როდის და რა თქვა რეალურად თურქეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა ხელოვნური მიწისძვრის გამომწვევ იარაღზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

351
VIEWS

18 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა Merab Ratishvili გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, თურქეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი სერდარ ჰუსეინ ილდირიმი ამბობს, რომ არსებობს Warrior-ის თანამგზავრები, რომლებსაც კოსმოსიდან ნებისმიერი სამიზნის მიმართულებით 10 მეტრიანი ტიტანის შენადნობის ღეროების გაგზავნა შეუძლიათ. ისინი დედამიწაში 5 კილომეტრის სიღრმეზე ჩადიან და 7-8 ბალიან მიწისძვრას იწვევენ. პოსტის მიხედვით, თურქეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი ვიდეოში ამბობს, რომ სწორედ ამან გამოიწვია გოლჩუკის მიწისძვრა. პოსტის მიხედვით, აღნიშნული განცხადება მან 2023 წლის 17 თებერვალს გააკეთა.

მსგავსი შინაარსის პოსტი იდენტური ვიდეოთი 19 თებერვალს Koba Kusiani-მაც გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეოში საუბარი ამერიკულ თანამგზავრზეა.

20 თებერვალს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია დვალიძემ აღნიშნული ვიდეოდან ამოჭრილი ფოტო  გაავრცელა. აღწერაში გარდა Warrior-ის შესახებ ინფორმაციისა, საუბარია  ვლადიმირ ჟირინოვსკის 2013 წლის ვიდეოზე, რომელშიც ის პოლიტიკური მიზნებით მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევაზე საუბრობს. პოსტში მოყვანილია ჟირინოვსკის მტკიცება, რომ დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის ინტერესებში აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მიწისძვრების და ცუნამის ხელოვნურად გამოწვევა შედის.

სერდარ ჰუსეინ ილდირიმის გამოსვლის კადრები და მისი ციტატა თანამგზავრების  მიერ მიწისძვრების გამოწვევის შესახებ რუსულენოვანმა ფეისბუქ გვერდებმა და ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2,3,4,5).

მტკიცება, რომ თურქეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა ქვეყანაში 2023 წლის თებერვალში მომხდარი მიწისძვრები და 1999 წლის გოლჩუკის მიწისძვრა სატელიტურ იარაღს დაუკავშირა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო 2021 წელს არის ჩაწერილი, სააგენტოს და თავად სერდარ ჰუსეინ ილდირიმის მიერ გავრცელებულ განმარტებებში კი ნათქვამია, რომ მსგავსი იარაღის რეალურად არსებობის შესახებ ცნობილი არ არის და საუბარი მხოლოდ მისი შექმნის მიმართულებით კვლევებზე იყო, ხოლო თურქეთში მომხდარ მიწისძვრებთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს.  

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა 2023 წლის 17 თებერვლით, არამედ 2021 წლის 4 ნოემბრით თარიღდება. ნაწყვეტს სტრატეგიული აზროვნების ინსტიტუტში (SDE) თურქეთის კოსმოსური სააგენტოს დირექტორის, სერდარ ჰუსეინ ილდირიმის გამოსვლიდანაა ამოჭრილი, სრული ვიდეო სწორედ ინსტიტუტის YouTube არხზეა ხელმისაწვდომი. სერდარ ჰუსეინ ილდირიმის გამოსვლა თურქეთის კოსმოსურ სტრატეგიას შეეხებოდა. მან მართლაც ახსენა იარაღი, რომელსაც სატელიტიდან ტიტანის შენადნობის ძელის დედამიწის ქერქში შეყვანა და შედეგად 7-8 ბალიანი მიწისძვრის გამოწვევა შეუძლია, თუმცა, მისივე თქმით, არ იცის მსგავსი სისტემა არსებობს თუ არა და მხოლოდ მისი შექმნის გეგმის შესახებ აქვს ინფორმაცია. 

ილდირიმს საკუთარ გამოსვლაში ეს იარაღი გოლჩუკის მიწისძვრასთან არ დაუკავშირებია. მეტიც, მას შემდეგ, რაც 2023 წლის თებერვალში თურქეთში მომხდარ მიწისძვრებთან დაკავშირებით მისი ვიდეოდან ეს ნაწყვეტი სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მან საკუთარ Twitter-ზე კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ მის მიერ ნახსენებ იარაღის სისტემას ტექტონური მიწისძვრების გამოწვევა და ნასხლეტებზე, ანუ დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტით დისლოკაციებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, შესაბამისად, მას არავითარი კავშირი არ აქვს ქაჰრამანმარაშის კატასტროფაზე. მისივე თქმით, იარაღის ეფექტი უფრო მეტად მეტეორის დაცემას ჰგავს.

17 თებერვალს ოფიციალური განმარტებათურქეთის კოსმოსურმა სააგენტომაც გაავრცელა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, სერდარ ჰუსეინ ილდირიმის ვიდეოდან ნაწყვეტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ის მხოლოდ მსგავსი იარაღის სისტემის შექმნის შემსწავლელ პროექტზე საუბრობდა, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იარაღის მსგავს სისტემას არ ექნება ტექტონური მიწისძვრის გამოწვევის ძალა და შესაბამისად არავითარი კავშირი არ აქვს თურქეთსა და სირიაში 6-7 თებერვალს მოხმდარ მიწისძვრებთან.

გოლჩუკის, იგივე იზმითის მიწისძვრა თურქეთში 1999 წლის 17 აგვისტოს მოხდა. 7.6 ბალიან მიწისძვრას და მისგან გამოწვეულ ცუნამს 17 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისძვრა ჩრდილოეთ ანატოლიის ნასხლეტზე მოხდა. ანატოლიის ფილა, რომელიც უმეტესად თურქეთის ტერიტორიას მოიცავს, აქტიური სეისმური ზონაა, 2023 წლის თებერვალში დამანგრეველი მიწისძვრები სწორედ აღმოსავლეთ ანატოლიის ნასხლეტის და მკვდარი ზღვის ნასხლეტთა სისტემის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამი ტექტონური ფილა, ანატოლიის, აფრიკისა და არაბეთის ერთმანეთს ხვდება.

წყარო: Wikimedia Commons

ტექტონური ფილები მუდმივად მოძრაობს და სწორედ მათი ურთიერთქმედების შედეგად  დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტით დისლოკაციებზე, იგივე ნასხლეტებზე ენერგიის გამოყოფა ხდება, რაც ტალღის სახით დედამიწის ქერქში გადაიცემა და მიწისძვრას იწვევს.

რაც შეეხება ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ იაპონიაში 2011 წელს მომხდარი  9 ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი წინასწარ დაგეგმილი იყო,  რეალურად, ეს კატასტროფაც სწორედ ამ პროცესებმა ბუნებრივმა გამოიწვია.  ტოჰოკუს მიწისძვრა წყნარი ოკეანის და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონური ფილების შეხვედრის ადგილას, წყნარი ოკეანის ფილის სუბდუქციის ზონაში მოხდა. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ამავე ტერიტორიაზე 869 წელსაც დაფიქსირდა.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები მომხდართან აშშ-ს კავშირის შესახებ “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად გაეცანით მასალებს:

მერაბ რატიშვილის, კობა კუსიანისა და მაია დვალაძის გავრცელებული ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist