“ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

90
VIEWS

7 სექტემბერს ფეისბუკ-გვერდმა Laptop Zoommer ლეპტოპების სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. პოსტის თანახმად, ზუმერი ცნობილი ლეპტოპების ბრენდის ხელშეკრულებით უკმაყოფილოა, რის გამოც საწყობიდან ნაშთებს მხოლოდ 5.50 ლარად ყიდიან. გარდა ამისა, პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზედაც სტენდზე გასაყიდად დადებული ლეპტოპები ფასის მაჩვენებელთან ერთადაა ასახული. პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ ლეპტოპის შეძენის მსურველები მითითებულ ბმულზე უნდა გადავიდნენ.

ამავე დღეს, ლეპტოპების სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკ-გვერდმა Zoommer Electronics. პოსტში აღნიშნულია, რომ ლეპტოპების დიდი პარტია საქართველოს ცუდი განბაჟების გამო დაუბრუნდა, რის გამოც მათი ჩვეულბრივ ფასად გაყიდვა შეუძლებელია.

zumeris aqtsia “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

გარდა ამისა, Laptop Zoommer-ის პოსტი, რომლებიც მომხმარებლებს ლეპტოპებს უპრეცედენტო ფასად სთავაზობს, დასპონსორებულია.

zumeris aqtsia1 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

“ზუმერის” სახელით გავრცელებული ინფორმაცია ლეპტოპების სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ყალბია და მას თაღლითობის მიზნით შექმნილი ფეისბუკ-გვერდები ავრცელებენ.  Laptop Zoomer  და Zoommer Electronics ახლადშექმნილი გვერდებია, რომელსაც კომპანია “ზუმერთან” არანაირი კავშირი არ აქვს და მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საბანკო მონაცემების თაღლითური გზით მოპოვებას ისახავს მიზნად.

კომპანია ზუმერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას  ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ზუმერის სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

zumeris aqtsia2 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ფეისბუკ გვერდების Laptop Zoommer და Zoommer Electronics პროფილისა და ქავერის ფოტოები “ზუმერის” ოფიციალური გვერდის ფოტოების იდენტურია. ასევე პოსტში მითითებულ ბმულზე გადასვლისას მომხმარებელი ხედავს ვებ-საიტს, რომელზედაც ზუმერის ლოგოა გამოსახული და, ერთი შეხედვით, ტექნიკის მაღაზიის ვებ-საიტის შთაბეჭდილებას ტოვებს.  თუმცა ფეისბუკ გვერდების სიყალბის შესახებ შემდეგი ფაქტორები მეტყველებს: Laptop Zoommer რომელიც ლეპტოპების სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, 2023 წლის 7 სექტემბერს არის შექმნილი და 11 სექტემბრის მონაცემებით 65 გამომწერი ჰყავს, ამავე დღეს არის შემნილი მეორე გვერდიც – Zoommer Electronics და მას 105 მიმდევარი ჰყავს განსხვავებით ზუმერის ოფიციალური გვერდისგან, რომელიც 481000-ზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული. გარდა ამისა, “ზუმერის” ოფიციალურ ფეისბუკ გვერდს ლურჯი ნიშანი აქვს, რაც ნიშნავს, რომ გვერდი ვერიფიცირებული და ავთენტურია.

zumeris aqtsia3 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ზუმერის სახელით შექმნილი ყალბი გვერდები
zumeris aqtsia4 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ზუმერის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი

ადამიანების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ყალბ გვერდებს ზუმერის ოფიციალური ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები – როგორც ტექსტები, ასევე ვიზუალური მასალა აქვს კოპირებული. თუმცა ზუმერის ოფიციალური მაღაზიისგან განსხვავებით, Laptop Zoommer და Zoommer Electronics პროდუქციის ფასებს პოსტში არ უთითებენ. ასევე, კოპირებულ პოსტებს არც ზუმერის ოფიციალური ვებ-საიტის ბმული ებმის.

zumeris aqtsia5 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
ზუმერის” ყალბი ფეისბუკ-გვერდები

აღსანიშნავია ისიც, რომ ყალბი გვერდების პოსტში მითითებულ გვერდზე გადასვლისას არა ზუმერის სახელი, არამედ https://cliverymo4.quest გვხვდება, რაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს ვებ-საიტის არასანდოობის შესახებ. საიტზე გადასვლისას ვიგებთ, რომ აქციის გამარჯვებული შესაძლოა ნებისმიერი პირი გახდეს, თუ გამოკითხვას შეუერთდება (12 სექტემბრის მონაცემებით ინტერფეისი შეცვლილია). გამოკითხვის მონაწილეს უწევს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს როგორიცაა: არის თუ არა საქართველოდან, უყიდია თუ არა “ზუმერში” ტექნიკა, შეუძენია თუ არა ამ დრომდე  Lenovo-ს ფირმის კომპიუტერი.

zumeris aqtsia6 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებაკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ, მომხმარებლისთვის სასაჩუქრე ფანჯრები იხსნება, რომელზე დაწკაპების დროსაც გამარჯვებული ავტომატურად ხდება. თუმცა პრიზის მისაღებად მომხმარებლებს 5,50 ლარის გადახდა და პირადი, მათ შორის საბანკო მონაცემების შეყვანა უწევს.

zumeris aqtsia7 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

საბანკო მონაცემებისა და სხვა პერსონალური მონაცემების შესავსებად მომხმარებელი სისტემას უკვე სხვა ვებ-საიტზე გადაჰყავს. Who is Lookup-ის მონაცემების მიხედვით, todaypaysgate.com 2023 წლის 8 აგვისტოს არის შექმნილი და მისი IP მისამართი ბრაზილიაში, სან-პაულუში მდებარობს.

zumeris aqtsia8 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

აღსანიშნავია ისიც, რომ  როგორც გამოქვეყნებულ პოსტებში, ასევე ვებ-საიტზე არაერთი გრამატიკული შეცდომაა შესამჩნევი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ტექსტები რომელიმე უცხო ენიდან ავტომატური სათარგმნი პროგრამითაა შექმნილი. მაგალითად, გვერდის შესახებ განყოფილებაში ვკითხულობთ: “აყვავებული ონლაინ მაღაზია, რომელიც გთავაზობთ ელექტრონიკის მრავალფეროვან არჩევანს”. ბუნებრივია, რომ ქართული ენის მცოდნე სიტყვა “აყვავებულს” წარმატებული ბიზნესის აღსაწერად ამ კონტექსტში არ გამოიყენებდა. ქართული გრამატიკის მორფოლოგიისა და სინტაქსის წესები დარღვეულია ვებ-საიტზე განთავსებულ ტექსტებშიც.

zumeris aqtsia9 “ზუმერის” სახელით ტექნიკის სიმბოლურ ფასად გაყიდვის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ასევე, ვებ-გვერდზე ინფორმაცია კომპანიის შესახებ და სხვა დეტალები მითითებული არაა, რაც აჩენს ეჭვს, რომ იგი თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. კიბერდამნაშავეები სანდოობის მოპოვების მიზნით ხშირად ქმნიან ცნობილი კომპანიების ანალოგიურ ან მიმსგავსებულ ვებ-გვერდებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყალბი გათამაშებითა და დაბალი ფასებით “იტყუებენ”.

თაღლითურ ფეისბუკ და ვებ-გვერდებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” აქამდეც წერდა, ვრცლად იხილეთ შემდეგი მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: თაღლითობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist