მიუთითებს თუ არა ხეების შიგნიდან წვის პროცესი ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

89
VIEWS

27-31 ივლისს ფეისბუქ ანგარიშებმა (1234) საბერძნეთში ტყის ხანძრის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე ხეების წვის პროცესია აღბეჭდილი და ჩანს თუ როგორ იწვის ხის ღეროს შიდა მხარე ქერქზე სწრაფად, რაც ვიზუალურად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხეს ცეცხლი შიგნიდან უკიდია. თანდართულ აღწერაში კი პოსტების ავტორები ამტკიცებენ, რომ ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში ხეები შიგნიდან არ დაიწვებოდა და  ეს არ ჰგავს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გაჩენილ ხანძარს. 

ერთ-ერთი ანგარიშის მტკიცებით, საბერძნეთში ტყეების გადასაწვავად ენერგეტიკულ იარაღს იყენებენ, რომელიც თვითმფრინავებზეა მიმაგრებული და სწორედ ამ იარაღის გამოყენებით მიზანმიმართულად ხდება ტყისთვის ცეცხლის წაკიდება. 

Screenshot 2023 08 03 151012 მიუთითებს თუ არა ხეების შიგნიდან წვის პროცესი ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე?

გავრცელებული პოსტები ვიდეომანიპულაციას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი საბერძნეთში და ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ხანძრის ზოგიერთი კერა ადამიანის ხელითაა გაჩენილი, ტყის ხანძრის დროს ხის შიგნიდან წვის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ხის სიბერეზე მიუთითებს და ამ მოვლენაზე დაყრდნობით ხანძრის გაჩენის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ხანძრის წარმოქმნის რისკს ზრდის.

რაც შეეხება “თვითმფრინავზე მიმაგრებულ ენერგეტიულ იარაღს”, რეალურად ფოტოზე აღბეჭდილი საგანი აშშ-ის საჰაერო ძალების ანტიბალისტიკური სარაკეტო ლაზერული იარაღის სისტემა YAL-1A-ია, რომელზე მუშაობის პროცესიც 2011 წელს სატესტო ფაზის დროს შეჩერდა და დღეისათვის YAL-1A არც ერთი ქვეყნის შეიარაღებაში არ გვხვდება. 

რა ვიცით გავრცელებულ ვიდეოზე და რატომ იწვის ხეები შიგნიდან?

ვიდეოს შედარებით ვრცელი ვერსია იტალიაში მცხოვრები ამერიკელი მეტეოროლოგისტის, რობ ჯონსის ტიკტოკ ანგარიშზეც გამოჩნდა. მისი ხანგრძლივობა 1 წუთია და აღწერაში მითითებულია, რომ ვიდეო საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის დროს ზეთისხილის ხეების წვას ასახავს. ვიდეოს 28 წამიანი მონაკვეთი ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მანიპულაციური მტკიცებებით სწრაფად გავრცელდა სოციალური ქსელის ბერძენ მომხმარებლებშიც. აღნიშნულ საკითხზე “მითების დეტექტორი” ბერძნულ ფაქტების გადმოწმების ორგანიზაცია Ellinika Hoaxes-საც ესაუბრა. მათი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მანიპულაციური მტკიცებების გარდა, ბერძნულ სოციალურ ქსელებში მოვლენის ალტერნატიული ახსნაც გვხვდება. ერთ-ერთი  პოსტის მიხედვით, მასშტაბური ხანძრის დროს ჰაერის ძლიერი ნაკადი წარმოიქმნება, რაც ფერფლის ან ნაპერწკლის გადაბერებული ხის ფუღუროში მოხვედრით ხის შიგნიდან აალების მიზეზი ხდება.

ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად, ხის შიგნიდან წვის ფაქტი რომ არასაკმარისი არგუმენტია, ეს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმაც დაგვიდასტურა. მისი თქმით, გადაბერებული ხეების შემთხვევაში, ხის ღეროს შიდა მხარის ქერქზე სწრაფად აალება ჩვეულებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით კი ზეთისხილის ხის შემთხვევაში, რადგან სავარაუდოა რომ დაბერებულ ღეროს ცეცხლი ვარჯზე (ხის განშტოებულ ნაწილზე) სწრაფად მოეკიდოს. 

რატომ არის საბერძნეთში ასეთი ძლიერი ტყის ხანძრები? 

რამდენიმე დღეა საბერძნეთში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ხანძრებმა ქვეყანაში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის აუცილებლობა შექმნა. საბერძნეთის კლიმატის ცვლილების მინისტრის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ხანძრის 667 კერა გაჩნდა, რამაც ტყის მასივის უზარმაზარი ფართობი გაანადგურა. 

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანების გაუფრთხილებლობით თუ მიზანმიმართულ დანაშაულებრივ ქმედებაზე მიუთითებს, თუმცა ტყის ხანძრების სიძლიერესა და მასშტაბებს უპრეცედენტოდ მაღალ ტემპერატურას და კლიმატის კრიზისით გამოწვეულ გვალვას უკავშირებენ, რასაც ძლიერი ქარიც დაემატა. 

საბერძნეთის გარდა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტყის ხანძრები შვეიცარიაში, თურქეთში, იტალიაში, ხორვატიასა და ესპანეთშიც გაჩნდა. გაეროს ცნობით, 2023 წლის ივნისში ტემპერატურამ 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს 0.5 გრადუსით გადააჭარბა და სავარაუდოა, რომ 2023 წლის ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იქნება. ექსპერტების მოსაზრებით, კლიმატის ცვლილება სიცხის ტალღების სიმძიმეს, სიხშირეს და ხანგრძლივობას ზრდის, რაც ხანძრის წარმოქმნის რისკის ზრდასაც იწვევს. 

რა დანიშნულებისაა იარაღი, რომელსაც საბერძნეთში ხანძრის ხელოვნურად გაჩენას მიაწერენ?

ფოტოზე აღბეჭდილი იარაღი, რომელსაც გავრცელებული მტკიცებით, თვითმფრინავზე ამაგრებენ და ხეებისთვის ცეცხლის მოკიდების მიზნით “სიცხეში ყრიან”, სინამდვილეში მაღალენერგეტიკული ანტიბალისტიკური სარაკეტო ლაზერული სისტემა YAL-1A-ია. მის შექმნაზე ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კვლევის ლაბორატორიის გუნდმა კერძო კონტრაქტორებთან და სარაკეტო თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით 1996 წელს დაიწყო მუშაობა. ლაზერული ტექნოლოგიის განვითარების ინიციატივა სპარსეთის ყურის მეორე ომის გამოცდილებით ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების საფრთხესთან გასამკლავებლად გაჩნდა.

Screenshot 2023 08 03 151023 მიუთითებს თუ არა ხეების შიგნიდან წვის პროცესი ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე?
წყარო: Spacenews

პროექტის გეგმის თანახმად, თვითმფრინავის წვერზე დამაგრებული მაღალენერგეტიკული ლაზერის დანიშნულება ბალისტიკური რაკეტების გაშვების საწყის ეტაპზევე რამდენიმე ასეული კილომეტრის დისტანციიდან განადგურება უნდა ყოფილიყო. ტექნოლოგიის განვითარება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ტესტირების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ აშშ-ის საჰაერო ძალებმა საკვლევი პროგრამის დაფინანსება შეწყვიტა. პროექტი 2011 წელს რამდენიმე მიზეზის გამო შეჩერდა, მათ შორის ერთ-ერთი ხარჯების გადაჭარბება იყო. 2014 წლამდე YAL-1A დევის მონტანის საჰაერო ბაზაზე ინახებოდა, მანამ სანამ მას ნაწილებად დაშლიდნენ. ოფიციალურად ტექნოლოგიის განვითარება დღემდე ტესტირების ფაზაზეა, თუმცა აშშ-ის საჰაერო ძალების ლაბორატორიას მასზე მუშაობა არ განუახლებია. 

აღნიშნული საფრენი აპარატის ფოტო კონსპირაციის თეორიების განსავითარებლად, ადრეც გამოუყენებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

კონსპირაციის თეორიები ხანძრებთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის შემთხვევაში ხელისუფლება ხანძრის ადამიანის ხელით გაჩენაზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა გამიზნულად ან დაუდევრობით იყოს წამოწყებული, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით ხანძრები, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ბუნებრივი მოვლენა გახდა. ჰაერის დათბობა გავლენას ახდენს ტყის მასივებზე, ცხელი ჰაერი ხელს უწყობს მცენარეული საფარის გამოშრობის პროცესს, რაც ტყის დიდ ხმელ ფართობებს იდეალურ საწვავ მასალად აქცევს. ევროკავშირის კლიმატზე დაკვირვების პროგრამის, კოპერნიკუსის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ხანძრების სეზონი (წლის ის პერიოდი, როცა ხანძრების 80% ხდება) ჩვეულებრივ ივნისში იწყება და სექტემბერში მთავრდება. ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ამ პერიოდში უნალექოა და მუდმივი სიცხის პირობებში, საშუალო ტემპერატურის მცირე მატებამაც კი შეიძლება წვისადმი მიდრეკილი ტერიტორიების ფართობების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს.

ხანძრების სეზონის ფონზე სოციალურ ქსელში პერიოდულად ვრცელდება სპეკულაციები, რომლითაც იმ კონსპირაციის თეორიის განვითარება სურთ, თითქოს კლიმატის ცვლილება არ არსებობს და ამინდის კონტროლი, ასევე ხანძრების ხელოვნური გაჩენა მთავრობების გლობალური შეთქმულების ნაწილია. ამ კონსპირაციული თეორიის თანახმად, ხანძრების გაჩენას პოლიტიკური სარჩული აქვს და უბრალოდ ზოგიერთი მოქალაქის დაუდევრობას ან კლიმატის ცვლილებას არ უკავშირდება. ასეთი გზავნილებისთვის ხშირად ფოტო ან ვიდეომანიპულაციებსაც მიმართავენ.

აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორს” სხვადასხვა დროს არაერთი ინფორმაცია აქვს გადამოწმებული. იხილეთ მასალები:

წყაროების შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist