ჰანტერ ბაიდენის მეილები უკრაინაში ბიოიარაღის წარმოების დაფინანსებას არ ამტკიცებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

981
VIEWS

24 მარტიდან, ერთი მხრივ, რუსულენოვან მედიაში, მეორე მხრივ კი, სოციალური ქსელ ფეისბუქის ქართულენოვან მომხმარებლებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ჰანტერ ბაიდენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. 

რუსულენოვანი გამოცემები აღნიშნულ ინფორმაციას ძირითადად ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ, ესენია: რუსეთის არმიის ატომური, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის ძალების მეთაურის – იგორ კირილოვის 24 მარტს გამართულ ბრიფინგი და ბრიტანული გამოცემის – Daily Mail-ის 25 მარტს გამოქვეყნებული სტატია.

27 მარტის სიუჟეტში რუსეთის პირველი არხი Daily Mail-ის სტატიასა და კირილოვის ბრიფინგზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ამერიკული კომპანია Metabiota უკრაინაში ჰანტერ ბაიდენის დახმარებით გამოჩნდა და ის სიცოცხლისთვის საშიში, პანდემიის გამომწვევი პათოგენების კვლევაზე კლასიფიცირდება. რუსეთის პირველმა არხმა 28 მარტს გამოქვეყნებულ სიუჟეტში  აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ბიოლაბორატორიებთან ჰანტერ ბაიდენის შესაძლო კავშირის შესახებ აპოკალიპტური სცენარის აღსაწერად გამოიყენა, რომლის მიხედვითაც ამერიკის მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელება ხდება და მისი სამიზნე რუსეთში შინაური პირუტყვის განადგურებაა. 

გარდა ამისა, კიდევ ორმა მედიამ РИА Новости-მ და Sputnik-მა Daily Mail-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს სტატია, რომ ჰანტერ ბაიდენი უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაშია ჩართული.

რაც შეეხება ქართულ ენაზე გავრცელებას, ჰანტერ ბაიდენის უკრაინის ლაბორატორიებთან კავშირსა და სახიფათო კვლევებზე 24-26 მარტს პოსტები გამოაქვეყნეს ფეისბუქ მომხმარებლებმა დიტო ბიძინაშვილი და ირაკლი ვლადიმერის-ძე ზაქარეიშვილი.

28 მარტს ამ თემაზე ასევე წერდა ფეისბუქ გვერდი ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog, რომელიც პოსტში ირწმუნება, რომ ჰანტერ ბაიდენი უკრაინაში სასიკვდილო დაავადებებისა და ბიოიარაღების ანალიზში იყო ჩართული, ხოლო უკრაინის ბიოლაბორატორიები ბაიდენის ოჯახის ბრძანებით ბიოქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ.

რუსული მედიასაშუალებებისა და ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებული პოსტები რამდენიმე დეზინფორმაციას შეიცავს: 1. Metabiota უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას არ აფინანსებდა 2. ჰანტერ ბაიდენი უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ან შეერთებული შტატების სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის განხორციელებაში არ ყოფილა ჩართული 3. Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ მეილებში ჰანტერ ბაიდენის კავშირი ბიოლოგიური იარაღის დამზადებასთან არ ჩანს.

  • Metabiota უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას არ აფინანსებს

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების ავტორები ირწმუნებიან, რომ კომპანია Metabiota უკრაინაში ჰანტერ ბაიდენის დახმარებით გამოჩნდა, მისი კავშირების დახმარებით მოიპოვა თანხები და რომ ის სიცოცხლისთვის საშიში და პანდემიის გამომწვევი პათოგენების კვლევაზე კლასიფიცირდება. ასევე, პოსტების ნაწილში ვხვდებით მინიშნებას, რომ კომპანიის მიერ მიღებული თანხები ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენეს. 

მეტაბიოტა ამერიკული კომპანიაა. ის ვირუსოლოგმა ნათან ვულფმა დააარსა და მისი თავდაპირველი ფუნქცია კვალიფიციური კადრების შერჩევაში ბიოლაბორატორიების დახმარება იყო. დღეისათვის კომპანია მომხმარებლებს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: 1) ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად ადამიანებსა და ცხოველებს შორის ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე დაკვირვება, რათა გამოვლინდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის პოტენციურად საშიში დაავადებები; 2) დახმარება დაავადებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიების შესაქმნელად დაავადებების გავრცელებაზე დაკვირვებისა და ადგილობრივი მკვლევრების კვალიფიკაციის ამაღლების გზით; 3) კონსულტაციის გაწევა საკვლევი ცენტრებისათვის ბიოუსაფრთხოების შენარჩუნების, დაკვირვების ხარისხის, დაავადების გავრცელებასთან ბრძოლისა და სხვა უნარების გასაუმჯობესებლად. 

2014 წლამდე მეტაბიოტა არაკომერციული ორგანიზაცია იყო. ამ წელს კომპანიამ პროფილის შეცვლა გადაწყვიტა და ადგილობრივ ბაზარზე ინვესტიციების მოძიება დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში კომპანიამ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსგან (DTRA) დაფინანსების სახით 18.4 მლნ დოლარი მიიღო, რომლიდანაც უკრაინაში საქმიანობისთვის მხოლოდ 307 ათასი დოლარი იყო განკუთვნილი. აღნიშნული დაფინანსების მიწოდება 2017 წლამდე გაგრძელდა, ამის შემდეგ კომპანიას სააგენტოსგან უკრაინაში საქმიანობისთვის დაფინანსება აღარ მიუღია

წყარო: usaspending.gov

ამის პარალელურად მეტაბიოტამ დაფინანსება Rosemont Seneca Technology Partners (RSTP) – სგან მიიღო, რომელიც Rosemont Seneca Partners-სთან დაკავშირებული კომპანიაა და ძირითადად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს აფინანსებს. The Washington Post-ის ინფორმაციით, მეტაბიოტა ძირითად საქმიანობას აფრიკის ქვეყნებში ეწეოდა და უკრაინაში მას მხოლოდ ერთი ოფისი ჰქონდა, რომელშიც ექვს პირს ასაქმებდა (5 ადგილობრივი და 1 უცხოელი) და სამეცნიერო კვლევას უკრაინაში ტულარემიისა და ციმბირის წყლულის საფრთხეების ირგვლივ ახორციელებდა. კვლევა კომპანიის ზოგადი მიზნის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პოტენციური ბიოლოგიური საფრთხეების ადრეულ ეტაპზე აღმომჩენი სისტემის შემუშავებას გულისხმობდა.

უკრაინაში მეტაბიოტა ამერიკული ფირმის Black & Veatch-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო. ამ უკანასკნელის მიზანს კი დაავადებათა დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და ახალი ლაბორატორიების მშენებლობა წარმოადგენდა

ამჟამად მეტაბიოტა უკრაინაში საქმიანობას აღარ აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური საიტი ავრცელებს: 

  • ჰანტერ ბაიდენი უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოებას არ აფინანსებდა

რუსული მედიასაშუალებები და ფეისბუქზე გავრცელებული პოსტის ავტორები ირწმუნებიან, რომ ჰანტერ ბაიდენი პირდაპირ იყო ჩართული ბიოლოგიური იარაღის შექმნის დაფინანსებასა და ამერიკის სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის წარმოებაში.  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Rosemont Seneca Technology Partners მართლაც აფინანსებდა მეტაბიოტას და თანხის ნაწილი კომპანიამ უკრაინაში ოფისის გასახსნელადაც გამოიყენა, ამასთან ჰანტერ ბაიდენი Rosemont Seneca Partners-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა, Washington Post-ის ინფორმაციით, Rosemont Seneca Technology Partners-ში მისი როლი ინვესტიციების განკარგვას არ გულისხმობდა.

2014 წელს, ჰანტერ ბაიდენის საზღვაო ძალების რეზერვიდან გარიცხვის შემდეგ, მან RSTP-ის წევრობაც დაკარგა და 2015 წლის დასაწყისიდან აღნიშნულ კომპანიასთან ან მის ფინანსურ გარიგებებთან კავშირი აღარ აქვს. 

რაც შეეხება ჰანტერ ბაიდენის გარშემო მიმდინარე გამოძიებას, ის უკრაინულ ნავთობისა და გაზის კომპანიას – Burisma-ს ეხება. გამოძიება შეისწავლის, დაირღვა თუ არა “უცხოელი სუბიექტების რეგისტრაციის აქტი (FARA), რომელიც ამერიკაში მოქმედ ლობისტურ კომპანიებს  საკუთარი საერთაშორისო კავშირების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებას ავალებს. აღნიშნულ გამოძიებას უკრაინის ბიოლაბორატორიებთან ან მეტაბიოტას საქმიანობასთან ქვეყანაში კავშირი არ აქვს. 

  • Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ მეილებში ჰანტერ ბაიდენის კავშირი ბიოლოგიური იარაღის დამზადებასთან არ ჩანს

25 მარტს ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც სტატიის ავტორის – ჯოშ ბოსველის მტკიცებით ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან მოპოვებული მეილები უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის დამზადების შესახებ რუსეთის ფედერაციის მტკიცებას ამყარებს და შესაძლოა ნაწილობრივ სიმართლე იყოს.

სტატიაში გამოქვეყნებული მეილების ავთენტურობა ღია წყაროებით არ დასტურდება. აღნიშნული მეილების გარდა ავტორი ინფორმაციის ძირითად წყაროდ იგორ კირილოვის ბრიფინგს იყენებს.

სტატიის ავტორი რამდენიმე მეილს განიხილავს, მათ შორის: 1) მეტაბიოტას ვიცე-პრეზიდენტის მარი გუტიერის მეილს ჰანტერ ბაიდენისადმი, სადაც მეილის ავტორი ბაიდენს უკრაინაში მეტაბიოტას საქმიანობის შესახებ უამბობს და “რუსეთისგან კულტურული და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაში უკრაინის დახმარებას” კომპანიის ძირითად მიზნად ასახელებს.  2) Burisma-ს წარმომადგენლის, ვადიმ პოჟარსკის მეილი ბაიდენისადმი, სადაც მეილის ავტორი კითხვებს სვამს მეტაბიოტას უკრაინულ გეგმებთან დაკავშირებით და ახსენებს “უკრაინის მეცნიერების” (Science Ukraine) პროექტს.  

Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები: 

ამ ორი მეილიდან ცხადი არაა, რომ თანამშრომლობა მეტაბიოტასა და Burisma-ს შორის ნამდვილად შედგა. ასევე, არც ერთ მეილში არ არის მინიშნება უკრაინის ბიოლაბორატორიების მუშაობაში ჩართვის, ან ბიოლოგიური იარაღის დამზადების შესახებ. შესაბამისად, მეილების ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაშიც არ შეგვიძლია ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ჰანტერ ბაიდენის ჩართულობაზე ვისაუბროთ.

სტატიაში კიდევ ოთხი მეილია მოცემული: პირველი მეილი ავტორის მტკიცებით, ადასტურებს რომ  Rosemont Seneca Technology Partners-მა მეტაბიოტას 500,000 დოლარი გადაურიცხა, მეორე მეილში ჩანს ბაიდენისა და მისი პარტნიორების აღფრთოვანება მეტაბიოტას მომავალი პროდუქტის მიმართ, მესამე მეილი საუბრობს მეტაბიოტას კავშირზე, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ მეტაბიოტას საქმიანობა CDC-ს ერთ-ერთი თანამშრომლის (მოხსენიებულია გვარი Xiaoying) საქმიანობას ჰგავს, შესაბამისად შესაძლოა ამ ორს შორის თანამშრომლობა შედგეს, ხოლო მეოთხე მეილი, ავტორის თქმით, ადასტურებს კავშირს მეტაბიოტასა და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის. 

აღნიშნული ინფორმაციის მეილების სახით მოწოდება ჰქმნის შთაბეჭდილებას, რომ ავტორმა ის საიდუმლოდ მოიპოვა. სინამდვილეში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მეილებში გაჟღერებული ინფორმაცია (მესამე მეილის გამოკლებით) საჯარო და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

გარდა ჰანტერ ბაიდენის ბიოლაბორატორიებთან კავშირისა, ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები შეიცავდა კიდევ ორ მტკიცებას, რომლებიც “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა:

  1. უკრაინის ბიოლაბორატორიებში უკრაინელი მეომრები აკრძალული პრეპარატების გამოცდის შედეგად არ დაღუპულან. კრემლის მედიასთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტი დილიანა გაიტანჯიევა, რომელიც თავის მასალაში UP-8 პროექტის შესახებ წერს, დეზინფორმაციას ავრცელებს და პროექტი რეალურად უკრაინელი ჯარისკაცების სისხლის ნიმუშების აღებასა და იმის შემოწმებას ისახავს მიზნად, ჰქონდათ თუ არა მათ შეხება წარსულში სხვადასხვა დაავადებებთან.
  2. უკრაინის ბიოლაბორატორიებს აშშ არ მართავს, ისინი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების დაქვემდებარებაშია. აშშ მათ მხოლოდ მოდერნიზებაში და ტექნიკურ უზრუნველყოფაში ეხმარებოდა.

Daily Mail-ის შესახებ 

გავრცელებულ პოსტებში წყაროდ მოყვანილი Daily Mail ბრიტანული გამოცემაა, რომელიც გამოირჩევა მკვეთრად მემარჯვენე პოზიციონირებით და კონსპირაციული თეორიებისა და პროპაგანდის გავრცელება ახასიათებს

წყარო: mediabiasfactcheck.com

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist