კლაუს შვაბის მამა თუ ნაცისტური გერმანიის გენერალი – ვინ არის გამოსახული ფოტოზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

11.4k
VIEWS

6 აგვისტოს ორგანიზაცია “ევრო-აზიური ალიანსის” თავმჯდომარემ კობა კუსიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის მამა, “ევგენ” შვაბი გერმანიის ნაცისტური პარტიის და მესამე რაიხის წევრი და სამრეწველო კომპანია Еscher Wyss AG-ის დირექტორი იყო. კომპანია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიას იარაღით ამარაგებდა. პოსტს თან ერთვის კლაუს შვაბის და ნაცისტურ ფორმაში გამოწყობილი კაცის ფოტოები.

სხვადასხვა დროს იგივე ინფორმაციას რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშებიც ავრცელებდნენ. (1,2,3,4) რუსულენოვანი მომხმარებლების პოსტებში დამატებით აღნიშნულია, რომ კლაუს შვაბის მამა ნაცისტური პარტიის მაღალი რანგის წევრი, ადოლფ ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო და საკუთარი საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდა.

Screenshot 2023 08 09 164124 კლაუს შვაბის მამა თუ ნაცისტური გერმანიის გენერალი - ვინ არის გამოსახული ფოტოზე?

მტკიცება, თითქოს კლაუს შვაბის მამა, ოიგენ შვაბი ნაცისტური პარტიის წევრი და ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო, დეზინფორმაციულია. ფოტოზე გამოსახული, ნაცისტურ ფორმაში ჩაცმული კაცი არა ოიგენ შვაბი, არამედ გერმანელი გენერალი ვალტერ დიბილასია.

  • ფოტოზე გამოსახული კაცი არა ოიგენ შვაბი, არამედ გერმანელი გენერალი ვალტერ დიბილასია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული, ნაცისტურ ფორმაში ჩაცმული კაცი გერმანელი გენერალი ვალტერ დიბილასია. დიბილასის ფოტოები მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ რამდენიმე თემატურ ფორუმზეა განთავსებული. (1,2)

Screenshot 2023 08 09 164128 კლაუს შვაბის მამა თუ ნაცისტური გერმანიის გენერალი - ვინ არის გამოსახული ფოტოზე?
წყარო: wehrmacht-awards.com

კლაუს შვაბზე გავრცელებული იგივე მტკიცებები АFP-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. АFP-ის თანახმად, დიბილასის კიდევ ერთი ფოტო გერმანიის ფედერალური არქივის დოკუმენტებშია ხელმისაწვდომი და ფოტოებზე აშკარა მსგავსების დანახვაც შესაძლებელია.

Screenshot 2023 08 09 164132 კლაუს შვაბის მამა თუ ნაცისტური გერმანიის გენერალი - ვინ არის გამოსახული ფოტოზე?
წყარო: Bundesarchiv

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვალტერ დიბილასი ამერიკელებმა ტყვედ აიყვანეს და სსრკ-ს გადასცეს. სამხედრო დანაშაულებისთვის მას 25 წლიანი მძიმე მუშაობა მიესაჯა. დიბილასი 1950 წელს ქალაქ სტალინოს (დღევანდელი დონეცკი) ციხეში გარდაიცვალა. 

რაც შეეხება კლაუს შვაბის მამას, ოიგენ შვაბს ის სამხრეთ გერმანიაში, რავენსბურგში შვეიცარიული კომპანიის Escher Wyss-ის ქარხნის კომერციული მენეჯერი იყო, თუმცა ის ნაცისტური პარტიის წევრი არ ყოფილა და არც ადოლფ ჰიტლერთან ჰქონია კავშირი.

ოიგენ შვაბის ფოტო საოჯახო არქივების საიტზე Family Search-ზეა ხელმისაწვდომი. სადაც მისი ფოტო ბრაზილიის დროებით ვიზაზე ჩანს. კლაუს შვაბის წარმომადგენელმა ფაქტების გადამოწმების გერმანულ სამსახურს DPA-ს დაუდასტურა, რომ ფოტოზე ნამდვილად კლაუს შვაბის მამა, ოიგენ შვაბია გამოსახული.

Screenshot 2023 08 09 164137 კლაუს შვაბის მამა თუ ნაცისტური გერმანიის გენერალი - ვინ არის გამოსახული ფოტოზე?
წყარო: Family Search

АFP-მ ოიგენ შვაბთან დაკავშირებული დენაციფიკაციის საარქივო დოკუმენტები მოიპოვა. დენაციფიკაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეების პროგრამა იყო, რომელიც გერმანიასა და ავსტრიაში ნაციზმის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. პროგრამის ფარგლებში არაერთი ადამიანი დაიკითხა, რათა ნაცისტურ ორგანიზაციებთან მათი კავშირი გამჟღავნებულიყო. ოიგენ შვაბის ფაილიდან ჩანს, რომ ის 1946 წელს ორჯერ გამოიკითხა. ფაილიდან ასევე ირკვევა, რომ ის არც ნაცისტური პარტიის წევრი არ იყო და არც ადოლფ ჰიტლერთან ჰქონდა რაიმე კავშირი. აღსანიშნავია, ისიც რომ მეორე მსოფლიო ომის დროს Escher Wyss-ი ისევე როგორც გერმანიაში არსებული სხვა ქარხნები ომის პერიოდში ტყვეების იძულებით შრომას იყენებდნენ, თუმცა АFP-სთან კომენტარში მიუნხენში თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის მკვლევრმა ნილს ვაიზემ აღნიშნა, რომ Escher Wyss-ის მიერ იძულებითი შრომის გამოყენება იმ პერიოდში გარანტირებული იქნებოდა და ეს პროცესი უშუალოდ ქარხნის მენეჯერთან დაკავშირებული ვერ იქნებოდა.

სხვადასხვა დროს მცდარი მტკიცება, რომ კლაუს შვაბის მამა, ოიგენ შვაბი ნაცისტი იყო ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა სამსახურმა მათ შორის АFP Fact-checking-მა, DPA Fact-checking-მა, Verificador-მა და OBSERVADOR-მა გადაამოწმეს. 

დეზინფორმაცია, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსის და გავლენიანი ადამიანის წინაპრები ნაცისტური პარტიის წევრები იყვნენ წარსულშიც არაერთხელ გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ:

კობა კუსიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო-აზიური ალიანსის თავმჯდომარეა. ევრო-აზიური ალიანსი ერთ-ერთია იმ პრორუსული ორგანიზაციებიდან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის,  Sputnik V-ის შემოტანის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დასავლური ვაქცინებისგან განსხვავებით Sputnik V უსაფრთხოებითა და ეფექტიანობით გამოირჩევა. 2022 წლის 4 ივლისს რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში კუსიანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. გარდა ამისა სოციალურ მედიაში კუსიანი სისტემატურად ავრცელებს სხვადასხვა ყალბ ინფორმაციას. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist