23-24 მარტს ფეისბუქ გვერდმა პოლიტიკური სამარე N5 და რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა (1,2,3,4) ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტის სქრინშოტი გამოაქვეყნეს, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ვიზიტს შეეხებოდა. პოსტის მიხედვით, ნაპოლში წასვლის მიუხედავად, კვარაცხელია “ქაჯად” და “გოიმად” რჩება და ის ჩამოსვლისთანავე გაემართა “შავრაზმელთა ბანდაში”, რომელსაც საპატრიარქო ჰქვია.
გავრცელებული ციტატა ყალბია, სანაიას მსგავსი შინაარსის პოსტი არ გამოუქვეყნებია. აღნიშნული განცხადების ავთენტურობა ვახო სანაიამ თავადაც უარყო.
გავრცელებული ციტატა არც სანაიას ფეისბუქის პირად გვერდზე და არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც სანაიას პოსტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, ერთსა და იმავე სქრინშოტს ეყრდნობა, რომელზეც ზუსტად 102 რეაქცია, 6 კომენტარი და 4 გაზიარებაა. ყველა გაზიარებულ სქრინშოტზე ასევე მითითებულია, რომ პოსტი 40 წუთის წინ არის გამოქვეყნებული.
თავად სანაია გავრცელებულ ინფორმაციას 23 მარტს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა. ჟურნალისტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც კვარაცხელიამ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით სწორი პოსტი დაწერა და სანაიამ პოსტი ეთერში წაიკითხა, ტროლების და ბოტების აქტიურობა შეჩერდა. შემდეგ კი კვარაცხელიას საპატრიარქოში ვიზიტის შესახებ გაყალბებული პოსტი გამოჩნდა და ის აქტიურად ვრცელდება.
სანაიას მტკიცებით, გაყალბებული პოსტის გავრცელება, კამპანიის ნაწილია, რომელიც ყველა იმ პირის წინააღმდეგაა გაჩაღებული, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს მხარს არ უჭერდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს, აქტივისტებს ან სხვა ცნობად პირებს ხვიჩა კვარაცხელიას საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას ან ქმედებებს მიაწერენ. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაციები:
- ინფორმაცია, თითქოს მაქარაშვილმა კვარაცხელიას გუნდის მაისურის დაწვა, მტკიცებულების გარეშეა
- ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი ვრცელდება
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ გვერდი პოლიტიკური სამარე N5 “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს და ანტიოპოზიციური და მედიის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. გვერდი 2022 წლის ოქტომბერში, გვერდი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილეობდა, მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. 2023 წლის თებერვალში გვერდმა ინგა გრიგოლიას პროგრამულად დამუშავებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ლიზა იასკოს ფეისბუქ პოსტს კითხულობს.
ფეისბუქ მომხმარებელი დავით თორდია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და გვერდი “ლიდერი 41-ის” ადმინისტრატორია, რომელზეც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტები რეგულარულად ქვეყნდება. თორდიას მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- ვის გაშარჟებას ცდილობს ლიდერი 41-ის ადმინისტრატორი გიორგიევსკის ლენტიანი ბებოთი?
- ფოტომანიპულაცია, თითქოს ხაბეიშვილს თავზე სააკაშვილის ტატუ აქვს
- რა ქონებას ფლობს ზელენსკი და უკავშირდება თუ არა ის პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობას?
- არის თუ არა ფოტოზე გამოსახული მამაკაცი წალენჯიხის მერი?
ფეისბუქ ანგარიში თათა ნიკოლოზ ანტიდასავლური და ანტიოპოზიციური შინაარსის დეზინფორმაციულ მტკიცებებს ხშირად ავრცელებს. 2022 წლის სექტემბერში ანგარიშმა ვახო სანაიას გაყალბებული ციტატა გაავრცელა, რომელშიც სანაია გაეროს სთხოვდა დაცვას, ხოლო 2020 წლის აგვისტოში ანგარიში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აგვისტოს ომის დროს მაშინდელი ხელისუფლების წევრებმა საქართველო დატოვეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.