რა ვიცით ციფრულ ფულზე და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მის დანიშნულებაზე?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

2.5k
VIEWS

2023 წლის 24 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Nina Marji გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ციფრული ვალუტის შემოღება მოქალაქეების ცხოვრებაზე 100%-იანი კონტროლის დაწესებას ნიშნავს. თანდართული ფოტოთი ავტორი ამტკიცებს, რომ ქაღალდის ფულის გაქრობის შემდეგ ციფრულ ფულს ნახშირორჟანგის ლიმიტი მიებმება და რაოდენობა ყოველ მომდევნო წელს შემცირდება. მისივე მტკიცებით, შეიქმნება 15-წუთიანი ქალაქები და მისი დატოვების შემთხვევაში ადამიანს ციფრული ფული დაებლოკება. პოსტის მიხედვით, ფულის დაბლოკვას გამოიწვევს ვაქცინაციაზე უარის თქმა, პროტესტის გამოხატვა და დაბლოკილი ადამიანისთვის საკვებით დახმარება.   

გარდა ამისა, ფეისბუქ მომხმარებელი, გოდერძი ელგანდაშვილი ამტკიცებს, რომ ციფრული ფული აცრებთან არის დაკავშირებული – 2023 წლის 17 აგვისტოს მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ კოვიდპასპორტს თან აქვს დართული უნიკალური “ბლოკჩეინ ანგარიშის ნომერი”, რომელზეც ციფრული ფული უნდა დაირიცხოს. მისივე მტკიცებით, აცრები ციფრული ფულისთვის ჩატარდა.    

 ციფრულ ფულთან დაკავშირებით ასევე წერს ფეისბუქ მომხმარებელი Gvan Ca, რომელმაც 27 აგვისტოს გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩინეთში მყოფი ქალი ამტკიცებს, რომ საჭმელი ვერ იყიდა, რადგან სმარტფონში ჩატვირთულმა აპლიკაციამ მისი სახე ვერ ამოიცნო. პოსტის ავტორი აღნიშნულ პრობლემას ციფრულ ფულს უკავშირებს. 

ras guliskhmobs nakhshirbadis limiti რა ვიცით ციფრულ ფულზე და ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას მის დანიშნულებაზე?

ინფორმაცია ელექტრონული ფულის კონტროლის მიზნით შემოღებაზე, ნახშირორჟანგის შეზღუდვის დაწესებასა და მის აცრასთან კავშირზე სიმართლეს არ შეესაბამება და არცერთი სანდო წყაროთი არ დასტურდება. 

რა არის ციფრული ვალუტა? 

CBDC ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტაა. მას ციფრული (ან ელექტრონული) ეწოდება, რადგან არ აქვს ფიზიკური ფორმა – ბანკნოტი ან მონეტა. CBDC თანხის სახით კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობაშია ხელმისაწვდომი. 

COVID-19-ის პანდემიამ მომხმარებელში გადახდის ჩვევის ცვლილება გამოიწვია, ინფექციის გადაცემის რისკის გამო უპირატესობა უნაღდო ანგარიშსწორებას მიენიჭა. ელექტრონულ ფულთან დაკავშირებით კვლევებს 130 (გლობალური მშპ-ს 98%-ის მფლობელი) ქვეყანა ატარებს. ციფრული ვალუტა 11-მა ქვეყანამ გამოუშვა, მათ შორის, კარიბის ზღვის ქვეყნებმა და ნიგერიამ, მომავალ წელს მათ ბრაზილია და ინდოეთიც შეუერთდება. მზარდი ინტერესის მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ, რომელმაც ციფრული ვალუტა გამოუშვა, საწყის ეტაპზე სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. მათ შორის არის ნიგერიაც. სინეგალმა და ეკვადორმა კვლევები შეწყვიტეს. 

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) 2 წელია, საკითხზე მუშაობს – ბოლო მონაცემებით, შერჩეულია 7 კომპანია, რომელთაგანაც ერთმა სებ-ს ციფრული ფულის დანერგვაში უნდა გაუწიოს დახმარება. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა – მიზანი ციფრულ ეკონომიკაზე უკეთ მორგება და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველყოფაა. სებ-ის შეფასებით, CBDC-ის დანერგვა ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებას შეუწყობს ხელს და საგადახდო სისტემის  ეფექტიანობასა და ფინანსურ ჩართულობას გააუმჯობესებს.  

ციფრული ვალუტის ერთ-ერთი უპირატესობა უფრო სწრაფი გადახდაა. მაშინ, როდესაც ტრანზაქციის დასადასტურებლად რამდენიმე დღე შეიძლება იყოს საჭირო, ციფრული ფულით გადახდა ნაკლებ დროს საჭიროებს. ასევე, უპირატესობად ითვლება იაფი საერთაშორისო ტრანსფერები. ერთი ქვეყნიდან მეორეში თანხის გადარიცხვა ძვირია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვალუტის კონვერტაციას არის საჭირო. ციფრული აქტივების მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარებაც არის შესაძლებელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება – CBDC-თ განხორციელებული ტრანზაქციები ბევრად უფრო დაცული უნდა იყოს, როგორც გარეშე პირთა თვალთვალისგან, ასევე, სკამერებისა და თაღლითებისგან, რადგან ტრადიციულ სადებეტო და საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ციფრული საფულის გატეხვა რთულია. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია 24/7 წვდომაც: იმ მიზეზით, რომ შაბათ-კვირას ბანკები დაკეტილია, თანხის გადარიცხვას ან გადახდას ამ დროს, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს. CBDC მომხმარებელს მის თანხაზე მუდმივ წვდომას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს წვდომას ბანკების გარეშეც. 

ქვეყნებისთვის CBDC-ს დანერგვა, შესაძლოა, ძვირი და რთული აღმოჩნდეს, ასევე, გართულდეს მისი დაკავშირება არსებულ გადახდის სისტემებთან. CBDC-ს პოტენციურ რისკებს შორის ერთ-ერთი ფინანსური ტრანზაქციების თვალთვალის საშიშროებაა, რომელმაც, შესაძლოა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენოს. თუმცა, ინგლისის ბანკის განმარტებით, ეროვნული ბანკისთვის პერსონალური მონაცემები ცნობილი არ იქნება და შენარჩუნდება კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის ამჟამინდელი სტანდარტები.  

იმის გათვალისწინებით, რომ ციფრულ ფულს ეროვნული ბანკი უშვებს, მომხმარებლების უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვა მისი პასუხისმგებლობაა. დასავლელი კრიტიკოსების ნაწილი ეჭვობს, რომ CBDC ჩინეთის მთავრობას კონტროლის უფრო დიდ შესაძლებლობას მისცემს. მაგალითად, 2022 წელს ჩინეთი ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, დასავლელი კანონმდებლები სპორტსმენებს აფრთხილებდნენ, არ გამოეყენებინათ ციფრული იუანი. მიზეზი ჩინეთის მთავრობისადმი უნდობლობა იყო. 

WeChat Pay და Alipay ჩინეთში 

ფეისბუქ მომხმარებელ Gvan Ca-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ქალი, სავარაუდოდ, ჩინეთში საკვების ყიდვას ელექტრონული საფულის გამოყენებით, WeChat Pay-ს ან Alipay-ს საშუალებით ცდილობს. ორივე აპლიკაცია მომხმარებელს სმარტფონით გადახდის საშუალებას აძლევს. მაგალითისთვის, WeChat Pay, რომელიც აშშ-ში სხვა ჩინურ აპლიკაციებთან ერთად აკრძალულია, მომხმარებლის საბანკო ანგარიშებთან არის მიბმული.  

ისევე, როგორც ყველა ციფრული საფულის გამოყენებისას, Alipay და WeChat Pay ბარათის მიბმისას მომხმარებლის იდენტიფიცირებას ითვალისწინებს. მაგალითად, თავდაპირველად Alipay-ს გასააქტიურებლად პასპორტი, ტელეფონის ნომერი და ბანკის ანგარიშის მიბმაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ სახის ამოცნობა, იგივე Face ID Apple Pay-თ გადახდის დროსაც არის საჭირო – ბარათს ვერ გამოიყენებ მანამ, სანამ ციფრული საფულე სახეს ვერ ამოიცნობს.

გავრცელებულ ვიდეოში ქალი ამბობს, რომ სმარტფონით გადასახდელად აპლიკაცია მისმა ნათესავებმა გაუაქტიურეს – სავარაუდოა, რომ აპლიკაციამ მისი სახე ამ მიზეზით ვერ ამოიცნო. ვიდეოში ის თავადაც ამბობს – “რა თქმა უნდა, იმ მიზეზით, რომ ჩემმა ბიძაშვილმა გამიაქტიურა, მე ვერიფიკაცია ვერ გავიარე”.  

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში გადახდის ყველაზე პოპულარული მეთოდი ონლაინ და აპლიკაციის საშუალებით გადახდაა, გადახდის ტრადიციული მეთოდი (ნაღდი ფულით გადახდა) კვლავ შესაძლებელია. 

შესაბამისად, მანიპულაციურია მტკიცება, რომ ქალმა საკვები ციფრული ფულის გამო ვერ იყიდა. ამ შემთხვევაში, პრობლემა, დიდი ალბათობით, მომხმარებლის იდენტიფიცირებაშია, როდესაც აპლიკაცია სახის ამოცნობის გარეშე გადახდის უფლებას არ იძლევა. 

რა არის და როგორ მუშაობს 15-წუთიანი ქალაქები? 

15-წუთიანი ქალაქის იდეა ურბანისტ და პროფესორ კარლოს მორენოს ეკუთვნის. გეგმა, რომელიც მან 2015 წელს წარადგინა, ქალაქის ისეთ დაგეგმარებას გულისხმობს, რომ ყველა საჭირო დაწესებულება, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება, ფეხით ან ველოსიპედით 15 წუთის სავალზეა განლაგებული.

მსოფლიოს მასშტაბით 16 ქალაქია, რომელმაც პროექტი უკვე დანერგა ან განხორციელებას მომავალში აპირებს. გეგმა კონსპირაციული თეორიების სამიზნე მხოლოდ საქართველოში არ გამხდარა. სიცრუეა, რომ ადამიანები 15-წუთიან ქალაქებში იქნებიან ჩაკეტილი და გამონაბოლქვის შესამცირებლად გადაადგილება შეეზღუდებათ. სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, რომ ადგილობრივებს სამეზობლოს დასატოვებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. როგორც იდეის ავტორმა, კარლოს მორენომ DW-ს უთხრა, 15-წუთიანი ქალაქების გეგმა არსებული სეგრეგაციების საწინააღმდეგოდ მიმართული ჰუმანური მიდგომაა, რომლის მიზანიც ჯენტრიფიკაციის (ურბანული ტერმინი, როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები სახლდებიან კონკრეტულ უბნებში და ხელს უწყობენ მის განახლებას – შედეგად, ისინი სარგებელს იღებენ დაბალი ფასებით და განდევნიან დაბალშემოსავლიან მოსახლეობას) წინააღმდეგ ბრძოლაა.    

პროექტზე კონსპირაციების გავრცელებისას ავტორები 15-წუთიან ქალაქებს ხშირად აკავშირებენ ოქსფორდში საავტომობილო მოძრაობის ფილტრთან, რომელიც ოქსფორდშირის საგრაფოს საბჭომ 2022 წელს მიიღო და რომლის მიზანიც 6 ქუჩაზე ფილტრის დაწესებით საცობების შემცირებას ისახავს მიზნად. გეგმის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში პიკის საათის დროს კერძო ავტომობილით გადაადგილება იქნება შეზღუდული. აკრძალვა არ ეხება ტაქსებს, ველოსიპედებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გადაადგილების სხვა საშუალებებს. გზები კამერებით გაკონტროლდება, მოქალაქეებს რაიმე ფიზიკური წინაღობა არ შეხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა 15-წუთიან ქალაქებთან არ არის დაკავშირებული, საკითხზე დეზინფორმაციის გავრცელებამ ადგილობრივი მთავრობა აიძულა, კონსპირაციების უარსაყოფად ოფიციალური განცხადება გაევრცელებინათ.

15-წუთიანი ქალაქების გეგმა მოქალაქეების რაიმე სახით შეზღუდვას არ ითვალისწინებს, ოქსფორდში განსახორციელებელი მოდელი კი იმ ადამიანებს, რომლებიც პიკის საათის დროს კერძო ავტომობილით გადაადგილდებიან, კამერით, მანქანის ნომრის წაკითხვის შემდეგ აჯარიმებს. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება და კონსპირაციული თეორიაა მტკიცება, რომ ელექტრონული ფული რაიმე სახით იქნება მიბმული 15-წუთიან ქალაქებზე და მოქალაქეებს რაიმე ქმედებისგან შეზღუდავს.  

15 წუთიანი ქალაქები კონსპირაციების სამიზნე აქამდეც გამხდარა. მტკიცებები, რომ მსგავს ქალაქებში მოქალაქეებს მოძრაობა შეეზღუდებათ, მითების დეტექტორმა 2023 წლის თებერვალში გადაამოწმა:  

რას გულისხმობს ნახშირბადის ლიმიტი? 

კონსპირაცია ცალკეული მოქალაქეებისთვის ნახშირბადის ყოველწლიური ლიმიტის დაწესების შესახებ, სავარაუდოდ, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში გამართული კლიმატის ცვლილების კონფერენციიდან (COP 27) გაჩნდა. COP 27-ზე ნახშირბადის კრედიტების სქემების შესახებ იმსჯელეს, რაც ძირითადად მსხვილ კორპორაციებს ეხება და ახალი სუფთა ენერგიის პროექტების დაფინანსების წახალისების გზაა. გარდა ამისა, ნახშირბადის ბაზრის რეგულირების ნებისმიერი სქემა, გლობალური თუ სხვა, ნებაყოფლობითია. 

შეხვედრაზე განხილული პერსონალური ნახშირბადით ვაჭრობის (PCT) თეორიული სქემის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს ნახშირბადის კვოტა ენიჭება, რომელიც მთლიანად შეუძლია გამოიყენოს ან მისი ნაწილი სხვებს მიჰყიდოს. მაგალითად, ფინეთში, CitiCAP პროექტი ახალი მობილური აპლიკაციის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც გარემოზე ადამიანის ნახშირბადის კვალს გამოთვლის. თუ ადამიანები შედარებით მდგრად ცხოვრების წესს აირჩევენ, აპლიკაციის გამოყენებით ისინი ისეთ შეღავათებს მიიღებენ, როგორიც მაგალითად უფასო საზოგადოებრვი ტრანსპორტია. აღსანიშნავია, რომ ფინეთის პრაქტიკა ნებაყოფლობითია და მხოლოდ წამახალისებელი დატვირთვა აქვს. 

მტკიცება, რომ პერსონალური ნახშირბადით ვაჭრობის თეორიული სქემა, რომელიც, გეგმის მიხედვით, ნებაყოფლობითია, რაიმე სახით იქნება დაკავშირებული ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასთან, კონსპირაციულია და არცერთ ღია წყაროს არ ეფუძნება.   

საკითხზე, აპირებენ თუ არა მსოფლიოს ლიდერები ნახშირბადის ლიმიტის დაწესებას, მითების დეტექტორმა მასალა 2022 წელს მოამზადა.  

მწვანე პასპორტის აპლიკაცია 

2021 წლის 17 ნოემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტების აპლიკაცია, რომლითაც ქვეყანა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეუერთდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაცია Georgia e-health დანერგა, რომელიც, პირადი ნომრის შეყვანისა და რეგისტრაციის შემდეგ, ჩატარებული აცრებისა და კოვიდ-ტესტების შესახებ იძლევა ინფორმაციას. აპლიკაციიდან მოქალაქეს კოვიდ-პასპორტისა და ვაქცინაციის QR კოდის ჩამოტვირთვა შეუძლია, რომლის გამოყენებაც, შეზღუდვების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში დაწესებულებებში შესასვლელად და ქვეყნის დასატოვებლად იყო აუცილებელი. Georgia e-health-ში QR კოდი მინიჭებული აქვს თითოეულ ტესტირებასაც – მოცემულია ინფორმაცია, დადებითი იყო ჩატარებული ტესტი თუ არა.  

სერტიფიკაცი შემდეგ ინფორმაციას მოიცავს – ჩატარებული ტესტის (დადებითის) QR კოდი, გამოჯანმრთელების QR კოდი, ვაქცინაციის QR კოდი. ასევე, დოკუმენტში მოცემულია პირადი ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, ვაქცინის დოზები, ვაქცინის მწარმოებელი, ვაქცინის სერიული ნომერი, ჩატარების თარიღი და სამედიცინო დაწერსებულება, რომელშიც მოქალაქე აიცრა. გარდა ამისა, დოკუმენტს თან ახლავს ბოლო 6 თვის განმავლობაში ინფიცირების სტატუსი და ელექტრონული ხელმოწერა. 

მწვანე პასპორტი, რომელსაც მოქალაქე იღებს, არ შეიცავს “ბლოკჩეინ ანგარიშის ნომერს”, რომელზეც, პოსტის ავტორის მტკიცებით, CBDC უნდა დაირიცხოს. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ კოვიდ-პასპორტი რაიმე სახით არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ფულთან.  

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში Nina Marji ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს. მის მიერ წარსულში გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა

ფეისბუქ მომხმარებელი გოდერძი ელგანდაშვილი შეთქმულების თეორიებსა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გამოუვლენია.  

მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს რეგულარულად ავრცელებს ფეისბუქ მომხმარებელი Gvan Ca-ც. “მითების დეტექტორს” მის მიერ წარსულში გავრცელებული დეზინფორმაციაც არაერთხელ აქვს გადამოწმებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist