სოციალურ ქსელში ისევ ზიარდება ფეისბუქ ანგარიშის ჯერალდ ნიუმანის მიერ 2021 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც ბილ გეიტსის “სამხედრო სასამართლოს” მე-4 განხილვას აღწერს. ვრცელ ტექსტში ნათქვამია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომ გეიტსმა 250 ადამიანს გრიპის ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთა, რამაც ამ ადამიანების ორგანოების დაშლა და ნელი სიკვდილი გამოიწვია. 13 სექტემბერს კი ფეისბუქ მომხმარებელმა Tornike Zhizhbaia-მ ფეისბუქ ჯგუფში “ადამიანთა გამოთაყვანების წინააღმდეგ ბრძოლის ალიანსი” ბილ გეიტსის შესახებ კიდევ ერთი პოსტი გააზიარა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ტრიბუნალმა ბილ გეიტსს ბავშვთა ტრეფიკინგის, პედოფილიის, სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარების, ბავშვებისთვის მომაკვდინებელი ვაქცინების გაკეთებისა და სხვა დანაშაულებებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც 2021 წლის 5 ოქტომბერს უნდა აღსრულდეს.
ცნობა ბილ გეიტსის სამხედრო ტრიბუნალზე ექსპერიმენტული ვაქცინების გამო გასამართლებისა და სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ის სათავეს სატირული გამოცემიდან იღებს. სატირულმა მედიამ “Real Raw News” ბილ გეითსისი დაპატიმრების, გასამართლებისა და განაჩენის შესახებ 2021 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე გამოგონილი ამბების სერია გამოაქვეყნა, თუმცა სტატიებში მოყვანილი არცერთი ფაქტი ნამდვილი არ ყოფილა.
დეზინფორმაცია ბილ გეიტსის სამხედრო ტრიბუნალის და სასიკვდილო განაჩენის შესახებ არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსულენოვან სოციალურ ქსელშიც აქტიურად ვრცელდებოდა. როგორც Youtube-ზე, ისე რუსულ სოციალურ ქსელებში OK.ru და ВКонтакте, გამოჩნდა ვიდეოები და ახალი ამბები, რომლებიც ამტკიცებდა, რომ ბილ გეიტსს ექსპერიმენტული ვაქცინებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო ჩამოხრჩობა ელის.
ქართველი ფესიბუქ მომხმარებლების მსგავსად რუსული პოსტები და ვიდეოებიც ამერიკულ სატირულ-უიმორისტულ გამოცემას Real Raw News-ს ეყრდობიან, რომელმაც ამერიკელი სამხედროების მიერ ბილ გეიტსის დაკავებას, გასამართლებასა და განაჩენის გამოტანას გამოგონილი ფაქტებისა და დიალოგებისაგან შემდგარი სტატიების სერია მიუძღვნა. ბილ გეიტსის დაპატიმრების შესახებ პირველი სატირული სტატია ვებ-გვერდმა 1 აგვისტოსგამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი “ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის” ამერიკის საზღვაო ძალებმა მრავალთვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს და გუატანამოს ციხეში გადაიყვანეს. თავდაპირველად აღნიშნული ყალბი ამბავი ინგლისურენოვან ანტივაქსერულ და ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებში ვირუსულად გავრცელდა და მას ქართველი ფეისბუქ მომხმარებლებიც აზიარებდნენ, რის შემდეგაც არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ, მათ შორის “მითების დეტექტორმაც” ბილ გეიტსის დაპატიმრების შესახებ არსებული პოსტები მცდარ ინფორმაციად მონიშნა. ვრცლად იხილეთ სტატია:
გეიტსის სამხედრო ტრიბუნალის შესახებ Real Raw News-ზე პირველი აგვისტოს შემდეგ კიდევ რამდენიმე გამოგონილი ამბავი გამოქვეყნდა, რომელიც ბილ გეითსის “სასამართლო პროცესს” აღწერდა. Real Raw News-ის მიერ შეთხზული სასამართლო პროცესის მთავარი პერსონაჟები მაიკროსოფტის დამფუძნებლის გარდა ამერიკის საზღვაო ძალების გენერალური მოსამართლე და ვიცე-ადმირალი ჯონ ჰანინკი და სამართლის პროფესორი, ადვოკატი დევიდ ბალუარტია. სატირულ სტატიებში ადმირალი ჰანინკი პროკურორის, ხოლო ბალუარტი გეიტსის ადვოკატის როლში გვევლინებიან. “ტრიბუნალში” ბილ გეითსის წინააღმდეგ მოწმეებად ასევე მონაწილეობდნენ მისი ყოფილი ცოლი მელინდა გეიტსი და ვაქცინაციის ექსპერიმენტს გადარჩენილი ვინმე მერი ჯონსონი, რომელიც გამოგონილი პიროვნებაა. ერთ-ერთ სტატიაში კი ნათქვამია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბილ გეიტსის კომპიუტერიდან 3000 გვერდიანი ჩანაწერების კრებული ამოიღეს, რომელიც გეიტსის მიერ სამყაროს მართვის გეგმებს შეიცავდა და შემდეგნაირად იყო დასათაურებული – “როგორ ვმართო სამყარო”.
“ჯერალდ ნიუმანის” 8 სექტემბრის პოსტი Real Raw News-ის 7 სექტემბრის სტატიას ეყრდნობა, რომელის მიხედვითაც “სამხედრო ტრიბუნალის მე-4 დღეს” გეიტსის წინააღმდეგ სასიკვდილო ვაქცინების ექსპერიმენტს გადარჩენილმა ქალმა მერი ჯონსონმა ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ბილ გეიტსმა მას 250 ადამიანთან ერთად სასიკვდილო ვაქცინა გაუკეთა, რათა შემდეგ მათი გვამების გაკვეთა და შესწავლა შეძლებოდა. ხოლო ბილ გეიტსისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ სატირულმა გამოცემამ სტატია 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 14 სექტემბრის სტატიაში ბილ გეიტსის ფონდის შესახებ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია გვხვდება, რომლის მიხედვითაც გეიტსმა ინდოეთში ათასობით ბავშვს სიცოცხლისთვის საშიში პაპილომავირუსის ვაქცინა გაუკეთა. ინდოეთში გეიტსების ფონდის მიერ ჩატარებული ვაქცინაციის კამპანიის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
- წიწაკა TV-ზე პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
- 4 დეზინფორმაცია კოვიდ19-ის, ბილ გეიტსის ფონდის, CDC-ისა და ჯანმოს შესახებ
სატირული ვებ-გვერდის მიერ გამოგონილ “სასამართლო პროცესში” ნახსენებია QAnon-ის მიმდევრებს შორის პოპულარული შეთქმულების თეორია, რომ აშშ-ს “ღრმა სახელმწიფოს” წევრები, ფარული ელიტა საიდუმლოდ მართავს. გამოცემის მტკიცებით, ბილ გეიტსი “ღმა სახელმწიფოს” წარმომადგენლებს ბავშვების გატაცებაში ეხმარებოდა. კონსპირაციის თეორიაზე იხილეთ “მითების დეტექტორი” სტატიები:
- ინფორმაცია, მიწისქვეშა გვირაბში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, QAnon-ის კონსპირაციაა
- ვინ დგას კონსპირაციის უკან, თითქოს ამერიკელები გასალამაზებლად ჩვილი ბავშვების ორგანიზმს იყენებენ?
- საიმიგრაციო ბანაკი თუ გვამების საწყობი?
რაც შეეხება ვებ-გვერდ Real Raw News-ს, იგი სატირული გამოცემაა. ვებ-გვერდის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში აღნიშნულია, რომ ის იუმორს, პაროდიასა და სატირას შეიცავს. ამის მიუხედავად, Real Raw News-ის მიერ გამოქვეყნებული გამოგონილი ამბები ამერიკულ კონსერვატორულ და ულტრა-მემარჯვენე წრეებში ხშირად რეალურ ინფორმაციად ზიარდება. გამოცემას წარსულში არაერთი ყალბი ინფორმაცია გაუვრცელებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების და აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ. აღნიშნულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გავრცელებული ყალბი ამბები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
- რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ ქართველი ანტივაქსერები, რომ ფაუჩის ვაქცინა არ გაუკეთებია?
- საიდან იღებს სათავეს ინფორმაცია ამერიკელი მფრინავების მიერ ვაქცინაციის გამო სამხედრო სამსახურის დატოვებაზე?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.