ვებ-გვერდები სამედიცინო თაღლითობისთვის რუსთავი 2-ის ლოგოს და ფრიდონ თოდუას ფოტოს იყენებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

205
VIEWS

9 მაისს ფეისბუქ-გვერდმა Alocubanoguayaberas ვებ-გვერდ  nera.ru.com-ზე გამოქვეყნებული სტატია გააზიარა. სტატიის მიზანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის, სახელწოდებით დიალუქსის გაყიდვაა.

;
სტატიაში აღნიშნულია, რომ განვითარებულმა ქვეყნებმა დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი უკვე გამოიგონეს და 14-20 დღეში დიაბეტს ისევე მარტივად კურნავენ, როგორც ჩვეულებრივ გაციებას. სტატია “ექიმ ჯანო შუშანიასთან” ინტერვიუს გვთავაზობს, მისი თქმით, მსურველებს საქართველოში ევროპულ ანალოგზე ეფექტიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის შეძენა შეუძლიათ, თუმცა აფთიაქებმა ამ მედიკამენტის გაყიდვაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულ ვებ-გვერდზე კი მკითხვლისთვის გათამაშება ტარდება, რომლის დახმარებითაც მსურველებს პრეპარატ დიალუქსის შეძენა ფასდაკლებით – 64 ლარად შეუძლიათ.

nera.ru.com-ზე გამოყენებულ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, რომელიც ენდოკრინოლოგ ჯანო შუშანიად არის გასაღებული, რეალურად 2017 წელს გარდაცვლილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ფრიდონ თოდუაა. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე რუსთავი 2-ის ლოგო და მთავარი არხის წამყვანების ფოტო მანიპულაციურადაა გამოყენებული, რამაც, შესაძლოა, მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

ვებ-გვერდი nera.ru.com ueik.ru.com-ის მსგავსად, რომელიც ამჟამად წაშლილია, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატ დიალუქსის გაყიდვას ცდილობს და სამედიცინო თაღლითობის ნიშნებს შეიცავს.

nara.ru.com “რუსთავი 2-ის” ლოგოს მანიპულაციურად იყენებს

ვებ-გვერდ nera.ru.com-ზე გამოცემის სახელწოდებისა და ლოგოს ნაცვლად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ლოგოა განთავსებული, გარდა ამისა, სტატიას მთავარი არხის წამყვანების, პაატა იაკობაშვილისა და დიანა ჯოჯუას ფოტოა განთავსებული, რაც მიზნად სანდოობის შთაბეჭდილების შექმნასა და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს.

;
nara.ru.com-ს მსგავს რუსულ ვებ-გვერდებზეც ცნობილი მედიასაშუალებების ლოგოებია გამოყენებული, რაც მათ მკითხველის ნდობის მოპოვებაში ეხმარებათ. მაგალითად, რუსულენოვანი ვებ-გვერდები, რომლებიც ვენების ვარიკოზული დაავადებებისა და ჰიპერტენზიის პრეპარატების გაყიდვას ცდილობენ, რუსეთის პირველი არხისა და მედუზას ლოგოებს იყენებენ.

;

;

ვინ არის ფოტოზე გამოსახული – ჯანო შუშანია თუ ფრიდონ თოდუა?

ვებ-გვერდი ueik.ru.com ვორონეჟის ხიდის ქარხნის დირექტორის ფოტოს ქართველი ენდოკრინოლოგის, ალექსანდრე ბურდულის ფოტოდ წარმოაჩენდა, nera.ru.com-ზე კი ახალი ფოტოა გამოყენებული, რომელზეც მოხუცი თეთრხალათიანი მამაკაცია გამოსახული, სტატიის მიხედვით, ეს ადამიანი უმაღლესი კატეგორიის ენდოკრინოლოგი ჯანო შუშანიაა.

;
ფოტოზე გამოსახული ადამიანი არა ჯანო შუშანია, არამედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი და საქართველოს VII მოწვევის (2008-2012) პარლამენტის წევრი ფრიდონ თოდუაა, რომელიც 2017 წელს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ფრიდონ თოდუა ენდოკრინოლოგი არ ყოფილა და მისი საქმიანობა რადიოლოგიის მიმართულებას მოიცავდა, ის 1997-2017 წლებში საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო.

სტატიაში გამოყენებული ფოტოს ორიგინალი სპუტნიკ საქართველოს ვებ-გვერდზე 2016 წელს გამოქვეყნებულ ფრიდონ თოდუასთან ჩაწერილ ინტერვიუს ახლავს.
;;

ვებ-გვერდ nera.ru.com-ის შესახებ

ვებ-გვერდზე რამდენიმე რუბრიკა ჩანს, თუმცა ნებისმიერ მათგანზე დაწკაპუნებისას საიტი გათამაშებაში მონაწილეობას გვთავაზობს, რათა დიალუქსი ფასდაკლებით შევიძინოთ.

ვებ-გვერდის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარე ვებ-გვერდ ueik.ru.com-ის მსგავსია, რომელიც სამედიცინო თაღლითობის გზით ასევე პრეპარატ დიალუქსის გაყიდვას ცდილობდა. “მითების დეტექტორის” მიერ სტატიის ყალბად მონიშვნის შემდეგ ვებ-გვერდი მალევე გააუქმეს. ამ დროისთვის ის აქტიური აღარ არის. სავარაუდოდ, ახალი ვებ-გვერდი სწორედ ueik.ru.com-ის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.
;

ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
დიაბეტის სასწაულმოქმედი წამალი თუ სამედიცინო თაღლითობა?

ueik.ru.com-ის მსგავსად, Whois Lookup-ის საძიებო ინსტუმენტის მონაცემების თანახმად,  ვებ-გვერდი nera.ru.com-იც  reg.ru-ს მიერაა დარეგისტრირებული და მისი IP მისამართი სან ფრანცისკოშია.

;
ueik.ru.com-ის მსგავსად, კმაყოფილი მომხმარებლების კომენტარების ველი nara.ru.com-ზეც ჩაშენებულია, კომენტარების ავტორების ფოტოები კი იმავე მიზნით შექმნილ რუსულენოვან ვებ-გვერდებზეცაა გამოყენებული.

;;
ერთ-ერთი კომენტარის ავტორის, სახელად ნუგზარ ვარსიმეას ფოტო რუსულენოვან გაცნობის ვებ-გვერდებზე ფელიქს კარასის სახელით იძებნება.
;

;
კიდევ ერთი კომენტარის ავტორის, დიანა გოგილავას ფოტო კი რუსულენოვან სოციალურ ქსელში “მოი მირ” (Мой мир@Mail.Ru) ლუდმილა ბიალის სახელითაა რეგისტრირებული.

;

ფეისბუქ-გვერდ Alocubanoguayaberas-ის შესახებ

nara.ru.com-ზე გამოქვეყნებული სტატია ფეისბუქ-გვერდმა Alocubanoguayaberas-მა გააზიარა, რომელიც მამაკაცის ტანსაცმლის პორტუგალიური მაღაზიაა, აღნიშნული ვებ-გვერდი კი 2020 წლის 16 ოქტომბერს შეიქმნა.

გვერდს პოსტი ქართულ ენაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა მას საქართველოში არცერთი ადმინისტრატორი არ ჰყავს – გვერდს 2 ადმინისტრატორი რუსეთში, 1 ანგოლაში, 1 კი უკრაინაში ჰყავს.

;
nara.ru.com, ამჟამად წაშლილი ვებ-გვერდის ueik.ru.com-ის მსგავსად, სამედიცინო თაღლითობის ნიშნებს შეიცავს. დიალუქსის უსაფრთხოობასა და ეფექტიანობაზე სტატიაში საკმარისი ინფორმაცია არ არის მოცემული, კერძოდ გაურკვეველია დიალუქსის მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია, ასევე უცნობია დიალუქსის შემცველობა და კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია. გარდა ამისა, საყურადღებო ფაქტორია ისიც, რომ პრეპარატის ეფექტიანობის დამადასტურებელი კვლევა ღია სამეცნიერო წყაროებში არ იძებნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრეპარატი დიაბეტისგან განკურნებას გვპირდება, დღესდღეობით სამედიცინო საზოგადოება კი იმაზე თანხმდება, რომ დიაბეტის კონტროლი შესაძლებელია, სრულად განკურნება კი არა.


არქივის ბმულები: nara.ru.com
Alocubanoguayaberas


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist