კორონავირუსის ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს – რას ამტკიცებს თინა თოფურია და რა დაადგინა შვედეთში ჩატარებულმა კვლევამ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

89
VIEWS

2021 წლის 14 დეკემბერს ანტივაქსერმა ჰომეოპათმა თინა თოფურიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ შვედეთში 1.6 მილიონი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა ცხრათვიანმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულებს იმუნური სისტემა უსუსტდებათ და ახალი დაავადება, “ვაქცინაციით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი” ემართებათ, რაც მათ სხვა ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდით. პოსტში ნათქვამია, რომ სწორედ ვაქცინით გამოწვეული იმუნოდეფიციტით აიხსნება ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტის და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარება. 14 დეკემბერს თინა თოფურიამ აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ინფორმაციის წყაროდ კონსპიროლოგი და ანტივაქსერი ექიმების ორგანიზაციის “America’s Frontline Doctors”-ის ვებ-გვერდზე  5 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატიას უთითებს. აღნიშნულ სტატიაში შვედეთში ჩატარებული არარეცენზირებული კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია გვხვდება.

"

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის შესახებ თინა თოფურიამ “ქართული TV”-ის 14 დეკემბრის გადაცემაშიც ისაუბრა. გადაცემის ჩანაწერი, რომელშიც თინა თოფურია ექიმ თინათინ გოცაძესთან ერთად კორონავირუსის ვაქცინაციის თემას განიხილავს, 19 დეკემბერს ფეისბუქ ანგარიშმა ვამეხი გამოაქვეყნა.
"
მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინით იმუნიტეტის დასუსტება და შეძენილი იმუნოდეფიციტის განვითარება შვედურმა კვლევამ დაადასტურა, სიმართლეს არ შეესაბამება. კვლევის რეცენზირებამდელ ვერსიაში ვაქცინასთან დაკავშირებული იმუნოდეფიციტის შესახებ არაფერია ნათქვამი. ცნობა ვაქცინის ამ გვერდითი ეფექტის შესახებ, რომელსაც შვედური კვლევის ავტორი ტყუილს უწოდებს, სათავეს ანტივაქსერული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაციული სტატიიდან იღებს. 

  • შვედურმა კვლევამ არა “ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი” და “იმუნური ეროზია”, არამედ მესამე გამაძლიერებელი დოზის საჭიროება დაადგინა 

ამერიკული კონსპირაციული და ანტივაქსერული ორგანიზაციის “America’s Frontline Doctors”-ის ვებ-გვერდზე გამოქყვეყნებული სტატიაში, რომელსაც თინა თოფურია წყაროდ უთითებს, ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ “Lancet”-ში გამოსაქვეყნებლად მომზადებულ, ჯერკიდევ არარეცენზირებული კვლევის შედეგების მცდარ ინტერპრეტაცია გვხვდება. რეალურად, შვედი მკვლევრების ჯგუფმა Moderna-ს, Pfizer/BionTech-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობის შესასწავლად 2021 წლის 12 იანვრიდან 4 ოქტომბრამდე 1.6 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეაგროვა, რომელთაგანაც ნახევარი დასახელებული ვაქცინების ორი დოზით იყო აცრილი, ხოლო მეორე ნახევარი აუცრელი. კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო, ინარჩუნებს თუ არა ვაქცინები სიმპტომური COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანობას აცრიდან 6 თვის შემდეგ.

როგორც კვლევის მიგნებებში ვკითხულობთ, მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის 92%-იანი ეფექტიანობა აცრიდან 4-6 თვის გასვლის შემდეგ 42%-მდე შემცირდა, ხოლო 211 დღის შემდეგ ვაქცინის ეფექტიანობა სრულად მიილია. Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა საკვლევი პერიოდის განმავლობაში შედარებით ნელი ტემპით მცირდებოდა (აცრიდან 6 თვის შემდეგ ვაქცინა 59%-ით ეფექტიანი იყო), ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა აცრიდან სამი თვის განმავლობაში მეტნაკლებად სტაბილურად შენარჩუნდა. ამასთანავე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა უფრო სწრაფად მიილევა მამაკაცების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ხანდაზმულების შემთხვევაში. ამ შედეგების გათვალისწინებით კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ:

“ვაქცინის ეფექტიანობა Covid-19-ის სიმპტომური შემთხვევების წინააღმდეგ დროთა განმავლობაში ყველა ჯგუფში პროგრესულად ქრება, თუმცა ეფექტიანობის კლების ტემპი დამოკიდებულია ვაქცინის ტიპზე, ინდივიდის სქესზე და ასაკზე. მძიმედ ინფიცირების წინააღმდეგ ვაქცინა ეფექტიანობას ინარჩუნებს 9 თვის განმავლობაში… ეს აძლიერებს მესამე, გამაძლიერებელი დოზის ადმინისტრირების სასარგებლო არგუმენტაციას.

ამგვარად, არც აღნიშნული კვლევის რეზიუმეში და არც სტატიის სრულ ვერსიაში (გადმოწერა შესაძლებელია ბმულზე) არსადაა ნათქვამი, რომ ვაქცინაცია იმუნიტეტის ეროზიას ან შეძენილ იმუნიდეფიციტს იწვევს, რომელიც ინდივიდს სხვა ინფექციების მიმართ მოწყვლადს გახდის. რეალურად, ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესწავლა აღნიშნული კვლევის მიზანს საერთოდ არ წარმოადგენდა. კორონავირუსის ვაქცინების გვერდითი მოვლენების და მათი გამოვლენის სიხშირის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატიები:

მას შემდეგ, რაც “America’s Frontline Doctors”-ის დეზინფორმაციული სტატია სოციალურ ქსელში ანტივაქსერულად განწყობილმა მომხმარებლებმა ვირუსულად გაავრცელეს, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა AFP Fact Check შვედური კვლევის ერთ-ერთ ავტორს, შვედეთის სამედიცინო საზოგადოების წევრსა და უმეას უნივერსიტეტის პროფესორს პიტერ ნორდსტორმს დაუკავშირდა, რომელმაც  ვაქცინით გამოწვეული იმუნოდეფიციტის შესახებ გავრცელებულ მტკიცებებს დეზინფორმაცია უწოდა. ნორდსტორმის თქმით, ტყუილია, თითქოს კვლევის მონაწილეთა რომელიმე ქვეჯგუფში ვაქცინებმა რაიმე განსაკუთრებული და მოულოდნელი გვერდითი ეფექტები გამოიწვიეს.

პიტერ ნორდსტორმი, კვლევის ავტორი: “ტყუილია, რომ ვაქცინაცია იმუნურ ეროზიას ან შეძენილ იმუნოდეფიციტს იწვევს. არც ჩვენი კვლევის მონაცემებისა და არც ჩემთვის ცნობილი სხვა მონაცემების მიხედვით, ამგვარი რამ [ “იმუნური ეროზია”]  არ არსებობს.”

“America’s Frontline Doctors”-ის შესახებ

ორგანიზაცია America’s Frontline Doctors (AFLDS)  2019 წელს ექიმმა სიმონე გოლდმა დაარსა. ორგანიზაციის პოპულარობა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის დროს გაიზარდა. ორგანიზაციის დამაარსებელმა ექიმმა საჯაროდ არაერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან განკურნების მარტივი გზა არსებობს და ეს მალარიის საწინააღმდეგო ჰიდროქსიქლოროქვინია. ორგანიზაციის სახელით პანდემიის არარსებობის, კორონავირუსის მკურნალობის მეთოდების, პირბადეებისა და ვაქცინების შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. ვრცლად იხილეთ მასალები:

”ქართული TV”-ის ვიდეოში გაჟღერებული სხვა დეზინფორმაციები:

“ვაქცინაციით შეძენილი იმუნოდეფიციტის” გარდა “ქართული TV”-ის გადაცემაში თინა თოფურია და თინათინ გოცაძე იმ მცდარ ცნობებსაც აჟღერებენ, რომელთა შესახებაც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  1. მტკიცება, თითქოს ისრაელში “ვაქცინირებულთა ეპიდემიაა” და ვაქცინაციის მაღალმა მაჩვენებელმა კორონავირუსით ინფიცირება და სიკვდილიანობა გაზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა. მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ შემცირებულია გართულებების რიცხვიც. ვრცლად იხილეთ:

  1. არ არსებობს ვალიდური მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ექიმი ზელენკოს მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია, ხოლო მტკიცება, თითქოს ზევ ზელენკომ დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან განკურნა, დეზინფორმაციაა. მცდარ მტკიცებებსა და ყალბ ცნობებზეა აგებული ე.წ. “ზელენკოს ანგარიშიც”.

  1. მტკიცება, თითქოს Pfizer-მა ავტორიზაციის მისაღებად კლინიკური კვლევების მესამე ფაზის მონაცემები გააყალბა და ვაქცინას ავტორიზაცია უკანონიდ მიანიჭეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

  1. Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალფრედ ბურლა ვაქცინის კვლევების გაყალბების გამო არ დაუკავებიათ.

  1. მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩი მინდობით აღზრდაში მყოფ და მიუსაფარ ბავშვებზე ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდა, მანიპულაციურია. რეალურად, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტი ნიუ-იორკში მინდობით აღზრდაში მყოფი აივ-დადებითი ბავშვების მკურნალობისთვის კლინიკურ კვლევებს აფინანსებდა, თუმცა ამ ბავშვების მინდობით აღზრდაში გადასვლა მათზე “ბიოლოგიური ექსპერიმენტების” ჩატარების მიზნით არ მომხდარა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist