იყვნენ თუ არა გერმანიის ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრების ბაბუები ნაცისტი მაღალჩინოსნები?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

903
VIEWS

21 იანვარს რუსეთის პირველი არხის ფეისბუკ-გვერდზე გადაცემის –  “ადამიანი და კანონი” ერთ-ერთი სიუჟეტი გამოქვეყნდა.  სიუჟეტში ნათქვამია, რომ დასავლეთში ჰიტლერის აღორძინების პროცესია დაწყებული და თუ საბჭოთა პოპ-კულტურაში მას საბრალო და ამაზრზენ პერსონაჟად ხატავდნენ, დასავლეთის დღევანდელ პოპ-კულტურაში ჰიტლერი უკვე გასართობი სერიალებისა და იუმორისტული თოქ-შოუების სახალისო პერსონაჟად იქცა. სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ ნაციზმი დღეს,  უბრალოდ, ისტორიულ პერიოდად წარმოჩინდება და არა სასტიკ რეჟიმად. რუსეთის პირველი არხის თანახმად, გერმანიის დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრი – კარლ ლაუტერბახი ჰარტმან ლაუტერბახერის, ნაცისტური რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის შვილიშვილია, გერმანიის ფინანსთა მინისტრი – კრისტიან ლინდნერი კი გერჰარდ ლინდნერის, ვერმახტის გენერლის შვილიშვილი. 

გარდა ამისა, სიუჟეტში, რუსი მწერალი და ისტორიკოსი, ანდრეი ვედიაევი, ამტკიცებს, რომ გერმანიის ხელისუფლებაში დღეს ნაცისტები არიან და უნიპოლარული სამყაროს შექმნას ცდილობენ. რუსეთის პირველი არხი ავითარებს მოსაზრებას, რომ უკრაინის წყალობით ნაცისტები რუსეთზე რევანშს ცდილობენ.

მტკიცება, თითქოს  კარლ ლაუტერბახისა და  კრისტიან ლინდნერის, გერმანიის ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების წინაპრები ნაცისტი მაღალჩინოსნები იყვნენ, დეზინფორმაციულია. არქივში არსებული ინფორმაციით კარლ ლაუტერბახისა და კრისტიან ლინდნერის ბაბუები ჰარტმან ლაუტერბახერი და გერჰარდ ლინდნერი არ ყოფილან. რუსეთის პირველი არხის გავრცელებულ მტკიცებას ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Correctiv-თან არ ადასტურებენ არც გერმანიის ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროები.

  • გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ჰარტმან ლაუტერბახერის შვილიშვილი არ არის

ინფორმაცია,თითქოს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, კარლ ლაუტერბახი, ნაცისტი მაღალჩინოსნის ჰარტმან ლაუტერბახერის შვილიშვილია, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Correctiv-მა გადაამოწმა. მათი ნათესაური კავშირის შესახებ არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ მათ განსხვავებული გვარები – ლაუტერბახ და ლაუტერბახერ აქვთ. ცნობა, ამის შესახებ  Correctiv-ს გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომაც დაუდასტურა.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი 1963 წლის 21 თებერვალს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, როგორც თავად აღნიშნავს – მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. მისი ბებია-ბაბუის შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი. TZ.de -ის ინფორმაციით, კარლ ლაუტერბახის მამა ვილჰელმ ლაუტერბახია და იგი რძის ქარხანაში მუშაობდა. Braunschweiger Zeitung -ის თანახმად, ჰარტმან ლაუტერბახერის შვილებს იორგ, ილზ და კლაუსი ერქვათ. შვილებს შორის ვილჰელმი არ ყოფილა.

რაც შეეხება ჰარტმან ლაუტერბახერს იგი 1909 წლის 24 მაისს ავსტრიაში, რეიტში დაიბადა და  1988 წლის აპრილში ბავარიაში გარდაიცვალა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით,  ის ომის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ გაიქცა, მოგვიანებით ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა და გერმანიაში დაბრუნდა. მას შემდეგ სხვა საკითხებთან ერთად, ფედერალური დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

წყარო: correctiv.org
  • გერმანიის ფინანსთა მინისტრი გერჰარდ ლინდნერის შვილიშვილი არ არის

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერისა და  ვერმახტის ბრიგადის გენერალ გერჰარდ ლინდნერის ნათესაურ კავშირის შესახებ ცნობები წარსულშიც ვრცელდებოდა. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Correctiv-ს გერმანიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა დაუდასტურა, რომ აღნიშნული მტკიცება მცდარია.

Correctiv-ის თანახმად, გერმანიის ბუნდესტაგისა და მუნციგერის არქივში იძებნება ინფორმაცია, რომ  კრისტიან ლინდნერი ჩრდ. რაინ-ვესტფალიაში დაიბადა, ხოლო მამის მხრიდან ბებია და ბაბუა ადგილობრივ საცხობს ფლობდნენ. ვერმახტის გენერალი გერჰარდ ლინდნერი კი საქსონიაში დაიბადა და გარდაიცვალა და ფინანსთა მინისტრის წინაპრებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე  Correctiv-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, გერჰარდ ლინდნერი SS დივიზიის პოლკოვნიკი იყო და არა ვერმახტის გენერალი.

წარსულში დეზინფორმაცია სხვა პოლიტიკოსების წინაპრებთან დაკავშირებითაც ვრცელდებოდა. მათ შორის, დონალდ ტუსკზე, ოლაფ შოლცსა და ანჯეი დუდაზე. ამ თემებზე იხილეთ მითების დეტექტორი მასალები:

კრემლის მედია ცდილობს იმ აზრის დამკვირდებას, თითქოს გერმანიაში ნაციზმის აღორძინება ხდება. რუსეთის პირველი არხი ნაცისტურ იდეოლოგიას ხედავს გერმანიის მწვანეთა პარტიაში.  მათი თქმით, პარტიის  დღის წესრიგში მუდამ დომინანტია “სისუფთავის იდეა” და ფაქტი, რომ მწვანეებთან ლგბტქ+ თემი თანხვედრაშია,  იმის ნიშანია, რომ მწვანეებს “სუფთა რასის” შენარჩუნება სურთ, ლგბტქ+ -ის რეპროდუქცია  კი “არ ხდება” და ამიტომ “სუფთა რასაა”.

მწვანეები გერმანული პოლიტიკისთვის შედარებით ახალგაზრდა პარტიას წარმოადგენენ და 2021 წლის ფედერალური არჩევნების შედეგებით, მმართველი კოალიციის წევრები არიან. მწვანეების პარტია 1980 წელს, პაციფისტური, ეკოლოგისტური, ფემინისტური მოძრაობებისგან ჩამოყალიბდა. რუსეთის პირველი არხი პარტიის დრის წესრიგის ნაცისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებას ფაქტების კრემლისტური ინტერპრეტაციით ცდილობს.

გერმანიაში ნაცისტური სიმბოლოები აკრძალულია და მათი უკანონო გამოფენა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  აკრძალვისგან თავისუფალია ხელოვნება.  რაც შეეხება რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს გერმანიაში, ყველაზე დიდი მხარდაჭერით პარტია – “Afd”- ალტერნატივა გერმანიისთვის სარგებლობს. Afd მიჩნეულია რადიკალურ მემარჯვენე პარტიად და ცნობილია ანტიმიგრაციული და რასისტული განწყობებით. 2021 წლის გერმანიის ფედერალურ არჩევნებში პარტიის ეროვნული მხარდაჭერა შემცირდა და ხმების 10.3 % მოიპოვა, რაც 2017 წელთან შეადრებით 2,3 % -ით ნაკლებია. 

გარდა მემარჯვენე რადიკალური პარტისაა, გერმანიაში არსებობს ნეონაცისტური დაჯგუფება – “მესამე გზა”, რომელშიც გერმანიის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, 600-მდე წევრია. პარტიის იდეოლოგია ახლოსაა ჰიტლერის ნაცისტურ პარტიასთან. ისინი ეჭვქვეშ აყენებენ გერმანიის ომისშემდგომი საზღვრების ლეგიტიმურობას და მოითხოვენ “დიდი გერმანიის მშვიდობიან აღდგენას მისი თავდაპირველი საზღვრებით”. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის გერმანიის ფედერალური არჩევნების კამპანიის პერიოდში, სწორედ ამ დაჯგუფების წევრები დააკავეს.

  • ინფორმაციის წარმომავლობა და გავრცელება

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელი პოლიტიკოსები ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების შთამომავლები არიან, სათავეს “პუტინის მზარეულის” სახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინისგან იღებს.

ფოტოზე: ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი

გერმანულენოვანი გამოცემა t-online-ის მიხედვით, პრიგოჟინმა ყალბი ინფორმაცია ოლაფ შოლცის, კრისტიან ლინდნერისა და გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის წარმომავლობის შესახებ 6 მარტს რუსულ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე გამოაქვეყნა. t-online-ი პრიგოჟინს დაუკავშირდა, მისი განმარტებით, მან ეს ინფორმაცია თავისი Patriot Media Group-ის გამომძიებელი ჟურნალისტებისგან საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მიიღო, თუმცა მოგვიანებით წაშალა. 

აღსანიშნავია, რომ “პეტერბურგის ტროლების ქარხანა” სწორედ პრიგოჟინის სახელს უკავშირდება. პრიგოჟინი  აშშ-ის საგანგებო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა რობერტ მიულერმა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის სახელი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია Wagner Group-ის სირიასა და აფრიკაში ჩატარებულ ოპერაციებსაც უკავშირდება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist