რატომ არ ნიშნავს N-ანტისხეულების დონის შემცირება ბუნებრივი იმუნიტეტის დაქვეითებას? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

106
VIEWS

14 იანვარს ფეისბუქ-პროფილმა Nozadze Mishka ჯგუფში “უარი ვირუსის ავტორებისგან გამოგზავნილ ვაქცინას” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღიარებს, რომ ვაქცინებმა ბუნებრივი იმუნური სისტემა დააზიანა და ორმაგი ვაქცინაციის შემდეგ, ადამიანებმა კორონავირუსის ვარიანტების და, შესაძლოა, ნებისმიერი სხვა ვირუსის წინააღმდეგ სრული ბუნებრივი იმუნიტეტი ვეღარ გამოიმუშავონ.

როგორც პოსტის ავტორი წერს, ანგარიშის 23-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ N-ანტისხეულების დონე უფრო დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ვაქცინაციის ორი დოზის შემდეგ ინფიცირდებიან.

პოსტში გამოთქმული მტკიცებები შეცდომაში შემყვანია და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ანგარიშში მოცემული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის გზით ადრეულმა “ვირუსულმა ნეიტრალიზაციამ”, შესაძლოა, ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებისას N-ანტისხეულების განვითარება შეზღუდოს, თუმცა ეს იმუნიტეტის დონეზე არ იმოქმედებს. იმავე ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 2021 წლის ივნისი-ოქტომბრის პერიოდში კოვიდგადატანილებში მაღალია S-ანტისხეულების დონე, რომლებიც ასევე ქმნის ვირუსის მიმართ იმუნიტეტს. ამასთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ N-ანტისხეულები ყველას ორგანიზმში გარანტირებულად არ ვლინდება.

პოსტის ავტორს იმ მტკიცების არგუმენტად, რომ ვაქცინაცია ბუნებრივ იმუნიტეტს აზიანებს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის COVID-19-ის ვაქცინის მეთვალყურეობის 2021 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიში მოჰყავს. კონკრეტულად კი 23-ე გვერდს ასახელებს, სადაც წერია, რომ “N-ანტისხეულების დონე უფრო დაბალია იმ ადამიანებში, რომლებიც ვაქცინაციის ორი დოზის შემდეგ ინფიცირდებიან”. 

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმ დასკვნის გამოტანა, რომ ვაქცინაცია ბუნებრივ იმუნურ სისტემას აზიანებს, არასწორია და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციაა. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს N- და S-ანტისხეულები, N-ანტისხეულები მხოლოდ ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავდება, S-ანტისხეულები კი არა მხოლოდ  ბუნებრივი ინფიცირების, არამედ ვაქცინაციის შედეგიც შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ ორგანიზმში N-ანტისხეულების შედარებით დაბალი დონე არ ნიშნავს, რომ ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ანტისხეულები არ აქვს ან იმუნიტეტი დაუქვეითდა.

დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ანგარიშში მოცემულია მონაცემები, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს S-ანტისხეულები საკმაოდ მაღალია, რაც N-ანტისხეულების მსგავსად, მათ ვირუსის მიმართ იმუნიტეტს ანიჭებს. 2021 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულების დონე უმეტესად 2500-<10 000 შუალედში მერყეობს. 

ანგარიშის შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციები დიდ ბრიტანეთის სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, რის შემდეგაც მათი მტკიცებები Reuters-მა გადაამოწმა. ისინი ლონდონის King’s College-ის გენეტიკური ეპიდემიოლოგიის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმდინარე კვლევის (ZOE COVID Study) წამყვან მეცნიერს, ტიმ სპექტორსაც დაუკავშირდნენ.

მისი განმარტებით, სხვადასხვა სახის ანტისხეულები არსებობს, რომლებიც კორონავირუსისგან დამცველობას გვთავაზობს, თუმცა მეტად ან ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტის გარანტიას არცერთი გვაძლევს, რეინფიცირება ორივე შემთხვევაში, ვაქცინაციის და ვირუსის გადატანის შემდეგაც შესაძლებელია. სპექტორის თქმით, N-ანტისხეულები მხოლოდ მაშინ გამომუშავდება, როცა ადამიანი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ანუ ვირუსით ბუნებრივად ინფიცირების შემთხვევაში. ამ ტიპის ანტისხეულები SARS-CoV-2-ის ვირუსის მოლეკულას, სახელად ნუკლეოკაპსიდს (N) ცნობენ. რაც შეეხება S-ანტისხეულებს, ისინი ვირუსის ზედაპირზე სპაიკ ცილას (S) ეძებენ, ამ ტიპის ანტისხეულები, შესაძლოა, გამომუშავდეს როგორც ბუნებრივი ინფიცირების, ისე ვაქცინაციის შემდეგ.

სპექტორის თქმით, კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ N-ანტისხეულები ყველას ორგანიზმში გარანტირებულად არ ვლინდება. ბოლო ანალიზის მიხედვით, 5-დან 1 ადამიანს, რომელიც კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, N-ანტისხეულები არ აღმოაჩნდა. 

როგორც Reuters წერს, პროფესორ სპექტორის კომენტარები Meedan Health Desk-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმაც დაადასტურეს, მათი თქმით, ვაქცინაციის გზით ადრეულმა “ვირუსულმა ნეიტრალიზაციამ”, შესაძლოა, ორგანიზმის რეაქცია შეცვალოს და ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებისას N-ანტისხეულების შემდგომი განვითარება შეზღუდოს, თუმცა ეს იმუნიტეტის დონეზე არ იმოქმედებს. 

მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომბინირებული S- და N-ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ უკეთეს იმუნიტეტს არ გვთავაზობს. მათ დაასახელეს 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის მსგავსი დაავადებით ჰოსპიტალიზებული ადამიანებიდან, რომელთა ინიფიცირება ან ვაქცინირება ჰოსპიტალში მოხვედრამდე 90-179 შუალედში მოხდა, მათ შორის ვისაც ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდათ, პროცენტულად უფრო მეტი არავაქცინირებული იყო, რომლებიც აქამდეც იყვნენ ინფიცირებული. კონკრეტულად კი კორონავირუსი 6328 სრულად ვაქცინირებულიდან 324 ადამიანს დაუდასტურდა (5.1%), ხოლო 1020 არავაქცინირებული, კოვიდგადატანილიდან 89 ადამიანს (8.7%).

წყაროს შესახებ

N-ანტისხეულებისა და ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ შეცდომაში შემყვანი პოსტი ფეისბუქ-მომხმარებელმა  Nozadze Mishka ჯგუფში “უარი ვირუსის ავტორებისგან გამოგზავნილ ვაქცინას” გამოაქვეყნა. ჯგუფი 2021 წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და სახელი არაერთხელ შეიცვალა, სხვადასხვა დროს ჯგუფს “სიცოცხლის უწყვეტი ხაზი”, “ჭეშმარიტება!! სულის უკვდავებაშია” და “უარი ჯანმოს დიქტატურას” ერქვა. ჯგუფში ანტივაქსერული და კონსპირაციული პოსტები აქტიურად ვრცელდება.

Nozadze Mishka ჯგუფის შექმნის დღიდან მისი ადმინისტრატორია. მისი ჯგუფისა და პირადი პროფილის გარეკნის ფოტო ერთმანეთის იდენტურია. მას პროფილზე rumble.com-ის ანგარიში, სახელად “Adamiani” აქვს მითითებული, რომელზეც კორონავირუსის პანდემიასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით კონსპირაციული და დეზინფორმაციული ვიდეოებია გამოქვეყნებული. 

ფეისბუქ-პროფილზე იუთუბ-არხის ბმულიცაა მითითებული, თუმცა მასზე გადასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იუთუბ-არხი წესების დარღვევის გამო გაუქმებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist