. იმისათვის, რომ შემდეგ ეპიდემიას, რაც ებოლაზე გაცილებით მწვავე იქნება, მომზადებული დავხვდეთ, ბილ გეიტსი 5 კომპონენტიან გზას გვთავაზობს:
- ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება დაბალშემოსავლიან ქვეყნებში;
- ისეთი სამედიცინო კორპუსის ჩამოყალიბება, რომელსაც შესაბამისი ტრენინგები ექნება გავლილი და ეპიდემიისთვის კვალიფიციური კადრები ეყოლება;
- სამედიცინო და სამხედრო პერსონალის თანამშრომლობა, რათა მოხდეს სამხედროების სწრაფი მანევრირებისა და ლოჯისტიკის გამოყენება;
- სიმულაციები, ე.წ. “მიკრობების თამაში”, რათა მოხდეს ხვრელების აღმოჩენა
- კვლევის გაძლიერება და განვითარება.
ბილ გეიტსმა ახსენა ვაქცინაციაც და განაცხადა, რომ ვაქცინებზე მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ვაქცინა ჩიპის სახით უნდა შეიქმნას, არც ის უხსენებია, თითქოს ვაქცინაზე უარის თქმის შემთხვევაში ადამიანებს მუშაობის უფლება არ ექნებოდათ.
ვიდეოს ბოლოს ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ ზუსტად ვერ დაასახელებდა, თუ რა თანხა დაჯდებოდა მომავალი ეპიდემიისთვის მომზადება, თუმცა გეიტსი დარწმუნებული იყო, რომ ეს ბევრად ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ეპიდემიისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი და ადამიანური მსხვერპლი.
ბილ გეიტსზე გავრცელებულ კონსპირაციებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
- გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?
- აპირებს თუ არა ბილ გეიტსი COVID-19-თან მიკროჩიპებით ბრძოლას?
- დააკისრეს თუ არა ბილ გეიტსს ჯარიმა ვაქცინებისათვის?
- ღამურებიანი მონეტებიდან ბილ გეიტსამდე – რა კონსპირაციები წარმოშვა COVID-19-მა?
- რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასა და ბილ გეიტსზე ქართულ მედიაშიც ვრცელდება