19 სექტემბერს რუსულმა სამთავრობო მედიებმა, მათ შორის რუსეთის პირველმა არხმა, РИА Новости-მ, TASS-მა, Правда-მ, Московский Комсомолец-მა, Sputnik-Abkhazia-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაბალშემოსავლიან მოქალაქეებსა და ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება აღიარეს. რუსულ და ბელარუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინიდან პათოგენური შტამების გატანა აღიარა. მედიასაშუალებებმა აღნიშნული ცნობები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვის ბრიფინგზე დაყრდნობით გაავრცელეს, რაც ჟენევაში ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციაში მონაწილე ქვეყნების შეხვედრას უკავშირდება. კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და აშშ-ს ბიოუსაფრთხეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით კითხვები წაუყენა. რუსული მხარის თანახმად, მოპასუხე მხარეებმა არადამაკმაყოფილებელი ინფორმაცია წარმოადგინეს და კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. კონფერენციის კონტექსტში კრემლისტური მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აშშ-მა რუსეთის ბრალდებები აღიარა.
19-20 სექტემბერს ანალოგიური ინფორმაცია რუსულენოვან ფეისბუკ-ჯგუფებში (1,2) და ქართულენოვან ჯგუფში “ანტილაბ-საქართველო” გამოქვეყნდა. ინფორმაცია ქართულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2).
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსული მედია ჟენევაში ჩატარებულ კონფერენციას დეზინფორმაციის გასავრცელბლად იყენებს. არც კონფერენციის ფარგლებში და არც მის შემდეგ აშშ-ს რუსეთის მიერ წაყენებული რომელიმე ბრალდება არ უღიარებია. ჟენევის კონფერენციაზე უკრაინისა და აშშ-ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებიდან, ასევე სხვა მონაწილე ქვეყნების დელეგაციების კომენტარებიდან იკვეთება, რომ რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლო და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია.
ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის ფარგლებში წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, შესაძლო დარღვევების განხილვისთვის ოფიციალური შეხვედრა მოითხოვონ. ეს უფლება რუსეთმა გამოიყენა და აშშ-ს და უკრაინას კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. ეს კითხვები დიდწილად ბიოუსაფრთხეობის სფეროში აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობასთანაა დაკავშირებული. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. კონფერენციასთან დაკავშირებული მოხსენებები გაერო-ს საიტზეა გამოქვეყნებული.
კონფერენციის ფარგლებში აშშ-ს და უკრაინას რუსეთის მიერ წაყენებული არც ერთი ბრალდება არ უღიარებიათ, პირიქით, მოპასუხე მხარეებმა ვრცელი მოხსენებები (1,2) წარადგინეს, რომლებიც ადასტურებს, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შემუშავებისა და სახიფათო სამეცნიერო საქმიანობის შესახებ რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლოა და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. ჟენევაში საკითხის განხილვა 9 სექტემბერს დასრულდა. შეხვედრაში 89 სახელმწიფო მონაწილეობდა. მონაწილეებს რაიმე სახის კონსენსუსისთვის არ მიუღწევიათ. 13 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დამატებითი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის ფარგლებში აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების წევრმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ ახსნეს, რომ ბიოუსაფრთხოების და ჯანდაცვის სფეროში უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობა საფრთხეების შემცირებას ემსახურება და ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის პირობებს არამხოლოდ არ არღვევს, არამედ ასეთი თანამშრომლობა კონვენციის მიერ წახალისებულიც კია. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთმა აშშ-ისა და უკრაინის მოხსენებების მოსმენამდე დაიწყო მონაწილეებს შორის წინასწარ საერთო განცხადების ტექსტის გავრცელება, რომელიც შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის დასკვნას მოიცავდა.
ჟენევაში რუსეთის მიერ წარდგენილი ბრალდებები და აშშ-ის და უკრაინის პასუხი
ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ისთვის რუსეთის მიერ წარდგენილი კითხვებიდან რამდენიმე საკითხი იკვეთება. რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოდესაში მეჩნიკოვის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობას, აღნიშნავს, რომ ინსტიტუტში დიდი რაოდენობით ქოლერისა და ციმბირის წყლულის გამომწვევი პათოგენები ინახება. რუსული მხარის თანახმად, სახიფათო პათოგენები მხოლოდ იმ ლაბორატორიებში ინახება, რომლებიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ იყო დაფინანსებული. რუსეთის მტკიცებით, აშშ-სა და უკრაინას შორის ბიოუსაფრთხოების სფეროში 2005 წელს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინული მხარე ვალდებულია, აშშ-ს უკრაინაში მოპოვებული სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუში გადასცეს. რუსეთის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულ ლაბორატორიებში ისეთი დაავადებების გამომწვევი პათოგენების კვლევა მიმდინარეობს, რომლებიც უკრაინისთვის ენდემური არ არის, რაც კითხვებს აჩენს ასეთი კვლევების წმინდად სამეცნიერო ხასიათთან დაკავშირებით. რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უკრაინაში კერძო ამერიკული კომპანიების, Black & Veatch, Special Projects Corp., CH2M Hill, Metabiota, საქმიანობას და ყურადღებას ამახვილებს სამეცნიერო კვლევებზე UP-4 და P-781, რომლებსაც ის დაავადებების ხელოვნურად გავრცელების გეგმებთან აკავშირებს. აშშ-ისთვის დასმულ კითხვებში რუსეთი გამოკვეთს დრონებით დაავადებების გავრცელების საკითხს, უკრაინისთვის დასმულ კითხვებში კი დრონებით დაავადებების გავრცელებას თურქული წარმოების დრონებთან, ბაირაქტარებთან აკავშირებს.
უკრაინულმა და ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2005 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეთანხმების ყველა პირობა თავისუფალ წვდომაშია უკრაინის რადას საიტზე და რაიმე სახის საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ბიოუსაფრთხოების სფეროში, კერძოდ კი თანამშრომლობას იმ ტექნოლოგიების, პათოგენების და ცოდნის გავრცელების პრევენციისთვის, რომლებიც შეიძლება ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის იყოს გამოყენებული. თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინამ შეძლო მნიშვნელოვანი კვლევითი ლაბორატორიების განახლება და სერტიფიცირების და აკრედიტაციის პროცესის მოდერნიზაცია. კომპანია Black & Veach-თან თანამშრომლობით, რომლის საქმიანობის კეთილსინდისიერებას რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს, უკრაინამ მიიღო ინფექციური დაავადებების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა, EIDSS-ი, რომელიც მონიტორინგისთვის გამოიყენება. უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ლაბორატორიები უკრაინის კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ოდესაში მეჩნიკოვის ინსტიტუტში პათოგენებზე მუშაობა კი უფრო ფართო კვლევის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც უკრაინის ტერიტორიაზე ლაბორატორიებში შენახული ბაქტერიული და ინფექციური პათოგენების შეფასება და შედეგად მათზე მუშაობის სტრატეგიის საბოლოო შემუშავება მოხდა. უკრაინის ბიოუსაფრთხოების სტრატეგია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია, მათ შორის ბიოლოგიური უსაფრთხოების კონვენციასთან თანხვედრაშია და ასევე ხელმისაწვდომია რადას საიტზე. აღსანიშნავია, რომ ეს სტრატეგია კვლევითი ინსტიტუტების სავალდებულო აუდიტსაც ითვალისწინებს. (how to buy xanax legally)
თავის მხრივ ჟენევის კონფერენციაზე ამერიკულმა მხარემ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამაში (BTRP) მონაწილე ლაბორატორიებში პათოგენების შენახვის და აშშ-ისთვის უკრაინაში შეგროვებული სხვადასხვა ბიოლოგიური მასალების ნიმუშების გადაგზავნის მოთხოვნასთან დაკავშირებული ბრალდებები 2005 წლის შეთანხმების არასწორი ინტერპრეტაციაა. მოხსენების დროს, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელმა, და BTRP-პროგრამის დირექტორის მოადგილემ, კევინ გარეტმა აღნიშნა, რომ აშშ-მა უკრაინას სახიფათო პათოგენების შენახვა ლაბორატორიებში პროგრამით გათვალისწინებული განახლებების შემდეგ სთხოვა. ეს განახლებები კი საგანგებოდ ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის ხარისხის და ბიოუსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებისთვის იყო მიმართული. შესაბამისად ბუნებრივია, რომ სახიფათო პათოგენები საგანგებოდ მათი უსაფრთხოდ შენახვის მიზნით განახლებულ ლაბორატორიებში ყოფილიყო დაცული. რაც შეეხება, აშშ-ისთვის “პათოგენების გადაცემას”, სინამდვილეში 2005 წლის შეთანხმება აშშ-სთან სამეცნიერო ინფორმაციის გაზიარებას მოიცავს, რაც არა მხოლოდ არ არღვევს ბიოუსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, არამედ პირიქით კონვენციაში მონაწილე სახელმწიფოებს შორის ბიოუსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო მონაცემების და ინფორმაციის გაზიარება გამჭვირვალე პროცესის საფუძველშია და წახალისებულია.
უკრაინამ და აშშ-მა UP-4 და P-781 კვლევებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციაც წარმოადგინეს. პროექტის კოდი UP-4 შეესაბამება გადამფრენი ფრინველების მიერ განსაკუთრებით საშიში პათოგენების უკრაინის ტერიტორიის თავზე გადატანის რისკების შეფასებას, პროექტის კოდი P-781 კი შეესაბამება ღამურების მიერ უკრაინაში და საქართველოში ინფექციების გავრცელებაზე კვლევას. აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელმა, BTRP პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, რებეკა დანფიმ ისიც აღნიშნა, რომ UP-4 და P-781 ერთი დასახელებები უბრალოდ საიდენტიფიკაციო კოდებია, U უკრაინის ინიციალია, P – სიტყვა პროექტის და ეს კოდები კვლევების კატალოგებში შესატანად გამოიყენება და მათში არაფერია გასაიდუმლოებული. უკრაინის და აშშ-ის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ გადამფრენი ფრინველებიც და ღამურებიც სხვადასხვა დაავადების წყაროს წარმოადგენენ, მსგავსი კვლევები დაავადებების კონტროლისთვისაა აუცილებელი და არ აქვს რაიმე კავშირი ბიოლოგიურ იარაღთან. უკრაინის დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ამ კვლევებთან დაკავშირებული არაერთი სამეცნიერო სტატია აქტიურად ქვეყნდება სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალებში და ეს ცოდნა გამჭვირვალე და ღიაა სამეცნიერო საზოგადოებისთვის. უკრაინამაც და აშშ-მაც აღნიშნეს, რომ ფრინველების მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევები ნაცნობია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მათ აქტიურად ატარებენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც.
დრონებით სახიფათო დაავადებების გავრცელების უსაფუძვლო ბრალდებები არამხოლოდ უკრაინამ, არამედ თურქეთმაც უარყო. თურქეთის დელეგაციამ მხარეების მოსმენის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულა, რომ ბაირაქტარები მხოლოდ საჰაერო იერიშებისა და დაზვერვისა გამოიყენება და ისინი რაიმე სახის ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის არ არის აღჭურვილი.
ბიოუსაფრთხოების სფეროში აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობასთან დაკავშირებით რუსეთის სისტემატური ბრალდებების ფონზე, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 1991 წელს საფრთხეების შემცირების ერთობლივ პროგრამა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად შეიქმნა, რათა მომხდარიყო საბჭოთა პერიოდში შექმნილი მასობრივი განადგურების იარაღის უსაფრთხოდ განეიტრალება და ამ ქვეყნებში ბიოუსაფრთხოების განმტკიცება. აღსანიშნავია, რომ BTRP პროგრამაში თავად რუსეთის ფედერაცია 13 წლის განმავლობაში მონაწილეობდა და პროგრამის ფარგლებში აშშ-მა რუსეთის ბიოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
ჟენევის კონფერენციაში სხვა მონაწილე სახელმწიფოების შეფასებები
აღსანიშნავია, რომ ჟენევის კონფერენციის ფარგლებში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მოხსენებების მოსმენისა და განხილვის შემდეგ, მონაწილე ქვეყნების ნაწილი, 42 დელეგაცია, თავისი განცხადებებით გამოვიდა. მათმა ნაწილმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და ბიოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. რუსეთმა, ბელარუსმა, ჩინეთმა, კუბამ, ნიკარაგუამ, სირიამ ვენესუელამ და ზიმბაბვემ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-მა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს და ყველა კითხვაზე პასუხი არ გაცემულა, მსგავსი განცხადება გააკეთა ირანმაც. როგორც უკვე აღინიშნა, აშშ-მა რუსეთი აშშ-ისა და უკრაინის მოხსენების მოსმენამდე დელეგაციების ნაწილში ერთობლივი განცხადების ტექსტის გავრცელებაში დაადანაშაულა.
მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის სხვა მონაწილეებმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ევროკავშირმა, ასევე ევროკავშირის ცალკეულმა წევრებმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, საქართველომაც რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლოდ შეაფასეს და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მოიხსენიეს. გერმანიამ და საქართველომ გაიხსენეს ის შემთხვევები, როცა რუსეთის დეზინფორმაცია ამ ქვეყნებსაც შეეხოთ, კერძოდ გერმანიის და უკრაინის თანამშრომლობის საკითხი ბიოუსაფრთხოების სფეროში და საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრი, რომელზეც კრემლისტური აქტორები წლებია დეზინფორმაციას ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთის დელეგაციის წევრმა ექსპერტებმა რუსეთის მიერ თავისი ბრალდებების დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტები შეისწავლეს და ჟენევის კონფერენციაზე საკუთარი დასკვნაც წარმოადგინეს. დიდი ბრიტანეთის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეჩნიკოვის ინსტიტუტში სახიფათო პათოგენების შენახვა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასთან თანხვედრაშია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ პათოგენების მიერ გამოწვეული დაავადებები უკრაინაში გამოვლენილია. მშვიდობიან, სამეცნიერო საქმიანობასთან თანხვედრაშია გადამფრენ ფრინველებთან და ღამურებთან დაკავშირებული კვლევებიც და რუსეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს ამ კვლევების რაიმე კავშირის ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან. დიდი ბრიტანეთის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა დრონებით ბიოლოგიური აგენტების გავრცელების დასამტკიცებლად ბაირაქტარის დრონების მწარმოებელი კომპანიის წერილი წარმოადგინა, რომელიც არამხოლოდ არ ადასტურებს ამ ბრალდებას, არამედ წერილში აღნიშნულია, რომ ბაირაქტარის დრონები ბიოლოგიური აგენტების გადასატანად არ არის აღჭურვილი.
დიდი ბრიტანეთი: რუსეთმა ითხოვა, რომ მისი ბრალდებები სერიოზულად მიგვეღო. ამის გაკეთება ძალიან რთულია იმ პირობებში, როცა მათი გუშინდელი მოხსენება გაურკვეველი ვინაობის ინდივიდებმა წარმოადგინეს და ის მხოლოდ და მხოლოდ საჯარო დოკუმენტების არასწორ ინტერპრეტაციას, უკონტექსტო ციტატებს და ვიკიპედიიდან გადმოტანილ ფოტოებს მოიცავდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ბიოლაბორატორიებში აშშ-ს ჩართულობით “სახიფათო” კვლევებისა და ბიოლოგიური იარაღის პროგრამების შესახებ დეზინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. ამ თემასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მორიგი დეზინფორმაცია უკრაინაში “სახიფათო ექსპერიმენტების” შესახებ
- კრემლის მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინულ ლაბორატორიებში სამხედროებზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებდნენ
- არსებობს თუ არა უკრაინაში პენტაგონისგან მართული ბიოლოგიური ლაბორატორიები?
- კრემლის 4 დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ
- რა დეზინფორმაციას ავრცელებს ზახაროვა გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის შესახებ და რა კვლევები ტარდება უკრაინაში რეალურად?
- ХАРЬКОВСКАЯ ПСИХИАТРИЧЕСКАЯ БОЛЬНИЦА НИКАК НЕ СВЯЗАНА С БИОЛОГИЧЕСКИМ ОРУЖИЕМ ИЛИ ОПАСНЫМИ ОПЫТАМИ
- ДОКУМЕНТЫ ОПУБЛИКОВАННЫЕ МИНИСТЕРСТВОМ ОБОРОНЫ РФ НЕ ПОДТВЕРЖДАЮТ НАЛИЧИЕ ОПАСНЫХ ЭКСПЕРИМЕНТОВ НАД КОМАРАМИ В УКРАИНСКИХ ЛАБОРАТОРИЯХ
- ДЕЗИНФОРМАЦИЯ «ПЕРВОГО КАНАЛА», ЧТО ЯКОБЫ США ПЛАНИРОВАЛИ ЗАВЕЗТИ В УКРАИНУ ВИРУС ЭБОЛЫ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.