დედამიწის ბუნებრივი ციკლები თუ ადამიანის საქმიანობა – რატომ იცვლება კლიმატი?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

241
VIEWS

2021 წლის 1 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “მარჯი საქართველო” კლიმატის ცვლილების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობა, პანდემიის მსგავსად, “აფიორაა” და მას გლობალისტური ელიტები მხოლოდ რიგითი ადამიანებისთვის გარკვეული შეზღუდვების დასაწესებლად გამოიყენებენ. მარჯის მტკიცებით, კლიმატის ცვლილების საბაბით ელიტები მომავალში ადამიანებს ავტომობილებით სარგებლობასა და შინაური ცხოველების ყოლას აუკრძალავენ, ხელოვნურ ხანძრებსა და შიმშილობებს მოაწყობენ, რაც ბოლოს პლანეტის მოსახლეობას შეამცირებს. კლიმატის ცვლილების შესახებ მსგავს აზრს ავითარებს ფეისბუქ ანგარიშის “ლილუ ლილუ”-ს მიერ გამოქვეყნებული მოკლე ვიდეოც, რომელშიც Fox News-ის წამყვანი ტაკერ კარლსონი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემიასაც და კლიმატის ცვლილებასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ბილ გეითსი და სხვა ელიტური ჯგუფები მსოფლიოს მოსახლეობის გასაკონტროლებლად იყენებენ.

 

"
2021 წლის ოქტომბერში კლიმატის ცვლილების შესახებ პრორუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” nk.org.ua-ზე დაყრდნობით წერდა. “საქართველოს და მსოფლიოს” სტატიის მიხედვით, კლიმატის ცვლილება დასავლური ქვეყნების მმართველმა ელიტებმა იმისთვის გამოიგონეს, რათა საზოგადოებას კაპიტალისტური სისტემის მიერ გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზე გადაატანინონ და განვითარებად ქვეყნებს ინდუსტრიული განვითარების შანსები წაართვან. სტატიაში “კლიმატის ცვლილების ფსევდომეცნიერების” მაგალითად ოზონის ხველების წარმოქმნასა და ფრეონს შორის კავშირია განხილული. ავტორის მტკიცებით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის ძირითადი წილი მსოფლიო ოკეანეზე მოდის, რომელიც ყოველწლიურად 80 გიგატონა ნახშირორჟანგს გამოყოფს, ხოლო კაცობრიობის მიერ გამოყოფილი ნახშრორჟანგის რაოდენობა 7 გიგატონაზე ნაკლებია.

"
1 ნოემბერს კლიმატის ცვლილების შესახებ პოსტი ბლოგერმა ნათია ქოლუსიმაც გამოაქვენა, რომელსაც სააუკუნეების განმავლობაში გლობალური კლიმატის ცვლილების გრაფიკის ამსახველი ფოტოც დაურთო. პოსტში ქოლუსი წერს, რომ ისტორიულად გლობალური კლიმატის დათბობის ყოველ პერიოდს ე.წ. “უეცარი გაგრილების” ფაზა მოსდევს და თანამედროვე კლიმატის ცვლილებაც ამ ბუნებრივი ტენდენციის ნაწილია.
"
მტკიცება, თითქოს სინამდვილეში კლიმატის ცვლილება არ ხდება და გლობალური დათბობა მხოლოდ შეზღუდვების დაწესების საბაბია, მცდარია. რეალურად, 1991 წლიდან დღემდე ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული კვლევებისა და ნაშრომების 99% ადასტურებს, რომ დედამიწის კლიმატი არამხოლოდ იცვლება, არამედ ამ პროცესის მთავარი მიზეზი ადამიანის საქმიანობაა და 1980-იანი წლების შემდეგ გლობალური ტემპერატურის მატება უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცებაც, თითქოს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა უმნიშვნელოა და გარემოზე გავლენას ვერ მოახდენს. 

  • დედამიწაზე კლიმატი მართლაც იცვლება, რისი ძირითად გამომწვევი მიზეზი ადამიანის საქმიანობაა

პლანეტის სხვადასხვა ნაწილში ლოკალური ტემპერატურის მერყეობა და კონკრეტული რეგიონისთვის უეცარი კლიმატური ანომალიების წარმოქმნა ბუნებრივი პროცესების შედეგია, თუმცა გლობალურ კლიმატზე საუბრისას არა ტემპერატურის ლოკალურ ცვლილებებს, არამედ პლანეტის მთელი ზედაპირის საშუალო ტემპერატურას ვგულისხმობთ. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა კი მზისგან მიღებული და პლანეტის მიერ უკან, კოსმოსში გამოსხივებული ენერგიის ბალანსით განისაზღვრება. თავის მხრივ, დედამიწის მიერ ენერგიის მიღება და გაცემა ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობაზე, კერძოდ კი ატმოსფეროში ე.წ. სათბური აირების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული.

როგორც პლანეტის კლიმატითან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, 2017 წლის მდგომარეობით 1880 წლის შემდეგ დედამიწაზე ტემპერატურამ დაახლოებით 1°C-ით მოიმატა ე.ი. ყოველ ათწლეულში დედამიწის ზედაპირი დაახლოებით 0.2°C-ით თბება. ამასთანავე, 1880-იანი წლების შემდეგ მიმდინარე ტემპერატურის ზრდის 2/3  1975 წლის შემდეგ მოხდა. მეცნიერების მტკიცებით, ტემპერატურის ზრდის სწორედ ეს მოკლე პერიოდი მიანიშნებს, რომ გლობალური კლიმატის ცვლილება არა დედამიწის კლიმატის ბუნებრივი ციკლების, არამედ ადამიანის საქმიანობასთან და პირველ რიგში, წიაღისეული საწვავის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებული პროცესია.

"
დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაში მომხდარი ანომალიები 1880-2020 წლებში. ატმოსფეროს სხვადასხვა კვლევითი ცენტირის მონაცემები აჩვენებს, რომ გასული 140 წლის განმავლობაში პლანეტის ზედაპირი საშუალოდ სულ უფრო თბებოდა. წყარო:earthobservatory.nasa.gov

"
დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაში მომხდარი ანომალიები. მარცხენა ფოტო – 1880-1884 წლები, მარჯვენა ფოტოზე – 2015-2019 წლები. ნარინჯისფერად გაფერადებული არეალი ასახავს 0°C- +4°C-ის ფარგლებში მომხდარ კლიმატურ ანომალიებს. წყარო:earthobservatory.nasa.gov

გლობალური ცვლილების კვლევის ამერიკული პროგრამის  2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 1901-2016 წლებში გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის პარალელურად მეცნიერების დაკვირვებები არ მიანიშნებს არცერთი ისეთი ბუნებრივი პროცესის არსებობაზე, რომელიც ტემპერატურის სწრაფი ზრდის პირდაპირი გამომწვევი შეიძლება იყოს. NASA-ს მონაცემებით, 2016 და 2019 წლები ბოლო 140 წლის განმავლობაში პლანეტის ყველაზე ცხელი წლები იყო, როდესაც ოკეანისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს თითქმის +1°C-ით გადააჭარბა. იმავე მონაცემების მიხედვით, 1880-2019 წლების შუალედში ხუთი ყველაზე თბილი წელიწადი 2015 წლის შემდეგ იყო, ხოლო 10 რეკორდულად თბილი წელი 2005 წლის შემდეგ დაფიქსირდა.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის  +1°C-ით გასაზრდელად პლანეტაზე უაზარმაზარი მოცულობის ენერგიის აკუმულირებაა საჭირო და სახიფათო ტენდენციაზე მიანიშნებს. ამასთანავე, საშუალო ტემპერატურის 1°C-იანი მატება იმასაც გულისხმობს, რომ პლანეტის ცალკეულ რეგიონებში ტემპერატურა 1°C-ზე ბევრად მეტით მოიმატებს და ადგილობრივი ეკოსისტემების რღვევას, სახეობათა გადაშენებას და ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

2021 წლის 9 აგვისტოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაეროს მთავრობათაშორისმა პანელმა კლიმატის ცვლილების მეცნიერების შესახებ რიგით მეექვსე, 3500 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს სამოცი ქვეყნის 200-მდე მეცნიერის ერთობლივ ნაშრომს წარმოადგენს და კლიმატის ცვლილების შესახებ აქამდე გამოქვეყნებულ 14 000 კვლევასა და სამეცინიერო სტატიას ეყრდნობა. ანგარიშის მიხედვით, სამეცნიერო წრეებში კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ორაზროვნება აღარ არსებობს და გლობალური დათბობის მიზეზი ერთმიშვნელოვნად ადამიანის საქმიანობაა. იმავე ანგარიშის მიხედვით, დათბობა იმაზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე არსებული მოდელები წინასწარმეტყველებდა, რაც პლანეტის სხვადასხვა რეგიონში სითბური ტალღების გაძლიერებას, ქარიშხლებს, წყალდიდობებსა და გვალვებს იწვევს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ  კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზოგიერთი პროცესი, მაგალითად პოლარული ყინულის დნობა, შეუქცევადია და მაშინაც კი, თუ სათბური აირების ემისია შეწყდება, მყინვარები დნობას კიდევ ასობით წლის განმავლობაში გააგრძელებენ, რაც მსოფლიოს მაშტაბით მსოფლიო იკეანის დონის 2-3 მეტრიან მატებას გარდაუვალს გახდის.

  • თანამედროვე კლიმატის ცვლილება გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე პლანეტის ბუნებრივი ციკლებისას მომხდარი დათბობები მიმდინარეობდა. 

კლიმატის ცვლილების უარმყოფლებს შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, გლობალური კლიმატის დათბობა პლანეტის ბუნებრივი ციკლის ნაწილია, რომელიც გაგრილებისა და დათბობის პერიოდების მონაცვლეობას გულისხმობს. მართალია, დედამიწის ისტორიის განმავლობაში გამყინვარების ცივი პერიოდები და გამყინვარებათაშორისი თბილი ეპიზოდები ერთმანეთს ენაცვლებოდა, თუმცა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, დათბობის და გამყინვარების მონაცვლეობა პლანეტაზე დაახლოებით 100 000 წლიანი ციკლით მიმდინარეობდა. ერთი ციკლის განმავლობაში პლანეტის საშუალო ტემპერატურის ცვლილება 3°C- 8°C-ს შორის მერყეობდა. გასული 1 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე დათბობის პერიოდები ძირითდად მზის გარშემო პლანეტის ორბიტის ცვლილებით იყო გამოწვეული.

1998 წელს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დედამიწის საშუალო ტემპერატურის 1000 წლიანი ტენდენციის რეკონსტრუქციისშემდეგ შენიშნეს, რომ მეოცე საუკუნემდე პლანეტის საშუალო ტემპერატურა მეტწილად სტაბილური იყო, თუმცა მონაცემები მე-20 საუკუნიდან დათბობის სწრაფ ტემპს აჩვენებდა. იგივე შედეგი აჩვენა 2013 წელს Science-ში გამოქვეყნებულმა კვლევამაც, რომელიც პლანეტის კლიმატის ტენდენციებზე დასაკვირვებლად უფრო ხანგრძლივ პერიოდს აანალიზებდა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბოლო გამყინვარების შემდეგ ანუ ბოლო 11 300 წლის განმავლობაში ტემპერატურის დათბობა ყველაზე სწრაფად მე-20 საუკუნეში მიმდინარეობდა. იმავე კვლევაში ნათქვამია, რომ თუ ბოლო 2000 წლის განმავლობაში მზის მიმართ დედამიწის პოზიციას გავითვალისწინებთ, ბუნებირვი ციკლის მიხედვით დედამიწა “გაგრილების ფაზაში” უნდა იყოს, თუმცა ამის მიუხედავად პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა მაინც იზრდება, რის გამოც ბოლო ასწლეულის განმავლობაში გაგრილების ტენდენცია მეცნიერებმა ვერ დააფიქსირეს.

ამჟამად, სამეცნიერო წრეებში თანამედროვე კლიმატის ცვლილებას ბუნებრივ ციკლებთან არ აკავშირებენ. კლიმატის ცვლილების ანთროპოგენულ წარმომავლობაზე სრულ სამეცნიერო კონსენსუსს 2021 წლის 19 ოქტომბერს კორნელის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიშიც ადასტურებს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2012-2020 წლებში ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული და მეცნიერების მიერ შეფასებული კლიმატთან დაკავშირებული კვლევები (სულ 88 125 ნაშრომი) შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა ნაშრომების 99.9% ასკვნის, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი სწორედ ადამიანის საქმიანობა და პირველ რიგში, ატმოსფეროში სათბური აირების დაგროვებაა. მსგავსი კვლევა კორნელის უნივერსიტეტმა 1991-2012 წლების პერიოდში გამოქვეყნებულ ნაშრომებზეც ჩაატარა, რომელთა 97% კლიმატის ცვლილებას ანთროპოგენულ პროცესად განიხილავდა.

  • მტკიცებაც, თითქოს ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა უმნიშვნელოა და გარემოზე გავლენას არ ახდენს, სიმართლეს არ შეესაბამება

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიის მიხედვით, კაცობრიობის მიერ ყოველწლიურად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის მოცულობა (7 მილიარდი ტონა) მსოფლიო ოკეანიდან გამოყოფილ 80 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგთან შედარებით უმნიშვნელოა და კლიმატის ცვლილებაზე გავლენას ვერ იქონიებს. რეალურად, კაცობრიობის საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობამ 7 მილიარდ ტონას 1920-იან წლებში გადააჭარბა და მას შემდეგ წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. 2019 წელს კაცობრიობამ ატმოსფეროში ჯამურად 40 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გაუშვა. ეს მაჩვენებელი 2020 წელს უმნიშვნელოდ შემცირდა. ამასთან, ატმოსფეროში გაშვებული ნახშირორჟანგის ძირითადი ნაწილი წიაღისეული საწვავის გამოყენების შედეგია."
ნახშირორჟანგის ემისია 1850-2020 წლებში. წყარო: Our World In Data

ნახშირორჟანგი სხვა აირებთან ერთად ატმოსფეროში “სათბურის ეფექტის” შექმნის მთავარი წყაროა. სათბურის ეფექტი ატმოსფეროში მზისგან მიღებულ სითბოს აკავებს და პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ დედამიწის ზედაპირსა და მსოფლიო ოკეანეში მცხოვრები ცოცხალი არსებობის მიერ წარმოქმნილი ნახშირორჟანგის რაოდენობა კაცობრიობის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ოდენობას მართლაც აღემატება, თუმცა ბიოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის პარალელურად ოკეანეებისა და პლანეტის მწვანე საფარის მიერ CO2-ის შთანთქმაც მუდმივად მიმდინარეობს, რის გამოც ნახშირორჟანგის დონე სტაბილურად ნარჩუნდება. ამიტომაც “სათბურის ეფექტის” გაძლიერებაზე და კლიმატის დათბობაზე  პასუხისმგებელი არა მსოფლიო ოკეანე, არამედ ის დამატებითი ნახშირორჟანგია, რომელსაც კაცობრიობა წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად წარმოქმნის. ამ დამატებით ნახშირორჟანს ბუნებრივი “შთანმთქმელები” (მწვანე საფარი, მსოფლიო ოკიანე) მხოლოდ ნაწილობრივ შეიწოვენ, ხოლო მისი ნაწილი ატმოსფეროში აკუმულირდება.

ჰავაიზე მდებარე Mauna Loa-ს ობსერვატორიის მონაცემების მიხედვით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 2021 წლის მაისში 415 ppm-ს აღწევდა. პლანეტის ისტორიაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე 400 ppm-ს ბოლოს სამი მილიონი წლის წინ აჭარბებდა, როდესად ადამიანები ჯერკიდევ არ არსებობდნენ.

  • მტკიცება, თითქოს “კლიმატის ცვლილება” დასავლეთისა და გლობალური ელიტების მიერ მსოფლიო კონტროლის დამყარების საბაბად გამოიყენება, შეთქმულების თეორიაა, რომელიც ადრეც ვრცელდებოდა. 

კონსპირაციის თეორიას, თითქოს ე.წ. “პარიზის შეთანხმება” არა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, არამედ მსოფლიო მმართველობის დამყარებას ისახავს მიზნად, ბლოგერი Natia Colussi ავრცელებდა.  ამასთანავე, რუსულენოვან სოციალურ ქსელებსა და მედიაში პოპულარული შეთქმულების თეორიის თანახმად, კლიმატის ცვლილებასა და გარემოსდაცვით თემებს დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად და განვითარებადი ქვეყნების დასამორჩილებლად იყენებს.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist