რა დეზინფორმაციას ავრცელებს ზახაროვა გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის შესახებ და რა კვლევები ტარდება უკრაინაში რეალურად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

532
VIEWS

16 აპრილს Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინაში გერმანიის მხრიდან წლების განმავლობაში მიმდინარე “სამხედრო-ბიოლოგიურ აქტივობებზე” ისაუბრა. ზახაროვას მიხედვით, 1) გერმანია უკრაინაში “სამხედრო-ბიოლოგიურ აქტივობებს,” გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს; 2) გერმანია უკრაინაში მდებარე აშშ-ის იმ 30 ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რომლებიც საშიშ ბიოლოგიურ კვლევებს ახორციელებენ;  3) გერმანიის მხრიდან საშიში ბიოლოგიური აქტივობების განხორციელებას ამტკიცებს ის, რომ გერმანელმა სპეციალისტებმა ალექსეი ნავალნის სისხლში ნოვიჩოკის აღმოჩენა შეძლეს, რაც ადასტურებს, რომ ამ ნივთიერების სინთეზირება თავადაც შეუძლიათ.

ზახაროვას ინტერვიუზე დაყრდნობით უკრაინაში გერმანიის მხრიდან მიმდინარე “სამხედრო-ბიოლოგიურ აქტივობებზე” მასალები რუსულენოვან მედიაში ფართოდ გავრცელდა. Ria Novosti, RG.ru, MK.ru, Versia.ru, Life.ru და Krasnaia Vesna წერდნენ, რომ გერმანია აშშ-სთან ერთად უკრაინაში ინტენსიურ “სამხედრო-ბიოლოგიურ” აქტივობებს წლების განმავლობაში ახორციელებდა.  

მარია ზახაროვა დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ მტკიცებებს აჟღერებს, რეალურად, 1) მტკიცება უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი 30 ბიოლაბორატორიის არსებობის შესახებ დეზინფორმაციაა. აშშ უკრაინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე ლაბორატორიებს ტექნიკურ გაძლიერებაში ეხმარება და ეს თანამშრომლობა სამხედრო საქმიანობას არ მოიცავს. 2) გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში უკრაინაში პროექტები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა მათი მიზანი არა საშიში ბიოლოგიური კვლევების განხორციელება, არამედ ბიოუსაფრთხოების გაძლიერებაა. 3) ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლა, გერმანიის გარდა, OPCW-მ, შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს. 

  • როგორ ეხმარება გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამა უკრაინას?

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კონტრიბუცია გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამაში პროგრამის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ბიოუსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ეს ნაწილი ბიოუსაფრთხოების მიმართულებით გერმანიის მხრიდან უკრაინის დახმარებასაც მოიცავს. აღნიშნული პროგრამის მონაწილე ქვეყნები არიან: მაროკო, სუდანი, ტუნისი, საქართველო, ყაზახეთი და უკრაინა.

პროგრამის ძირითადი მიზნები ბიოლოგიური რისკების პრევენციას, მათზე რეაგირების უნარის გაუმჯობესებას, თანამშრომლობის ქსელის გაძლიერებასა და პათოგენების მოხმარების საერთაშორისო სტანდარტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მოიცავს. 

ზახაროვა ინტერვიუში კონკრეტულად გერმანიის შეიარაღებული ძალების მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა (IMB)  და უკრაინის თანამშრომლობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათი ქმედებები ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის ეჭვებს აჩენს. რეალურად, გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის შეიარაღებული ძალების მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი ხარკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური ვეტერინარული მედიცინის ინსტიტუტთან (IECVM) 2016 წლიდან ნამდვილად თანამშრომლობს. თანამშრომლობის მესამე ფაზის განხორციელება 2020 წელს დაიწყო და IMB-ს პარტნიორი ხარკოვის ეროვნული მედიცინის უნივერსიტეტიც გახდა. 

ბიოუსაფრთხოების ეს პროექტი არა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე ან საამისო კვლევების ჩატარებაზე, არამედ შემდეგ მიზნებზე ფოკუსირდება:

  • საშიშ პათოგენების დიაგნოსტირებაში სპეციალისტების ტრენინგები;
  • საერთაშორისო ლაბორატორიული სტანდარტების გამოყენებაში სპეციალისტი კადრების გაძლიერება;
  • უკრაინაში საშიში პათოგენების გავრცელების შესახებ კვლევები;
  • გერმანულ-უკრაინული ზოონოზის რისკ-მენეჯმენტის ქსელის შექმნა;
  • უკრაინაში ახალგაზრდა მეცნიერების პოპულარიზება

ხაზგასასმელია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის და უკრაინული დაწესებულებების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია წლების მიხედვით (2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022) ღიად და გამჭვირვალედ არის ხელმისაწვდომი. აქტივობები ახალგაზრდა მეცნიერების გადამზადებებს, სხვადასხვა სიმპოზიუმსა და კონფერენციებზე წარდგენილ ნაშრომებს, საველე პრაქტიკებს და ა.შ. მოიცავს. 

მნიშვნელოვანია, რომ გერმანია და უკრაინა ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის (BWC) ხელმომწერები არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და გამოყენებაზე უარს ამბობენ. ამასთანავე, უკრაინის ტერიტორიაზე ბიოუსაფრთხოების უმაღლესი მეოთხე დონის (BSL4) ლაბორატორია, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შექმნას თეორიულად შესაძლებელს გახდიდა,  არ მდებარეობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში ბიოუსაფრთხოების სფეროში გერმანია რუსეთთანაც თანამშრომლობდა. 2002 წელს მასობრივი განადგურების იარაღების გავრცელების საწინააღმდეგოდ დიდი რვიანის ქვეყნების (მაშინ რუსეთი დიდი რვიანის წევრი იყო) პარტნიორობის ფარგლებში 20 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის სამიზნე ქვეყანას თავდაპირველად რუსეთი წარმოადგენდა და მისი მიზანი ტერორიზმისა და ბირთვული იარაღის საფრთხეებისგან რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მოგვიანებით, პროექტმა სხვა ქვეყნებიც მოიცვა. პროექტში გერმანიაც მონაწილეობდა, მისი მხრიდან გაღებული ფინანსური დახმარების რაოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ზახაროვა ამბობს იმასაც, რომ გერმანია აშშ-ის მიერ უკრაინაში შექმნილ 30 ლაბორატორიის ქსელთანაც თანამშრომლობს, ხოლო ამ ლაბორატორიებში საშიში ბიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მართული 30 ლაბორატორიის შესახებ ცნობები დეზინფორმაციაა, რომელსაც რუსული მხარე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან აქტიურად ავრცელებს. კრემლის პროპაგანდა აშშ-სა და უკრაინას ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებდა. სინამდვილეში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე ლაბორატორიების ტექნიკურად გაძლიერებაში 2005 წლიდან ეხმარება, თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებზე მუშაობას არ ითვალისწინებს. 

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ზახაროვას განცხადებით, იმას რომ გერმანელები ბიოლოგიურ იარაღში კარგად ერკვევიან, რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის საქმეც ამტკიცებს, რადგან გერმანელმა სპეციალისტებმა მის სისხლში “ნოვიჩოკის” არსებობა მალევე დაადასტურეს, რაც, ზახაროვას თქმით, ნიშნავს, რომ გერმანელებს ამ ნივთირების სინთეზირება თავად შეუძლიათ. რეალურად, ნოვიჩოკი არა ბიოლოგიური, არამედ ქიმიური იარაღია და ის აკრძალული ქიმიური ნივთერებების სიაში 2019 წელს აშშ-ს, ნიდერლანდებისა და კანადის ინიციატივით დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულიას მოწამვლის შემდეგ შეიტანეს. ამ ნივთიერების არსებობას რუსეთი წლების განმავლობაში მალავდა, მისი არსებობა 1992 წელს დადასტურდა, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსი მეცნიერი “მოსკოვსკიე ნოვოსტიში” ქიმიურ ნივთიერებაზე სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის გამო დააპატიმრეს. 

“ნოვიჩოკის” რუსული წარმოშობის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

რაც შეეხება უშუალოდ ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლას, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. 2 დღის შემდეგ ის გერმანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გერმანიის გარდა, ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლა  ფრანგულმა და შვედურმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს. ნოვიჩოკით ნავალნის მოწამვლა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორაგნიზაციამაც (OPCW) დაადასტურა. ორგანიზაციის განმარტებით, ნავალნის მოსაწამლად ახალი ტიპის ისეთი ნოვიჩოკი გამოიყენეს, რომელიც ორგანიზაციის მიერ აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალში შეტანილი არ იყო. 

ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მონაწილეობა ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამომძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა დაადასტურა.  21 დეკემბერს ალექსეი ნავალნიმ FSB-ს აგენტს კონსტანტინ კუდრიავცევს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის სახელით დაურეკა, სატელეფონო საუბარში კურდიაცევმა ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის მცდელობა და ის მიზეზები აღაირა, რის გამოც ოპერაცია წარმატებით ვერ დასრულდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist