ვიდეომანიპულაცია, თითქოს ხანძარს ხელოვნურად აჩენენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

35
VIEWS

26 აგვისტოს ფეისბუკ-ანგარიშმა Giorgi Giorgi გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ უკიდებს ცეცხლს მინდორში ბალახს სპეციალურ ტანსაცმელში ჩაცმული პირი. პოსტის ავტორის თანახმად,  ხანძრებს ხელოვნურად აჩენენ, რათა შემდეგ ეს პროცესები კლიმატის ცვლილებას დააბრალონ.

thithqos khandzars khelovnurad achenen ვიდეომანიპულაცია, თითქოს ხანძარს ხელოვნურად აჩენენ

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომლის თანახმადაც,   ხანძრებს კლიმატის ცვლილების გამართლების მიზნით ხელოვნურად აჩენენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო ხანძრის ლიკვიდაციის ერთ-ერთ, კონტროლირებადი დაწვის მეთოდს ასახავს, რომლის დროსაც ხელოვნურად გაჩენილი ცეცხლი მიწისზედა წვად მასალას აშორებს, ქმნის ბარიერს და უკონტროლო ტყის ხანძრის გავრცელებას უშლის ხელს.

კონტროლირებადი დაწვის მეთოდი მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ის პროფესიონალი და გადამზადებული მეხანძრების კონტროლის ქვეშ ხორციელდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, ტყის ხანძარი კონტროლის ქვეშ მოაქციონ და მათი შემდგომი გავრცელება შეზღუდონ. კონტროლირებადი წვა ტყის სიჯანსაღის შენარჩუნების მიზნით წინასწარ დაგეგმილი ცეცხლის გაჩენას გულისხმობს. კონტროლირებადი წვის დაწყებამდე აუცილებელია, რომ შემუშავდეს გეგმა და იყოს გათვალისწინებული მეტეოროლოგიური პირობები, ქარის სიმძლავრე და სხვა გარემო პირობები,  სადაც წვა იგეგმება, რათა ტყის ჯანსაღი საფარი და ახლომდებარე დასახლებები არ დაზარალდნენ. მეხანძრეები, ძირითადად, ორი ტიპის კონტროლირებად წვას მიმართავენ. პირველი, ფართომასშტაბიანი წვა (Broadcast burning), გულისხმობს წვას რამდენიმე ჰექტარიდან ათასობით ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე. მეორე, გროვის წვა  (Pile burning) გულისხმობს მცენარეულობის გროვების ინდივიდუალურად დაწვას. ეს მეთოდი იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა უფრო დიდი ხანძრის დასაწყებად არ არსებობს შესაბამისი პირობები. ამ შემთხვევაში, ფოთლებს, ტოტებს და მცენარეების სხვა ნაწილებს ჭრიან, აგროვებენ და აწყობენ დასაწვავად, ამზადებენ იმ დროისთვის, როცა ამ მეთოდის გამოყენებისთვის შესაბამისი ამინდი დადგება.

National Georgaphic-ის ცნობით, კონტროლირებადი წვა მრავალი მიზეზის გამო გამოიყენება. ტყის ხმელი ფოთლების, ხის ტოტებისა და სხვა ნარჩენებისგან გათავისუფლებით, კონტროლირებადი წვა ხელს უწყობს დესტრუქციული ტყის ხანძრის თავიდან აცილებას. კონტროლირებად წვას ასევე შეუძლია შეამციროს მწერების პოპულაცია და გაანადგუროს ინვაზიური მცენარეები. გარდა ამისა, ცეცხლი შეიძლება იყოს ჰაბიტატის გამაახალგაზრდავებელი, რადენადაც ის უბრუნებს საკვებ ნივთიერებებს ნიადაგს მცენარეულობის ნაცრით, რომლის დაშლასაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა წლები დასჭირვებოდა. ამასთანავე, კონტროლირებადი წვის შემდეგ, მზის შუქი და ტყეში ღია სივრცეების არსებობა შესაძლოა ახალგაზრდა ხეებს და სხვა მცენარეებს ზრდაში დაეხმაროს. მაგალითად, ფიჭვის ერთ-ერთი სახეობა ცეცხლის გარეშე ვერ მრავლდება, რამდენადაც სწორედ ცეცხლი ადნობს ფისს, რომლითაც თესლის შემცველი გირჩებია დაფარული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტყის ხანძრების ჩაქრობის ამგვარი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დამკვიდრებული, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა.  აშშ-ის სატყეო სამსახურის შეფასებით, წელიწადში 4000-5000 კონტროლირებადი დაწვა სრულდება და მათგან  99%-ზე მეტი წარმატებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანძარი რჩება წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ხანძრის პერიოდში ექსპერტები ადგილზე რჩებიან, რათა ცეცხლის ჩაქრობა უზრუნველყონ და ხანძრის ეფექტიანობა შეაფასონ. იშვიათ შემთხვევებში, კონტროლირებადი წვა შეიძლება გასცდეს დაგეგმილ საპროექტო ტერიტორიის ფარგლებს. ნებისმიერი დაზიანება, რომელიც კონტროლირებადი წვით არის გამოწვეული, მოითხოვს სრულ გამოძიებას და ხშირად იწვევს პრაქტიკის შეცვლას, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევა  აღარ განმეორდეს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში კონტროლირებადი წვის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო არსებობს, რომელთაც როგორც სახანძრო კომპანიები, ასევე თავად მეხანძრეები ავრცელებენ. 

კონტროლირებად წვასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მანიპულაციებზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

მსოფლიოში გახშირებული მასშტაბური ხანძრების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სხვა ფაქტორებთან ერთად გლობალური კლიმატის ცვლილებაცა. ჰაერის ტემპერატურის მატება, ნალექების სიხშირესა და ინტენსივობაში მომხდარი ცვლილებები და სხვა კლიმატური ფაქტორები, მასშტაბური ხანძრების წარმოქმნის რისკებს საგრძნობლად ზრდიან. პლანეტის კლიმატი 1800-იანი წლების შემდეგ სტაბილურად იზრდება, ხოლო 1980-იანი წლებიდან გლობალური კლიმატი ათ წელიწადში ერთხელ +0.2°C-ით თბება. NASA-ს მონაცემებით, 2016 და 2019 წლები ბოლო 140 წლის განმავლობაში პლანეტის ყველაზე ცხელი წლები იყო, როდესაც ოკეანისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს თითქმის +1°C-ით გადააჭარბა. ჰაერის დათბობა გავლენას ახდენს ტყის მასივებზე, ცხელი ჰაერი ხელს წყობს მცენარეული საფარის გამოშრობის პროცესს და დიდი ფართობების ხმელ, იდეალურ საწვავ მასალად ქცევას, რაც ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში ხანძრის დიდ ფართობებზე გავრცელებას უწყობს ხელს.

ხანძრების პარალელურად, სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება კონსპირაციის თეორიები თითქოს კლიმატის ცვლილება არ არსებობს და ამინდის კონტროლი, ასევე ხანძრების ხელოვნური გაჩენა მთავრობების გლობალური შეთქმულების ნაწილია. ასევე, გარკვეული აქტორები ამტკიცებენ, რომ ხანძრები განზრახ ჩნდება, რათა “ელიტებმა” მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლი მოიპოვონ. 

აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორს” სხვადასხვა დროს არაერთი ინფორმაცია აქვს გადამოწმებული. იხილეთ მასალები:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში Giorgi Abashidze ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. მის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist