სჭირდებათ თუ არა საბერძნეთში არავაქცინირებულებს ტესტირება სუპერმარკეტში შესასვლელად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

22
VIEWS

14 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა Nina Marji გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ 1 დეკემბრიდან საბერძნეთში არავაქცინირებულებს კორონავირუსზე ტესტირების გარეშე სუპერმარკეტებშიც აღარ შეუშვებენ, ხოლო ის მშობლები, რომლებიც შვილების ვაქცინირებაზე უარს იტყვიან, მეურვეობას დაკარგავენ.

"
დეზინფორმაციაა, თითქოს საბერძნეთში არავაქცინირებულებს კორონავირუსზე ტესტირების გარეშე სუპერმარკეტებშიც აღარ შეუშვებენ, პირველადი საჭიროების ადგილებში შესასვლელად მოქალაქეებს არც ვაქცინაციის ცნობა და არც ტესტის უარყოფითი პასუხი არ სჭირდებათ. ასევე მცდარია მტკიცება, თითქოს ის მშობლები, რომლებიც შვილებს არ აცრიან, მეურვეობას დაკარგავენ, ამგვარი რეგულაცია საბერძნეთს არ მოქმედებს.

არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის სუპერმარკეტში შესვლისას სწრაფი ტესტის გაკეთების შესაძლებლობა განხილული იყო, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბერძნეთის ხელისუფლება ამას არ გააკეთებდა. განვითარების მინისტრის, ადონის გეორგიადისის თქმით, ბევრი მოქალაქე სწრაფ ტესტს არ გაიკეთებს და მათ პირველადი საჭიროების პროდუქტზე წვდომას არ შეუზღუდავენ. გარდა ამისა, ამ რეგულაციის პრაქტიკაში განხორციელება რთული იქნებოდა, რადგან პიკის საათებში სასურსათო მაღაზიებთან უსასრულო რიგები შეიქმნებოდა.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლევრისის 18 ნოემბრის განცხადების მიხედვით, დაწესებულებები 3 კატეგორიაში გააერთიანეს და თითოეულ მათგანში შესასვლელად სხვადასხვა შეზღუდვაა დაწესებული. პირველი კატეგორია პირველადი საჭიროების დაწესებულებებია, რომლებშიც შესვლა ყველას შეუძლია, განურჩევლად ვაქცინაციის სტატუსისა. მათ შორისაა სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები, ამ დაწესებულებებში შესასვლელად არც ვაქცინირება და არც ტესტის ჩატარება არ მოითხოვება.

მეორე კატეგორია მოიცავს შემდეგ დაწესებულებებს: სკოლებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ღვთისმსახურების ადგილებს, საცალო მაღაზიებს, სალონებს, სადაც არავაქცინირებულმა უნდა აჩვენოს მოქმედი სერთიფიკატი Covid-19-სგან გამოჯანმრთელების ან ბოლოდროინდელი PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

რაც შეეხება მესამე კატეგორიას, რომელშიც შედის დახურული გასართობი და დასასვენებელი ადგილები, როგორიცაა რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები, სპორტ-დარბაზები, აქ დაშვება დაშვებულია მხოლოდ მოქმედი ვაქცინაციის ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი სერთიფიკატის მქონე მოქალაქეებისთვის.

პლევრისმა ასევე განაცხადა, რომ არასრულწლოვან მოქალაქეებში ბევრია ისეთი, ვისაც სხვადასხვა მიზეზით ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია, მათ შეუძლიათ მეორე და მესამე კატეგორიის დაწესებულებებში ბოლო 24 საათში ჩატარებული თვით-ტესტით შევიდნენ.

16 ნოემბერს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკა აქვს, ის სრულ ლოკდაუნს, რომელიც მხოლოდ არავაქცინირებულებს შეეხება, გამორიცხავს.

Nina Marji-ს პოსტში მოცემული მეორე მტკიცება, თითქოს ბავშვების ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშობლებს შვილებს ჩამოართმევენ, ასევე მცდარია. ამგვარი რეგულაცია საბერძნეთს არ აქვს, სკოლაში გაკვეთილებზე დასასწრებად, მოსწავლეებს ვაქცინაციის სერტიფიკატის გარდა, შეუძლიათ წინა სემესტრში კორონავირუსის გადატანის ცნობა ან ტესტის უარყოფითი პასუხი კვირაში ორჯერ წარმოადგინონ.

"
ბერძნულ მედიაში ნამდვილად ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომელთა მიხედვითაც, მშობლები კორორნავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შესრულებაზე უარს ამბობენ და შვილებს სკოლაში არ უშვებენ.

ერთ-ერთი შემთხვევა  ქალაქ სიერაში მცხოვრებ წყვილს შეეხებათ, რომლებიც სხვადასხვა კლასში მყოფ 4 შვილს ბოლო 2 წლის განმავლობაში სკოლაში არ უშვებენ, რადგან ტესტირებასა და პირბადის ტარების წინააღმდეგი არიან. ამ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლომ და სოციალური სერვისმა, შესაძლოა, გარკვეული ზომები მიიღონ და მშობლები, მეურვეობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ საბერძნეთში სასკოლო განათლების მიღება სავალდებულოა, ისინი კი შვილებს ამ უფლებას ბოლო 2 წელია უზღუდავენ.

სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვების მშობლები უარს ამბობენ როგორც მათ ტესტირებაზე, ისე პირბადეების ტარებაზეც, ამასთან ისინი უარყოფენ ყველაფერს, რაც კორონავირუსის პანდემიასთანაა დაკავშირებული. სწორედ მასწავლებლებმა შეატყობინეს პროკურორის ოფისს იმის შესახებ, რომ წყვილი შვილებს სკოლაში არ ატარებდა. ისინი აცხადებენ, რომ გარდა იმისა, რომ მშობლები ანტივაქსერები, ასევე ტესტებისა და პირბადეების მოწინააღმდეგეები არიან, მათი მხრიდან მასწავლებლები ასევე შეურაცხყოფასა და შევიწროებასაც განიცდიდნენ.

პროკურორების თქმით, მშობლის მეურვეობის მოხსნა შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ჩაითვლება, რომ მშობლები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ან დადგინდება, რომ ბავშვების ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგას.

ადგილობრივმა პროკურატურამ გამოძიების ბრძანება გასცა, რათა დადგინდეს, რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები და როგორ მზრუნველობას უწევენ მათ მშობლები.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist