უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

658
VIEWS

31 ივლისსა და 2 აგვისტოს ფეისბუკის ქართულ, ასევე რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს ბელარუსის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის Беларусь 1-ის 23 ივლისს გასული სიუჟეტი, სადაც უკრაინელი ბავშვებითა და მათი ორგანოებით არალეგალურ ვაჭრობაზეა საუბარი. სიუჟეტის ნაწყვეტი Беларусь 1-ის ფეისბუკ-გვერდზეა ხელმისაწვდომი, სრული ვერსია კი АТН: Новости Беларуси и мира-ზე.

Screenshot 2023 08 08 132240 უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 

სიუჟეტის დასაწყისში წამყვანი ამბობს, რომ უკვე არა ერთეული ბავშვები, არამედ ბავშვთა სახლები იკარგება. ბავშვთა სახლით მარიუპოლთან ახლოს მდებარე ბავშვთა თავშესაფარი 85 ბავშვიანად მიყიდეს ესპანეთს, 500 ბავშვი პოლონეთსა და ისრაელში წაიყვანა დასავლურმა რელიგიურმა სექტამ, 170 მოზარდი უგზოუკვლოდ დაიკარგა ნიდერლანდებში, 30-დან 40-მდე კი ესპანეთში. ვიდეოში რამდენიმე  ქალი მათი შვილების დაკარგვაზე საუბრობს. სიუჟეტში ასევე ნაჩვენებია ინტერვიუ, რომელშიც “ეუთოს” ყოფილ უკრაინელ დამკვირვებელად წარმოჩენილი ვერა ვაიმანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აღმოაჩინეს და დახურეს 8 კლინიკა, სადაც ბავშვებს კლავდნენ, ორგანოებს აცლიდნენ და ყიდდნენ. მისი თქმით, ამ კლინიკების უმეტესობა ამერიკული იყო და ამ საქმეში უკრაინული არმიის ქვედანაყოფიც იყო ჩართული, რომელიც ბავშვებს კლავდა და ბიზნესიდან წილს იღებდა. 

Беларусь 1-ის სიუჟეტიდან ინფორმაციების ნაწილი სხვადასხვა დროს არაერთ მედიასა (1, 2, 3, 4) და ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2, 3) გავრცელებულა. 

Screenshot 2023 08 08 132318 უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 

სიუჟეტში რამდენიმე დეზინფორმაცია და მანიპულაციაა, ინფორმაციის ნაწილი კი მტკიცებულებების გარეშეა

  1. ნიდერლანდებში 170 უკრაინელი ბავშვი არ დაკარგულა. სინადვილეში საუბარი იყო ამ რაოდენობის უკრაინელ არასრულწლოვნებზე, რომლებიც მშობლების გარეშე ჩავიდნენ ქვეყანაში და მათ რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.
  2. მარიუპოლთან მდებარე ბავშვთა თავშესაფრის ესპანელებისთვის მიყიდვის შესახებ მხოლოდ ერთი, რუსეთთან დაკავშირებული პოლონელი ადამიანის უფლებათა აქტივისტი იოანა პახცევიჩი საუბრობს, რომელიც აცხადებს, რომ მას აღარ აქვს წვდომა ამის დამამტკიცებელ საბუთებთან.
  3. ვიდეოში ეუთოს ყოფილ დამკვირვებლად წარმოჩენილი ვერა ვაინამი, სინამდვილეში რუსი ვერა ვიკულინაა, მას ეუთოში არასდროს უმუშავია და კავშირები აქვს პუტინის პარტიასთან.
  • ნიდერლანდებში 170 უკრაინელი ბავშვი არ დაკარგულა

Беларусь 1-ის სიუჟეტში ამტკიცებენ, რომ 170 ბავშვი უგზოუკვლოდ დაიკარგა ნიდერლანდებში. 2022 წლის 25 მაისს ნიდერლანდურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც სულ ცოტა 170 უკრაინელი არასრულწლოვანი ჩავიდა ქვეყანაში მშობლების გარეშე. სტატიაში ხაზგასმულია, რომ ბავშვების დიდი ნაწილი არ დარეგისტრირებულა და მათთვის არც კანონიერი მეურვე დაუნიშნავთ. ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლებელია რომ ეს რიცხვი უფრო მაღალიც იყოს, რაც ზრდის საფრთხეებს ბავშვებისთვის და ყველას მოუწოდებნდნენ თვალი ედევნებინათ ბავშვების რეგისტრაციის პროცესისათვის. ეს საკითხი უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა  Stopfake-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ სწორედ ეს სტატია გახდა რუსული პროპაგანდისტების წყარო, რომლის შინაარსიც დამახინჯებულად და მანიპულაციურად გაავრცელეს.

  • მარიუპოლთან მდებარე ბავშვთა სახლის გაყიდვის მტკიცებულება არ არსებობს

სიუჟეტი პოლონელ აქტივისტს იოანა პახცევიჩს ეყრდნობა, რომელმაც რუსულ პროპაგანდისტულ მედიას – “იზვესტიასთან” განაცხადა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მარიუპოლთან ახლოს მდებარე ბავშვთა სახლიდან 85 ობოლი ბავშვი უკრაინამ ესპანეთს მიყიდა. გაკეთებული განცხადების მიუხედავად, მას არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია. Leadstories უკრაინულმა რედაქციამ და რუმინულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Veridica-მ  აღნიშნული ნარატივი მცდარად და დაუდასტურებლად შეაფასეს მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, გარდა ამისა,  მათი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პახცევიჩს სპუტნიკთან და რუსული მთავრობის მიერ კონტროლირებად სხვა მედია საშუალებებთან თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს. 

  • ეუთოს ყოფილი უკრაინელი დამკვირვებელი ვერა ნაიმანი, სინამდვილეში რუსი ვერა ნიკულინაა

ბელარუსული მედიის სიუჟეტში 2:53 წუთზე ნაჩვენებია ინტერვიუ და ტიტრების მიხედვით რესპოდენტი არის ვერა ვაიმანი – ეუთოს ყოფილი დამკვირვებელი 2019-2022 წლებში. ის ყვება, რომ უკრაინაში მათ 8 კლინიკა დახურეს, სადაც ბავშვების გვამები არმოაჩინეს, რომელთაც ორგანოები ქონდათ ამოცლილი. მისი მტკიცებით, ეს ორგანოებით ვაჭრობის ბაზრის ნაწილი იყო და ამ საქმეში ჩართული იყვნენ უკრაინის არმიის დანაყოფებიც, რომლებიც ბავშვებს ხოცავდნენ და ბიზნესიდან დიდ თანხებს იღებდნენ. ამომცნობი პროგრამის საშუალებით დადგინდა, რომ აღნიშნული რესპოდენტი რეალურად არა ვერა ნაიმანი, არამედ ქალაქ ვლადივასტოკის მცხოვრები რუსი ვერა ნიკულინაა, რომელიც პუტინის პარტიასთან “გაერთიანებული რუსეთი” არის დაკავშირებული. ინტერნეტში იძებნება მისი ფოტოები და ვიდეოები, საიდანაც დგინდება, რომ 2014 წელს ის ქალაქ ვლადივასტოკის დუმის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე იყო. ამ თემაზე უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის წერდა. 

Screenshot 2023 08 08 132402 უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 
ვერა ნიკულინა 2014წ

გავრცელებული ინტერვიუ ფრანგული პრესის სააგენტოს (Agence France-Presse (AFP)) პოლონურმა სამსახურმაც გადაამოწმა. ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეუთოსაც დაუკავშირდნენ.  ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ინტერვიუში ნაჩვენები ქალი მათი დამკვირვებელი არასოდეს ყოფილა. AFP-ს სტატიის მიხედვით, ნიკულინას ეუთოსთან მხოლოდ ირიბი კავშირი ქონია, როდესაც 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმში. 

  • უკრაინელი მშობლები სიუჟეტიდან

გავრცელებულ სიუჟეტში რამდენიმე უკრაინელი ქალი საუბრობს იმაზე, რომ მათ ევროპაში წაართვეს ბავშვები და უკან არ უბრუნებენ. ერთ-ერთი მათგანი, ოქსანა ბოროტევიჩი სხვა ინტერვიუში ამის შესახებ დეტალურად ყვება. მისი განცხადებით, მას გერმანიაში შვილი წაართვეს იმის გამო, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბოროტევიჩს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, კერძოდ მიუნჰაუზენის სინდრომი. ამ დაავადების მატარებლები მუდმივად დარწმუნებულნი არიან, რომ თავად ან მათ გარშემო მყოფ პირს (ამ შემთხვევაში მის შვილს) აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ბოროტევიჩის თქმით, მას 8 თვის განმავლობაში საავადმყოფოში დაყავდა მისი შვილი მუცლის მუდმივი ტკივილების გამო, თუმცა ექიმებმა ვერაფერი აღმოაჩინეს, რის გამოც მას მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადება დააბრალეს  და იგი ბავშვისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნიეს.

ამავე სიუჟეტის ევროპაში უკრაინელი მშობლისთვის ბავშვის წართმევის საკითხზე საუბრობს იულია პონასენკოც, რომელიც აცხადებს, რომ  ის ომის დაწყების შემდგომ დნიპროდან  ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას 2 შვილი წაართვეს და მას შემდეგ არ უნახავს. მისი განცხადებით ეს პროცესი ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა და მას არც სოციალური სამსახურები და არც უკრაინის საელჩო არ დაეხმარა ბავშვების დაბრუნებაში. პონასენკოც თქმით,  მის წინააღმდეგ ესპანეთის პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდა, რის გამოც იგი იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. თუმცა, აღსანიშნავია რომ ის არა უკრაინაში, არამედ ბელარუსში გაიქცა. ბელარუსულმა მედიამ zerkalo.io  დაადგინა, რომ პონასენკო მინსკში 2019 წელსაც ცხოვრობდა, რასაც სამძებრო-სამაშველო ჯგუფის ““Ангел” გამოქვეყნებული განცხადებაც ადასტურებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პონასენკო უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ბელორუსში ცხოვრობდა. 2019 წლის 12 თებერვალს მან ოჯახთან კონტაქტი შეწყვიტა და მას შემდეგ დნიპროს პოლიცია ეძებდა. 2019 წლის 9 მარტს, ამავე პორტალზე დაიწერა, რომ პონასენკოს ადგილსამყოფელი დადგენილია, თუმცა ძიების დეტალები არ იყო გასაჯაროვებული. 

Screenshot 2023 08 08 132411 უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 
წყარო: Поисково-спасательный отряд “Ангел”

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პონასენკო ესპანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების ტელეგრამ-არხზეც ვერ ამოიცნეს, რაც ეჭვებს აჩენს მისი ისტორიის რეალურობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინელი ბავშვების ოჯახებისთვის ჩამორთმევის ფაქტები მართლაც ფიქსირდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 2023 წლის ივნისში განცხადება გააკეთა უკრაინის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის ოფისმაც. ირინა სუსლოვამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ იციან 240 შემთხვევის შესახებ, როდესაც სოციალურმა სერვისმა ბავშვი უკრაინული დევნილების ოჯახებიდან წაიყვანა, სხვადასხვა დარღვევების გამო. სუსლოვას თქმით, ეს პირველ რიგში იმის ბრალია, რომ ევროპის ქვეყნებში ბავშვთა დაცვის განსხვავებული წესები მოქმედებს და ყველა უკრაინელს არ აქვს დეტალური ინფორმაცია, რის გამოსასწორებლადაც უკრაინის ომბუდსმენის ოფისმა უფრო მეტი სამუშაო უნდა გასწიოს. 

  • სად ქრებიან უკრაინელი ბავშვები: ევროპაში თუ რუსეთში?

შემთხვევები, რომლებიც Беларусь 1-ის სიუჟეტშია მოცემული და ბავშვებით უკანანო ვაჭრობას უკავშირებენ,  ფაქტებით არ დასტურდება. უკრაინელი ბავშვებით, მათი ორგანოებით ვაჭრობაზე და უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ ნარატივების უმრავლესობას რუსული მხარე ავრცელებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სწორედ რუსეთის მთავრობა არის დადანაშაულებული უკრაინელი ბავშვების არალეგალური დეპორტაციის საქმეში. სწორედ ამ ბრადლებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიმდინარე წლის 17 მარტს ვლადიმერ პუტინისა და  რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გამოსცა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, რუსეთში იძულებით გადაადგილეს 15000-დან 20000-მდე უკრაინელი ბავშვი (შესაძლოა ეს რიცხვი უფრო მეტიც იყოს), რომელთაგან დაახლოებით 10000-ის ადგილსამყოფელი დადგინდა, თუმცა მათგან მხოლოდ 400-მდე ბავშვის სამშობლოში დაბრუნება მოხერხდა.

უკრაინაში ბავშვთა და ორგანოებით არალეგალურ ვაჭრობაზე დეზინფორმაციები  “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში “წიქარა კოლხი” ხშირად ავრცელებს ანტილიბერალურ და ანტიოპოზიციურ პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციებს, რომლებიც “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა (1, 2, 3.)

Screenshot 2023 08 08 132418 უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 

რუსულენოვან ფეისბუკ- ანგარიშებს Лана Маркович და Людмила Иванова

ანტიუკრაინული და ანტილიბერალური დეზინფორმაციები წარსულშიც გაუვრცელებიათ:

Screenshot 2023 08 08 132432 უკრაინელი ბავშვებით არალეგალურ ვაჭრობაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება 

არქივის ბმულები

https://archive.ph/dqUCL

https://archive.ph/Zpk8F

https://archive.ph/KS1Qo


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist