17 იანვარს ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2, 3), მათ შორის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი მტკიცებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეა გადაღებული. ვიდეოში სიტყვით გამომსვლელი, იქვე მჯდომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს, რის შემდეგაც შვაბი პანელს ტოვებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეო გააზიარა ფეისბუქ ჯგუფში, ,,არა კონტროლირებად ციფრულ ვალუტას”.
გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და სატირული შინაარსისაა. ის თავად ,,სიტყვით გამომსვლელმა” გაავრცელა სოციალურ ქსელში და საპასუხოდაც არაერთი სატირული პოსტი გამოაქვეყნა.
გავრცელებული ვიდეოს პირველწყარო თავად მასზე ნაჩვენები პირია. მუსიკოსმა და სატირიკოსმა, Damon Imani-მ, იდენტური ვიდეო 17 იანვარს საკუთარი X-ის (ყოფილი ტვიტერი) ანგარიშზე გამოაქვეყნა წარწერით: ,,WEF [World Economic Forum]-ის ახალი მონაწილე 2024 წლის დავოსის შეხვედრაზე წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს”. პოსტის გაგრძელებაში (ე.წ. thread) კი ავტორი მიუთითებს, რომ მისი ვიდეო სატირულია: ,,სატირა, მაგრამ სიმართლე,” – წერს ის.
მოგვიანებით, იმანმა Instagram-ზე კიდევ ერთი სატირული ვიდეო გაავრცელა. თითქოს ის ბოდიშს იხდის საკუთარი გამოსვლისთვის და ფიზიკური დაზიანებაც აქვს მიყენებული.
ვიდეო, რომელიც დამონ იმანმა პროგრამულად დაამუშავა, 16 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეორე დღეს ასახავს. ამ შეხვედრისას კლაუს შვაბი პანელზე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან, ერთად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს დგებიან ისინი ერთად პანელის დასატოვებლად.
გარდა გავრცელებული ცნობებისა, ვიდეოზე დაკვირვებით ჩანს, რომ არაერთ ეპიზოდში დამონ იმანის გამოსახულება არაპროპორციულია და არ შეესაბამება ფონს. ასევე, მას სამოსზე დამაგრებული აქვს დამატებითი მიკროფონი, რაც ფორუმის სხვა გამომსვლელებზე არ შეიმჩნევა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან, კლაუს შვაბთან დაკავშირებული ცნობები წარსულშიც გავრცელებულა. ,,მითების დეტექტორმა” ასეთი არაერთი გადაამოწმა:
- კლაუს შვაბის მამა თუ ნაცისტური გერმანიის გენერალი – ვინ არის გამოსახული ფოტოზე?
- სოციალურ ქსელში კლაუს შვაბის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება
- ვინ იყო კლაუს შვაბის დედა და აქვს თუ არა მას კავშირი როტშილდებთან?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებლები Maria Maria, Koba Jakobia, Nina Marji, Irakli Zakareishvili გამოირჩევიან ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციული თუ მანიპულაციური პოსტების გავრცელებით. მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ,,მითების დეტექტორი” სისტემატიურად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.