ТV სეზონი და კრემლის მედია უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე განმეორებით დეზინფორმაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.8k
VIEWS

1 დეკემბერს ТV სეზონის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვისას გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ომის ფონზე უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობის “ბიზნესი ამოქმედდა” და დაშავებული ადამიანების ორგანოების გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. მჟავანაძემ ასევე თქვა, რომ ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით “სერიოზული ბრალდებები იყო” მიხეილ სააკაშვილის ოჯახის და კონკრეტულად სანდრა რულოვსის მიმართ.

ბოლო პერიოდში ინფორმაცია უკრაინაში დაჭრილი და დაღუპული სამხედროების ორგანოებით ვაჭრობაზე, “შავ ტრანსპლანტალოგიაზე” და ასევე ამ პროცესთან წარსულში სააკაშვილისა და რულოვსის კავშირზე რამდენიმე კრემლისტურმა მედიასაშუალებამაც გაავრცელა. 28 ნოემბერს Луганск 1-ის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ბავშვების ორგანოებით ვაჭრობენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობა 2014 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და ამ საქმიანობასთან სანდრა რულოვსიც იყო დაკავშირებული. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელს მარიუპოლში წითელი ჯვარი ბავშვების ჯანმრთელი ორგანოების აღრიცხვას აწარმოებდა და შესაბამისად ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული. 29-30 ნოემბერს Луганск 1-ის და Антимаидан-ის საიტებზე ტელეგრამ არხ Лохматый Z Николаев-ზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა სააკაშვილი და რულოვსი ორგანოებით ვაჭრობის სქემაში მონაწილებაში ამხილა. მანამდე 12 სექტემბერს ТВ Звезда-ს ყოველკვირეული გამოცემის Eженеделник Звезда-ს სეგმენტში გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც უკვე 8 წელია უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს ორგანოებით ვაჭრობა. სტატიაში გამეორებულია ბრალდებები ორგანოებით ვაჭრობაში სააკაშვილისა და რულოვსის ჩართულობასა და მარიუპოლში ბავშთა ორგანოებით ვაჭრობაში წითელი ჯვრის თანამონაწილეობაზე.

უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ორგანოების ვაჭრობასთან დაკავშირებული მტკიცებები კრემლისტური კონსპირაციების ნაწილია, რომელიც უკვე წლებია ვრცელდება: 1. მტკიცება, რომ წითელი ჯვარი მარიუპოლში ბავშვების ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობდა დეზინფორმაციაა და ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში გავრცელდა; 2. ორგანოების ტრანსპლანტაცია რთული და დროში შეზღდული სამედიცინო პროცედურაა, რომელიც საველე პირობებში შეუძლებელია.

ბრალდებები, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ქვეყანაში სამხედროების ორგანოებით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერია ჩართული 2014 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს ვრცელდება. აღნიშნული ბრალდებები 2019 წელს როგორც ქართულენოვან, ასევე რუსულენოვან წყაროებშიც განმეორდა. 

  • მტკიცება, რომ წითელი ჯვარი მარიუპოლში ბავშვების ორგანოების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და შესაბამისად ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული დეზინფორმაციაა და ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში გავრცელდა

2022 წლის 29 მაისს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის “სახალხო რაზმის” ხელმძღვანელმა ვლადიმირ ტარანენკომ ტელეგრამ-არხზე მარიუპოლში წითელი ჯვრის ერთ-ერთ ოფისში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ადგილზე ბავშვების 1000-ზე მეტი სამედიცინო ბარათი იპოვეს, რომლებშიც ბავშვების სამედიცინო მონაცემები, მათ შორის მათი ჯანმრთელი ორგანოების შესახებ მონაცემები იყო თავმოყრილი. ვიდეოს მიხედვით წითელი ჯვრის ოფისში ასევე იპოვეს “ინსტრუქცია” იარაღის გამოყენების შესახებ და ანგარიშები, რომლებიც ინკუბატორების შესყიდვას ეხება – ეს ინკუბატორები კი ლაბორატორიაში “მიკრორგანიზმების კულტურებთან სამუშაოდ” გამოიყენებოდა. ვიდეოში ამ ყველაფრის რეალური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო.

სახელმძღანელო, რომელიც ვიდეოს მიხედვით, იარაღის გამოყენების ინსტრუქციას შეიცავს.
დოკუმენტები, რომლებიც ვიდეოს მიხედვით, ინკუბატორების შესყიდვას ეხება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გავრცელებულ ვიდეოს 31 მაისს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდეო მცდარ მტკიებებს შეიცავს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს თავისის საქმიანობის ფარგლებში არ აგროვებდა, ხოლო მინიშნებები, რომ წითელი ჯვარი ორგანოების ტრეფიკინგში მონაწილეობს, “ცალსახად მცდარი ბრალდებებია”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეოში ნაჩვენები “იარაღის გამოყენების ინსტრუქციის სახელმძღვანელოები” სინამდვილეში სახიფათო ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ მომზადებული საინფორმაციო სახელმძღვანელოა, რომელსაც ორგანიზაცია ყოფილი სამხედრო მოქმედებების ზონაში საზოგადოების ინფორმირებისთვის იყენებს. ეს სახელმძღვანელოები ღია წყაროებში ხელმისაწვდომია. (მაგალითად ვიდეოში ნაჩვენები წიგნი Practical Military Ordnance Identification ამაზონის ონლაინ მაღაზიაშიც არის ხელმისაწვდომი). 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში ოჯახებს ფრინველების მოშენებაში დახამრებისთვის ინკუბატორები მიაწოდა. შესაბამისად, ორგანიზაციის მიერ ინკუბატორების შესყიდვა რამე სახის “ბიოლოგიურ ექსპერიმენტებთან” დაკავშირებული არ იყო.

დეზინფორმაციული ვიდეოს გავრცელების შემდეგ ის უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების სააგენტომ StopFake-მა გადაამოწმა. როგორც სააგენტოს მასალაშია აღნიშნული, წითელ ჯვართან დაკავშირებით მსგავსი დეზინფორმაცია 2021 წელსაც გავრცელდა. მაშინ ანტივაქსერი ბლოგერი ოსტაპ სტახივი ამტკიცებდა, რომ დანიური წითელი ჯვრის წარმომადგენლები ლვივის ერთ-ერთ სკოლაში უცხოელებზე ბავშვების ორგანოებად გაყიდვის მიზნით მოსწავლეების პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით უკრაინის უშიშროების სამსახურმა სტახივი რუსი კურატორების ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

  • ორგანოების ტრანსპლანტაცია რთული და დროში შეზღუდული სამედიცინო პროცედურაა, რომელიც საველე პირობებში შეუძლებელია 

აშშ-ის ჯანმრთელობის, ადამიანური სერვისების, ჯანმრთელობის რესურსებისა და სერვისების ადმინისტრაციის ჯანდაცვის სისტემების ბიუროს მიხედვით, ორგანოთა გვამური ტრანსპლანტაციისთვის დონორის გარდაცვალების შემდგომ გადასანერგი ორგანოების ჟანგბადით უზრუნველყოფა აუცილებელია.

კარდიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში, გულისცემა შეჩერებულია და ფილტვები წყვეტს სუნთქვას. ამ დროს გარდაცვლილი პაციენტის სპეციალური ვენტილატორით მხარდაჭერაა აუცილებელი, რაც ფილტვებში ჰაერის შედინებას და გადინებას უზრუნველყოფს, ასტიმულირებს გულისცემას და შედეგად ორგანიზმს ჟანგბადი კვლავ მიეწოდება.

ტვინის სიკვდილის შემთხვევაში, ტვინის ქსოვილი მკვდარია და ფუნქციონირება შეწყვეტილი, თუმცა სპეციალური სამედიცინო დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია გულისცემისა და სუნთქვის შენარჩუნება და ორგანოების სიცოცხლის უზრუნველყოფა. რაც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში და ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ არის შესაძლებელი და არა საველე პირობებში.

ტრანსპლანტაციისთვის ორგანოს ვარგისინობა დროში შეზღუდულია. სიკვდილის შემდგომ შესაძლებელია შემდეგი ორგანოების: გულის, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელების და ასევე სხვადასხვა ქსოვილის გადანერგვა (კანი, ვენები, ძვლოვანი ქსოვილი, მყესები). დონორის გარდაცვალების შემდეგ, ორგანო უნდა ამოიჭრას და სპეციალურ პირობებში უნდა იყოს შენახული, თუმცა ორგანოს შენახვის დრო საკმაოდ შეზღუდულია. ამოკვეთასა და გადანერგვას შორის ორგანოს შენახვის მაქსიმალური პერიოდი სხვადასხვა ორგანოებისთვის განსხვავებულია:

ამოღებული ორგანოების შენახვა განსაკუთრებულ სტერილურ და სპეციალურ პირობებში უნდა მოხდეს. 

გარდაცვლილი დონორის ორგანოს გადანერგვისთვის რამდენი ფაქტორია გასათვალიწინებელი:

  • სისხლის ჯგუფი;
  • სხეულის ზომა;
  • მიმღების მდგომარეობა;
  • დონორის ჰოსპიტალსა და მიმღების ჰოსპიტალს შორის მანძილი;
  • მიმღების ლოდინის დრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანოს გადანერგვის პროცედურას გამოცდილი სპეციალისტების საკმაოდ დიდი გუნდი და ტექნოლოგიურად გამართული სამედიცინო ინფრასტრუქტურა სჭირდება, რომელიც საველე პირობებში არ არსებობს. ამ ფაქტორებს უკრაინულ ფაქტების გადამოწმების სააგენტოსთან Vox Ukraine-თან საუბრისას ა. ა. შალიმოვის სახელობის ქირურგისაა და ტრანსპლანტალოგიის ერვონული ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრ უსენკომ და ლვივის პირველი სამედიცინო გაერთიანების ქირურგიული განყოფილების გამგემ, გნატ გერიჩმაც, გაუსვეს ხაზი. 

2019 წლის მაისში “გაზპრომის” მფლობელობაში მყოფი არხის НТВ-ს ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პირველ ლედის სანდრა რულოვსს ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებდა. სიუჟეტში ეყრდნობოდნენ ორი ადამიანის ანონიმურ ინტერვიუებს, რომლებიც НТВ-ის მტკიცებით, უკრაინის არმიის ოფიცერი და უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყვნენ. სიუჟეტში დასახელებულია “გადაუდებელი დახმარებისა და რეანიმაციის ჯგუფი”, რომელიც სანდრა რულოვსის ხელმძღვანელობით ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული. რუსული მედიის ცნობით, ჯგუფმა კრამატორსკში და სევეროდენეცკში სპეციალური ცენტრები შექმნა, რომლებშიც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები იგზავნებოდნენ. ორგანოებით ვაჭრობის ე.წ. სქემაში რულოვსის თანამონაწილედ საქართველოს და შემდეგ უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილიც იყო დასახელებული. რუსული მედიის მტკიცებით, რულოვსი და კვიტაშვილი სქემის განხორციელბის მიზნით უკრაინელ გენერლებს ხვდებოდნენ. სიუჟეტში ასევე დასახელებულია ექიმი ელიზაბეტ დე ბრიუკი, რომელიც ორგანოებით ვაჭრობის სქემაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო და უშუალოდ მონაწილეობდა ორგანოების ამოჭრის ოპერაციებში. გარდა იმისა, რომ გამოცემის შეფასებით დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ორგანოებით ვაჭრობა ტექნიკურად შეუძლებელი ამოცანაა, აღსანიშნავია, რომ სანდრა რულოვსის და ალექსანდრე კვიტაშვილისა და უკრაინელი გენერლების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია რაიმე სახის მტკიცებულებით არ იყო გამყარებული, ხოლო ხსენებული “ექიმის” ელიზაბეტ დე ბრუკის ვინაობის დადგენაც შეუძლებელი იყო. მთლიანობაში კი НТВ-ს სიუჟეტი უკრაინაში ორგანოებით ვაჭრობაზე კრემლის მიერ წარსულში გაჟღერებული კონსპირაციების ხაზს აგრძელებდა. ტელეგრამ-არხი Лохматый Z Николаев, რომელსაც მედიასაშუალებები Луганск 1-ი და Антимаидан-ი ეყრდნობიან, სწორედ НТВ-ს მიერ 2019 წელს გავრცელებულ კონსპირაციულ მტკიცებებს იმეორებს. 

2016 და 2019 წლებში ორგანოებით ვაჭრობასა და ამ პროცესში სანდრა რულოვსის ჩართულობაზე რუსული მედიასაშუალებები რამდენიმე ვიდეომონტაჟს ავრცელებდნენ. ერთ-ერთ სიუჟეტში მტკიცებულებებად იყო წარმოდგენილი დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ეგსჰუმაციის და გადასვენების კადრები, განსხვავებული პოლიტიკური მოვლენების ამსახველი კადრები და ასევე ზოგადი ხასიათის კადრები, რომლებსაც ორგანოების ვაჭრობასთან კავშირი არ ჰქონდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist