ზვიად ტომარაძის 3 დეზინფორმაცია და 1 მანიპულაცია PCR ტესტების და ვაქცინების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

ზვიად ტომარაძის 3 დეზინფორმაცია და 1 მანიპულაცია PCR ტესტების და ვაქცინების შესახებ
18
VIEWS

28 ოქტომბერს ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ “ალტ-ინფოს” გადაცემიდან “დღის კომენტარი”, რომლის სტუმარიც თავად იყო, ამონარიდი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინტერვიუში ზვიად ტომარაძემ რამდენიმე მცდარი და მანიპულაციური მტკიცება გააჟღერა:

  1. კორონავირუსის ტესტები  სეზონურ გრიპებსა და ენტეროვირუსებს კორონავირუსისგან ვერ ასხვავებს;
  2. ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ჩაიწერა, რომ ვაქცინაციის შესაძლო გართულებაზე სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის;
  3. კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით – აცრილებიც და აუცრელებიც ზუსტად ერთნაირად ავრცელებენ ვირუსს;
  4. მერილენდის გუბერნატორის მრჩევლის, რობერტ რედფილდის მიხედვით, ბოლო  6-8 კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 40%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო, რაც ვაქცინის არაეფექტიანობაზე მიანიშნებს.

"
1. მტკიცება, რომ PCR ტესტს კოვიდ-19-ის გრიპის ვირუსისგან განსხვავება არ შეუძლია მცდარია, რადგან PCR ტესტს კორონავირუსის გენომის ძალიან სპეციფიკური უბნების გამოვლენა შეუძლია. 2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის მიხედვით,  ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. 3. კალიფორნიაში ჩატარებული კვლევა ინფექციურობაზე ინფორმაციას არ გვაწვდის. 4. რედფილდმა კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობის შესახებ არა ვაქცინების არაეფექტიანობის საჩვენებლად, არამედ ბუსტერ დოზების აუცილებლობის საილუსტრაციოდ ისაუბრა.

დეზინფორმაცია N1: კორონავირუსის ტესტები  სეზონურ გრიპებსა და ენტეროვირუსებს კორონავირუსისგან ვერ ასხვავებს.

PCR  ტესტებს (CDC 2019-Novel Coronavirus Real-Time RT-PCR Diagnostic Panel), რომლებიც 2020 წლის თებერვალიდან, პანდემის დასაწყისიდან გამოიყენება, უკუტრანსკრიფციის მეთოდით  COVID-19 ინფექციის ნიშნების გამოვლენის უნარი აქვს. Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის ე.წ რნმ-ის არსებობას ცხვირხახის ნაცხის ნიმუშში განსაზღვრავს. ტესტი ვირუსის ორგანიზმში არსებობის ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე და ინფექციის გართულების დროს გამოიყენება.

2021 წლის 21 ივლისს CDC-ის ახალი რეკომენდაციის მიხედვით, სასურველია 2020 წლიდან ლაბორატორიებმა ახალი ტიპის ტესტი გამოიყენონ, რომელსაც კორონავირუსისა და გრიპის ვირუსის ერთმანეთისგან დიფერენცირების უნარი აქვს.  უახლეს ტესტს, რომლის შესახებაც CDC რეკომენდაციას გასცემს, შეუძლია პაციენტი ერთდროულად გრიპზე და კორონავირუსზე შეამოწმოს, რამდენადაც CDC-ის 2020 წლის თებერვლის PCR ტესტს მხოლოდ COVID-19 ინფექციის ნიშნების გამოვლენის უნარი აქვს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: “CDC რეკომენდაციას უწევს კლინიკურ ლაბორატორიებს და სატესტო ადგილებს, გადავიდნენ FDA-ს მიერ ავტორიზებულ COVID-19-ის ტესტზე.  ასეთ ტესტებს შეუძლია გააადვილოს შემდგომი ტესტირება როგორც გრიპზე, ასევე SARS-CoV-2-ზე და დაზოგოს დრო და რესურსები გრიპის სეზონის წინ.”

სოციალური მედიის მომხმარებლებმა ამ რეკომენდაციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და ამტკიცებდნენ, რომ ახალი ტიპის ტესტებზე გადასვლა PCR ტესტების ხარვეზიანობაზე მეტყველებს, რომ ტესტი ერთმანეთისაგან კორონავირუსსა და გრიპს ვერ ასხვავებს, რამაც კორონავირუსის სტატისტიკის ზრდა და გრიპის რაოდენობის შემცირება გამოიწვია.

სინამდვილეში, PCR ტესტები ვირუსული გენომის ძალიან სპეციფიკური უბნების გამოსავლენად არის შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ტესტი “დაიბნეს” და COVID-19 ვერ ამოიცნოს. ფაქტების გადამმოწმებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, apnews.com ინფორმაციის გადასამოწმებლად მაიოს ვირუსოლოგიის ლაბორატორიის დირექტორს, მეთიუ ბინიკერს მიმართა. ბინიკერის მიხედვით,  არსებული ტესტები ერთმანეთისგან კორონავირუსსა და სხვა ვირუსებს ასხვავებენ და გრიპის არსებობის შემთხვევაში, ტესტი COVID-19-ზე დადებითი არ იქნება.

მეთიუ ბინიკერი, მაიოს ვირუსოლოგიის ლაბორატორიის დირექტორი: ”PCR ტესტები, მათ შორის CDC-ის მიერ შემუშავებული, ძალიან ზუსტია და შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს SARS-CoV-2 და გრიპი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, COVID-19 ტესტი არ იქნება დადებითი, თუ ადამიანს ნამდვილად აქვს გრიპი და პირიქით.”

აღსანიშნავია, რომ არც CDC-სა და არც FDA-ს არ გასჩენით ეჭვი PCR ტექნოლოგიის ეფექტიანობაზე. „PCR ტესტები ზოგადად ითვლება „ოქროს სტანდარტად“ COVID-19 დიაგნოსტიკისთვის“, – დაადასტურა  FDA-ს წარმომადგენელმა ჯეიმს მაკკინიმ.

დეზინფორმაცია N 2: ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად ჩაიწერა, რომ ვაქცინაციის შესაძლო გართულებაზე მწარმოებელი და სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის. 

სინამდვილეში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში 2021 წლის 28 იანვარს შესული ცვლილების მიხედვით,  ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.  “საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და მასში განხორციელებული ყველა ცვლილება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე ღიადაა ხელმისაწვდომი. კანონი საქართველოს პარლამენტმა 2007 წელს მიიღო და იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა ასპექტებთან ერთად ქვეყანაში გადამდები დაავადებების გავრცელებისა და ეპიდემიური სიტუაციის მართვის წესებსაც განსაზღვრავს. ცვლილება რომლის შესახებაც ტომარაძე საუბრობს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში 2021 წლის 28 იანვარს შევიდა. კანონში შესული ცვლილების თანახმად, პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია:

ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით;
ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით;
გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.

"
ცრუ ინფორმაცია ჯანმრთელობის კანონში შესული ცვლილებების შესახებ ადრეც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
ინფორმაცია, კანონში სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ შესული ცვლილებების შესახებ, ყალბია;
რატომ შეცვალა პრეზიდენტმა ჯანდაცვის კანონი და რა შეხვედრებს ასახავს ზურაბიშვილის ფოტოები?

დეზინფორმაცია N3: კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით აცრილებიც და აუცრელებიც ზუსტად ერთნაირად ავრცელებენ ვირუსს.

სინამდვილეში, კვლევაში, რომლის შესახებაც ზვიად ტომარაძე საუბრობს ნათქვამია, რომ  ვაქცინირებული და არავაქცინირებული ინფიცირებულების ორგანიზმში დაახლოებით თანაბარი ვირუსული დატვირთვა აღმოაჩინეს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვირუსს თანაბრად ავრცელებენ. ამ კვლევის შედეგად არ დადგენილა, რომ ვაქცინირებული და არავაქცინირებული ინფიცირებულები თანაბრად გადამდები არიან. შესაბამისად, კვლევის შედეგებიდან ამ დასკვნის გამოტანა, მანიპულაციურია.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ავრცელებენ თუ არა ვაქცინირებულები და არავაქცინირებულები ვირუსს თანაბრად?

მანიპულაცია: მერილენდის გუბერნატორის მრჩევლის, რობერტ რედფილდის მიხედვით, ბოლო  6-8 კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 40%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო, რაც ვაქცინის არაეფექტიანობაზე მიანიშნებს.

სინამდვილეში, რედფილდმა მერილენდის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობის შესახებ არა ვაქცინების არაეფექტიანობის საჩვენებლად, არამედ ბუსტერ დოზების აუცილებლობის საილუსტრაციოდ ისაუბრა. რედფილდმა Fox News-თან იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ სრულად ვაქცინაცია საკმარისი არ არის, მან მერილენდის შტატში ბოლო 6-8 კვირაში გარდაცვლილთა შორის ვაქცინირებულთა პროცენტული წილი ახსენა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში ბუსტერ დოზების გაკეთება შექმნილი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა თქვა რეალურად მერილენდის შტატის გუბერნატორის მრჩეველმა ვაქცინირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ზვიად ტომარაძე
ზვიად ტომარაძე
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist