8 თებერვალს ფეისბუქ პროფილმა Tamuna Tamo გამოაქვეყნა ორგანიზაცია “მსოფლიო ეკონომკური ფორუმის” დამფუძნებლის კლაუს შვაბის ვიდეო, რომელშიც პოსტის ავტორის მტკიცებით, შვაბი ტრაბახობს და აცხადებს, რომ მას “ჯიბეში ჰყავს” პოლიტიკოსები, მედია, მეცნიერები, ექსპერტები და ა.შ. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ შვაბი ფარული კამერით გადაიღეს და მან ამ ჩანაწერის შესახებ არ იცოდა, თუმცა, პოსტის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების კონტროლის შესახებ შვაბს “ახალი მსოფლიო წესრიგის 2.0-ის” წიგნში აქვს მოთხრობილი.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლაუს შვაბი ფარული კამერით ჩაწერეს და მან განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს, მედიას, მეცნიერებს და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელს აკონტროლებს, ტყუილია. კადრები წარმოადგენს მცირე ფრაგმენტს 2007 წლის ვიდეოდან, სადაც შვაბი ჩამონათვალს აკეთებს, თუ ვისთან თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, თუ რა კითხვის საპასუხოდ აკეთებს შვაბი ამ ჩამონათვალს.
ვიდეოს სრული ვერსია ორგანიზაცია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე 2007 წელს გამოქვეყნდა. ის არც ფარული ჩანაწერია და არც აღიარება, თითქოს ორგანიზაციის დამფუძნებელი კლაუს შვაბი პოლიტიკოსებს, მედიას და ექსპერტებს აკონტროლებს, სინამდვილეში ვიდეოში შვაბი მაყურებლებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შტაბბინაში მოკლე ტურს სთავაზობს და ამავდროულად ორგანიზაციის აქტივობებზე საუბრობს. 3:40 წუთიდან კლაუს შვაბს უსვამენ კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დაინტერესებული მხარეები მონაწილეობენ ორგანიზაციასთან შეხვედრებში, რაზეც შვაბი ჩამოთვლის, რომ ეს დაინტერესებული მხარეები არიან ბიზნესები, მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, მედია, ექსპერტები, მეცნიერები და აკადემია.
“თქვენ რელიგიური ლიდერებიც გყავთ ხომ?” – ეკითხება ვიდეოს გადამღები შვაბს. შვაბი ადასტურებს, რომ ისინი თანამშრომლებენ რელიგიურ ლიდერებთან და სოციალურ მეწარმეებთანაც. შესაბამისად, შვაბი აკეთებს ორგანიზაციის პარტნიორების ჩამონათვალს და მტკიცება, თითქოს შვაბი მათ აკონტროლებს, კონსპირაციულია.
კლაუს შვაბის მოჭრილი 49-წამიანი მონაკვეთი სოციალურ ქსელში სხვადასხვა პლატფორმაზე 2021 წლის დეკემბრიდან ვრცელდება, მათ შორის იუთუბზე, ტვიტერზე, სხვადასხვა ბლოგებზე. ამა წლის 6 და 8 თებერვალს ის ინდურ და ესპანურ ონლაინ გამოცემებშიც გამოქვეყნდა. ვიდეო ყველგან მსგავსი აღწერით გავრცელდა, რომლის მიხედვითაც “კლაუს შვაბი აღიარებს, რომ ყველა ჯიბეში ჰყავს” და ის “ფარული კამერით გადაიღეს”.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 1971 წელს გერმანელმა ინჟინერმა და ეკონომისტმა კლაუს შვაბმა დააფუძნა. ფორუმი ყოველწლიურად შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში კონფერენციაზე, გლობალურ საკითხებზე დისკუსიისთვის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, ინვესტორებს მასპინძლობს. თავად შვაბი და მისი წიგნები კონსპიროლოგების სამიზნე ადრეც გამხდარა. შვაბს “ახალი მსოფლიო წესრიგის” კონსპირაციასთან აკავშირებდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს მის წიგნებში რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე იყო საუბარი. ვრცლად იხილეთ კლაუს შვაბის შესახებ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები:
- წერს თუ არა შვაბი რელიგიისა და კერძო საკუთრების აკრძალვაზე და საიდან იღებს სათავეს 21/30-ის კონსპირაცია?
- რა საერთო აქვთ katyusha.org-ს, Geworld-სა და tvm.ge-ს?
- მართავს თუ არა ნატოს ლიდერებს ხელოვნური ინტელექტი და რა ჩანს NATO-ს მულტიმედიურ კოშკზე?
- გეგმავს თუ არა რომის პაპი “დიდ გადატვირთვას”?
- საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?
წყაროს შესახებ
ფეისბუქ მომხმარებელი Tamuna Tamo სხვა დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ პოსტებსაც აზიარებს. ერთ-ერთი პოსტი ჯასტინ ტრუდოსა და ფიდელ კასტროს ეხება, რაზეც “მითების დეტექტორმა” ინფორმაცია უკვე გადაამოწმა.
Tamuna Tamo-ს პროფილზე პირადი ფოტოები არ უდევს, ხოლო პროფილის URL მისამართში giorgi.rurua.9 არის მითითებული, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ანგარიში ყალბია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.