დიაბეტის სასწაულმოქმედი წამალი თუ სამედიცინო თაღლითობა?

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

2.4k
VIEWS

31 მარტს ვებ-გვერდზე სახელად ueik.ru.com დიაბეტის მკურნალობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატია “ექიმ ალექსანდრე ბურდულთან” ინტერვიუს გვთავაზობს, რომელიც, სტატიის ავტორის თქმით, ქვეყანაში საუკეთესო ენდოკრინოლოგი და 32 სამეცნიერო წიგნის ავტორია. ალექსანდრე ბურდულის თქმით, დიაბეტის მკურნალობისას უმეტესად მეტფორმინს იყენებენ, თუმცა თერაპიის ეს მეთოდი პაციენტებისთვის სახიფათოა და ნაადრევ სიკვდილს იწვევს, მისივე თქმით, მეტფორმინი პრეპარატ “დიალუქსით” უნდა ჩანაცვლდეს, რომელმაც პაციენტების 96% დიაბეტისგან სრულად განკურნა.

;

სტატიას კიდევ ერთი რესპონდენტი – პენსიონერი ნათია გველურაშვილი ჰყავს, რომელიც ამბობს, რომ დიალუქსის დახმარებით დიაბეტისგან განიკურნა. მასალას ახლავს როგორც ექიმ ალექსანდრე ბურდულის, ისე პენსიონერ ნათია გველურაშვილის ფოტოები.

სტატიის თანახმად, ქართულ აფთიაქებში პრეპარატ დელუქსის დეფიციტია, ვებ-გვერდზე კი მკითხვლისთვის ერთგვარი გათამაშება ტარდება, რომლის დახმარებითაც მსურველებს პრეპარატ დიალუქსის შეძენა ნახევარ ფასად – 64 ლარად შეუძლიათ.

ვებ-გვერდი, რომელიც დიაბეტის სამკურნალო პრეპარატ დიალუქსის გაყიდვას ცდილობს, ქართულის გარდა, კიდევ 8 სხვადასხვა ენაზე იდენტური ტექსტით, ფოტოებითა და კომენტარების ველითაა შექმნილი. ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, რომელიც ექიმ ალექსანდრე ბურდულადაა გასაღებული, რეალურად ვორონეჟის ხიდის ქარხნის დირექტორია, პენსიონერ ნათია გველურაშვილად მოხსენიებული ქალი კი ბაშკირეთში მცხოვრები გალინა ტუშკანოვაა.

ვებ-გვერდი სამედიცინო თაღლითობის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის ხელმისაწვდომი არაა მწარმოებელი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე პრეპარატის შემცველობა და მისი ეფექტურობაც ბუნდოვანია.

ვებ-გვერდ ueik.ru.com-ის შესახებ

ვებ-გვერდი, რომელზეც დიაბეტის სამკურნალო ახალი პრეპარატი იყიდება ueik.ru.com-ია, თუმცა მასზე არც გამოცემის სახელწოდება და არც ლოგო, რომელიც მისი იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემდა, განთავსებული არ არის. გარდა ამისა, ვებ-გვერდს არც “ჩვენს შესახებ” სექცია აქვს, სადაც მასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული.

ვებ-გვერდს აქვს რამდენიმე რუბრიკა, მაგალითად “საზოგადოება”, “სიახლეები”, “ვიდეო” და “ცხოვრება”, თუმცა ნებისმიერი მათგანზე გადასვლის მცდელობისას ავტომატურად სტატიის იმ ნაწილზე გადავდივართ, რომელიც პრეპარატ დიალუქსის გათამაშებაში მონაწილეობას გვთავაზობს, იგივე ხდება ვებ-გვერდის სხვადასხვა სოციალურ ქსელში გადასვლის მცდელობისასაც.

ეკრანზე ჩანს საჩუქრის ყუთები, მათზე დაწკაპუნების შემდეგ კი პრეპარატ დიალუქსის შეძენას 64 ლარად გვთავაზობენ, ეკრანზე ჩნდება ფანჯარა, რომელშიც სახელისა და გვარის და ტელეფონის ნომრის მითითებას გვთხოვენ, რის შემდეგაც შეკვეთა უნდა გაფორმდეს.

;

;

ვებ-გვერდის მარჯვენა მხარეს ტელეფონის ყურმილი ჩანს, თუმცა მასზე დაწკაპუნების შემდეგ ფანჯარა გამოდის, რომელიც კვლავ ჩვენი სახელისა და ტელეფონის მითითებას გვთხოვს. იქვე აღნიშნულია, რომ ოპერატორი თვითონ დაგვიკავშირდება. ვებ-გვერდზე საკონტაქტო ნომერი მითითებული არ არის.

აღნიშნული ფაქტორები გვაფიქრებინებს, რომ ვებ-გვერდი უშუალოდ ამ კონკეტული სტატიის გამოსაქვეყნებლად არის შექმნილი.

სტატიის ბოლოს მომხმარებლების დადებითი კომენტარებია განთავსებული, რომელთა ნაწილი წერს, რომ დიალუქსით მკურნალობამ შედეგი გამოიღო, ნაწილი კი პრეპარატის მალე შეძენის სურვილს გამოთქვამს. საინტერესოა ისიც, რომ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების ღილაკი არსადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატიის ბოლოს კომენტარების ნაწილიც ჩაშენებულია.

Whois Lookup-ის საძიებო ინსტუმენტის მონაცემების თანახმად, ვებ-გვერდი ueik.ru.com 28 დღის წინ შეიქმნა და reg.ru-ს მიერაა დარეგისტრირებული. საინტერესოა, რომ ინსტუმენტმა ძიების პირველ მცდელობაზე ვებ-გვერდის IP მისამართად ტოკიო აჩვენა, მეორე მცდელობაზე კი სან ფრანცისკო.

;

;
ქართული IP მისამართისგან განსხვავებით, გვერდზე უცხოური IP მისამართით შესვლისას სხვა ვიზუალისა და შინაარსის ვებ-გვერდზე, სახელწოდებით  Capital Cardiology Associates-ის ქართულენოვან ვერსიაზე გვამისამართებს, ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ კაპიტალური კარდიოლოგიის ასოციაცია რამდენიმე ადგილზე ფუნქციონირებს, მათ შორისაა ალბანეთი და კაირო.

;
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის გასაყიდად 8 სხვადასხვა ენაზე იდენტური ვებ-გვერდებია შექმნილი

ქართულ ენაზე გავრცელებული სტატიის ტექსტი სხვა არაერთ ენაზეცაა გამოქვეყნებული. ვებ-გვერდების დიზაინი ქართული ueik.ru.com-ის თითქმის იდენტურია. გარდა ამისა, გამოყენებულია ექიმისა და პენსიონერის იდენტური ფოტოები, თუმცა ისინი სხვადასხვაენოვან სტატიაში განსხვავებული სახელებით არიან მოხსენიებული.

დიაბეტის სამკურნალო სასწაულმოქმედი პრეპარატის რეკლამირებისა და გაყიდვისთვის ვებ-გვერდები შექმნილია რუსულ (2) იტალიურ (2, 3), რუმინულ, სლოვაკურ, ჩეხურ, პოლონურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე.

;

ქართულის მსგავსად, სხვა ენებზე გამოქვეყნებულ სტატიებსაც კომენტარების ველი ახლავს. კომენტარების ავტორების ფოტოები იგივეა, სახელები კი ქვეყნების მიხედვითაა შეცვლილი.

ქვეყნების მიხედვით იცვლება დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის სახელწოდებაც, ქართულენოვანი დიალუქსის გარდა, პრეპარატები დიაპრომინის, დიალინის, დიალონისა და მიცელიქსის სახელებით გვხვდება.

;
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსულ წყაროებში მსგავსი ტიპის ვებ-გვერდები სისხლძარღვების დაავადებების მედიკამენტის შესახებაც იძებნება, ამ ვებ-გვერდებს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის შესახებ შექმნილი ვებ-გვერდების იდენტური დადებითი კომენტარების ველი აქვს. სისხლძარღვების დაავადების სამკურნალო პრეპარატის რეკლამირების მიზნით პორტუგალიური ვებ-გვერდიც იძებნება, სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტი კი კვლავ ის პენსიონერია, რომელიც სხვა ვებ-გვერდებზე 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის დიაბეტით დაავადებულ მოქალაქედ იყო წარმოჩენილი.

;

ფოტოზე არა ენდოკრინოლოგი ალექსანდრე ბურდული, არამედ ვორონეჟის ხიდის ქარხნის დირექტორია გამოსახული

დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის რეკლამირებისთვის შექმნილ ქართულენოვან ვებ-გვერდზე ქართველი ენდოკრინოლოგისა და საუკეთესო სპეციალისტის – ალექსანდრე ბურდულის ინტერვიუა წარმოდგენილი. სხვა ქვეყნების ვერსიაში, საუკეთესო ენდოკრინოლოგი ალექსანდრე რაფაელის, ალექსანდრ რაფილოვიჩის, ალესანდრო რაფინისა და  ალექსანდრუ რაფილას სახელითაა მოხსენიებული. ყველა მათგანი ენდოკრინოლოგის ფოტოდ მოხუცი მამაკაცის ფოტოს იყენებს, რომელსაც თეთრი პერანგი აცვია.

;

რეალურად, ფოტოზე გამოსახული ადამიანი არც ალექსანდრე ბურდულია და არც ექიმი ენდოკრინოლოგი. ფოტოზე გამოსახულია ვლადიმირ ნიკოლაევიჩ ბოროვიკოვი, რომელიც რუსეთის ქალაქ ვორონეჟის ხიდის ქარხნის დირექტორი იყო. ის 2019 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

2019 წლის 12 მარტს ქალაქ ვორონეჟის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელ VKontakte-ს პროფილზე ბოროვიკოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ცნობაა გამოქვეყნებული, განცხადებას სწორედ ის ფოტო ახლავს, რომელსაც არაერთი ვებ-გვერდი ექიმ ენდოკრინოლოგად ასაღებდა.

;

ფოტოზე არა გორელი პენსიონერი ნათია გველურაშვილი, არამედ ბაშკირეთში მცხოვრები გალინა ტუშკანოვაა გამოსახული

სტატიის თანახმად, მეორე რესპონდენტი ქართველი პენსიონერი ნათია გველურაშვილია, რომელიც გორში ცხოვრობს და მან პრეპარატ დიალუქსის დახმარებით დიაბეტი დაამარცხა.

;
სხვადასხვაენოვან სტატიაში შეცვლილია ამ რესპონდენტის სახელი და საცხოვრებელი ადგილი, მის სახელებად გვხვდება ტატიანა ზიზენკო, ფრანჩესკა მანჩინი, სანდრა მარტინესი და ა.შ. ყველა სტატიაში იგივე რჩება ინფორმაცია, რომ ის 28 წლის ასაკიდან დიაბეტით იტანჯება და სტატიაში მოცემული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის დახმარებით გამოჯანმრთელება შეძლო.

;;
ფოტოზე გამოსახული ადამიანი რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ ტუიმაზში მცხოვრები პენსიონერი გალინა ტუშკანოვაა. აღნიშნული ფოტო მისი ადვოკატის, არტურ იუსუნოვის გადაღებულია და ის რუსულენოვანი გამოცემა msket.ru-ს 2019 წლის რამდენიმე სტატიაშია გამოყენებული. სტატიების მიხედვით, გალინა ტუშკანოვა ნამდვილად აქვს დიაბეტი, 2019 წლის აპრილში კი მან საცხოვრებლიდან გასახლების გამო პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

;

;
მართალია, ფოტოზე გამოსახულ გალინა ტუშკანოვას დიაბეტი აქვს, თუმცა ღია წყაროებით მისი კონკრეტული პრეპარატით გამოჯანმრთელების შესახებ ცნობები არ იძებნება და ინფორმაცია მხოლოდ მისი 2019 წლის საპროტესტო შიმშილობის შესახებ გვხვდება.

“დიაბეტის სასწაულმოქმედი წამლის” ვებ-გვერდი სამედიცინო თაღლითობის ნიშნებს შეიცავს

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართულ აფთიაქებში პრეპარატ დიალუქსის დეფიციტია, სწორედ ამიტომ უმჯობესია მსურველებმა ის ამ ვებ-გვერდიდან შეიძინონ. მედიკამენტი, სახელწოდებით დიალუქსი არცერთი ქართული აფთიაქის ვებ-გვერდზე არ იძებნება.

healtline.com-ზე გამოაქვეყნებულია იმ მედიკამენტების სია, რომლებსაც დიაბეტის სამკურნალოდ იყენებენ, დიალუქსი არც ამ სიაშია წარმოდგენილი.

გარდა იმისა, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის გასაყიდად სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე ტექსტს იყენებენ, რომელშიც ორი ადამიანის იდენტობაა გაყალბებული, პრეპარატის გარშემო რამდენიმე ფაქტორი იკვეთება, რომლებიც სამედიცინო თაღლითობაზე ეჭვს აჩენს, ესენია:

  1. დიალუქსის შეფუთვაზე მისი მწარმოებელი კომპანია ან ქვეყანა არ იკითხება, ეს ინფორმაცია არც სტატიაშია დაკონკრეტებული, შესაბამისად უცნობია ისეთი დეტალები, როგორებიცაა მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. ვებ-გვერდზე ტელეფონის ყურმილი ჩანს, თუმცა მასზე დაწკაპუნების შემდეგ საიტი ჩვენს სახელსა და ტელეფონის ნომერს ითხოვს, მათი საკონტაქტო ნომერი კი არ ჩანს;
    ;
  2. ბუნდოვანია მედიკამენტის შემცველობა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ის აუცილებელ ვიტამინებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს, თუმცა კონკრეტული ინგრედიენტები დასახელებული არ არის და სტატიას არც პრეპარატის ონლაინ სამედიცინო ინსტრუქცია ახლავს;
  3. სტატიაში აღნიშნულია, რომ მედიკამენტი დიალუქსი ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში შეიქმნა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის რომელი ქვეყნის ენდოკრინოლოგიის ცენტრზეა საუბარი;
  4. არც სტატიაში და არც ღია წყაროებით არ იძებნება რაიმე კვლევა, რომელსაც პრეპარატის ეფექტურობა აქვს შესწავლილი;
  5. დიალუქსი მკითხველს დიაბეტისგან განკურნებას ჰპირდება, დღესდღეობით კი დიაბეტის განკურნების გზა აღმოჩენილი არ არის, სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ დიაბეტის სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა პაციენტს დაავადების მართვა შეუძლია, რაც მას დაავადების სიმპტომების შესუსტებაში დაეხმარება, თუმცა ეს განკურნებას არ ნიშნავს;
  6. ადამიანი ან კომპანია, რომელიც ამ პრეპარატის გაყიდვას ცდილობს შეუძლებელია მყიდველების სამედიცინო ისტორიას იცნობდეს და მეტიც, დადებითი შედეგის მიღებაში დარწმუნებული იყოს, გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მყიდველისგან არც ექიმის დანიშნულ რეცეპტს ითხოვენ, შესაბამისად ექიმთან კონსულტაციის გარეშე ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატის მიღებისკენ მოწოდება სამედიცინო თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

პრეპარატი დიალუქსი ერთ-ერთ ვებ-გვერდზე new.dialux.pro-ზეც იყიდება, ამ შემთხვევაში უფრო მეტი ინფორმაციაა მითითებული, თუმცა ხარვეზები ამ ვებ-გვერდსაც აქვს. პრეპარატის ლეგიტიმაციისთვის ვებ-გვერდზე რამდენიმე ორგანიზაციაა მითითებული, რომლებმაც თითქოს დიალუქსი აღიარეს, თუმცა არცერთი მათგანი ან მათი კვლევები ღია წყაროებით არ იძებნება.

;
გარდა ამისა, ვებ-გვერდზე წერია, რომ დასავლურ ფარმაცევტულ კორპორაციებს პრეპარატის ძველი რეცეპტის მისაკუთრება სურთ, რომელიც გერმანელ ქიმიკოსს ალფრედ ვონ ციმერმანს ეკუთვნის, ამ ინფორმაციას ფოტოც ახლავს, თუმცა ფოტოზე არა ქიმიკოსი ციმერმანი, არამედ გერმანელი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცია გამოსახული, რომელსაც დიაბეტთან ან მის წამალთან შეხება არ ჰქონია. ალფრედ ვონ ციმერმანის სახელი კი ღია წყაროებით საერთოდ არ იძებნება.

;;
ვებ-გვერდზე არის “სპეციალისტების” განყოფილებაც, რომლებიც მომხმარებელს პრეპარატის ხარისხზე ესაუბრებიან. ერთ-ერთი ფოტო, რომელზეც საიტის თანახმად, ხარისხის დირექტორის ნატალია სემიონოვაა გამოსახული, სხვა ვებ-გვერდზე ანა შუბკინას სახელით ფიგურირებს და ერთ-ერთი სტამბის პარტიორადაა წარმოდგენილი.

;

;
იდენტური ვებ-გვერდია შექმნილი დიაბეტის პრეპარატის, სახელწოდებით დიალეკის გასაყიდადაც.

;
2017 წელს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელიც მომხმარებელს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებით არალეგალური ვაჭრობისადმი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. FDA მომხმარებლებს ურჩევს არალეგალური წესით გაყიდული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები არ გამოიყენონ, რომლებიც მათ დიაბეტის სიმპტომების შესუსტებას, ზოგჯერ კი განკურნებასაც ჰპირდებიან, რადგან აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო გამოკვლევის გარეშე, შესაძლოა, პაციენტისთვის საფრთხისშემცველი იყოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ FDA-ს ლაბორატორიული ანალიზით დადგინდა, რომ დიაბეტის პრეპარატები, რომელებიც “სრულად ნატურალური” იყო, ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავდა, რომლებიც მათ შემცველობაში მითითებული არ იყო, სწორედ ამიტომ ამგვარი მედიკამენტების მიღება სახიფათოა, შესაძლოა, ისინი სხვა მედიკამენტებთან სახიფათო ურთიერთქმედებაშიც შევიდნენ და დიაბეტით დაავადებული ადამიანის სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვიონ.

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიის (ACCC) პროექტ Scamwatch-ის ვებ-გვერდზე საუბარია თაღლითურ ონლაინ აფთიაქებზე, რომლებიც მომხმარებელთა მოტყუებას დაბალი ფასებით ცდილობენ, საბოლოოდ კი, შესაძლოა, საერთოდ ვერ მიიღონ ის პროდუქტი, რომელიც შეიძინეს ან პროდუქტი სასარგებლო არ აღმოჩნდეს. ვებ-გვერდზე თაღლითური ონლაინ აფთიაქების ზოგადი მახასითებლებია განხილული და აღნიშნულია, რომ ისინი უმეტესად პროდუქტს სასწაულმოქმედ მკურნალად წარმოაჩენენ, ხშირად ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სამედიცინო ინდუსტრია მათ გაჩუმებას ცდილობს. ხაზგასმულია ისეთი ფაქტორებიც, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, მაგალითისთვის მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია, მედიკამენტზე სამეცნიერო კვლევების არარსებობა და სხვ.

მეტფორმინის შესახებ

სტატიაში აღნიშნულია, რომ დიაბეტის მკურნალობისას უმეტესად მეტფორმინს იყენებენ, თუმცა ის პაციენტებისთვის სახიფათოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებსა და ნაადრევ სიკვდილს იწვევს.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ვებ-გვერდზე მეტფორმინის პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულია განცხადება, რომელშიც მეტფორმინის შემცველი გარკვეული პროდუქტებში ნივთიერება N-ნიტროსოდიმეთილამინის (NDMA) მინარევებზეა საუბარი, რომლებიც შესაძლოა ორგანიზმისთვის საფრთხის შეცველი იყოს.

ადმინისტრაცია რეკომენდაციას გასცემს, რომ პაციენტებმა, რომლებიც მეტფორმინს იღებდნენ მისი მიღება უნდა გააგრძელონ, სანამ ექიმი მათ რაიმე სხვა პრეპარატით არ ჩაანაცვლებს, რადგან სპეციალისტთან საუბრის გარეშე მისი შეწყვეტა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, შესაძლოა, სახიფათო იყოს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ადმინისტრაცია საკითხს იკვლევს და თუ მეტფორმინის მიღებისას დასაშვები დოზები დაცულია, პაციენტებს სიმსივნის რისკი არ განუვითარდებათ, ხოლო თუ ისინი დიდი ხნის განმავლობაში დიდი დოზებით იღებდნენ მეტფორმინის ბაზაზე დამზადებულ პრეპარატს ამან, შესაძლოა, სიმსივნის რისკი გაზარდოს.


არქივის ბმული: ueik.ru.com


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist