2022 წლის 8 ნოემბერს Facebook მომხმარებლებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ნოემბერში ეგვიპტეში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP27) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნახშირბადზე ყოველწლიური ლიმიტის დაწესების შესახებ იმსჯელეს. პოსტების თანახმად, ახალი პოლიტიკის მიზანი მოსახლეობის კონტროლია. ავტორები ამტკიცებენ, რომ ნახშირბადის დაწესებული ლიმიტის მიღწევის შემდეგ, ენერგიის მოხმარება გაძვირდება და ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება, რის შემდეგაც უმრავლესობა მხოლოდ იმისთვის იარსებებს, რომ თანამედროვე მონობის სისტემაში მდიდარი ელიტისთვის რაც შეიძლება მეტი ნახშირბადის ერთეული გამოიმუშაოს.
მტკიცება, რომ გლობალური ლიდერები ცალკეული მოქალაქეებისთვის ნახშირბადის ყოველწლიური ლიმიტის დაწესებას აპირებენ, მცდარია. ეგვიპტეში COP 27-ზე ნახშირბადის კრედიტების სქემების შესახებ იმსჯელეს, რაც ძირითადად მსხვილ კორპორაციებს ეხება და ახალი სუფთა ენერგიის პროექტების დაფინანსების წახალისების გზაა. გარდა ამისა, ნახშირბადის ბაზრის რეგულირების ნებისმიერი სქემა, გლობალური თუ სხვა, ნებაყოფლობითია.
2022 წლის 6-18 ნოემბრის პერიოდში, ეგვიპტის ქალაქი შარმ ელ-შეიხი კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP 27-ს მასპინძლობს, რომელიც ყოველწლიურად გაეროს მიერ იმართება. კონფერენცია გლობალურ ლიდერებს კლიმატთან დაკავშირებული ზემოქმედების შეზღუდვისა და ადაპტაციის პოლიტიკაზე სამსჯელო სივრცეს სთავაზობს. COP 27-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლის ნახშირბადის გლობალურ ბაზართან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების დახვეწაა, რომლის ფარგლებშიც სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების ან თავიდან არიდების მიზნით ე.წ. კრედიტების შესყიდვა და გაყიდვა მოხდება. ქვეყნებს შეეძლებათ, სათბურის გაზების ემისიების შემცირებით ნახშირბადის კრედიტები დააგროვონ, მათი საშუალებით ივაჭრონ და სხვა ქვეყნებს საკუთარი კლიმატის მიზნების მიღწევაში დაეხმარონ. პოტენციურად, პროცესში მონაწილეობა კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთ ამ დისკუსიაში ნახშირბადის წლიური ლიმიტის დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.
2022 წლის 7 ნოემბერს კონფერენციაზე „კლიმატისა და განვითარების ინოვაციური ფინანსების“ შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე ნახშირბადის ნებაყოფლობითი ბაზრების შექმნაზე იმსჯელეს, სადაც დაინტერესებული მხარეები ე.წ. ნახშირბადის კრედიტებით ნებაყოფლობით ივაჭრებენ და სუფთა ენერგიის პროდუქტების დაფინანსების ახალ გზას შექმნიან. კონსპირაცია ცალკეული მოქალაქეებისთვის ნახშირბადის ყოველწლიური ლიმიტის დაწესების შესახებ, სავარაუდოდ, სწორედ მოცემული შეხვედრიდან გამომდინარე გაჩნდა, ვინაიდან გავრცელებული პოსტის კომენტარებში ავტორმა დამატებით აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ე.წ “პესონალური ნახშირბადით ვაჭრობის” (PCT) სქემები შეიქმნა, რომლებიც ნახშირბადის ყოველწლიური ლიმიტის დასადგენად იქნება გამოყენებული.
PCT თეორიული სქემის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს ნახშირბადის კვოტა ენიჭება, რომელიც მთლიანად შეუძლია გამოიყენოს ან მისი ნაწილი სხვებს მიჰყიდოს. მაგალითად, ფინეთში, CitiCAP პროექტი ახალი მობილური აპლიკაციის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც გარემოზე ადამიანის ნახშირბადის კვალს გამოთვლის. თუ ადამიანები შედარებით მდგრად ცხოვრების წესს აირჩევენ, აპლიკაციის გამოყენებით ისინი ისეთ შეღავათებს მიიღებენ, როგორიც მაგალითად უფასო საზოგადოებრვი ტრანსპორტია. აღსანიშნავია, რომ ფინეთის პრაქტიკა ნებაყოფლობითია და მხოლოდ წამახალისებელი დატვირთვა აქვს. მსგავსი იდეა 2006 წელს Good Morning Britain-ზეც განიხილებოდა, რომლის კლიპიც “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც გვხვდება. ამ იდეის თანახმად, რომელიც თავდაპირველად მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის საკითხებში, დევიდ მილიბენდმა წამოაყენა, დიდ ბრიტანეთში ყველას ნახშირბადის წლიური ლიმიტი განესაზღვრებოდა, რაც ნახშირბადის რაციონის ბარათს მიებმებოდა და მას მოსახლეობა სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად გამოიყენებდა. თუმცა, იდეა ვერ განხორციელდა. ამჟამად დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ერთ-ერთ გავრცელებულ პოსტში ახსენებენ, ამგვარი პოლიტიკა არ არსებობს. ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნახშირბადის გლობალური ინდივიდუალური ლიმიტის დაწესება იგეგმება, რომელიც მოქალაქეებს აიძულებს, ნახშირბადის გლობალურ ბაზარში მიიღონ მონაწილეობა.
მესამე პოსტში გამოქვეყნებული ვიდეო Do Black-ის შესახებ გვიყვება, რომელიც მსოფლიოში პირველი საკრედიტო ბარათია ნახშირბადის ლიმიტით. ვიდეო ქართულ სოციალურ ქსელში ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა. მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ნახშირბადის თვიური ლიმიტის გადაჭარბება საკრედიტო ბარათის გაყინვას გამოიწვევდა. როგორც მითების დეტექტორის გამოძიებამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ Do Black საკრედიტო ბარათი ნამდვილად არსებობს, მისი მიზანი მომხმარებლებისთვის ნახშირორჟანგის ემისიის გამოთვლაში დახმარებაა და მისი გამოყენება სრულიად ნებაყოფლობითია. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ მასალა:
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტეში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა. მან თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება “ჩვენი თაობის გამოწვევაა.” ნახშირბადის შესახებ საუბრისას ღრიბაშვილმა თქვა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიით 2050 წლისთვის საქართველო ნახშირბადისადმი ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყანა უნდა იყოს. რაც შეეხება მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, ღარიბაშვილი PCT-ის შესახებ დისკუსიაში საერთოდ არ მონაწილეობდა, მან დისკუსიის სახელწოდებით “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” ფარგლებში მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ალექსანდრა კუენინგი
ერასმუსის CEERES პროგრამის სტუდენტი, “მითების დეტექტორის” სტაჟიორი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.