18 ივლისს, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერებმა, კონსტანტინ კოსაჩევმა და ირინა იაროვაიამ უკრაინაში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიების შემსწავლელი კომისიის შედეგებზე ისაუბრეს. ლაბორატორიების საქმიანობას რუსეთის საპარლამენტო კომისია იძიებს, რომლის თანათავმჯდომარეები კოსაჩევი და იაროვაია არიან. მათი თქმით, აშშ უკრაინელ სამხედროებზე ” საიდუმლო ექსპერიმენტებს” ატარებდა, რომლებიც კონკრეტული ვითარებაში შეიძლებოდა, საომარი მიზნებისთვის გაევრცელებინათ. იაროვაია ამტკიცებს, რომ უკრაინელი სამხედროები სხვადასხვა დაავადებით დაინფიცირდნენ, რომლებიც ატიპურია უკრაინის ტერიტორიისთვის. სამხედროების სისხლის ანალიზსში ნარკოტიკული საშუალებების კვალიც აღმოჩნდა – „ძალიან მაღალი ტიტრი ჰეპატიტ A-ზე“ და „დასავლეთ ნილოსის ცხელება“. ამ ყველაფრის შედეგად, სამხედროები “ყველაზე სასტიკ და მომაკვდინებელ ურჩხულებად გადაიქცნენ“, განაცხადეს რუსმა პარლამენტარებმა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულენოვან მედიასა 1, 2, 3, 4 და ქართულენოვან ფეისბუკ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო გავრცელდა.
„რასაც ჩვენ ვხედავთ: ის სისასტიკე და დაუნდობლობა, როგორც უკრაინელი სამხედროები იქცევიან; ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი სჩადიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ის საშინელი დანაშაულები, რომლებსაც ისინი სამხედროების წინააღმდეგ სჩადიან, ადასტურებს, რომ ეს არის სიკვდილის საშინელი მანქანის შექმნისა და მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელდა,“… ასევე დასტურდება, რომ მათ დღემდე აძლევენ დოპინგებს, რათა ბოლომდე წაშალონ ადამიანური ცნობიერების უკანასკნელი კვალი და ისინი დაუნდობელ ურჩხულებად აქციონ.“ – განაცხადა ირინა იაროვაიამ.
რუსი პარლამენტარების მტკიცება, რომ უკრაინელ სამხედროებზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდნენ ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. კრემლისტური მედია წლებია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრიანაში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებში საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ. რეალურად, აშშ უკრაინულ ლაბორატორიებს ტექნიკურად გაძლიერებაში 2005 წლიდან ეხმარება. გარდა ამისა, გენეტიკოს კირილ ვოლკოვის თანახმად, უკრაინელ სამხედროებში გამოვლენილი დაავადებები ატიპური არ არის და ისინი რუსეთის სამხრეთ რეგიონებშიც გვხვდება.
მტკიცებას, თითქოს უკრაინაში პენტაგონის მართული სამხედრო ლაბორატორიები არსებობს, კრემლისტური მედიები და სხვადასხვა აქტორები წლებია ავრცელებენ. რუსული ნარატივის მიხედვით, ამერიკელები რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ლაბორატორიებში პათოგენებსა და მომაკვდინებელ დაავადებებს ქმნიან, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობაზე საიდუმლოდ ცდიან. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მალევე, 2020 წლის მაისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა “ამერიკული ლაბორატორიების” შესახებ სოციალურ ქსელებში კოორდინირებულად გავრცელებული დეზინფორმაციას საპასუხოდ სპეციალური განმარტება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში უცხოეთისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები, მით უფრო – სამხედრო დანიშნულების მქონე, არ ოპერირებენ.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობასთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მომუშავე ლაბორატორიების ტექნიკურად გაძლიერების მიზნით 2005 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნული პროგრამა სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიურ პროექტებსა და სამხედროებზე ცდების ჩატარებას არ გულისხმობს.
წარსულში ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ საშიშ ექსპერიმენტებს ინფექციური დაავადებების გავრცელების მიზნით ხარკოვის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზეც ატარებდნენ. ვრცლად, იხილეთ სტატია:
კოსაჩევი და იაროვაია ასევე ირწმუნებიან, რომ სამხედროების სისხლში ნარკოტიკული საშუალებების კვალი აღმოაჩინეს. მათი თქმით, ისინი უკრაინისთვის ატიპური დაავადებებითაც დაინფიცირდნენ. ამ საკითხზე გამოცემა kommersant-თან ინტერვიუში ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, გენეტიკოსმა – კირილ ვოლკოვმა ისაუბრა. იგი უკრაინელ სამხედროებში გამოვლენილ დაავადებებს „უკრაინისთვის ატიპურად“ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ახლა სუბტროპიკული დაავადებების გავრცელების ზოგადი ტენდენციაა და დასავლეთ ნილოსის ცხელების შემთხვევები რუსეთის სამხრეთ რეგიონებშიც ფიქსირდება, ამიტომ შესაძლოა უკრაინაშიც იყოს. ვოლკოვისვე თქმით, A ჰეპატიტი კი ტიპური დაავადებაა. იგი დაძენს, რომ ნამდვილად არსებობს ნივთიერებები, რომლებსაც ცნობიერების შეცვლა და აგრესიის გამოწვევა შეუძლია, თუმცა რუსი პარლამენტარების გამონათქვამებს „ბიოლოგიური თავდასხმის“ შესახებ გაზვიადებულს უწოდებს.
უკრაინაში არსებული ლაბორატორიებზე “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გადამოწმებული მასალები ვრცლად იხილეთ:
- არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?
- კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ
- რა დეზინფორმაციას ავრცელებს ზახაროვა გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის შესახებ და რა კვლევები ტარდება უკრაინაში რეალურად?
- ДОКУМЕНТЫ ОПУБЛИКОВАННЫЕ МИНИСТЕРСТВОМ ОБОРОНЫ РФ НЕ ПОДТВЕРЖДАЮТ НАЛИЧИЕ ОПАСНЫХ ЭКСПЕРИМЕНТОВ НАД КОМАРАМИ В УКРАИНСКИХ ЛАБОРАТОРИЯХ
- ДЕЗИНФОРМАЦИЯ «ПЕРВОГО КАНАЛА», ЧТО ЯКОБЫ США ПЛАНИРОВАЛИ ЗАВЕЗТИ В УКРАИНУ ВИРУС ЭБОЛЫ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.