6 მაისს პროსახელისუფლებო POSTV-მ გამოაქვეყნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის 18 წამიანი ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “გეთანხმებით, ნინო. ჩვენ გავდივართ ახლა ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე. იმიტომ, რომ რაიმე ტიპის, ღმერთმა დაიფაროს, ფატალური შემთხვევა და არავინ არ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია”. POSTV ვიდეოს თან ურთავს აღწერას, რომლის მიხედვითაც “რადიკალური ოპოზიცია მსხვერპლზე ალაპარაკდა, რადგან აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით რევოლუციის გადამწყვეტ მუხტს სჭირდება მსხვერპლი”.
POSTV ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს კონტექსტის გარეშე ავრცელებს. რეალურად, ჭიაბერაშვილი გადაცემაში მხვერპლსა და “რევოლუციის გადამწყვეტი მუხტისთვის” მის საჭიროებაზე არ საუბრობდა. პოლიტიკოსმა უპასუხა ჟურნალისტის კომენტარს, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეებზე ძალადობას ეხებოდა.
18 წამიანი ვიდეო, რომელიც POSTV-მ გაავრცელა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერით 3 მაისს გასული გადაცემიდან, “პოლიტმეტრიდან” არის ამოჭრილი. ვიდეო არ გადმოსცემს კონტექსტს, რომელშიც ზურაბ ჭიაბერაშვილი “ფატალურ შემთხვევაზე” საუბრობს. რეალურად, ის “რევოლუციის გადამწყვეტი მუხტისთვის” მსხვერპლის საჭიროებას არ განიხილავს, როგორც ამას POSTV წარმოაჩენს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა ნინო ჟიჟილაშვილის კომენტარს, რომელიც საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმის წევრების მიერ მოქალაქეებზე ძალადობას ეხებოდა. ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ თანამშრომლებმა უფლებამოსილებას არ უნდა გადააჭარბონ, რადგან აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანება “უპატიებელი და ყველასთვის ძალიან მძიმე ამბავი იქნება”.
“ძალიან ბევრი წამი აქციეს [ახალგაზრდებმა] დიდებულად. ჩვენ რომ ვაკვირდებით ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოებს, მათი ყოველდღიურობიდან, როგორ მიდიან აქციებზე, მოდიან, იქცევიან… ეს რაღაცნაირად ხშირია. ეს არ არის ერთი დიდებული წამი, ბევრი დიდებული წამი შექმნეს ამ დღეებში და იმედია, რომ ეს დასრულდება მათთვის სასურველი ფინალით, ჩვენთვის ყველასთვის სასურველი ფინალით, ისე, რომ არავის არ შეექმნება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრობლემა. ძალიან ცუდი პირი უჩანს ხანდახან აქტივობას სპეცრაზმის მხრიდან, იმიტომ, რომ ერთი თავის მირტყმით შესაძლოა, ადამიანს რამე დაემართოს და ისე გამეტებით ცემის შემდეგ, რომელსაც, როგორც ჩანს, არა მხოლოდ სპეცრაზმი აკეთებს, როგორც აღმოჩნდა, რიგით მოქალაქეებს დაესხნენ თავს, ამის შემდეგ ძალიან ბუნებრივია, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება მოუვიდეს. ეს იქნება უმძიმესი ამბავი, ყველა გაფრთხილდეს, ზედმეტად არ გადააჭარბონ თავის უფლებამოსილებებს, რომ ადამიანებს არ დაუმახინჯონ ჯანმრთელობა და რაიმე უფრო მძიმე ფატალური შედეგი არ დააყენონ, იმიტომ, რომ ეს იქნება უპატიებელი, ეს იქნება ყველასთვის ძალიან მძიმე ამბავი. იმედია, გაცნობიერებული აქვს ხელისუფლებას ამ საფრთხეების შესახებ, ნაფიქრი აქვს და მსგავსს არაფერს მოიმოქმედებს”. – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა (49:52).
ჟურნალისტის კომენტარის საპასუხოდ ჭიაბერაშვილმა მაკო გომურის, მთავარი არხის ოპერატორისა და ლექსო ლაშქარავას შემთხვევები გაიხსენა და თქვა:
“გეთანხმები, ნინო. ჩვენ გავდივართ ახლა ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე. იმიტომ, რომ რაიმე ტიპის, ღმერთმა დაიფაროს, ფატალური შემთხვევა და არავინ არ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ქვეყანაშია და ამიტომ ამაზე პასუხისმგებელი 100%-ით და მთლიანად არის ივანიშვილი და ივანიშვილის ხელის მთავრობა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც მობრუნების წერტილი აღარ არსებობს. […] ჩვენი შვილები იქ არიან, ისინი მორიგეობენ, ისინი მუშაობენ და იმის მაგივრად, რომ სახლში დაბრუნდნენ და მეორე სამუშაო დღისთვის დაისვენონ, თავიანთ პატრიოტულ ვალს იხდიან რუსთაველზე თუ ქალაქის ნებისმიერ წერტილში. ამიტომ, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ მშობლებს კიდევ განსაკუთრებული გამძაფრებული გრძნობა გვაქვს ამ დროს, მით უმეტეს, იმათ, ვისაც გვინახავს 90-იანი წლების უბედურება”. – თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა (52:06).
შესაბამისად, ზურაბ ჭიაბერაშვილი და გადაცემის წამყვანი სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შემთხვევებზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ პროტესტმა მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე უნდა ჩაიაროს. პროსახელისუფლებო POSTV-მ ვიდეო უკონტექსტოდ გაავრცელა და დაურთო აღწერა მსხვერპლის საჭიროებაზე, რის გამოც საუბრის შინაარსზე მსმენელს მცდარი შთაბეჭდილება ექმნება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.