რა შეთქმულების თეორიები ვრცელდება გლობალური ელიტების მიერ ბავშვებით ვაჭრობაზე?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

1.2k
VIEWS

15-17 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5) მათ შორის კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა ანგარიშმა კონსერვატიული მოძრაობა საგარეჯოში გაავრცელეს ამერიკელი კონსპიროლოგის ალექს ჯონსის გადაცემის InfoWars-ის ვიდეომონაკვეთი, რომელშიც მოწვეული სტუმარი, კევინ ანეტი სატანურ კულტზე, “მეცხრე წრეზე” საუბრობს. იგივე ვიდეო კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერ ჯგუფშიც “ალტინფო-TV” გამოქვეყნდა.

კევინ ანეტის თქმით, მეცხრე წრის კულტი ბავშვებით ვაჭრობაშია ჩართული და მათ რიტუალურ მსხვერპლშეწირვას ეწევა, ხოლო, თავის მხრივ, კულტთან კათოლიკე ეკლესიის მაღალი იერარქები და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები არიან დაკავშირებული. ანეტის მტკიცებით, 2013 წელს ბრიუსელში “ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო სასამართლოში” პაპი ბენედიქტეს წინააღმდეგ ბავშვებით ვაჭრობისთვის სასამართლო პროცესი გაიმართა, მისივე თქმით, იმავე სასამართლოში პაპი ფრანცისკეს წინააღმდეგაც, ასევე ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით, მიმდინარეობდა პროცესი. ანეტი ასევე ამტკიცებს, რომ “ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულთა ტრიბუნალმა” დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი 1964 წლის 10 ოქტომბერს კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში კათოლიკური ბავშვთა ინტერნატიდან 10 ბავშვის გაუჩინარებაში დამნაშავედ ცნო. გარდა ამისა, ანეტი “მეცხრე წრის” კულტს და ბავშვების რიტუალურ მსხვერპლშეწირვას უკავშირებს ირლანდიის ქალაქ ტუამში დედათა და ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ჩვილთა მასობრივ საფლავს.

15 ივლისს მსგავს თემაზე ფეისბუქ მომხმარებელმა ნინი ხუნდაძემ კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის აღწერის მიხედვით “ევროპელი სამეფო ოჯახის წევრები ადამიანებზე ნადირობის წვეულებებზე გართობის მიზნით კლავენ შიშველ ბავშვებს“. ვიდეოში ამერიკელი კონსპიროლოგი, რობერტ სტილი აცხადებს, რომ ამერიკელი ელიტები ბავშვებზე ძალადობენ, მათი ორგანოებით ვაჭრობენ და მათ სისხლს სატანურ რიტუალების დროს სვამენ. ბავშვებზე სისტემური ძალადობის ერთ-ერთ მაგალითად სტილს “პიცაგეითის” კონსპირაცია მოჰყავს.

Screenshot 2023 07 20 145532 რა შეთქმულების თეორიები ვრცელდება გლობალური ელიტების მიერ ბავშვებით ვაჭრობაზე? Screenshot 2023 07 20 145538 რა შეთქმულების თეორიები ვრცელდება გლობალური ელიტების მიერ ბავშვებით ვაჭრობაზე?

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოებში გაჟღერებული ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა და არ დასტურდება: 1) პაპი ბენედიქტეს და პაპი ფრანცისკეს წინააღმდეგ ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლო პროცესები არასოდეს გამართულა; 2) დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი კანადის სკოლა-ინტერნატიდან ბავშვთა გატაცებაში დამნაშავედ არასოდეს უცნიათ; 3) ირლანდიაში აღმოჩენილ ბავშვთა მასობრივ სასაფლაოს სატანურ კულტთან კავშირი არ აქვს; 4) მტკიცება, რომ ამერიკული ელიტა ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის სქემას მართავს, ბავშვების ორგანოებით ვაჭრობს და ბავშვთა მსხვერპლშეწირვაშია ჩართული, QAnon-ის კონსპირაციის თეორიას იმეორებს და ფაქტებით არ დასტურდება.

  • ვინ არის კევინ ანეტი და რა კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს ის?

Info Wars-ის გადაცემის სტუმარი, რომელიც ბავშვების მკვლელობებზე საუბრობს, კევინ ანეტია. ის კანადის პროტესტანტული ეკლესიის, კანადის გაერთიანებული ეკლესიის პასტორი იყო. ეკლესიამ ანეტი 1997 წელს განკვეთა. 1992 წლიდან ანეტი ქალაქ პორტ ალბერნიში წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. 1997 წელს კევინ ანეტის ეკლესიიდან განკვეთის საკითხი დადგა და მისი საქმე ოფიციალურმა კომისიამ განიხილა. განხილვისას კომისიამ რამდენიმე მოწმეს მოუსმინა. მოწმეების კომენტარები საქმის განხილვის ოფიციალურ დოკუმენტშია მოცემული. მათი კომენტარებიდან ჩანს,  რომ წმ. ანდრიას ეკლესიაში მსახურობის დროს, ანეტს რთული და კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა როგორც ეკლესიის სხვა მსახურებთან და ადმინისტრაციასთან, ასევე მრევლთან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 1995 წელს ანეტმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, რის საფუძველზეც ეკლესიამ მასთან თანამშრომლობა შეაჩერა და ის მღვდელმსახურებას აღარ აღავლენდა. თუმცა ანეტს და მის ოჯახს ეკლესიის მიერ უზრუნველყოფილ სახლში დარჩენის უფლება მიეცა და ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში ეკლესია მისთვის ხელფასის გადახდას აგრძელებდა. გარდა ამისა ანეტს ზედამხედველობა დაენიშნა და პასტორის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის პროგრამის გავლა და ფსიქიატრიული და/ან ფსიქოლოგიური შემოწმების გავლა დაეკისრა. დაკვირვების პერიოდში გამოვლინდა, რომ კევინ ანეტი პასტორის როლისთვის შეუფერებელი იყო. ანეტმა გადაწყვეტილებები გააპროტესტა, თუმცა შემდეგ თავად არ გამოცხადდა თავისი საჩივრის მოსმენაზე. საბოლოოდ, 1997 წელს კანადის გაერთიანებულმა ეკლესიამ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.

კევინ ანეტი თავს ადამიანების უფლებების დამცველად წარმოაჩენს, რომელიც “ეკლესიის მიერ ჩადენილი დანაშაულების” გამოაშკარავების მოძრაობის ლიდერია. საკითხი, რომლითაც ანეტი განსაკუთრებით ხშირად მანიპულირებს კანადაში, მკვიდრი, ინდიელი ბავშვებისთვის შექმნილ სკოლა ინტერნატებში ბავშვთა უფლებების სისტემური დარღვევები იყო. უმეტეს შემთხვევებში სკოლები ეკლესიის დაქვემდებარებაში იყო და მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კანადის მკვიდრი მოსახლეობის კულტურის წაშლაში. 2008 წელს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღების და რეპარაციის გადახდის პროცესის ფარგლებში სიმართლისა და შერიგების კომისია ჩამოყალიბდა, რომლის დასკვნით, ინტერნატების სისტემაში სულ მცირე 4 100 ბავშვი არასათანადო მოპყრობის, გულგრილობის, ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა. თემა განსაკუთრებით მწვავე განხილვისა საგანი 2021 წელს გახდა, როდესაც კანადაში 215 ინდიელი ბავშვის მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

კევინ ანეტი კანადაში არსებულ ამ ისტორიულ პრობლემას კონსპირაციული თეორიების განვითარებისთვის იყენებს.

“სამწუხაროდ, სკოლებთან დაკავშირებულ რეალობაზე დაყრდნობით ანეტი საშინელ ისტორიებს აყალბებს, რომლებსაც ფაქტებად წარმოაჩენს. ამ ისტორიებს ხშირად თან ახლავს კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ეკლესიის, პოლიტიკური ლიდერების და მკვიდრი მოსახლეობის თემის ლიდერების რეპუტაციას ლახავს” – აღნიშნავს კანადის გაერთიანებული ეკლესია.

  • კონსპირაციის თეორიები პაპი ბენედიქტესა და პაპი ფრანცისკეს შესახებ

“მეცხრე წრის” კულტის შესახებ კონსპირაციის თეორია არსებითად სწორედ კევინ ანეტის მიერ არის განვითარებული და ის უკვე წლებია სხვადასხვა სასულიერო პირს ამ კულტის წევრობაში ადანაშაულებს. “ეკლესიისა და სახელმწიფოს დანაშაულების საერთაშორისო ტრიბუნალი”, რომელზეც გავრცელებულ ვიდეოში ანეტი საუბრობს და მას საერთაშორისო სასამართლოდ წარმოაჩენს, თავად ანეტის მიერ დაფუძნებული ბლოგია, რომლის საიტი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის და ის რაიმე სახის იურიდიულ ორგანოს ან ოფიციალურ ორგანიზაციას არ წარმოადგენს. შესაბამისად პაპი ბენედიქტეს და პაპი ფრანცისკეს წინააღმდეგ რაიმე სახის სასამართლო პროცესი ანეტის მიერ გამოგონილი ტრიბუნალის მიერ ვერ გაიმართებოდა.

ყალბი მტკიცებები, რომ პაპი ბენედიქტეს და პაპი ფრანცისკე ბავშვთა ტრეფიკინგში იყვნენ ჩართული და შედეგად მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, წარსულშიც ვრცელდებოდა და ისინი ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა სამსახურმა გადაამოწმა. მაგალითად, 2013 წელს გავრცელდა მტკიცება, რომ პაპი ბენედიქტე დაპატიმრების თავიდან არიდების მიზნით გადადგა. ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სააგენტომ Snopes-მა გადაამოწმა. პაპი ბენედიქტე ბოლო 600 წლის მანძილზე პირველი პაპია, რომელიც პოსტიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად პაპმა ასაკი დაასახელა, თუმცა მისი გადაწყვეტილება სხვადასხვა სპეკულაციის საგანი გახდა. მისი გადადგომიდან მალევე გავრცელდა ყალბი მტკიცება, რომ ბავშვთა ტრეფიკინგში ჩართულობის გამო პაპი ბენედიქტეს დაკავების ორდერი გაიცა. ამ მტკიცების წყარო კევინ ანეტის “ეკლესიისა და სახელმწიფოს დანაშაულების ტრიბუნალი” იყო. Snopes-ი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც პაპის პოსტი ფრანცისკემ დაიკავა, მალევე ანეტის ბლოგზე ახალა უკვე პაპი ფრანცისკეს დაკავების ორდერის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია.

2021 წელს პაპი ფრანცისკეს ტრეფიკინგში ჩართულობასთან და სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით ყალბი ცნობები კვლავ გავრცელდა. კანადურმა ვებ-საიტმა Conservatove Beaverm-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპი ფრანცისკე სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის, ტრეფიკინგის და ინცესტისთვის დააკავეს. ყალბი ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა სამსახურმა და მედიასაშუალებამ გადაამოწმეს, მათ შორის PolitiFact-მა, Snopes-მა, Reuters-მა, USA Today-მ და Insider-მა.

  • დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი ბავშვების გატაცებაში დამნაშავედ არ უცნიათ

ყალბი მტკიცება, რომ დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი კანადის ქალაქ კამლუპსის სკოლა-ინტერნატიდან 10 ინდიელი ბავშვის გატაცება-გაუჩინარებაში დამნაშავედ ცნეს, 2021 და 2022 წლებშიც გავრცელდა. მაშინ ეს მტკიცებები ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სამსახურმა PolitiFact-მა და ბრიტანულმა სამსახურმა FullFact-მა გადაამოწმეს. გავრცელებული მტკიცებების თანახმად, დედოფალი ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის დაკავების ორდერი “ბრიუსელში საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლომ” გასცა და ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრები დამნაშავედ ცნეს 1964 წელს კამლუპსის სკოლა-ინტერნატში სტუმრობისას 10 ბავშვის გატაცებაში. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 1964 წელს დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი კამლუპსის სკოლა ინტერნატში ან კანადის რომელიმე სხვა სკოლა-ინტერნატში ვიზიტით არ ჩასულან. გარდა ამისა, “ბრიუსელში საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლო” ასევე კევინ ანეტის მიერ გამოგონილი ორგანოა და მას რაიმე სამართლებრივი იურისდიქცია არ გააჩნია. ბრიტანული სამეფო ოჯახის ბავშვთა გატაცებაში დადანაშაულება ანეტის მორიგი შეთქმულების თეორიაა.

  • ირლანდიაში, ქალაქ ტუამში აღმოჩენილ ბავშვთა მასობრივ სასაფლაოს სატანურ კულტთან რაიმე კავშირი არ აქვს

2014 წელს ცნობილი გახდა, რომ ირლანდიაში ქალაქ ტუამში დედათა და ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე წყლის მიწისქვეშა ავზში ასობით ბავშვის მასობრივი სამარხი იყო. ირლანდიაში დედათა და ბავშვთა სახლები დაუქორწინებელი დედების თავშესაფარს წარმოადგენდნენ და ობოლთა თავშესაფრისა და გაშვილების სააგენტოს ფუნქციასაც ითავსებდნენ. ტუამის დედათა და ბავშვთა სახლი 1920-იანი წლებიდან 1961 წლამდე ფუნქციონირებდა და მას კათოლიკე მონაზვნები ხელმძღვანელობდნენ.

ბავშვების სამარხის აღმოჩენა შესაძლებელი ადგილობრივი მოყვარული ისტორიკოსის ქეთრინ კორლესის კვლევის შედეგად გახდა. კორლესმა 796 ბავშვის გარდაცვალების ცნობას მიაკვლია, თუმცა ამ ბავშვების საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. ირლანდიის მთავრობამ სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა, რომელსაც დედათა და ბავშვთა სახლების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაეწყო. კომისიის თანახმად, ფუნქციონირების პერიოდში ტუამის დედათა და ბავშვთა სახლში 3 251 ბავშვი იყო აღრიცხული, რომელთაგან 802 სხვადასხვა მიზეზით გარდაიცვალა. ხოლო მთლიანობაში გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ 18 ასეთ სახლში დაახლოებით 9 000 ბავშვი მოკვდა. ირლანდიის მთავრობის განცხადებით, გამოძიებამ გამოავლინა, რომ ქვეყანაში “ოპრესიული და სასტიკად მიზოგინური კულტურა არსებობდა”. 2021 წელს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა დედათა და ბავშვთა სახლების გადარჩენილ რეზიდენტებს სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი ირლანდიის ისტორიის “ბნელი, რთული და სამარცხვინო თავი” იყო.

საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ტუამის ბავშვთა სახლში ბავშვების სიკვდილის მიზეზი უმეტესად სხვადასხვა ავადმყოფობა – ტუბერკულოზი, გრიპი, გასტროენტერიტი, მენინგიტი, წითელა იყო. შესაბამისად ბავშვების სიკვდილს რაიმე სახის სატანურ კულტთან და რიტუალურ მსხვერპლშეწირვასთან კავშირი არ აქვს. ისევე როგორც კანადაში ინდიელი ბავშვების სკოლა-ინტერნატების შემთხვევას, კევინ ანეტი ირლანდიაში დედათა და ბავშვთა სახლებში ბავშვების დაღუპვას კონსპირაციული თეორიების გასავითარებლად იყენებს.

  • რობერტ სტილი ცნობილი ამერიკელი კონსპიროლოგი იყო, რომელიც ელიტების მიერ ბავშვების სექს-ტრეფიკინგზე კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა

რობერტ სტილი ულტრამემარჯვენე გაერთიანების QAnon-ის კონსპირაციული თეორიების იდეებს იზიარებდა. QAnon-ის შეთქმულების თეორიის თანახმად, აშშ-ის კაბალი პედოფილები და სატანის თაყვანისმცემლები მართავენ, რომლებსაც ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის გლობალური სისტემა აქვთ და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთია, ვისაც მათი შეჩერება შეუძლია. ამ მტკიცებებს ფორუმზე “4chan-ზე” მომხმარებელი Q-ს ფსევდონიმით აქვეყნებდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე იყო. რობერტ სტილი კონსპიროლოგ ალექს ჯონსის შოუში იმასაც ამტკიცებდა, რომ მარსზე გატაცებული ბავშვების კოლონია არსებობს. სტილი კორონავირუსის არსებობასაც უარყოფდა. ის 2021 წლის აგვისტოში კორონავირუსით გარდაიცვალა.

“პიცაგეითი”, რომელიც სტილს ვიდეოში ბავშვებზე ძალადობის საიდუმლო სქემების მაგალითად მოჰყავს, ასევე შეთქმულების თეორიაა. შეთქმულების ეს თეორია 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავრცელდა. თეორიის თანახმად, ჰილარი და ბილ კლინტონები ვაშინგტონში პიცის რესტორანს Comet Ping Pong-ს ბავშვების გატაცებისა და ტრეფიკინგის სქემისთვის იყენებდნენ. ბრალდებები უსაფუძვლო იყო და არ დადასტურებულა.

რობერტ სტილის ვიდეოში ჩანს ტიტრი, რომელზეც ვკითხულობთ ITNJ Judicial Commission of Inquiry Into Human Trafficking and Child Sex Abuse – “ბუნებრივი სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვთა სექსუალური ძალადობის საგამოძიებო კომისია” – რაც ვიდეოს ოფიციალურ ხასიათს აძლევს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხი სასამართლოზე განიხილება. სინამდვილეში “ბუნებრივი სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი” დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს. ორგანიზაციას რაიმე სახის სამართლებრივი სტატუსი ან იურისდიქცია არ გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ რობერტ სტილის ვიდეოს აღწერაში ფეისბუქ-ანგარიშის ნინი ხუნდაძის გამოქვეყნებული მტკიცება, რომ ევროპელი სამეფო ოჯახის წევრები გართობის მიზნით ადამიანებზე ნადირობენ, კევინ ანეტის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი კონსპირაციული თეორიაა. იგივე მტკიცებები 2015 წელსაც გავრცელდა და მაშინ ის ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სამსახურმა Snopes-მა უარყო.

წყაროს შესახებ:

კევინ ანეტმა “მეცხრე წრის” კულტთან დაკავშირებულ კონსპირაციულ თეორიებზე ალექს ჯონსის გადაცემაში InfoWars-ში ისაუბრა. ალექს ჯონსი ამერიკელი კონსპიროლოგია, რომელიც მედია პლატფორმა InfoWars-ს ფლობს, პლატფორმა გადაცემების, პოდკასტების და სტატიების სახით არაერთი კონსპირაციული თეორიის გავრცელებას უწყობს ხელს. 2018 წელს სხვადასხვა პლატფორმამ, მათ შორის Меta-მ, Apple-მა, YouTube-მა და Spotify-მ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ამ პლატფორმების წესების დარღვევის გამო ალექს ჯონსის კონტენტი წაშალა.

ალექს ჯონსი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ 2012 წელს აშშ-ში, სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი სროლა, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობის მიერ იყო დადგმული, რათა აშშ-ში ცეცხლსასროლი იარაღი აეკრძალათ და ინციდენტის შედეგად სინამდვილეში არავინ მომკვდარა. ჯონსი ასევე ამტკიცებდა, რომ დაღუპული ბავშვების მშობლები მსახიობები იყვნენ. ცრუ ბრალდებების გამო დაღუპულთა ოჯახებმა ჯონსს სასამართლოში უჩივლეს. ოჯახების თანახმად, ისინი ჯონსის მიმდევრებისთვის მუქარის, დაშინებისა და შევიწროების სამიზნე გახდნენ. სასამართლომ ჯონსს სენდი ჰუკის სკოლაში სროლის მსხვერპლთა ოჯახებისთვის $1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რის შედეგადაც 2022 წელს ჯონსმა გაკოტრება გამოაცხადა.

ქართულენოვანი ანგარიშები, რომლებმაც ვიდეო ფეისბუქზე გაავრცელეს:

ფანტინა ფანტინა

ფეისბუქ-ანგარიში ფანტინა ფანტინა მის სხვა ანგარიშებთან (1,2) ერთად ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა:

ნინი ხუნდაძე

ფეისბუქ-მომხმარებელი ნინი ხუნდაძე “კონსერვატიული მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის, ალტ-ინფოს მხარდამჭერია. სხვადასხვა თემაზე ის ხშირად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომელიც “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

M Art Ianeli (ნინო ნემსვერიძე)

ფეისბუქ-ანგარიში M Art Ianeli პროფილის სხვა სახელით (Ninu Nemsveridze Art, ნი მფა) წარსულშიც ავრცელებდა დეზინფორმაციას. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist