რუსეთის პირველი არხის 7 დეზინფორმაცია ბიოლაბორატორიებზე და მისი ქართველი რესპონდენტები

კითხვის დრო: 9 წუთი

კითხვის დრო: 9 წუთი

3.5k
VIEWS

4 ივლისს რუსეთის პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი (1,2,3,) რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ლაბორატორიების, კერძოდ, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ. სიუჟეტში საუბარია სხვადასხვა “სახიფათო ექსპერიმენტზე,” რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის, ტერიტორიებზე არსებულ “ამერიკულ ლაბორატორიებში” ტარდება. აღნიშნული სიუჟეტი ფეისბუქის ქართულენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს.

საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიების შესახებ რუსეთის პირველი არხის მტკიცებები დეზინფორმაციულია. ხოლო ნარატივი “ბიოლაბორატორიებში სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რომელიც აშშ-ის და მისი პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, ურთიერთობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენება.

დეზინფორმაცია №1: საქართველოში ტროპიკული ცხელების დადასტურებული შემთხვევები არ იყო “საზღვარგარეთიდან შემოტანილი” და ინფიცირების კერა საქართველოში არსებობდა. ლუგარში კი სახიფათო დაავადებების გამავრცელები კოღოების  მოშენებისთვის “ქარხანა” არსებობს

რუსეთის პირველი არხის მტკიცება, შთაბეჭდილებას ქმნის, რომ საქართველოში ტროპიკული ცხელების შემთხვევები ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში ლუგარის ცენტრი ნორმალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით კოღოების იმ სახეობებს აკვირდება, რომლებიც სახიფათო ვირუსებს ავრცელებენ.

ტროპიკული ცხელება დენგეს ცხელების პოპულარული სახელწოდებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ ცხელების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. დენგეს ცხელების გამავრცელებელ მწერებს შორის არის კოღოების ორი სახეობა: Aedes aegypti და Aedes albopictus. ორივე მათგანი საქართველოში დაფიქსირებულია.

Aedes aegypti საქართველოს ტერიტორიაზე ტროპიკული ქვეყნებიდან მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. შემდგომმა კვლევებმა გამოავლინა, რომ Aedes aegypti გავრცელებული იყო როგორც შავი ზღვისპირა დასახლებულ პუნქტებში, ასევე სენაკსა და თბილისში. მალარიის გავცელების საწინააღმდეგო ზომების გატარების შემდეგ ეს სახეობა დროებით ლიკვიდირებული იყო, თუმცა 1954 წელს ისევ დაფიქსირდა გულრიფში. 2015-2016 წლებში კვლევებმა გამოავლინა, რომ Aedes albopictus გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ამავე პერიოდში Aedes aegypti-ს სახეობის კოღოების მცირე რაოდენობა იყო გამოვლენილი. 2014 წლიდან ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კოღოების ამ სახეობებს სწორედ ლუგარის ლაბორატორია აკვირდება.

რუსულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს დაუკავშირდა. იმნაძის განცხადებით, რუსული მედიის ბრალდებები აბსურდულია, ლაბორატორიის საქმიანობა კი – გამჭვირვალე.

2018 წლის ნოემბერში ლუგარის ცენტრის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საქართველოში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს კონვენციის ეგიდით საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ლუგარის ცენტრი 20-მდე ქვეყნიდან ჩამოსულმა ბიოუსაფრთხოების ექსპერტებმა მოინახულეს. საქართველოს მხრიდან მოწვევის მიუხედავად, რუსეთმა ვიზიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ვიზიტის შემდეგ საერთაშორისო ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნა, რომელიც გაეროს ჟენევის ოფისში ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე წარადგინეს.

“ლაბორატორია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლენს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან […] ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული.” – ნათქვამია ანგარიშში.

ლუგარის ლაბორატორიამ ცენტრის დასათვალიერებლად ჟურნალისტები არაერთხელ მიიწვია. პაატა იმნაძის თანახმად, 2018 წელს სხვა ჟურნალისტებთან ერთად ცენტრი რუსეთის პირველ არხზე გასული სიუჟეტის ავტორმა რიმა ბერულავამაც მოინახულა.

ჟურნალისტი რიმა ბერულავა ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტისას, 2018 წელი

დეზინფორმაცია 2: ღორის აფრიკული ჭირის განსაკუთრებით გადამდები შტამი, რომელიც შემდეგ რუსეთსა და ევროპაში აღმოაჩინეს, ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა

ღორის აფრიკული ჭირის ლუგარის ლაბორატორიასთან კავშირი კრემლის კონსპირაციაა. ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემია 2007 წელს დაიწყო, ხოლო ლუგარის ლაბორატორია საქართველოში 2011 წელს გაიხსნა.

ღორის აფრიკული ჭირი მომაკვდინებელი დაავადებაა, რომელიც გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და გარეულ და შინაურ ღორებში იჩენს თავს. დაავადება შესაძლოა გავრცელდეს როგორც ცოცხალ ღორებში, ასევე ღორის პროდუქტების საშუალებითაც, ამიტომაც ღორის ხორცის იმპორტზე ქვეყნები ბიოუსაფრთხოების ზომებს იღებენ. ვარაუდობენ, რომ 2007 წელს საქართველოში ღორის აფრიკული ჭირი აღმოსავლეთ აფრიკიდან დაბინძურებული ღორის პროდუქტებით შემოვიდა. 2007 წლის შემდეგ, რაც დაავადება ევროპაში გავრცელდა, მეორე დიდი მასშტაბის ეპიდემია 2018 წელს ჩინეთში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზეც ჩერდება, ამიტომ გადამტანი ადამიანებიც შეიძლება იყვნენ, თუმცა ღორის აფრიკული ჭირი ადამიანებს არ აინფიცირებს და შესაბამისად, მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ღორის აფრიკული ჭირი 2009 წელს გავრცელებული ღორის გრიპის პანდემიისგან განსხვავებულია.

2021 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამტკიცებდა, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ღორის აფრიკული ჭირი საქართველოდან გავრცელდა და ვირუსს ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებდა. 

დეზინფორმაცია №3: ლაბორატორიაში ფრინველის გრიპის გავრცელებაზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და დაავადების ცხოველიდან ადამიანზე გადასვლის გზებს იკვლევდნენ

ლუგარის ცენტრის მიზანი საქართველოს მოქალაქეების ეპიდემიებისგან და ინფექციური დაავადებებისგან დაცვაა. ცენტრი თანამედროვე დიაგნოსტირების მიმართულებითა და ადამიანებსა და ასევე ცხოველებში ეპიდემიების პრევენციის მიმართულებით  მუშაობს. 

ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას) ფუნქციონირებს. გრიპის ლაბორატორიაში ადამიანისა და ფრინველის გრიპის, ასევე პოლიემიელიტის დიაგნოზირება ხდება.

გარდა ამისა, ცენტრში საერთაშორისო ხარისხის კონტროლით  შემდეგი ლაბორატორიები ფუნქციონირებს: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში საერთაშორისო ISO აკრედიტაცია  გააჩნია.

დეზინფორმაცია №4: პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამერიკული ლაბორატორიების ტერიტორიაზე ქოლერის შტამებთან და ციმბირულ წყლულთან დაკავშირებით სახიფათო ექსპერიმეტებს ატარებდნენ, ხოლო უკრაინულ ლაბორატორიებში ქოლერის, ტიფისა და ჰეპატიტის “წყლის არხებით” გავრცელებაზე მუშაობდნენ

დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში “ამერიკულ ლაბორატორიებში” ქოლერის, ტიფისა და ჰეპატიტის “წყლის არხებით” გავრცელებაზე მუშაობდნენ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 14 აპრილს გაავრცელა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა ექსპერიმენტები ე.წ პროექტ 3007-ს, სახელწოდებით “ეპიდემიოლოგიური და გარემოსდაცვითი სიტუაციის მონიტორინგი უკრაინაში საშიში წყლის დაავადებებთან დაკავშირებით” დაუკავშირა. თავის მხრივ კი უკრაინაში ბიოლაბორატორიები რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის საქმიანობას დაუკავშირა. 

პრესკონფერენციის მეორე დღესვე უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრალდებები უარყო. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერაა. უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრმა ასევე აღნიშნა, რომ 1995-2015 წლებში რუსეთში  მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრი ფუნქციონირებდა, რომელთანაც ის თანამშრომლობდა. უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა სამეცნიერო ცენტრმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ მეცნიერების საქმიანობის პროფილის შეცვლაში, რომლებიც სსრკ-ში იარაღის შემუშავების პროგრამებში მონაწილეობდნენ. თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ცენტრი საჯაროდ აქვეყნებს. ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშებს როგორც საკუთარი საქმიანობის, ისე დაფინანსების წყაროების შესახებ. უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი ბიოლოგიური იარაღის შემუშავების რაიმე სახის პროგრამასთან დაკავშირებული არ არის.

უკრაინის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ 2022 წლის ივნისში დაადანაშაულა.

დეზინფორმაცია №5: ხარკოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტებზე აშშ-ში არააპრობირებულ მედიკამენტებს ცდიდნენ

ხარკოვში №3 საოლქო კლინიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბაზაზე შიზოფრენიის, ალცჰაიმერის, დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობის, ჰალუცინაციების და სხვა ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევები მიმდინარეობდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფოს სექსპერტო ცენტრის საიტზეა გამოქვეყნებული.

პაციენტები კვლევაში მონაწილეობას მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში, ნებაყოფლობით და ინფორმირებული თანხმობის ხელმოწერის შემდეგ იღებენ. ამ საკითხს უკრაინის კანონმდებლობა არეგულირებს. თუ სამკურნალო საშუალება, რომელსაც იკვლევენ, ნარკოტიკულ საშუალებებს ან ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მიეკუთვნება, მაშინ პრეპარატების კლინიკური ტესტირება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების შესახებ კანონმდელობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობს. პრეპარატების გამოცდა ოთხ ფაზაში მიმდინარეობს და წამლის გამოშვებამდე ჩვეულებრივ პროცესს წარმოადგენს. 

კლინიკურ საკითხებში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საექსპერტო ცენტრის დირექტორის მოადგილის, ლიუდმილა კოვტუნის განმარტებით,  უკრაინაში ძირითადად მესამე ფაზის კვლევები – მასშტაბური კვლევები, რომლებშიც ასობით და ზოგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს, რათა სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურდეს, დაზუსტდეს დოზირებასთან დაკავშირებული საკითხები, შეგროვდეს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ და ა.შ. ანუ პაციენტები შესაბამის და პოტენციურად მათი დაავადების საწინააღმდეგოდ ეფექტიან პრეპარატს იღებდნენ.

უკრაინაში სამკურნალო საშუალებების ყველა კლინიკურ გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოს არ წარმოადგენს და ღია წყაროებში ხელმისაწვდომია. კლინიკური ტესტირების პროტოკოლები უკრაინის სახელმწიფოს საექსპერტო ცენტრის ვებ-გვერდზე ქვეყნდება. კლინიკური კვლევებისა და მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია კი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებისთვის რეკომენდირებული სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევების პროტოკოლების სიის ნახვა კი აქ შეიძლება.

უკრაინაში არსებული ლაბორატორიების სამეცნიერო საქმიანობასთან  გაცნობა უკრაინის სამედიცინო მეცნიერებების ეროვნული აკადემიის ეპიდემიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. 

ხარკოვის საავადმყოფოებში ე.წ. ექსპერიმენტების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.

დეზინფორმაცია №6: 2015 წელს C ჰეპატიტით დაავადებული რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მანამდე მათ ლუგარის ცენტრში აძლევდნენ წამალს, რომელსაც ლიცენზია მიღებული არ ჰქონდა

C ჰეპატიტთან დაკავშირებული დეზინფორმაციები ქართულ და რუსულ მედიაში 2018 წლიდან ვრცელდება. კერძოდ, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე ამტკიცებდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობაზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება, რომელთა გამოც არაერთი ადამიანი გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერიმენტული პრეპარატი იწარმოება, რომელიც 80 000 დოლარი ღირს, ქართველი მოსახლეობისათვის კი უფასოა. სხვადასხვა დროს მოცემულ ინფორმაციას 1 канал, Россия-24, РЕН ТВ, “Звезда” НТВ, სპუტნიკ-საქართველოს რუსულენოვანი ვებ-გვერდი და ქართულენოვანი  საქინფორმი ავრცელდებდნენ

აღნიშნული დეზინფორმაციაა, რადგან ლუგარის ლაბორატორია  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მხოლოდ დიაგნოსტიკის ნაწილში მონაწილეობს და არა უშუალოდ მკურნალობის პროცესში.

ვრცლად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა და ამ პროცესში ლუგარის ლაბორატორიის როლის შესახებ, იხილეთ სტატიები:

დეზინფორმაცია №7: პოსტსატბჭოთა სივრცეში არსებული ბიოლაბორატორიები აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან არის დაკავშირებული. პირველი არხის მტკიცებით, ბაიდენის კავშირი ბიოლაბორატორიებთან მისი კომპიუტერიდან გაჟონილი ინფორმაცით დასტურდება

რუსეთის პირველი არხის მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენი კომპანია მეტაბიოტას მილიონობით დოლარის მიღებაში დაეხმარა, ეს კომპანია კი სახიფათო ექსპერიმეტების ჩატარებაზე სპეციალიზდება. პირველი არხის ცნობით, ჰანტერ ბაიდენის კავშირი ბიოლაბორატორიებთან მისი ელექტრონული მიმოწერით დასტურდება. სინამდვილეში ამ მიმოწერაში ჰანტერ ბაიდენის კავშირი ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან არ დასტურდება.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ

ლუგარის ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა.

ლაბორატორია 2013 წელს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს.

ცენტრის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: სურსათის უვნებლობა, საქართველოს მოქალაქეების დაცულობა ეპიდემიებისა და ინფექციური დაავადებებისგან, ბიოლოგიური კატასტროფების საფრთხის შემცირება, სამეცნიერო -კვლევითი მიმართულება.

უკვე რამდენიმე წელია, რაც კრემლის პროპაგანდა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. ცენტრის მისამართით გაჟღერებული ცრუ ბრალდებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

რა ორგანიზაციაა “ანტილაბ-საქართვლო” და ვინ არიან ქართველი რესპონდენტები რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში?

რუსეთის პირველი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში რესპონდენტებად 3 ივლისს “ევრო-აზიური ალიანსისა” და “ანტილაბ-საქართველოს” ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული კონფერენციის “ბიოლოგიური საფრთხეები და ჩვენი მომავალი” მონაწილეები ჰყავთ ჩაწერილი, ესენია: ევრო-აზიური ალიანსის თავმჯდომარე ვიქტორ კუსიანი, ეროვნული ერთიანობის საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ გოცაძე.

“ანტილაბ-საქართველო” 2021 წლის იანვარში დაფუძნებული კოალიცია “ანტილაბის” ნაწილია, რომლის მიზანი ბიოლოგიური იარაღის შემუშავების აკრძალვაა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 3 ივლისის კონფერენციის შესახებ მომზადებულ მასალაში წერია, რომ ღონისძიებაზე ორგანიზაცია  “ანტილაბ-საქართველოს” შექმნის შესახებაც გამოცხადდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში მოქმედი ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების საფრთხეების შესწავლა იქნება. ამასთანავე ორგანიზაცია მიზნად  აღნიშნულ ლაბორატორიებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ან მათ დახურვას ისახავს.

ორგანიზაციის ვებ-გვერდი stopbioweapons.org 2021 წლის 9 ივნისს შეიქმნა და ის რუსულენოვანი პროვაიდერის – reg.ru-ს მიერაა რეგისტრირებული. ვებ-გვერდის IP მისამართი მოსკოვში მდებარეობს.

“ანტილაბის” ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის სექტემბერში ყაზახეთის სოციალისტური მოძრაობისა და საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ინიციატივით კომუნისტურ და მუშათა პარტიებს შორის ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების მთელ მსოფლიოში ლიკვიდაციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რასაც მხარი 47-მა პარტიამ დაუჭირა. 2021 წლის იანვარში კი ჩამოყალიბდა კოალიცია, რომელსაც საქართველოს ერთიან კომუნისტურ პარტიასთან ერთად შემდეგი წევრები ჰყავს: ყაზახეთის სოციალისტური მოძრაობა, პაკისტანის კომუნისტური პარტია, ლატვიის სოციალისტური პარტია და ირლანდიის პარლამენტის სოციალისტი დეპუტატი პოლ მერფი.

“ანტილაბ-საქართველოს” შექმნის შესახებ ინფორმაცია 13 ივნისს საკუთარ ფეისბუქ-პროფილზე პრორუსული ორგანიზაცია “ეროვნული ერთიანობის კავშირის” თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძემაც გამოაქვეყნა.

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი სწორედ თეიმურაზ მაკარიძეა.

2022 წლის 9 მაისს გორში საქართველოს ერთიანი კომუნისტურ პარტიასთან და სხვა პრორუსულ ჯგუფებთან ერთად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და კომუნისტური სიმბოლიკის ამკრძალავი კანონის მოქმედების შეწყვეტის მოთხოვნით გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თეიმურაზ მაკარიძე და მისი ორგანიზაცია იყო. აქციაზე საბჭოური დროშები გამოფინეს, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს.

საქინფორმზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სახელწოდებით „ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაციის საფრთხე საქართველოსთვის – ბრძოლის მეთოდები”სხვა პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, თეიმურაზ მაკარიძეც ესწრებოდა.

სიუჟეტის კიდევ ერთი რესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო-აზიური ალიანსის თავმჯდომარე ვიქტორ (კობა) კუსიანია. ორგანიზაცია საჯარო რეესტრში 2018 წლის 28 მარტს დარეგისტრირდა, მას საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად [email protected] აქვს მითითებული.

ევრო-აზიური ალიანსი ერთ-ერთია იმ პრორუსული ორგანიზაციებიდან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის,  Sputnik V-ის შემოტანის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო მოლაპარაკებას COVAX პლატფორმასთან აწარმოებს, მასზე განთავსებული ვაქცინების „გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ“ მონაცემები ცნობილი არ არის, ხოლო რუსული ვაქცინა უსაფრთხოებითა და ეფექტიანობით გამოირჩევა და ის, რომ საქართველოში მსურველებს Sputnik V-ით აცრის საშუალება არ ეძლევათ, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევაა.

ვიქტორ კუსიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. ის არჩევნებში პოლიტიკური პარტია “საქართველოს” სახელით, საარჩევნო ნომრით 20, მონაწილეობდა.

პარტია “საქართველო” 2016 წელს საქართველოს ეროვნული აკადემიის ინიციატივით დაარსდა და მისი თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილია. ლილუაშვილი ამავდროულად ანტივაქსერული “ემი” ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დატოვოს, ამ მიზნით ჯგუფის წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სარეფერენდუმო შეკითხვაც შეიტანეს.

რაც შეეხება თინათინ გოცაძეს, ის რუსეთის პირველი არხის სიუჟეტში წარმოდგენილია, როგორც ექიმი და მედიცინის მეცნიერების დოქტორი.

გოცაძე პანდემიის პერიოდში ანტივაქსერულ დეზინფორმაციებს აქტიურად ავრცელებდა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებდა. მაგალითად, გოცაძე აცხადებდა, რომ ფაიზერი სერიოზულ გვერდით მოვლენებს, მათ შორის სიბრმავეს იწვევს, რაც დეზინფორმაციაა. გარდა ამისა, გოცაძე ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ვაქცინაცია ვერც დაავადების გართულებისგან და ვერც სიკვდილისგან ადამიანს ვერ იცავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ისრაელში აცრილთა ეპიდემია მიმდინარეობს. ასევე თითქოს PCR ტესტების ჩხირებზე მედიკამენტის ან ვაქცინაციის მატარებელი მიკრომოწყობილობის მოთავსებაა შესაძლებელი და ამ გზით “შეფარულ” ვაქცინაციას აკეთებენ.

გოცაძე 2007 წელს დაარსებული საქართველოს გამომგონებელთა, ნოვატორთა და მკურნალთა ასოციაცია ”ლაზაროსის” წევრია.

ამ ორგანიზაციამ 2018-2019 წლებში წყალტუბოში რუსულენოვანი ბანაკი, სახელწოდებით “მთავარია მეგობრობა” დააორგანიზა და მონაწილეებად რუსული ენის მცოდნე სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან მიიწვია.

ლაზაროსის ფეისბუქ-გვერდზე პოსტები მხოლოდ ამ ბანაკის შესახებ ქართულ და რუსულ ენებზეა გამოქვეყნებული. გვერდზე საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად [email protected]ია მითითებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist