22 ივლისს ფეისბუქ-გვერდმა Entrepreneur ვებ-გვერდ homeinvestor.to-ზე გამოქვეყნებული, რუსეთში მცხოვრები მომღერლის, ვალერი მელაძის მიერ კრიპტოვალუტაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული სტატია გააზიარა და დაასპონსორა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მელაძემ გასულ კვირას გადაცემა “პროფილში” სტუმრობისას, ფინანსური წარმატების წყაროდ კრიპტოვალუტით ავტომატური ვაჭრობის ახალი პროგრამა Bitcoin Code დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ-გვერდ Entrepreneur-ზე შესვლისას homeinvestor.to-სთან დაკავშირებული პოსტი არ ჩანს, თუმცა ფეისბუქის რეკლამების ბიბლიოთეკაში ის ასახულია.
ვებ-გვერდზე არაერთი ადამიანის ფოტოა განთავსებული, რომლებსაც მათ მიერ Bitcoin Code-ის გამოყენებით მიღებული ფინანსური მოგების შესახებ ისტორიები ახლავს.
ვებ-გვერდზე აქტიურად ვარდება სარეკლამო ფანჯარა, რომელიც Bitcoin Code-ში ფულის ჩადებას გვთავაზობს, მასზე დაწკაპუნების შემდეგ კი ვებ-გვერდ freeoffers.me-ზე გადავყავართ. freeoffers.me ტელეფონის ნომრითა და ელექტრონული ფოსტით დარეგისტრირებას და BITCOIN LOOPHOLE-ში ინვესტირებას გვთავაზობს.
ვებ-საიტი, რომელიც ვალერი მელაძის სახელით კრიპტოვალუტით ვაჭრობის პროგრამა BITCOIN LOOPHOLE-ში მკითხველების ჩართვას ცდილობს, თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. დეზინფორმაციაა, თითქოს მელაძემ ამ პროგრამაზე გასულ კვირას “პროფილში” ისაუბრა, გადაცემა თითქმის 1 წელია ეთერში აღარ გადის, მელაძის ამ შინაარსის განცხადება არც ღია წყაროებით იძებნება. გარდა ამისა, BITCOIN LOOPHOLE-ში ინვესტირებით კმაყოფილი ადამიანების იდენტობები გაყალბებულია და ისინი სხვა პირების ფოტოებს იყენებენ.
მასალის თანახმად, ვალერი მელაძემ კრიპტოვალუტაში ინვესტირებასთან დაკავშირებით მაია ასათიანის საავტორო გადაცემა “პროფილში” გასულ კვირას ისაუბრა. ფეისბუქ-პოსტი 22 ივლისსაა დასპონსორებული, “პროფილი” კი ბოლოს ეთერში 2021 წლის 4 აგვისტოს გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიაში მელაძის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არ იძებნება, გარდა ამისა, ღია წყაროებში არც მელაძის პროფილში სტუმრობის დამადასტურებელი ვიდეო ან ფოტომასალა იძებნება.
აღსანიშნავია, რომ, როგორც forbes.ru წერს, 2018 წელს “რუსეთის ბანკმა” კომპანია Cashbury-ს ფინანსური პირამიდის ნიშნები გამოავლინა, რომლის კამპანიის რეკლამირებაში ვალერი მელაძეც იყო ჩართული, სტატიაში ნათქვამია, რომ იუთუბზე იძებნებოდა ვიდეო, რომლითაც მელაძემ კომპანიას დაბადების დღე მიულოცა, ვიდეო ამ დროისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.
ვებ-გვერდების – homeinvestor.to-ისა და freeoffers.me-ს შესახებ
ვებ-საიტ homeinvestor.to-ზე გამოცემის ლოგოს ადგილზე იანდექსის სიახლეების (Яндекс Новости) ლოგოს ვხვდებით, სათაურის შემდეგ კი სამი მედიასაშუალების – პირველი არხის, იმედისა და სპუტნიკის ლოგოებია განთავსებული.
Who is Lookup-ის მონაცემების მიხედვით, homeinvestor.to-სა და freeoffers.me-ს IP მისამართები კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-ხოსეში მდებარეობს. freeoffers.me 119 დღის წინაა დარეგისტრირებული, იგივე მონაცემი homeinvestor.to-სთან დაკავშირებით Who is Lookup-ზე განთავსებული არაა.
ვებ-გვერდ homeinvestor.to-ს კომენტარების ველიც აქვს, თუმცა მასზე კომენტარის დასატოვებლად ან დასარეგისტრირებლად ღილაკი არ ჩანს. კომენტარების ავტორების ფოტოებით ძიების შემდეგ არაერთი მსგავსი ვებ-საიტი (1, 2, 3) გამოვლინდა, რომლებსაც კომენტარების ველი ჩაშენებული აქვთ და იმავე ფოტოებსა და სხვა სახელებს იყენებენ.
homeinvestor.to-ს ფოტომანიპულაციები
თაღლითურ ვებ-გვერდზე არაერთი კმაყოფილი მომხმარებლის ფოტო და კომენტარია განთავსებული, ისინი წერენ, რომ Bitcoin Code-ის დახმარებით დროის მოკლე პერიოდში სოლიდური თანხების გამომუშავება შეძლეს. ერთ-ერთი ფეისბუქ-პროფილის, სახელად სტეპან კრუპნოვის პოსტია, რომელშიც წერია, რომ კრუპნოვმა Bitcoin Code-ით მიღებული ფულით უმცროს ძმას საჩუქრად ფერარი უყიდა.
რეალურად, ფოტო 2018 წელსაა გადაღებული და მასზე არა სტეპან კრუპნოვი და მისი ძმა, არამედ იუთუბერი ძმები ლუკას და მარკუს დობრები არიან გამოსახული. ლუკას დობრემ ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა, იუთუბზე განთავსებულ ვიდეოში კი ამბობს, რომ 19 წლის ასაკში ოცნების ავტომობილი Ferrari 488 Pista იყიდა.
კიდევ ერთი ისტორია ამირან გელაშვილის ოჯახს ეხება, რომელმაც მატერიალური სირთულეები Bitcoin Code-ის დახმარებით გადალახა, ამის მტკიცებულებად მასალას ამირან გელაშვილის სახელითა და საქართველოს ბანკის ლოგოთი 8000-ლარიანი ამონაწერის ფოტოც ახლავს.
ფოტო სხვა არაერთ თაღლითურ ვებ-საიტზეა გამოყენებული და გელაშვილის მაგივრად მამაკაცის გვარად გრანტი, სლადეკი და იამანია დასახელებული. ფოტო გერმანულენოვანმა Correctiv-მა და თურქულენოვანმა teyit-მა გადაამოწმეს, მათ ფოტოს პირველწყაროს 2014 წელს იეჰოვას მოწმეების ვებ-საიტზე მიაკვლიეს, თუმცა ფოტოს მასზე გამოსახული ადამიანების სახელები მითითებული არ აქვს.
ბანკის ამონაწერის ფოტოც არაერთ თაღლითურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ფოტო დამუშავებულია და სხვადასხვა ბანკისა და თანხის მიმღები პირის სახელი აწერია, თუმცა ავტორიზებული ხელმოწერა ყველა მათგანზე უცვლელია.
ვებ-საიტ homeinvestor.to-ს თანახმად, კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებელია ალექს ბოლქვაძე, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს და 2 კვირაში 10 752 ლარი გამოიმუშავა.
რეალურად, ფოტოზე გამოსახული ადამიანი კალიფორნიის შტატში მცხოვრები პირს ნაჰიგიანია, ის ვებ-საიტ ranker.com-ის რედაქტორია. ნიჰიგიანი წლების განმავლობაში ფრილანსერი ჟურნალისტი და კონტრიბუტორი იყო, ასევე რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული. ნაჰიგიანს amazon.com-ის პროფილზე სწორედ ის ფოტო აქვს გამოქვეყნებული, რომელსაც თაღლითური ვებ-საიტი იყენებს.
მორიგი კომენტარი ქალაქ გორიდან ეკატერინა შენგელიას ეკუთვნის, რეალურად კი ფოტოზე გამოსახული ადამიანი ლიბანური წარმოშობის ბრიტანელი ადვოკატი ამალ კლუნია, ის საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებშია სპეციალიზებული. ამალ კლუნი მეუღლესთან, ჯორჯ კლუნისთან ერთად “კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის” (Clooney Foundation for Justice) თანადამფუძნებელია, ფონდის მიზანი საერთაშორისო დანაშაულებებთან და კორუფციასთან ბრძოლაა.
თაღლითურ ვებ-გვერდზე გამოყენებული ამალ კლუნის ფოტო სომხურენოვან მედიაში 2015 წლის იმ სიახლეებს ახლავს, რომლებშიც კლუნი სომხების 1915 წლის გენოციდზე საუბრობს.
freeoffers.me-ის ფოტომანიპულაციები
უზუსტობებსა და თაღლითურ ნიშნებს ვებ-საიტი freeoffers.me-ც შეიცავს, რომელიც თავის მხრივ BITCOIN LOOPHOLE-ში ინვესტირებას გვთავაზობს. მაგალითად, მასზე კმაყოფილი მომხმარებლების ფოტოებია გამოქვეყნებული, რომლებიც სხვა არაერთ ვებ-საიტზე სრულიად განსხვავებული სახელებით იძებნება. ერთ-ერთია “Leo C”, საიტზე გამოქვეყნებული მისი ფოტო სხვა ვებ-საიტებზე ეზოების წმენდის სერვისით კმაყოფილი მომხმარებელ Evan K-ის, პოლონური დიეტოლოგიური ცენტრის მომხმარებელ ვოიტეკის, დისტრიბუტორ ბრაიან ვიტალის და გამოცდილი მძღოლის რეგალიებითაა განთავსებული.
კიდევ ერთი კმაყოფილი მომხმარებლის, სახელად Estella P-ს ფოტო Adobe Stock-ზეა განთავსებული და ფოტოს ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ლუი ვიტონის ბრენდის ჩანთა კი, რომელიც ამ მომხმარებელმა BITCOIN LOOPHOLE-ში ინვესტირების შემდეგ “შეიძინა”, pinterest-ის პლატფორმიდანაა აღებული.
მსგავსი ტექნიკაა გამოყენებული მომხმარებელ Richard M-ს შემთხვევაშიც. მისი ფოტო lori.ru-დანაა აღებული, საიდანაც ფოტოს ყიდვა ნებისმიერს შეუძლია.
ფეისბუქ-გვერდ Entrepreneur-ის შესახებ
ფეისბუქ-გვერდი “Entrepreneur” 22 ივლისს შეიქმნა და თაღლითური ვებ-გვერდის მასალა დარეკლამებულ პოსტად იმავე დღეს გამოაქვეყნა. 28 ივლისის 11:00 საათის მონაცემებით, გვერდს 19 მოწონება აქვს და მასზე მხოლოდ გვერდის შექმნის დღეს, 22 ივლისს რამდენიმე პოსტი, მათ შორის entrepreneur.com-ის მასალებია გაზიარებული, თუმცა ჟურნალ Entrepreneur-ის რეალური ფეისბუქ-გვერდი 2008 წელსაა შექმნილი და ვერიფიცირებულია, მას ახალშექმნილ გვერდთან კავშირი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ახალშექმნილ ფეისბუქ-გვერდ Entrepreneur-ის მიერ დასპონსორებით გაზიარებული თაღლითური ვებ-გვერდის – homeinvestor.to-ს მსგავსი ვიზუალითა და ტექსტებით სხვა არაერთი თაღლითური ვებ-საიტია შექმნილი. ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი ადამიანების სახელებს იყენებს, რათა მკითხველებში ნდობა მოიპოვონ. მაგალითად, ერთ-ერთი ვებ-საიტის სათაური ქართულენოვანის მსგავსია და მასში წერია, რომ მსახიობ ქეით ვინსლეტის ბოლოდოინდელმა ინვესტიციებმა მთავრობა და დიდი ბანკები შეაშინა.
ამ ტიპის თაღლითური სქემები არაერთმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ გადაამოწმა. მაგალითად, Reuters წერს, რომ თაღლითური ვებ-საიტს მკითხველი ტელეწამყვან დებორა მიდენის სახელით შეჰყავდა შეცდომაში, Full Fact კი აღნიშნავს, რომ ბრიტანელ ფინანსურ ჟურნალისტ მარტინ ლუისს BBC-ის ეთერიდან მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტის პლატფორმაში ჩართვისკენ არ მოუწოდებია. ინდური გამოცემა Boom-ის გადამოწმებული ვებ-საიტი კი ინდოელი მილიარდერის მუკეშ ამბანის სახელს იყენებდა, ამ შემთხვევაშიც ვებ-საიტის ვიზუალი ქართული homeinvestor.to-ის მსგავსია.
თაღლითურ ფეისბუქ- და ვებ-გვერდებთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” აქამდეც წერდა, ვრცლად იხილეთ შემდეგი მასალები:
- ახლადშექმნილი “ბეკოს” ყალბი გვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდება
- “კარფურისა” და KFC-ის ყალბ გვერდებს სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეყავს
- დიაბეტის სასწაულმოქმედი წამალი თუ სამედიცინო თაღლითობა?
- ვებ-გვერდები სამედიცინო თაღლითობისთვის რუსთავი 2-ის ლოგოს და ფრიდონ თოდუას ფოტოს იყენებენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.