29 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა Ин Хундадзе გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციას მტირალი ბავშვი სახლიდან გაჰყავს, ხოლო თავსაბურავიანი ქალები ცდილობენ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ. ვიდეოში ისმის საუბარი გერმანულ ენაზე. აღწერის მიხედვით, ვიდეო გერმანიის ქალაქ ბრემერჰავენში სოციალური სამსახურის მიერ ოჯახიდან უმცროსი ვაჟის გაყვანას ასახავს, რისი მიზეზიც სკოლის განცხადება გახდა, რომ ბიჭს ოჯახი ისლამისთვის “ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის” მიუღებლობას ასწავლიდა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ამის გამო სასამართლომ ოჯახს უფლებები ჩამოართვა და ბავშვი სოციალურ დაცვაში გადაიყვანა.
იდენტური ვიდეო მსგავსი აღწერით 30 აპრილს ფეისბუქ გვერდმა გალა გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნულია, რომ პუტინმა საქართველო და უკრაინა სწორედ “ამ სიბინძურისგან” გადაარჩინა.
მტკიცება, რომ გერმანიაში პოლიციამ ოჯახს ბავშვი იმის გამო ჩამოართვა, რომ მას რელიგიურ ნიადაგზე ჰომოსექსუალობის და ტრანსგენდერობის მიუღებლობას ასწავლიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეო მართლაც ქალაქ ბრემერჰავენის პოლიციას ასახავს, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიდეოს აღწერა ოპერაციის განხორციელების მიზეზების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიცია ოჯახისა და ბავშვის უფლებების დაცვიდან გამომდინარე მომხდარზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.
ვიდეოში ისმის საუბარი გერმანულ ენაზე. ერთ-ერთი ქალი, რომელიც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, ამბობს, რომ ბიჭს ეპილეფსიური გულყრები აქვს და პოლიციის ქმედებამ მას შეიძლება ზიანი მიაყენოს, პოლიციელი კი მას უხსნის, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ისინი სასამართლოს ბრძანებას ასრულებენ.
ვიდეო 28 აპრილს Twitter-ზე გამოქვეყნდა და აღწერაში ნათქვამი იყო, რომ ბავშვი პოლიციას და ბავშვთა დაცვის სამსახურს იდეოლოგიური განსხვავების გამო მიჰყავდათ ოჯახიდან, რადგან მას ასწავლიდნენ, რომ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერობა ისლამისათვის მიუღებელია.
ამავე დღეს ვიდეოს გამოეხმაურა ბრემერჰავენის პოლიცია. მათი კომენტარის მიხედვით ვიდეოს შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მას შეისწავლიდნენ.
29 აპრილს ბრემერჰავენის პოლიციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გავრცელებული ვიდეო ბრემერჰავენის პოლიციისა და ბავშვთა სოციალური სამსახურის ერთობლივ ოპერაციას ასახავს, თუმცა ვიდეოს აღწერა ოპერაციის განხორციელების მიზეზების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა და ბავშვის სოციალური სამსახურის მზრუნველობაში გადაყვანა უკანასკნელი ზომაა, რომელსაც მხოლოდ სერიოზული მიზეზების არსებობის შემთხვევაში მიმართავენ. პოლიციის განცხადების მიხედვით, ოჯახისა და ბავშვის დასაცავად მომხდარზე უფრო დეტალური ინფორმაციის გავრცელება არ შეუძლიათ და საზოგადოებას მოუწოდებენ თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. აღნიშნული განცხადება პოლიციის ვებ-გვერდის გარდა მათ Twitter-სა და Instagram-ზეც გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ბრემერჰავენის პოლიციის გამოხმაურება მოჰყვა, ონლაინ პლატფორმის მომხმარებლების მიერ კონტექსტი აქვს დართული, რომლის მიხედვითაც ბავშვი ოჯახიდან “გენდერული იდეოლოგიის რეგილიგური წინააღმდეგობის” გამო არ გაუყვანიათ და ამის რეალური მიზეზი არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის შესახებ გამოძიება გახდა. განმარტებაში მოყვანილია იორდანიული მედია Roya News-ის სტატიის ბმული, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციაში ოჯახის მეზობელმა იჩივლა, რომელსაც ხშირად ესმოდა ბავშვის ყვირილი. სტატიის მიხედვით გამოძიება ბავშვზე შესაძლო ძალადობის თაობაზე მიმდინარეობს და მის დასრულებამდე არასრულწლოვანი სახელმწიფო სამსახურების მეთვალყუროების ქვეშ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ ანგარიში Ин Хундадзе, რომელიც ვიდეოს მცდარი აღწერით ავრცელებს, “კონსერვატიული მოძრაობისა” და მასთან დაკავშირებული ტელევიზიის, ალტ-ინფოს მხარდამჭერია. აღნიშნულ ფეისბუქ მომხმარებელს დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. მას იდენტური პროფილის და გარეკანის ფოტოს მქონე მეორე ანგარიშიც აქვს – ნინი ხუნდაძე.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.