25 მარტს ქართულ მედიაში ჯორჯიან თაიმსი . GTTV , ფეისბუკ-პროფილზე-ფანტინა ,ასევე, რუსულენოვან ტელე-არხზე Царьград, ონლაინ გამოცემებში-Pikabu.ru,RG.ru, saint-666.ru გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მომხმარებლები ზეთის შესაძენად აგრესიულად იბრძვიან. წყაროების მიხედვით, ეს ფაქტი საფრანგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.
Царьград და Свободная пресса აღნიშნავენ, რომ საფრანგეთში ზეთის დეფიციტი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. რუსული გამოცემა Российская Газета ვიდეოს სანქციებს არა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს.
ქართულმა მედია – ჯორჯიან თაიმსი . GTTV-მა ვიდეო სათაურით – „ბრძოლა ზეთისთვის საფრანგეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში“გამოაქვეყნა. ფეისბუკ-მომხმარებელი ფანტინა კი ვიდეოს შემდეგი აღწერით აზიარებს: “ეს ხდება საფრანგეთში და ამათი პღღეზიდენტი სხვისი მშველელია???”
ქართული ანგარიშები პოსტის აღწერაში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ ახსენებენ, თუმცა პოსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვიდეო ახალია და საფრანგეთის სუპერმარკეტში დაპირისპირება ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
რუსულ მედია-პორტალებზე, Pikabu.ru, saint-666.ru ვიდეოს აღწერაში სანქციები ნახსენები არ არის, მხოლოდ მითითებულია, რომ ვიდეო საფრანგეთშია გადაღებული.
ვიდეო Youtube-ის რამდენიმე რუსულენოვან არხზეც (Topchik TV, Vening) გამოქვეყნდა. კომენტარებში ათობით რუსი მომხმარებელი ვიდეოს სანქციებს უკავშირებს – აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ევროპას წინ უარესი ელის.
ვიდეო 2015 წლის იანვარშია გადაღებული და მას არც რუსეთ-უკრაინის ომთან და არც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან კავშირი არ აქვს. რეალურად, ხმაური სუპერმარკეტში Lidl-ის მიერ მზესუმზირის ზეთზე დაწესებულმა 50%-მა ფასდაკლებამ გამოიწვია.
ვიდეო ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AFP-მა გადაამოწმა. ორგანიზაცია საფრანგეთში, Lidl-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ვიდეო რეალურად 2015 წელს არის გადაღებული და ხმაური სუპერმარკეტის მიერ მზესუმზირის ზეთზე დაწესებულმა ფასდაკლებამ გამოიწვია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს რუსეთ-უკრაინის ომთან ან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან კავშირი არ აქვს.
ფრანგულ გამოცემაში -Le Progrès, აქციის შესახებ მოკლე სტატია და აღნიშნული ვიდეო 2015 წლის მაისში გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ Oyonnax-ის Lidl-ის სუპერმარკეტში ზეთზე დაწესებულმა ფასდაკლებამ სუპერმარკეტში აურზაური გამოიწვია.
24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესეს. მას შემდეგ, რუსულ მედიებსა და ქართულ პრო-რუსულ გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ევროპაში ფასების გაძვირება და გარკვეული პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებული აქცენტი მზესუმზირის ზეთზე კეთდება.
მიმდინარე მოვლენების ფონზე მზესუმზირის ზეთის გარკვეული დეფიციტი და ფასის მომატება ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, ნამდვილად შეინიშნება, თუმცა ეს უკრაინაში მიმდინარე ომითაა განპირობებული და არა უშუალოდ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით. მსოფლიოში, მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი უკრაინაა, რუსეთმა კი მიმდინარე კონფლიქტის დროს, უკრაინის პორტების დაბლოკა და სურსათის მიწოდების ჯაჭვში შეფერხება გამოიწვია.
ევროპაში ფასების გაძირებასა და პროდუქტების დეფიციტით გამოწვეულ კრიზისზე მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად, იხილეთ სტატია:
Царьград ТВ-ის შესახებ
Царьград ТВ-ს “ტელეარხის შესახებ” განყოფილებაში მითითებული აქვს, რომ ის რუსული კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური სატელევიზიო არხია. ტელეარხმა მაუწყებლობა 2015 წელს დაიწყო, მისი დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევია, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეას უჭერს მხარს. მალოფეევი აფინანსებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესს, რის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა იგი სანქცირებული პირების სიაში შეიყვანეს. 2015-2016 წლებში, ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს “ევრაზიონისტული მოძრაობის” ლიდერი და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინიიკავებდა. ამჟამად არხის მთავარი რედაქტორი დარია ტოკარევაა. ის მოსკოვის სასამართლომ კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 120 ათასი რუბლით დააჯარიმა. მანამდე ტოკარევა მშობლების თანხმობის გარეშე დაშავებულ არასრულწლოვნებზე ინფორმაციის გავრცელებისთვის და მათი ფოტოების გამოქვეყნებისთვის 7-ჯერ იყო დაჯარიმებული.
ფანტინა
ფეისბუკ-მომხმარებელ ფანტინას კიდევ ორი ანგარიში აქვს, ესენია: ფანტინა კოელიო და Fantina Georgian. სამივე ანგარიშზე მომხმარებელი ერთსა და იმავე კონტენტს აზიარებს. პოსტები, ძირითადად, დასავლეთისა და ლიბერალიზმის დისკრედიტაციას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას და უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამართლებას ემსახურება. გვერდზე ასევე ქვეყნდება ანტივაქსერულო პოსტები.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.