კრემლის მოპოვებული ” ახალი დოკუმენტები” ბიოლაბორატორიებზე ისევ ძველ დეზინფორმაციას იმეორებს

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

144
VIEWS

18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით კრემლისტურმა მედიამ (1, 2, 3, 4, 5) და ასევე რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა  ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ბიოლოგიური და სამხედრო მოქმედებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ახალი დოკუმენტები აღმოაჩინა, საიდანაც გამოვლინდა:

  1. პენტაგონი დაქვემდებარებული ბიოლაბორატორიების გავლით დაურეგისტრირებელი  პრეპარატების აფრიკის მცხოვრებლებზე გამოცდას გეგმავდა. ტესტირებაში უნდა ჩართულიყვნენ დაქვემდებარებული ბიოლაბორატორიები და სააგენტოები, როგორიცაა Metabiota, რომელიც დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან.
  2. იტალიაში, კერძოდ კი სიცილიაში მდებარე ავიაბაზაზე, რომელშიც უკვე 4 წელია რაც ამერიკული ლაბორატორია Namru არის განთავსებული, ტარდება კვლევები განსაკუთრებით სახიფათო ინფექციებზე ეგვიპტის, განას და ჯიბუტის ტერიტორიებზე. 
  3. ნაპოვნი დოკუმენტებით დასტურდება “მეტაბიოტას” მონაწილეობა ფრინველის გრიპის ვირუსის შტამების, კერძოდ, H5N8-ის შეგროვებისა და სერტიფიცირების ფაქტები. კირილოვის თქმით, აღნიშნულ შტამს მაღალი ეპიდემიური პოტენციალი აქვს და შეუძლია გადალახონ სახეობათაშორისი ბარიერი, ვირუსის ლეტალურობამ ადამიანზე გადაცემისას კი შეიძლება 40 %-ს მიაღწიოს.

Screenshot 2023 08 09 132039 კრემლის მოპოვებული " ახალი დოკუმენტები" ბიოლაბორატორიებზე ისევ ძველ დეზინფორმაციას იმეორებს Screenshot 2023 08 09 132520 კრემლის მოპოვებული " ახალი დოკუმენტები" ბიოლაბორატორიებზე ისევ ძველ დეზინფორმაციას იმეორებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობების ნაწილი მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება, ნაწილი კი დეზინფორმაციის შემცველია:

  • NAMRU-ს მეცნიერები 17 ქვეყანაში ატარებენ ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობას და ვაქცინების კვლევებს, თერაპიული საშუალებების დიაგნოსტიკური გამოკვლევებს, რათა ინფექციური დაავადებების  პრევენცია და მკურნალობა  უკეთ განხორციელდეს, მათი საქმიანობა კი გამჭვირვალეა და საიდუმლოს არ წამოადგენს. 
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ პენტაგონი დაქვემდებარებული ბიოლაბორატორიების გავლით დაურეგისტრირებელი  პრეპარატების აფრიკის მცხოვრებლებზე გამოცდას გეგმავდა. თავის მხრივ, ჰანტერ ბაიდენი Metabiota-სთან ხელოვნურადაა დაკავშირებული და მისი როლი Rosemont Seneca Partners-ში, რომელიც Metabiota-ს აფინანსებდა, ინვესტიციების განკარგვას არ გულისხმობდა. 
  • ასევე, დეზინფორმაციაა მტკიცება, თითქოს უკრაინულ ლაბორატორიებში პენტაგონის დაკვეთით ფრინველის  გრიპის  მაღალი ეპიდემიური პოტენციალის მქონე შტამების შეგროვება მიმდინარეობდა. რეალურად, H5N8-ის უნარი გადალახოს სახეობათაშორისი ბარიერი ძალიან დაბალია,  და მისი ლეტალურობა ადამიანებში არა 40%, არამედ 0%-ია.

რა ვიცით NAMRU-ს შესახებ და რას მოიცავს საზღვაო სამედიცინო კვლევის განყოფილების საქმიანობა?

ინდოეეთისა და წყნარი ოკეანეების საზღვაო სამედიცინო კვლევის განყოფილება (NAMRU-2) აშშ-ის საზღვაო ძალების ბიოსამედიცინო კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც პოტენციური სამხედრო მნიშვნელობის ინფექციური დაავადებების შესასწავლის მიზნით აზიაში შეიქმნა და აშშ-ში, კერძოდ კი მერილენდში მდებარეობს. NAMRU-2 სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის ვიეტნამში, ლაოსში, სინგაპურში, ფილიპინებში, ტაილანდში, ინდონეზიასა და კამბოჯაში. ასევე, კომპანიამ, აღჭურვა და დააკომპლექტა სატელიტური ლაბორატორია სინგაპურში, აშშ-ის საელჩოში, რეგიონალური ინფექციური დაავადების გამოკვლევების ჩატარებისა და დიაგნოსტიკური ლაბორატორიული მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით თავდაცვის თანამშრომლობის ოფისში.

NAMRU-2  ბანგკოკში და ტაილანდში 1958 წელს, სულავესიში, ინდონეზიასა და ფილიპინებში 1961 წელს, გახდა მსოფლიო ლიდერი ქოლერის კვლევისა და მკურნალობის სფეროში. 1961 წელს დააარსდა კვლევის ცენტრი მანილაში სან ლაზაროს ჰოსპიტალში  El tor cholera-სთან გასამკლავებლად. სწორედ ამ დროს დადასტურდა ქოლერას მკურნალობის რამდენიმე ძირითადი ჰიპოთეზა. 1969 წელს NAMRU-2-ის მკვლევრები იყვნენ პირველი, რომლებმაც აჩვენეს დასუსტებული წითურას ვაქცინის როლი ადამიანში ბუნებრივად შეძენილი დაავადების პრევენციის კუთხით.  1990-იან წლებში NAMRU-2-მა ჩაატარა უახლესი კვლევა plasmodium falciparum malaria-ს პროფილაქტიკის მიზნით პრიმაკინის გამოყენებაზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეგვიპტის მთავრობამ აშშ-ს საზღვაო ძალები ენდემური ტროპიკული და სუბტროპიკული დაავადებების ეგვიპტელ მეცნიერებთან ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად მიიწვია. 1946 წელს NAMRU-3 ოფიციალურად შეიქმნა, როგორც სარდლობა და კაიროში 2019 წლამდე იმყოფებოდა. 2019 წლის 12 დეკემბერს საზღვაო სამედიცინო კვლევის განყოფილებამ (NAMRU-3) კაიროდან იტალიაში, სიგონელაში გადაინაცვლა. მისი ადმინისტრაციული და კვლევითი ადგილები კი ეგვიპტეში, განასა და ჯიბუტიში მდებარეობს. NAMRU-3-ის მისიას სამხედრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობის განვითარება და ხელახლა წარმოქმნილი დაავადების საფრთხის შესწავლა, მონიტორინგი და გამოვლენა, ასევე მათ წინააღმდეგ შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. ეს მიზნები მიიღწევა როგორც მასპინძელ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო და აშშ-ის სააგენტოებთან პარტნიორობით, როგორიცაა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO). NAMRU-3-ის მეცნიერები 17 ქვეყანაში ატარებენ ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობას და ვაქცინების კვლევებს, თერაპიული საშუალებების დიაგნოსტიკური გამოკვლევებს, რათა ინფექციური დაავადებების  პრევენცია და მკურნალობა  უკეთ განხორციელდეს.

  • NAMRU-3 შტაბ-ბინა სიგონელაში (სიცილია, იტალია)

კირილოვის თქმით, სიცილიაში მდებარე ავიაბაზაზე, სადაც უკვე 4 წელია NAMRU-ს ლაბორატორიაა განთავსებული, ტარდება კვლევები განსაკუთრებით სახიფათო ინფექციებზე.  NAMRU-3 -ის საქმიანობა გაჭვირვალეა და ის შემდეგ საკითხებს მოიცავს: 

NAMRU-3 სიგონელას შტაბ-ბინა ზედამხედველობს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას კაიროს, განასა და ჯიბუტის უბნებზე. შტაბი ასევე უზრუნველყოფს მეცნიერების მხარდაჭერის სერვისებს და კოორდინაციას უწევს ადამიანთა კვლევის დაცვის პროგრამას მარეგულირებელ პროგრამებსა და ოპერაციებს. სიგონელას პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ იტალიურ უნივერსიტეტებთან და სამხედროებთან, მათ შორისაა კატანიას უნივერსიტეტი და იტალიის საჰაერო ძალები. NAMRU-3-ის ბიოლოგები იდენტიფიცირებენ ართროპოდის ვექტორებს, შეისწავლიან ვექტორებით გამოწვეული დაავადების საფრთხეებს და აფასებენ რეგიონულ რისკებს, ადგენენ მალარიის გავრცელებას, რეზისტენტობას მალარიის საწინააღმდეგო წამლების მიმართ და აფასებენ მალარიის გადამტანთან ბრძოლისა და კონტროლისს ზომებს.

  • NAMRU-3 -ის კაიროს განყოფილების პროგრამები

NAMRU-3 კაიროს განყოფილება მოიცავს სამ პროგრამას: ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების კვლევის პროგრამა (BPDRP), ვირუსული და ზოონოზური დაავადებების კვლევის პროგრამა (VZDRP) და ვექტორული დაავადებების კვლევის პროგრამა (VBDRP). NAMRU-3-ის კაიროს განყოფილება თანამშრომლობს რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომლებიც მოიცავს ეგვიპტის კვლევისა და რეგენერაციული მედიცინის ცენტრს, აინ შამსის უნივერსიტეტის საავადმყოფოს, ასევე თანამშრომლობს იორდანიის ჯანდაცვის სამინისტროსთან. ზემოაღნიშნულ პარტნიორებთან ერთად, BPDRP აქტიურად აკონტროლებს დიარეულ დაავადებებს, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს, მწვავე ფებრილურ დაავადებებს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობას და მალარიას აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში. ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების კვლევის პროგრამა არის ლიდერი გრიპის, MERS-CoV, SARS-CoV-2 და პანდემიის პოტენციალის მქონე სხვა ვირუსული საფრთხეების ზედამხედველობის სფეროში. ვექტორული დაავადებების კვლევის პროგრამა ხელს უწყობს კოღოების, ტკიპების და ქვიშის ბუზების მეთვალყურეობას ეგვიპტეში, ლიბერიაში, განაში, ლიბიასა და ჯიბუტიში. კვლევითი აქტივობები მოიცავს მწერების გადამტანების სიმრავლისა და მრავალფეროვნების დადგენას, დენგესა და მალარიის ვექტორების გავრცელების რუკას და მწერების ვექტორების მგრძნობელობის შეფასებას ინსექტოციდების მიმართ.

  • NAMRU-3-ის განას განყოფილება

NAMRU-3-ის განას განყოფილება თანამშრომლობს რეგიონალურ ორგანიზაციებთან, მათ შორის არიან განას სამხედრო ჰოსპიტალი, ნოგუჩის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტი, დასავლეთ აფრიკის ერთობლივი კვლევითი ჯგუფი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის აივ/შიდსის პრევენციის პროგრამა, სან დიეგოს საზღვაო სამედიცინო ცენტრი და Komfo Anokye-ს სასწავლო საავადმყოფო. სამეცნიერო კვლევები მრავალფეროვანია და მოიცავს მწერების ვექტორების მეთვალყურეობას, ქიმიოპროფილაქტიკურ რეზისტენტობას Plasmodium falciparum პარაზიტებში, მწვავე გასტროენტერიტსა და დიარეულ დაავადებას, ასევე რესპირატორულ პათოგენებს რეგიონში. პერსონალი და მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ახალი პროტოკოლების შემუშავებაში ახალი დიაგნოსტიკის კლინიკური ვალიდაციისთვის COVID-19-ის სწრაფი და ზუსტი გამოვლენისთვის.

  • NAMRU-3-ის ჯიბუტის განყოფილება

რაც შეეხება NAMRU-3-ის ჯიბუტის განყოფილებას, მისი ამჟამინდელი პროგრამები მოიცავს ნაწლავური დაავადების, რესპირატორული დაავადებების, მწვავე ფებრილური დაავადების და მალარიის გრძელვადიან მეთვალყურეობას აფრიკის რეგიონში. 2020 წელს, ლაბორატორიამ სწრაფად უპასუხა ოპერაციულ საჭიროებებს COVID-19-ის პირობებში და კორონავირუსზე ტესტირება  24/7-ზე  უზრუნველყო.

რა კავშირი აქვს ჰანტერ ბაიდენს “მეტაბიოტასთან”?

კირილოვის თანახმად, ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის „ვირუსული ჰემორაგიული ცხელების კონსორციუმის“ მოხსენებიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 2015 წელს სიერა ლეონეში, ირკვევა, რომ Metabiota-ს თანამშრომლები არ იცავდნენ რეგლამენტს პაციენტებთან ურთიერთობისას. ასევე, ამ აქტივობის მთავარი მიზანი ვირუსის ვირულენტური ვარიანტების გამოყოფა და შტამების შეერთებულ შტატებში ექსპორტი იყო. The Insider-ის თანახმად, დოკუმენტი, რომლის შესახებაც კირილოვი საუბრობს, არ არის გამოქვეყნებული, შესაბამისად, გამოუქვეყნებელი დოკუმენტის ავთენტურობის შეფასება შეუძლებელია.  

ამერიკული კომპანია Metabiota  კომპანიაა, რომელიც გლობალური ჯანდაცვის საკითხებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. Metabiota-ს მიერ უკრაინაში ჩატარებული სამუშაოები აშშ-ის პროექტის – ერთობლივი საფრთხის შემცირების (Cooperative Threat Reduction program) ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ყოფილ სსრკ რესპუბლიკებს იმ ძველი ლაბორატორიების განახლებაში ეხმარება, რომლებიც სსრკ-ის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში იყვნენ ჩართულები. ეს პროგრამა ასევე მოიცავდა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერების დატრენინგებასა და სხვა ტიპის მხარდაჭერას. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ Metabiota-ს მიერ გაწეულ მხარდაჭერას ჰანტერ ბაიდენი ან მისი საინვესტიციო ფირმა აფინანსებდა. თავის მხრივ, პრეტენზიები, რომ ჰანტერ ბაიდენი აფინანსებდა უკრაინულ ბიოლაბორატორიებს, ეფუძნება მეტაბიოტას კავშირს Rosemont Seneca Partners-თან, საინვესტიციო კომპანიასთან, რომელიც ბაიდენმა 2009 წელს დააარსა. Washington Post-ის თანახმად, Rosemont Seneca Partners-ს ჰქონდა წილი სხვა დამოუკიდებელ კომპანიაში და ასევე ინვესტიცია ჩადო Metabiota-შიც. მაგრამ თავად ბაიდენი არ იყო იმ კომიტეტის წევრი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება Metabiota-ში ინვესტირების შესახებ და არც რაიმე  სახის მოგება არ მიუღია, რადგან იმ დროისთვის მას კომპანია უკვე დატოვეული ჰქონდა. 

“მეტაბიოტა” არაკომერციული კომპანიაა, რომლის კვლევები საჯაროა და კომპანია სამ ძირითად სერვისს სთავაზობს საზოგადოებას:

1) ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად ადამიანებსა და ცხოველებს შორის ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე დაკვირვება, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის პოტენციურად საშიში დაავადებების გამოვლენის მიზნით; 2) დახმარება დაავადებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიების შესაქმნელად დაავადებების გავრცელებაზე დაკვირვებისა და ადგილობრივი მკვლევრების კვალიფიკაციის ამაღლების გზით; 3) კონსულტაციის გაწევა საკვლევი ცენტრებისათვის ბიოუსაფრთხოების შენარჩუნების, დაკვირვების ხარისხის, დაავადების გავრცელებასთან ბრძოლისა და სხვა უნარების გასაუმჯობესებლად. 

“მეტაბიოტასა” და ჰანტერ ბაიდენზე ყალბი ცნობები “მითების დეტექტორმა ”წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ:

აგროვბდნენ თუ არა ფრინველის გრიპის სახიფათო შტამებს უკრაინაში?

H5N8 ვირუსის შტამი პირველად 1983 წელს გამოვლინდა და მას შემდეგ მსოფლიოში ფრინველის გრიპის რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. 2021 წლამდე ამ ვირუსის ადამიანზე გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა; 2021 წლის თებერვალში პირველი ცნობილი შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში: ასტრახანის რეგიონში მეფრინველეობის ფერმის 7 თანამშრომელი დაინფიცირდა. ჯანმო-ს ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ამ შტამით ადამიანის ინფექციის სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. შესაბამისად,  რეალურად, The H5N8-ის უნარი გადალახოს სახეობათაშორისი ბარიერი, სავარაუდოდ დაბალია და მისი ლეტალურობა ადამიანზე გადაცემის შემთხვევაში, არა 40%-ს, არამედ 0 %-ს შეადგენს. თუმცა განსხვავებულია ლეტალობის მაჩვენებელი ფრინველებში. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, Н5N8-ის შტამი ამ შემთხვევაში მაღალი ლეტალობით გამოირჩევა – 75 %. 

რაც შეეხება ფრინველის გრიპის ვირუსის, H5N1-ის კიდევ ერთი შტამს, რომელიც რეალურად საფრთხეს წარმოადგენს, კირილოვი არ ახსენებს. 2011 წელს ჯანმო-ს ცნობით, 2003 წლიდან მსოფლიოში ამ შტამით ადამიანის ინფექციის 566 შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 332 ადამიანი, ანუ 58,7%. თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ სინამდვილეში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რადგან ისინი, ვინც ასიმპტომური ან მსუბუქი ფორმით დაინფიცირდნენ, სავარაუდოდ, ექიმებს არ მიმართეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანზე ვირუსის გადაცემის ყველა შემთხვევა ინფიცირებულ ფრინველებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგია. 2003 წელს ახალზელანდიელმა ვირუსოლოგმა რობერტ ვებსტერმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის კაცობრიობისთვის ყველაზე საშიში პანდემიაზე საუბრობდა – იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის მუტაცია მოხდება, მას მიეცემა გადაცემის შესაძლებლობა ადამიანიდან ადამიანზე.

ფრინველის გრიპზე დეზინფორმაცია კირილოვმა წარსულშიც გაავრცელა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობასთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მომუშავე ლაბორატორიების ტექნიკურად გაძლიერების მიზნით 2005 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებსა და სამხედროებზე ცდების ჩატარებას არ გულისხმობს. 2005 წელს ამოქმედებული შეთანხმების ფარგლებში უკრაინის სხვადასხვა რეგიონში არსებული უკრაინული ლაბორატორიების ტექნიკური განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა.

ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:

არქივის ბმულები:
ria.ru
tass.ru
vz.ru
piter.tv


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist