ვინ გამოაცხადა პანდემია სიცრუედ – ჰააგის თუ თვითგამოცხადებულმა “საერთაშორისო სასამართლომ”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

327
VIEWS

2022 წლის 30 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა თორნიკე ბიძინაშვილმა რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 15 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კორონავირუსის პანდემია ტყუილად, ხოლო ვაქცინაცია “სამედიცინო გენოციდად” გამოაცხადა. ვიდეოში ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლოს ამ “ისტორიული ვერდიქტით” 75 ადამიანს მასობრივი მკვლელობებისა და ძალადობრივი ვაქცინაციის ბრალდებების გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ჩამოერთვათ ქონება, ხოლო კორონავირუსის ვაქცინების შემდგომი წარმოება და გამოყენება სამართლებრივად აიკრძალა. როგორც ვიდეოში მოსაუბრე ქალი ამტკიცებს, დაპატიმრებულთა შორის არიან სახელმწიფოების მეთაურები, ფარმაცევტული კომპანიების მფლობელები და “კოვიდ-ისტერიის” შემქმნელი მედიების წარმომადგენლები. გარდა ამისა, ვიდეოს მიხედვით, ენტონი ფაუჩიმ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ PCR ტესტები მიმდინარე ინფექციას არ აჩვენებს, ხოლო კორონავირუსის ვაქცინები ბუნებრივ იმუნიტეტს ასუსტებენ.

იდენტური ვიდეო  29 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა ფანტინამ, ხოლო 1 თებერვალს  Ninu Nemsveridze Art-მაც გააზიარეს. 

Screenshot 9 2 ვინ გამოაცხადა პანდემია სიცრუედ - ჰააგის თუ თვითგამოცხადებულმა “საერთაშორისო სასამართლომ”? Screenshot 10 2 ვინ გამოაცხადა პანდემია სიცრუედ - ჰააგის თუ თვითგამოცხადებულმა “საერთაშორისო სასამართლომ”?

მტკიცება, თითქოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კორონავირუსის პანდემია – სიცრუედ, ხოლო ვაქცინაცია “სამედიცინო გენოციდად” გამოაცხადა, დეზინფორმაციაა. მსგავსი ვერდიქტის შესახებ ინფორმაცია არც ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე და არც სხვა რომელიმე სარწმუნო ღია წყაროში არ გვხვდება. დეზინფორმაცია სათავეს ვიდეოპორტალ Rumble-ზე გამოქვეყნებული მიმართვიდან იღებს, რომელიც არა ჰააგის “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს”, არამედ ლეგალური ავტორიტეტის არმქონე, თვითგამოცხადებული “საერთაშორისო სასამართლოს” სახელით გავრცელდა. 

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გაზიარებული ვიდეო პირველად TikTok-ის რუსულენოვანმა ანგარიშმა @brainruskii-მ 2022 წლის 28 იანვარს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ვიდეო რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. რეალურად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ვებ-გვერდზე, სადაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხვა სიახლეების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაა განთავსებული, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვხვდება. ვებ-გვერდის ახალი ამბების სექციაში 2022 წლის 15 იანვარს, როცა, ვიდეოს მიხედვით, სასამართლომ “ისტორიული ვერდიქტი” გამოაქვეყნა, არაფერი არ ატვირთულა. საგამოძიებო ჟურნალისტიკის პლატფორმა Re:Baltica ვიდეოს გადამოწმების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სპიკერსაც დაუკავშირდა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ICC-ს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

რუსულ ვიდეოში ინფორმაციის პირველწყაროდ მითითებულია არა ICC-ის ვებ-გვერდი, არამედ რუსულ ფორუმზე disclosureunion.forum2x2.ru-ზე 2022 წლის 16 იანვარს გამოქვეყნებული პოსტი. თავის მხრივ, აღნიშნული პოსტი ინგლისურენოვან ვიდეოს ეყრდნობა, რომლის ბმულიც ტექსტის დასაწყისშია მითითებული.

Screenshot 11 2 ვინ გამოაცხადა პანდემია სიცრუედ - ჰააგის თუ თვითგამოცხადებულმა “საერთაშორისო სასამართლომ”?

ინგლისურენოვან ვიდეოში ვინმე კევინ ანეტი აცხადებს, რომ 15 იანვარს “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლომ” (International Court of Common Law) კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს, ინგლისის დედოფალს, რომის პაპს, კომპანია Pfizer-ისა და GlaxoSmith-ის აღმასრულებელ დირექტორებს გენოციდის მოწყობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. კევინ ანეტის თქმის, თავად “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს” მთავარი მრჩეველია. ანეტის მიმართვა ვიდეოპორტალ Rumble-ზე 2022 წლის 15 იანვარს გამოქვეყნდა და სოციალური ქსელების ანტივაქსერმა მომხმარებლებმა ვირუსულად გაავრცელეს. 

Screenshot 12 1 ვინ გამოაცხადა პანდემია სიცრუედ - ჰააგის თუ თვითგამოცხადებულმა “საერთაშორისო სასამართლომ”?

კევინ ანეტის მიერ დასახელებული “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლო” სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჰააგაში განთავსებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანოში “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში” აერიათ და შესაბამისად, კევინ ანეტის მიერ წაკითხული ვერდიქტიც სწორედ ჰააგის სასამართლოს მიაწერეს. 

Screenshot 13 1 ვინ გამოაცხადა პანდემია სიცრუედ - ჰააგის თუ თვითგამოცხადებულმა “საერთაშორისო სასამართლომ”?
მარცხნივ ჰააგის “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ლოგო”, მარჯვნივ – კევინ ანეტის მიერ დასახელებული “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს” ლოგო.

რეალურად, “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლო” კანადის საზღვრების შიგნით თვითაღიარებული დამოუკიდებელი ერთეულის “კანატის რესპუბლიკის”  მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციაა. კანადის იუსტიციის სამინისტროს მიხედვით “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლო” აღიარებული საერთაშორისო ორგანო არ არის და მას არც კანადის ტერიტორიაზე აქვს ლეგიტიმაცია. როგორც სამართლის ექსპერტები განმარტავენ, “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს” მიერ მიღებული “ვერდიქტი” ლეგალური ძალის მქონე არ არის, რადგან “სასამართლოს” მისი აღსრულების არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია. 

“კანატის რესპუბლიკა”, მათივე ვებ-გვერდის მიხედვით, სუვერენული სახელმწიფოა, რომელმაც 2015 წლის 15 იანვარს კანადის საზღვრებს შიგნით დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კანადის მთავრობის მიხედვით, “კანატის რესპუბლიკა” ლეგიტიმურ სამთავრობო ან კანონშემოქმედებით ორგანოს არ წარმოადგენს. რესპუბლიკის ვებ-გვერდზე კევინ ანეტის არაერთი ვიდეო გვხვდება და იგი “დამფუძნებელ მოქალაქედ” და რესპუბლიკის სამიდან ერთ-ერთ რწმუნებულადაა მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბერში კევინ ანეტი “საერთო სამართლის საერთაშორისო სასამართლოს” სახელით კანადის მთავრობის მიერ პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებსაც უკანონოდ აცხადებდა

ვიდეოში გაჟღერებული სხვა დეზინფორმაცია

“სასამართლოს ვერდიქტის” გარდა რუსულენოვანი ვიდეო დეზინფორმაციულ მტკიცებებს კორონავირუსის ვაქცინებისა და PCR ტესტების შესახებაც შეიცავს:

  • დიდი ბრიტანეთის მთავრობის ანგარიში არ ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ვაქცინები ადამიანის ბუნებრივ იმუნიტეტს ასუსტებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშის მიხედვით: “N-ანტისხეულების დონე უფრო დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ვაქცინაციის ორი დოზის შემდეგ ინფიცირდებიან”. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ დასკვნის გამოტანა, რომ ვაქცინაცია ბუნებრივ იმუნურ სისტემას აზიანებს, შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციაა. კორონავირუსის ვაქცინებისა და იმუნიტეტის შესახებ გავრცელებული მცდარი მტკიცებებზე დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 

რატომ არ ნიშნავს N-ანტისხეულების დონის შემცირება ბუნებრივი იმუნიტეტის დაქვეითებას?

კორონავირუსის ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს – რას ამტკიცებს თინა თოფურია და რა დაადგინა შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ?

  • ენტონი ფაუჩის არ უთქვამს, რომ PCR ტესტებით მიმდინარე ინფიცირების დადგენა შეუძლებელია. ენტონი ფაუჩის მსგავსი სიტყვები ღია წყაროებით არ იძებნება.  PCR ტესტს ორგანიზმში აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის რეკომენდაციას როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და სხვადასხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები უწევს. PCR ტესტების ეფექტიანობის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ: 

როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება?

რას ამბობს ჯანმო  PCR ტესტებზე?

ზვიად ტომარაძის 3 დეზინფორმაცია და 1 მანიპულაცია PCR ტესტების და ვაქცინების შესახებ

ანტივაქსერი ექიმების 9 მცდარი ინფორმაცია კორონავირუსის, PCR ტესტებისა და ვაქცინების შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist