გასცა თუ არა ფილიპინებმა ბილ გეიტსის დაპატიმრების ორდერი?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

246
VIEWS

4 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა, მერაბ რატიშვილმა, რომელსაც დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია, გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ფილიპინებმა ვაქცინასთან დაკავშირებული “განზრახ მკვლელობისთვის” ბიზნესმენი და ფილანტროპი ბილ გეიტსის დაპატიმრების ორდერი გასცა.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ 1995 წელს ფილიპინებმა გაეროს სააგენტო UNICEF-ი ფარული სტერილიზაციის კამპანიაში დაადანაშაულა და ტეტანუსის ვაქცინაში გარეული “აბორტის წამლის” საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოუგო. პოსტი ამერიკულ საიტს News Punch-ეყრდნობა და ამ საიტზე გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოთი ერთვის. 

იგივე ინფორმაცია რამდენიმე რუსულენოვანმა მედიამ (1,2,3) და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2,3,4,5).

bil geithsi გასცა თუ არა ფილიპინებმა ბილ გეიტსის დაპატიმრების ორდერი?

bil geithsi 1 გასცა თუ არა ფილიპინებმა ბილ გეიტსის დაპატიმრების ორდერი?

გავრცელებულ პოსტში წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: 1) ფილიპინებს ბილ გეიტსის დაკავების ორდერი არ გაუცია. მსგავსი ცნობები ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება, ხოლო ინგლისურენოვანი ვებგვერდი NewsPunch-ი სისტემატურად ავრცელებს ყალბ ამბებს. 2) 1995 წელს ტეტანუსის ვაქცინაში ფერტილობის ორსულობის შეწყვეტისა და უშვილობის გამომწვევი ნივთიერების არსებობის შესახებ მცდარი ცნობები უკვე წლებია ვრცელდება. ტეტანუსის ვაქცინა სხვადასხვა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შემოწმდა და მასში მსგავსი ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

  • ფილიპინებს ბილ გეიტსის დაკავების ორდერი არ გაუცია

ფილიპინების არც ერთ სასამართლოს ბილ გეიტსის დაკავების ორდერი არ გაუცია. მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. Reuters-თან საუბარში ეს ინფორმაცია ბილ გეიტსის წარმომადგენელმაც უარყო. გეიტსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ Lead Stories-მაც გადაამოწმა. გამოცემასთან საუბარში ნოტრ დამის იურიდიული სკოლის გლობალური ურთიერთობების პროფესორმა და ფაკულტეტის ხელმძღვანელმა დაიან დესიერტომ აღნიშნა, რომ გეიტსზე გავრცელებული ცნობები მცდარია. დესიერტომ განმარტა, რომ ფილიპინების სასამართლოს ქვეყნის კანონმდებლობით საერთაშორისო დაკავების ორდერის გაცემის უფლებამოსილება არ აქვს. დაკავების ორდერები მხოლოდ ფილიპინების ტერიტორიის ფარგლებში გაიცემა. იმ შემთხვევებში კი როცა საუბარია მუნიციპალურ ან რეგიონულ სასამართლოზე, ორდერი მხოლოდ აღნიშნული მუნიციპალიტეტის ან რეგიონის ტერიტორიაზე გაიცემა.

ბილ გეიტსზე გავრცელებული მცდარი ცნობები გამოცემა Reuters-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმაც გადაამოწმა.

დაავადებებთან ბრძოლის მიზნით ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი აქტიურად აფინანსებს ვაქცინაციის და იმუნიზაციის სხვადასხვა პროგრამას, რის გამოც გეიტსი ანტივაქსერულად განწყობილი ჯგუფების სამიზნე ხშირად ხდება. ინფორმაცია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებული სახიფათო საქმიანობის გამო გეიტსი დაკავეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ან სიკვდილით დასაჯეს, წარსულშიც გავრცელებულა. ამ შემთხვევებში ინფორმაცის წყარო სატირულ იუმორისტული გამოცემა იყო, თუმცა ფეისბუქ-მომხმარებლები ამ ცნობებს ნამდვილ ამბად ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

 

  • ტეტანუსის ვაქცინაში ორსულობის შეწყვეტის და უშვილობის გამომწვევი ნივთიერების არსებობის შესახებ მცდარი ცნობები უკვე წლებია ვრცელდება

გავრცელებულ ფეისბუქ პოსტში, ისევე როგორც News Punch-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით, 1995 წელს ფილიპინებში ვაქცინაციის კამპანიის დრო გამოყენებულ ტეტანუსის ვაქცინაში აბორტის და უნაყოფობის გამომწვევი ნივთიერება იყო გარეული. ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და უკვე წლებია ვრცელდება. 

1995 წელს მექსიკაში, ნიკარაგუაში, ტანზანიაში, არგენტინაში, ბოლივისა და ფილიპინებში გავრცელდა ცნობები, რომ ტეტანუსის ვაქცინა hCG ნივთიერებით, ადამიანის ქორიონული გონადოტროპინით იყო დაბინძურებული, რომლიც ქალების ფერტილობის დაქვეითებას იწვევდა. ამ ცნობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1995 წელს გამოეხმაურა. ჯანმოს ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური პროგრამის დირექტორის თქმით, ეს ცნობები სრულიად მცდარი და ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს იყო მოკლებული. ჯანმოს განცხადებით, ვაქცინების შემადგენლობა სხვადასხვა ქვეყანაში, იტალიაში, უნგრეთში, ფილიპინებში, აშშ-სა და ნიდერლანდებში დამოუკიდებელ ლაბორატორიებში შემოწმდა და არც ერთ შემთხვევაში ვაქცინაში hGC-ს შემცველობა არ დადასტურდა.

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამების მიმართ სანდოობის გაძლიერების მიზნით შექმნილი პლატფორმის, Vaccine Confidence Projec-ის ინფორმაციით, ეს მცდარი ცნობები 2014 წელს კენიაშიც გავრცელდა. ჯანმოსა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ტეტანუსის ვაქცინები საფრთხის შემცველ ნივთიერებებს არ შეიცავს.

“ბრალდებების მიხედვით, ტეტანუსის ვაქცინები, რომლებსაც კენიის მთავრობა და გაეროს სააგენტოები იყენებენ, დაბინძურებულია ჰორმონით hCG, რომელსაც ორსულობის შეწყვეტის და ქალებში უშვილობის გამოწვევა შეუძლია. ეს მძიმე ბრალდებები არ არის განმტკიცებული მტკიცებულებებით და ბავშვებისა და ქალებისთვის იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამებზე უარყოფითი გავლენის მოხდენის რისკს აჩენს”

ჯანმომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტეტანუსის ვაქცინა უსაფრთხოა და ის 52 ქვეყანაში 130 მილიონი ქალის ასაცრელად იყო გამოყენებული.

წყაროების შესახებ:

News Punch

საიტი News Punch ყალბი ამბების გამავრცელებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტია. ის თავდაპირველად YourNewsWire-ის სახელით იყო ცნობილი. Poynter.org-ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა და ფეისბუქის მესამე მხარესთან პარტნიორობის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მისი 45 სტატია ყალბ ინფორმაციად მოინიშნა.

 2019 წელს საიტის დამფუძნებლებმა მას სახელი შეუცვალეს და News Punch დაარქვეს, ასევე შეცვალეს საიტის URL. ამის მიზეზად მათ ფეისბუქის ფაქტჩეკინგის პროგრამა დაასახელეს, რომელიც მცდარ ინფორმაციად მონიშნულ პოსტებს გავრცელებას უზღუდავს.

საიტზე გამოქვეყნებული სტატიები გასულ წლებში “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

მერაბ რატიშვილი

მერაბ რატიშვილის მიერ გავრცელებული გავრცელებული ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist