9 თებერვალს ფეისბუქ პროფილმა Tamuna Tamo გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მელ გიბსონის სიტყვებია მოყვანილი. პოსტის თანახმად, მელ გიბსონმა განაცხადა, რომ ჰოლივუდი პედოფილებით და კანიბალებითაა სავსე. განცხადებაში, რომელიც გიბსონის სახელით ვრცელდება, ასევე ნათქვამია, რომ ჰოლივუდის ელიტა ბავშვებს კლავს და მათ სისხლს სვამს, ხოლო მელ გიბსონს ემუქრებოდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ გაესაჯაროვებინა. პოსტს თან ერთვის Tamuna Tamo-ს კომენტარი “მელ გიბსონი ჰოლივუდზე. უკომენტაროდ”.
მელ გიბსონი ციტატა, თითქოს ის ჰოლივუდში ბავშვების მსხვერპლშეწირვას და კანიბალიზმს ამხელს, გაყალბებულია. ცნობილი ადამიანების ციტატების გაყალბება იმ გავრცელებული კონსპირაციის ნაწილია, თითქოს ჰოლივუდში ბავშვებით ვაჭრობა და სხვა კრიმინალი მასობრივად ხდება.
მელ გიბსონის გაყალბებული ციტატა ჰოლივუდზე ჯერ კიდევ 2017 წელს გავრცელდა და ის Reuters-მა და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა უკვე გადაამოწმეს. სხვადასხვა წყარო გიბსონის ციტატის განსხვავებულ ვარიაციას ავრცელებდა, თუმცა შინაარსი ყველასთან მსგავსი იყო და მოიცავდა მტკიცებას, რომ ბავშვის სისხლი ჰოლივუდში ძალიან პოპულარულია და ვაჭრობისთვის ვალუტად არის ქცეული.
როგორც Reuters წერს, მელ გიბსონის გაყალბებული ციტატა თავდაპირველად 2017 წლის 30 ნოემბერს Your News Wire-ის (ადრინდელი სახელი – NewsPunch.com) სტატიაში Baxter Dmitry-ის ავტორობით გამოქვეყნდა, რომელიც სავარაუდოდ არა ნამდვილი სახელი, არამედ ფსევდონიმია და Poynter-ის ცნობით, ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული.
Your News Wire, საიდანაც ინფორმაცია სხვა ვებ-საიტებზე და ბლოგებზე გავრცელდა, ამტკიცებდა, რომ მელ გიბსონმა ჰოლივუდის დანაშაულების შესახებ გრეჰემ ნორტონის შოუში ისაუბრა, თუმცა მსგავსი განცხადებები გიბსონს რეალურად არ გაუკეთებია. როიტერსი მელ გიბსონის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია 100%-ით ყალბია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰოლივუდის მსახიობის სახელით ჰოლივუდზე გაყალბებული ინფორმაცია ვრცელდება. წარსულში “მითების დეტექტორმა” ბრედ პიტის განცხადება გადაამოწმა, სადაც ის ჰოლივუდურ პედოფილიას ამხელდა:
მსგავსი ტიპის ყალბი ამბები იმ კონსპირაციის ნაწილია, თითქოს ჰოლივუდში ბავშვებს აწამებენ. მაგალითად, 2022 წლის იანვარში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ადენოქრომს მოიხმარდნენ და მას ბავშვების წამების შედეგად იღებდნენ. ხოლო შეთქმულების თეორიის უკან, თითქოს ამერიკაში ჩვილი ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეს გასაახალგაზრდავებლად იყენებენ, QAnon დგას. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- დასაჯეს თუ არა სელინ დიონი გუანტანამოს ციხეში სიკვდილით?
- ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?
წყაროს შესახებ
ფეისბუქ მომხმარებელი Tamuna Tamo სხვა დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ პოსტებსაც აზიარებს. მათ შორის იყოს კლაუს შვაბსა და ჯასტინ ტრუდოზე გამოქვეყნებული დეზინფორმაციული პოსტებიც, რომლებიც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა.
Tamuna Tamo-ს პროფილზე პირადი ფოტოები არ უდევს, ხოლო პროფილის URL მისამართში giorgi.rurua.9 არის მითითებული, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ანგარიში ყალბია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.