12 ოქტომბერს ორგანიზაცია “ევრო-აზიური ალიანსის” თავმჯდომარემ კობა კუსიანმა ტელეგრამზე გავრცელებული ესპანური სატირული ჟურნალის El Jueves-ის გარეკანზე გამოსახული კარიკატურის სქრინშოტი გამოაქვეყნა. კარიკატურა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ასახავს. იგივე კარიკატურა რუსულენოვანმა ანგარიშებმაც (1,2,3) გაავრცელეს. რუსულენოვანი ანგარიშების პოსტების მიხედვით, კარიკატურა 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მიტანილ სარაკეტო იერშითან არის დაკავშირებული.
ჟურნალ El Jueves-ის გარეკანის კარიკატურა, რომელსაც ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებენ, გაყალბებულია. ჟურნალის ბოლო, 2368-ე ნომერი 11 ოქტომბერს გამოვიდა, ესპანეთის ისტორიას ეძღვნება და უკრაინაში მიმდინარე მოვლენეთან კავშირი არ აქვს. ასევე, გავრცელებულ გარეკანზე გამოსახული შტრიხკოდი Еl Jueves-ის 2365-ე ნომერს შეესაბამება, ამ ნომრის გარეკანის კარიკატურა კი ენერგოგადასახადთან არის დაკავშირებული.
El Jueves-ის სოციალური მედიის გვერდებზე (1,2) ჟურნალის ყდების დათვალიერება არის შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ჟურნალი ოთხშაბათობით გამოდის, თუმცა ესპანეთის ისტორიასთან დაკავშირებული ბოლო ნომერი განსაკუთრებული გამოშვება იყო და სამშაბათს, 11 ოქტომბერს გამოვიდა. Еl Juanes-ის ბოლო ნომრის გარეკანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის სარაკეტო თავდასხმას არ ეხება.

გარდა ამისა, გაყალბებულ გარეკანზე დატანილია შტრიხკოდი შემდეგი ნომრებით: 8 414090 106047 და 02365.
ეს ნომრები ჟურნალ El Jueves-ის 2356-ე ნომრმის შტრიხკოდს ემთხვევა. ამ ნომერის გარეკანი კი ენერგოგადასახადებთან არის დაკავშირებული.


ფეისბუქზე უკრაინის კონტექსტში სატირული ჟურნალების სახელით გაყალბებული ყდების ფოტოები ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- უკრაინაზე “შარლი ებდოს” გარეკანის გაყალბებული კარიკატურები ვრცელდება
- В ФЕЙСБУКЕ РАСПРОСТРАНЯЕТСЯ ПОДДЕЛЬНАЯ ОБЛОЖКА ЖУРНАЛА «ШАРЛИ ЭБДО»
წყაროს შესახებ
ვიქტორ (კობა) კუსიანი, რომელიც გაყალბებულ კარიკატურას ავრცელებს, არასამთავრობო ორგანიზაცია ევრო-აზიური ალიანსის თავმჯდომარეა. ორგანიზაცია საჯარო რეესტრში 2018 წლის 28 მარტს დარეგისტრირდა.
ევრო-აზიური ალიანსი ერთ-ერთია იმ პრორუსული ორგანიზაციებიდან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის, Sputnik V-ის შემოტანის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დასავლური ვაქცინებისგან განსხვავებით Sputnik V უსაფრთხოებითა და ეფექტიანობით გამოირჩევა. გარდა ამისა, 2022 წლის 4 ივლისს რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში კუსიანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა.
ვიქტორ კუსიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტია “საქართველოს” სახელით მონაწილეობდა და დაბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.