დეზინფორმაცია, თითქოს ფრინველის გრიპის გავრცელება უკრაინაში სახიფათო შტამების შეგროვებას უკავშირდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

135
VIEWS

28 მაისს კრემლისტური მედიის “საქართველოს და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, პენტაგონის დაკვეთით უკრაინაში ფრინველის გრიპის ლეტალურ შტამებს აგროვებდნენ. “საქართველო და მსოფლიოს” სტატიაში, ფრინველის გრიპის შტამების შეგროვება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ფრინველის გრიპის აფეთქებასთან არის დაკავშირებული. გამოცემა ტელეგრამ-არხს СВЕЖЕСТИ-ს ეყრდნობა. 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მტკიცებები უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. სახიფათო ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც კრემლი უკვე წლებია ავრცელებს. 1. “ასკანია ნოვას” ბიოსფერული ნაკრძალის დირექტორმა StopFake-თან კომენტარში დაადასტურა, რომ ნაკრძლის ბაზაზე ბიოლაბორატორია არ ფუნქციონირებს და რაიმე სახის სახიფათო შტამების შეგროვება არ ხდებოდა. 2. თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალები, რომლებიც, უწყების თანახმად, მტკიცებულებებს ასახავს, უწყების ბრალდებებს არ ადასტურებს.

  • ასკანია-ნოვა ხერსონის ოლქში ბიოსფერული ნაკრძლის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის სახიფათო შტამების შეგროვება არ ხდებოდა

ბიოსფერული ნაკრძალი “ასკანია ნოვა” უკრაინის ყველაზე ძველი ნაკრძალია და 1896 წლიდან არსებობს. ნაკრძალი ხერსონის ოლქის ამჟამად დროებით ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ უკრაინულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია, StopFake-თან კომენტარში ნაკრძლის დირექტორმა, ვიქტორ შაპოვალმა აღნიშნა, რომ “ასკანია ნოვას” ტერიტორიაზე რაიმე სახის ბიოლაბორატორია არ ფუნქციონირებს. შაპოვალის განმარტებით, იქიდან გამომდინარე რომ მიგრაციის პერიოდში ნაკრძლის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გადამფრენი ფრინველი იყრის თავს, რომლებიც პოტენციურად ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ, ნაკრძლის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის შემთხვევის გამოვლენა დასაშვებია, თუმცა ვირუსის შტამების შეგროვებისა და გამოვლენის მიზნით კვლევები არ მიმდინარეობდა.

ვიქტორ შაპოლოვმა ასევე ისაუბრა იმ ეკოლოგიურ კვლევაზეც, რომელიც 2021 წელს ნაკრძალს, ხარკივში არსებულ ექსპერიმენტული და კლინიკური ვეტერინარიული მედიცინის ინსტიტუტსა და შვეიცარიაში ლინეის უნივერსიტეტს შორის სამხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამ კვლევის დროს გარეული ფრინველების ეკოლოგიისა და მათი პათოგენების შესწავლა ხდებოდა, რაც ასკანია ნოვას ბაზაზე ფრინველების სისხლის ნიმუშების შეგროვებას მოიცავდა, თუმცა ნაკრძლის ტერიტორიაზე ამ ნიმუშების მხოლოდ შენახვა ხდებოდა და კონკრეტული პათოგენების გამოვლენის, იზოლირების ან შეგროვების მიზნით მათზე კვლევა ნაკრძალში არ მიმდინარეობდა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი ბრალდებების დასადასტურებლად 2021 წელს ასკანია ნოვას ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ფრინველების დაღუპვის შემთხვევა გაიხსენა. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს ნაკრძლის ტერიტორიაზე ფრინველების დაღუპვა “ექსპერტთა აზრით, ინფექციურ ხასიათს ატარებს”. თუმცა რეალურად ფრინველების სიკვდილი ფრინველების გრიპთან დაკავშირებული არ იყო. დიდი რაოდენობით ფრინველის სიკვდილი სოფლის მეურნეობაში მღრღნელების საწინააღმდეგო შხამის გამოყენებამ გამოიწვია. ამის შესახებ შესაბამისი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განცხადება უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურმა გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპული ფრინველების პათოლოგოანატომიური ანალიზის შედეგად მათ ორგანიზმში ნივთიერება ბროდიფაქტუმი აღმოაჩინეს, რომელიც როდიცენტად – მღრნელების მოსაკლავად გამოიყენება. უშუალოდ ფრინველების გარდა გამოკვლეული იყო წყლის, სპეციალური საკვებისა და ასევე მარცვლეულის ნიმუშები, რომლებიც ნაკრძლის მახლობელი ყანებიდან იყო აღებული. მომწამვლელი ნივთიერება უშუალოდ მარცვლეულზე იყო აღმოჩენილი.

  • Н5N8 შტამის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა

იგორ კირილოვის განცხადებებში ხაზგასმულია უკრაინაში ფრინველის გრიპის H5N8 შტამის შეგროვება, რომელიც, მისი თქმით, განსაკუთრებული ლეტალობით ხასიათდება.

ზოგადად ფრინველის გრიპი არსებითად ფრინველებში ვრცელდება, თუმცა ადამიანების ინფიცირებაც შესაძლებელია. ადამიანის ინფიცირება დაავადებულ ფრინველებთან და დაბინძურებულ გარემოსთან პირდაპირი კონტაქტით ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფრინველი გრიპის სხვადასხვა შტამის გავრცელებას სისტემატურად აკვირდება და ყოველკვირეულ განახლებებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპის Н5N8 ვერსიის ფრინველიდან ადამიანზე გადადების პირველი შემთხვევა თავად რუსეთში 2021 წელს დადასტურდა. ინფიცირების 7 შემთხვევა ასტრახანის ოლქში ფრინველის ფერმაზე გამოვლინდა. ზოგადად ფრინველის გრიპის ეს შტამი მსოფლიოში მანამდეც ვრცელდებოდა. მაგალითად 2020 წელს H5N8 როგორც გარეულ, ასევე შინაურ ფრინველებში ბულგარეთში, ჩეხეთში, ეგვიპტეში, გერმანიაში, უნგრეთში, ერაყში, იაპონიაში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, რუმინეთში, დიდ ბრიტანეთში და რუსეთში გამოვლინდა.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, Н5N8 მაღალი ლეტალობით გამოირჩევა – 75 %. თუმცა, უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე ამ შტამის გადაცემის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. 

ფრინველის ვირუსის სხვადასხვა შტამი განსხვავებული ლეტალობით გამოირჩევა. რაც შეეხება ფრინველის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას, მსგავსი შემთხვევა 1997 წელს ჰონკონგში გამოვლინდა, როდესაც სეროლოგიურმა კვლევებმა აჩვენა H5N1 ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების სავარაუდო მტკიცებულება. ასევე 2003 წელს, ნიდერლანდებში, დაფიქსირდა ფრინველის გრიპის A(H7N7) ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვირუსის ადამიანზე გადასვლის შემთხვევა იშვიათია.

  • თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალები, რომლებიც, უწყების თანახმად, მტკიცებულებებს ასახავს, უწყების ბრალდებებს არ ადასტურებს

გარდა ამისა, ინფოგრაფიკებზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა და დასათაურებულია როგორც  “მაღალპათოლოგიური ფრინველის გრიპის ეპიზოოტიკური მდგომარეობის გამოვლენა”, ინფორმაცია რეალურად არსებითად H5N1-ს გავრცელებას ასახავს.

Screenshot 18 1 დეზინფორმაცია, თითქოს ფრინველის გრიპის გავრცელება უკრაინაში სახიფათო შტამების შეგროვებას უკავშირდება
შემთხვევების უმეტესობა H5N1-ზე მოდის, აქვე აღრიცხულია სხვა შტამების, Н5N8, Н5N4, H5N2 გამოვლენის შემთხვევები.

რუსეთში 2023 წელს ფრინველის გრიპის აფეთქებაც, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად უკრაინას უკავშირებს, ასევე არა H5N8-ს არამედ H5N1-ს უკავშირდება. ეს ინფორმაცია თავად რუსეთის ვეტერინარიული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა. 

Screenshot 19 1 დეზინფორმაცია, თითქოს ფრინველის გრიპის გავრცელება უკრაინაში სახიფათო შტამების შეგროვებას უკავშირდება

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული მასალების ტექსტში თავდაცვის სამინისტრო ფრინველის გრიპის “სახიფათო შტამის” პათოგენების შეგროვებას პროექტ UP-8-ს უკავშირებს, ხოლო ინფოგრაფიკაზე პროექტის UP-4-ის ამსახველი დოკუმენტი აქვს დატანილი.

Screenshot 20 1 დეზინფორმაცია, თითქოს ფრინველის გრიპის გავრცელება უკრაინაში სახიფათო შტამების შეგროვებას უკავშირდება

პროექტი UP-8 რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სახიფათო ბიოლოგიურ საქმიანობასთან 2022 წლის დეკემბერში დააკავშირა, როცა ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ომის მიმდინარეობისას რუსეთმა 20 000-ზე მეტი დოკუმენტი მოიპოვა, რომლებიც ადასტურებდა, რომ უკრაინაში აშშ-ის ჩართულობით სახიფათო ბიოლოგიური იარაღის შემუშავება ხდებოდა. რეალურად პროექტი არც ბიოლოგიურ იარაღთან და არც ფრინველის გრიპთან არ არის დაკავშირებული. UP-8 ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, ტკიპებით გამოწვეული ინფექციების და აგრეთვე მღრღნელების მიერ გავრცელებული ჰანტავირუსის დაკვირვებაში აშშ-ის მხრიდან უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას ითვალისწინებდა და რაიმე სახის ვირუსის გავრცელებასთან კავშირი არ ჰქონია. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს თანახმად, პროექტი UP-8 უკრაინული და ამერიკული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რეგულაციების ყველა შესაბამისი წესის დაცვით განხორციელდა და არცერთ ეტაპზე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა.

ვრცლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “20 000 დოკუმენტის” შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის მასალა:

პროექტი UP-4 კი რუსეთის ფედერაციამ 2022 წლის სექტემბერში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ფარგლებში აშშ-სა და უკრაინის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებების დროს დაავადებების ხელოვნურად გავრცელების გეგმებთან დააკავშირა. მაშინ აშშ-მა და უკრაინამ პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციაც წარმოადგინეს. UP-4 გადამფრენი ფრინველების მიერ განსაკუთრებით საშიში პათოგენების უკრაინის ტერიტორიის თავზე გადატანის რისკების შეფასებას ითვალისწინებდა და რუტინული სამეცნიერო საქმიანობის ნაწილი იყო. აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის (BTRP) ხელმძღვანელმა, რებეკა დაფნიმ პროექტის სახელწოდებაც განმარტა, U – უკრაინის ინიციალია, P – პროექტის და ეს კოდები კვლევების კატალოგებში შესატანად გამოიყენება და რაიმე სახის საიდუმლოს არ წარმოადგენს. აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა განმარტეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გადამფრენი ფრინველები სხვადასხვა დაავადების წყაროს წარმოადენენ, ასეთი კვლევები დაავადებათა კონტროლისთვის არის საჭირო და რაიმე სახის ბიოლოგიურ იარაღთან ან სახიფათო სამეცნიერო საქმიანობასთან კავშირი არ აქვთ.

ზოგადად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინასთან დაკავშირებით ბიოუსაფრთხოების სფეროში ბრალდებების და დეზინფორმაციას გავრცელება დიდი რაოდენობით “დოკუმენტებისა” და ე.წ. მტკიცებულებების გამოქვეყნების ტენდენციით ხასიათდება, რომლებიც მიუხედავად უწყების მტკიცებისა მის ბრალდებებს არ ადასტურებს და რეალურად რუტინულ, ჩვეულებრივ სამეცნიერო მუშაობასთან დაკავშირებულ კვლევებს ასახავს და არც რაიმე საიდუმლო ინფორმაციას მოიცავს. ეს 2022 წელს ჟენევაში გამართულ კონფერენციაზეც გამოიკვეთა, სადაც რუსეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებსაც უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის პროცესი და სახიფათო სამეცნიერო საქმიანობა უნდა დაედასტურებინა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებმა შეისწავლეს და მსგავი მტკიცებულებები ვერ გამოავლინეს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist