აერია თუ არა ჯო ბაიდენს პაპი ფრანცისკე ბეისბოლის აფრო-ამერიკელ მოთამაშეში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6.1k
VIEWS

13 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Нини Хундадзе-მ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რომის პაპი ფრანცისკეს ამსახველი რამდენიმეწამიანი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ბაიდენი პაპს შემდეგნაირად მიმართავს: “ამერიკაში შენ ცნობილი აფრო-ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე ხარ.” ვიდეოს შემდეგ კადრში მთარგმნელი ქალი ჩანს, რომელიც ტიტრების მიხედვით, პაპს მიმართავს და ეუბნება: “ახლახანს მან აფრო-ამერიკელი დაგიძახათ.” 

პაპისა და ბაიდენის ვიდეო, სადაც  ბაიდენის ციტატა ისმის,  2021 წელს რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც (1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15) გაავრცელეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბაიდენს პაპი ბეისბოლის აფრო-ამერიკელ მოთამაშეში აერია. რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების ნაწილს კრემლის პროპაგანდისტული გადაცემის “60 წუთის” ლოგო ადევს. ბაიდენისა და რომის პაპის შეხვედრის ვიდეო 2021 წლის 29 ოქტომბერს გადაცემა “60 წუთის” წამყვანმა ოლგა სკაბეევამ თავის ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა და შემდეგნაირად დაასათაურა: “ბაიდენი რომის პაპს: ‘თქვენ ყველაზე ცნობილი აფროამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე ხართ ამერიკაში.’ ბაბუს საერთოდ შეატყობინეს ვის ხვდებოდა?”

Screenshot 1 7 აერია თუ არა ჯო ბაიდენს პაპი ფრანცისკე ბეისბოლის აფრო-ამერიკელ მოთამაშეში? Screenshot 2 7 აერია თუ არა ჯო ბაიდენს პაპი ფრანცისკე ბეისბოლის აფრო-ამერიკელ მოთამაშეში?

მტკიცება, თითქოს ბაიდენს პაპი ფრანცისკე ბეისბოლის მოთამაშეში აერია, ყალბია. რეალურად, ვიდეოს გავრცელებული ვერსია ისეა მოჭრილი, რომ აზრი იცვლება და არ ჩანს, რომ ბაიდენი პაპს ბეისბოლის აფრო-ამერიკელი ვარსკვლავის სეტჩელ პეიჯის ასაკთან დაკავშირებულ ისტორიას უყვება. 

ჯო ბაიდენის და პაპი ფრანცისკე ერთმანეთს 2021 წლის 21 ოქტომბერს ვატიკანში შეხვდნენ. 

Screenshot 4 6 აერია თუ არა ჯო ბაიდენს პაპი ფრანცისკე ბეისბოლის აფრო-ამერიკელ მოთამაშეში?

გავრცელებული ვიდეო სწორედ ამ შეხვედრას ასახავს. პრეზიდენტისა და რელიგიური ლიდერის ამ დიალოგის ვრცელ ვერსიაში ნათლად ჩანს, რომ ბაიდენი პაპს ცნობილი აფრო-ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშის სეტჩელ პეიჯის ისტორიას უყვება. პრეზიდენტი ამბობს, რომ პეიჯმა უდიდესი გამარჯვება 47 წლის ასაკში საკუთარ დაბადების დღეზე მოიპოვა, რაც იქამდე არავის გაუკეთებია. ბაიდენმა ეს ისტორია მისი და პაპის ასაკთან დაკავშირებით გაიხსენა. მან პაპს ის კითხვა დაუსვა, რაც პეიჯმა ჟურნალისტებს: “რამდენი წლის იქნებოდით, რომ არ გცოდნოდა, რეალურად, რამდენი წლის ხართ?” საბოლოოდ, პრეზიდენტმა რომის პაპს მიმართა და უთხრა, რომ ის 65 წლის იყო, ხოლო თავად – 60-ს, დიალოგის ბოლოს ორივე მამაკაცმა გაიცინა. რაც შეეხება მთარგმნელს, ის პაპს ბაიდენის საუბარს იტალიურად უთარგმნიდა და არ უთქვამს, რომ პრეზიდენტმა პაპს  აფრო-ამერიკელი დაუძახა. 

ჯო ბაიდენი, აშშ-ს პრეზიდენტი: [ბუნდოვანია] ცნობილი აფრო-ამერიკელი ბეისბოლის მოთამაშე ამერიკაში. რადგან შავკანიანი იყო დიდ ტურნირებში მონაწილეობას ვერ იღებდა, ასეთი შანსი მხოლოდ 47 წლის ასაკში მიეცა. პიჩერის პოზიციაზე თამაშობდა.  როგორც წესი ამ პოზიციაზე მოთამაშეები ძალას 35 წლის ასაკში კარგავენ. მან კი თავის 47-ე დაბადების დღეზე მოიგო. ჟურნალისტები მის გასახდელ ოთახში შევიდნენ და უთხრეს – მისი სახელი იყო სეტჩელ პეიჯი – შევიდნენ და უთხრეს: “სეტჩ, 47 წლის ასაკში არავის მოუგია, დაბადების დღეზე მოგება როგორ მოგწონს?” მან შეხედა ჟურნალისტებს და მიუგოთ: “ბიჭებო, მე ასაკს ეგრე არ ვუყურებ. ასე ვფიქრობ: რამდენი წლის იქნებოდით, რომ არ იცოდეთ, რამდენი წლის ხართ?” თქვენ 65-ს ხართ, მე 60-ის!”

რამდენიმეწამიანი მოჭრილი ვიდეო, სადაც სრულად არ ჩანს, თუ რეალურად რაზე საუბრობს ბაიდენი, სხვადასხვა ქვეყანაშიც ფართოდ გავრცელდა. ვიდეო Reuters-სა და Raskrinkavanje-ს ფაქტების ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს. 

ჯო ბაიდენთან დაკავშირებული ვიზუალური მანიპულაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ვატიკანი, იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist