2022 წლის 24 აგვისტოს Facebook მომხმარებელმა მაია დ. სათადარიგომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთ-თურქეთის ომის ერთ-ერთ ხელშეკრულებაში საიდუმლო პუნქტად წერია, თითქოს თუ ყირიმი არ იქნება რუსეთის, ავტომატურად მიეკუთვნება თურქეთს. აღნიშნულ პოსტს თან ერთვოდა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის განცხადებაც, რომ ყირიმის უკრაინაში დაბრუნება საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაცაა. პოსტის ავტორის მტკიცებით, ერდოღანმა იცის, რომ არ არსებობს არანაირი უკრაინა, შესაბამისად ხელშეკრულების საიდუმლო პუნქტის გათვალისწინებით მისთვის “ეს ბლეფი იმედისმომცემია”.
მტკიცება, თითქოს ყირიმი თურქეთს მიეკუთვნება თუ ის რუსეთის შემადგენლობაში არ იქნება, ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება. ჯერ კიდევ 1774 წლის ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით ყირიმი დამოუკიდებელ სახანოდ გამოცხადდა. შემდგომში რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის შედეგად იასის საზავო ხელშეკრულებით (1792) ოსმალეთის იმპერიას რუსეთის იმპერიასთან მარცხის გამო ყირიმის საბოლოოდ დათმობა მოუწია. ხელშეკრულებები საიდუმლო პუნქტებს არ შეიცავდა. (Thenewspocket.com)
-
რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლის ომი და ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება
რუსეთ-თურქეთის ომები XVI-XX საუკუნეებში განსხვავებული მიზეზებით იყო განპირობებული. 1768-1774 წლის ომი პოლონეთის საკითხზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. თურქეთმა რუსეთისგან პოლონეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვა, რუსეთს კი ამ პერიოდში სურვილი ჰქონდა, შავ ზღვაზე საკუთარი პოზიციები უფრო გაეძლიერებინა, შესაბამისად კონფლიქტი გარდაუვალი გახდა.
ამ პერიოდში პირველი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, რომელმაც ყირიმის ნახევარკუნძულის ბედი შეცვალა, სწორედ 1768-1774 წლის ომის შედეგებთანაა დაკავშირებული. რუსეთის იმპერიამ აღნიშნულ ომში ოსმალეთის იმპერიაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ოსმალეთს ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დიდ დათმობებზე წასვლა მოუწია.
ხელშეკრულების მიხედვით ყირიმი დამოუკიდებელ სახანოდ ყალიბდებოდა და ოსმალეთს იქ მხოლოდ რელიგიურ საკითხებში შეეძლო ჩარევა. აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულებამ მანამდე არსებული ყველა სხვა ხელშეკრულება გააუქმა და რეგიონში ახალი რეალობა შექმნა, სადაც ყირიმი აღარ იყო ოსმალეთის გავლენის ქვეშ, ოფიციალურად ის იყო დამოუკიდებელი, თუმცა რეალურად რუსეთის სატელიტის ქვეშ მყოფი.
ქუჩუკ-კაინარჯის ზავს საიდუმლო პუნქტი არ გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ ზავის შედეგად ყირიმი არავის მიეკუთვნებოდა, რაც პირდაპირ წინააღდმეგობაში მოდის გავრცელებული პოსტის ავტორის მტკიცებასთან, თითქოს თუ ყირიმი არ იქნებოდა რუსეთის, მაშინ ავტომატურად მიეკუთვნებოდა თურქეთს.
-
რუსეთ–თურქეთის 1787–1792 წლის ომი და იასის ხელშეკრულება
1787-1792 წლების ომი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის ერთგვარი შედეგი იყო, რადგან ოსმალეთი ახალი კონფლიქტით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში 1783 წელს რუსეთის იმპერიამ დედოფალ ეკატერინე მეორის ხელმძღვანელობით ყირიმის ანექსია მოახდინა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ოსმალეთის იმპერიის ინტერესებთან და ქუჩუკ კაინარჯის ზავთან.
ოსმალეთის იმპერიამ 1787-1792 წლების ომით ტერიტორიების დაბრუნება ვერ შეძლო და კვლავ მარცხი განიცადა. ომი იასის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. ოსმალეთის იმპერიას კვლავ მოუწია ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულების პირობების აღიარება, ასევე მოუწია მიეღო რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის ფაქტი. იასის ზავის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ ყირიმის ნახევარკუნძული საბოლოოდ დათმო და ის რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა.
აღნიშნულ შემთხვევაშიც არ ვხვდებით არანაირ საიდუმლო მუხლს. საგულისხმოა ისიც, რომ ყირიმის შესახებ ბოლო ორ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაში რუსეთი საკმაოდ ძლიერად იყო გამარჯვებული ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, შესაბამისად საეჭვოა ზავში ყოფილიყო ისეთი ჩანაწერი, რაც სამომავლოდ ოსმალეთის იმპერიას ყირიმის ნახევარკუნძულზე პრეტენზიას გაუჩენდა.
ისტორიული ტრავმების გაღვივება კრემლის პროპაგანდის ნაწილია, რაც მიმდინარე საფრთხეებიდან ფოკუსის ისტორიულ საფრთხეებზე გადატანას ახდენს. საქართველოსთან მიმართებით იდენტური კონსპირაცია წლებია ყარსის ხელშეკრულებას უკავშირდებოდა, რომლის თანახმად, ყარსის ხელშეკრულებას ვადა 2021 წელს გასდიოდა, რის შემდეგაც თურქეთი აჭარას დაიბრუნებდა და რუსეთი აღარ იქნებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.