აძლევდა თუ არა გაერო და კაპიტულაციის ხელშეკრულებები სსრკ-ს ნაციზმის აღმოსაფხვრელად სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაკავების უფლებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

25 იანვარს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან” მწერალმა მერაბ რატიშვილმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ისაუბრა (1,2). რატიშვილის მტკიცებით, თუ გერმანია უკრაინაში საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რა ფუნქცია ექნებათ მათ, რუსეთს უფლება ექნება ბერლინი დაბომბოს, რადგან ის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. საბჭოთა კავშირს კი, რატიშვილის თქმით, ამის უფლებას ომის შემდეგ დადებული კაპიტულაციის ხელშეკრულებები და გაეროს დეკლარაცია აძლევენ, რომლებშიც წერია, რომ თუ ნაციზმი სადმე აღორძინდება, საბჭოთა კავშირს აქვს უფლება დაიკავოს ეს ტერიტორია და “აღმოფხვრას ყოველგვარი ასეთი მისწრაფებები”. 

Screenshot 1 აძლევდა თუ არა გაერო და კაპიტულაციის ხელშეკრულებები სსრკ-ს ნაციზმის აღმოსაფხვრელად სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაკავების უფლებას?

მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს ნაციზმის აღმოცენების შემთხვევაში უცხო ქვეყანაში შეჭრის უფლება აქვს, დეზინფორმაციულია. მსგავსი ჩანაწერი არც გაეროს წესდებასა და რეზოლუციებში და არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელმოწერილ კაპიტულაციის ხელშეკრულებებში არ გვხვდება. 

მერაბ რატიშვილის მტკიცებით, საბჭოთა კავშირს იმ ადგილებში შეჭრის უფლებას, სადაც ნაციზმი აღმოცენდებოდა ომის შემდეგ დადებული კაპიტულაციის ხელშეკრულებები და გაეროს დეკლარაცია აძლევდნენ. 

მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა სახელმწიფოებმა კაპიტულაციას ხელი სხვადასხვა დროს მოაწერეს. გერმანულ მხარეს ორი დოკუმენტისთვის მოუწია ხელის მოწერა. (harrisburgarts.com) მათგან პირველი 1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში მიიღეს და მას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საბჭოთა უმაღლეს სარდლობას შეხვედრაზე გენერალი სუსლოპაროვი წარმოადგენდა. 

დოკუმენტი 8 მაისის 23:01 საათისთვის ყველა გერმანული ძალის უპირობო დანებებას ითვალისწინებდა. საბჭოთა მხარეს ხელშეკრულების ტექსტი ტელეგრაფით წინასწარ გაუგზავნეს, თუმცა თანხმობა მათი მხრიდან ხელმოწერის ცერემონიამდე არ მიუღიათ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა: სტალინის აზრით, დოკუმენტისთვის ხელი როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე გერმანიის მხრიდან უფრო მაღალი წოდების პირებს უნდა მოეწერათ, ამასთან, ხელმოწერის ადგილი ბერლინი უნდა ყოფილიყო და დოკუმენტის ტექსტშიც გარკვეული ცვლილებები უნდა შესულიყო

მეორე ხელშეკრულება 9 მაისს ქალაქ ბერლინში გაფორმდა. ამჯერად საბჭოთა კავშირს მარშალი გიორგი ჟუკოვი, ხოლო გერმანიას გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ კაიტელი წარმოადგენდნენ. დოკუმენტის ტექსტის ძირითადი ნაწილი 7 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულების შინაარსს ემთხვეოდა, თუმცა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შევიდა, კერძოდ, გერმანულ ძალებს არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების შეჩერება და პოზიციებზე დარჩენა, არამედ სრული განიარაღება და იარაღის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებისთვის ჩაბარება დაევალათ.  

ორივე ზემოთხსენებულ დოკუმენტში (1,2) არსებობდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გერმანული ძალების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოკავშირეები იმგვარ სადამსჯელო ან სხვა ტიპის ზომებს მიმართავდნენ, რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ. ეს ჩანაწერი მხოლოდ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევას ეხება და მასში ნაციზმის აღორძინება მომავალში, ან საბჭოთა კავშირის მიერ სხვა სახელმწიფოში შეჭრის უფლება ნახსენები არაა. 

გერმანიის მოკავშირე იაპონიამ კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 2 მაისს მოაწერა. ხელშეკრულება იაპონური ძალების მიერ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასა და სამხედრო აღჭურვილობის დაზიანებისგან დაცვას ითვალისწინებდა. ამავე შეთანხმების ნაწილი იყო ჩანაწერი, რომ მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს უფლება ჰქონდა გადაედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებსაც მიზანშეწონილად ჩათვლიდა შეთანხმების პირობების შესასრულებლად. 

რაც შეეხება იტალიას, მასთან საზავო ხელშეკრულება მოკავშირეებმა 1943 წლის 3 სექტემბერს დადეს და ის იტალიის არმიის მიერ მტრული მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებდა. დოკუმენტი მხოლოდ იტალიის დანებების სამხედრო ნაწილს ეხებოდა და მისი მეთორმეტე პუნქტი ამბობდა, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური სახის პირობები, რომლებსაც იტალია ასევე უნდა დათანხმებოდა, მომავალში განისაზღვრებოდა. ასეთი დოკუმენტი ამავე თვის 29 სექტემბერს მალტაში დაიდო. მისი რამდენიმე პუნქტი იტალიის ფაშისტური გავლენისგან გათავისუფლებას ეხებოდა, კერძოდ, დოკუმენტი მოითხოვდა მუსოლინისა და მისი თანამზრახველების “გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის” გადაცემასა და ყველა ფაშისტური ორგანიზაციის გაუქმებას. დოკუმენტის ბოლო მუხლი იტალიის მიერ პუნქტების არშესრულების შემთხვევაში საპასუხო ქმედებებსაც ითვალისწინებდა. საბჭოთა კავშირის ან რომელიმე სხვა აქტორის უფლებაზე, ნაციზმის გავრცელების შესაკავებლად სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ, არც ეს დოკუმენტი მიანიშნებდა. 

სეზონი TV-ს გადაცემაში გაჟღერებული მტკიცება არც ამ პერიოდში მიღებულ სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებში გვხვდება. პოტსდამის კონფერენციაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები მეორე მსოფლიო ომის დასრულების პირობებზე მსჯელობდნენ, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი გერმანიის მომავლის განსაზღვრა იყო. საბოლოო შეთანხმებაში გერმანიის ოკუპაციის მიზეზებს შორის ქვეყნის მილიტარიზაციისა და ნაციზმის გაძლიერების აღკვეთა დასახელდა. დოკუმენტი ასევე შეიცავდა პუნქტებს გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაშლისა და ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის,  ასევე, ნაცისტური რეჟიმის პირობებში მიღებული დისკრიმინაციული კანონების გაუქმების შესახებ. 

ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთ საშუალებად შეთანხმებაში დასახელებული იყო იმ პირების გასამართლება, რომელთა თანამშრომლობამ ნაცისტურ რეჟიმთან სისასტიკე ან ომის დანაშაულები გამოიწვია და ნაცისტური პარტიის წევრების (გარდა იმ პირებისა, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყვნენ პარტიაში) საჯარო და ნახევრად საჯარო პოზიციებიდან გათავისუფლება

მოკავშირეებს იტალიის შემთხვევაშიც მსგავსი სტრატეგია ჰქონდათ. 1947 წლის 10 თებერვალს დადებული ხელშეკრულება იტალიის ფაშისტური ორგანიზაციების გაუქმებას და ფაშისტური იტალიის არმიის ოფიცრებისთვის მომავალში ოფიცრის პოზიციის დაკავების აკრძალვას ითვალისწინებდა

რაც შეეხება გაეროს, მერაბ რატიშვილი არ აკონკრეტებს კონკრეტულად რომელ დოკუმენტს გულისხმობს, თუმცა ჩანაწერი მომავალში ნაციზმთან აღმოცენების შესახებ არც გაეროს წესდებაში და არც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში არ გვხვდება. ნაციზმთან ბრძოლის შესახებ გაეროს რამდენიმე რეზოლუცია არსებობს, მათ შორის “ნაციზმისა და რასობრივი შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მისაღები ზომები”, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს ნაციზმის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატარონ. ასევე რუსეთის ფედერაციის რეზოლუცია სახელად “ბრძოლა ნაციზმის, ნეონაციზმის და სხვა პრაქტიკების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობს რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმების ესკალაციას“. ამ რეზოლუციებში ნაციზმთან წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდად უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა დასახელებული არაა. თუმცა, გაეროს წევრი ქვეყნების ნაწილის პოზიციით, რუსეთის ფედერაცია საკუთარი რეზოლუციით ცდილობს უკრაინაში უკანონო შეჭრა გაამართლოს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist