კრემლისტურმა ონლაინ-გამოცემამ “News Front Georgia” 2019 წლის 27 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სისხლიანი ბიზნესი და ნაციონალები უკრაინაში”. სტატია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიის, “ზვეზდას” ეთერში 2019 წლის 13 ნოემბერს გასული გადაცემის, “ღია ეთერისთვის” (“Открытый эфир’”) შოთა აფხაიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეყრდნობა.
გადაცემა შეეხება აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი პოლიტიკოსების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს მიერ ჯარისკაცების ორგანოებით უკანონო ვაჭრობას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ვიდეოსიუჟეტის ავტორია შოთა აფხაიძე, რომელიც ჟურნალისტის სტატუსით გადაცემაში სტუმრადაც არის მოწვეული. მისი მტკიცებით, 2015 წლის იანვარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე კიევში ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ, რის შემდეგაც დაღული ჯარისკაცების ექსჰუმაციას და ხარკოვში ტრანსპორტირებას მიაღწიეს.
აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დროს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის თემის ირგვლივ კონსპირაციები რუსულ მედიაში საკმაოდ გავრცელებული ნარატივია, რომელიც მიზნად ისახავს დასავლური ძალებისა და ანტირუსულად განწყობილი უკრაინელი პოლიტიკოსების დისკრედიტაციას და დემონიზაციას, ხოლო აფხაიძის სიუჟეტში გამოყენებული ვიდეომასალა მანიპულაციური ხასიათისაა და არ შეიცავს რეალურ მტკიცებულებებს.
ვიდეომანიპულაცია N1: 2015 წლად გასაღებული კადრი, სინამდვილეში 2017 წელს არის გადაღებული
შოთა აფხაიძის “ჟურნალისტურ გამოძიებაში” ნაჩვენებია 2015 წლის იანვარში კიევში “საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის” ჩასული მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის სიტყვით გამოსვლის ამსახველი ვიდეოკადრები. აღნიშნული ვიდეომასალა სინამდვილეში 2017 წლის დეკემბერშია გადაღებული, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოს წინააღმდეგ კიევში მიმდინარე დემონსტრაციების დროს. ვიდეომასალაში პატიმრობიდან მხარდამჭერების მიერ გათავისუფლებული სააკაშვილი მეუღლესთან ერთად პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართავს.
ვიდეომანიპულაცია 2: ორგანოების ამოჭრის კადრი სინამდვილეში უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ექსჰუმაციასა და ამოცნობის მიზნით მათ ტრანსპორტირებას ასახავს
აფხაიძის მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში ასევე ნაჩვენებია “ორგანოების ამოჭრის მიზნით” ჯარისკაცების ექსჰუმაციის ამსახველი მასალა. აღნიშნული ვიდეოკადრები აღებულია “Настоящее Время”-ს 2016 წლის აპრილში მომზადებული სიუჟეტიდან, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” გააშუქა. სიუჟეტი აღწერს დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მასობრივი სასაფლაოდან ექსჰუმაციასა და ტრანსპორტირებას მათი ამოცნობისა და დაკრძალვის მიზნით.
“რადიო თავისუფლების” კადრები:
აღსანიშნავია, რომ აფხაიძის “ჟურნალისტურ გამოძიებაში” გამოყენებული ზოგადი ხასიათის კადრები, როგორიცაა პულსის აპარატი და საოპერაციო ოთახი ორგანოებით უკანონო ვაჭრობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი კადრები ინტერნეტ სივრცეში მარტივად მოპოვებადია და უსაფუძვლო მტკიცების გასამყარებლად მანიპულაციურად არის გამოყენებული.
ვიდეომანიპულაცია 3: ერთი და იგივე კადრი ორი განსხვავებული ამბის აღსაწერად
აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის დასამტკიცებლად “Открытый эфир“ ასევე ეყრდნობა ოლეგ ზახადიაკინის მიერ მომზადებულ სიუჟეტსაც. სიუჟეტში გამოყენებულია ვიდეომასალა, რომელიც, ზახადიაკინის ინფორმაციით, ტრანსპლანტაციის მიზნით ჩატარებულ გვამების ექსჰუმაციის მასობრივ ოპერაციას აღწერს. იდენტური კადრები 2014 წელს რუსეთის პირველმა არხმა გაავრცელა, რაც, მათი თქმით, სლავიანსკთან რუსი სამხედროებისთვის ცეცხლის გახსნას ასახავს. კონრეტულად ქვემოთ მოცემულ კადრზე არსებული დოკუმენტები კი პირველი არხის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ეკუთვნით.
ვიდეომანიპულაცია N4: ზოგადი კადრები “მტკიცებულებებად”
აღსანიშნავია, რომ აფხაიძის “ჟურნალისტურ გამოძიებაში” გამოყენებულია ასევე ზოგადი ხასიათის კადრები, როგორიცაა სამედიცინო ხელსაწყოები, საოპერაციო ოთახი, რაც ორგანოებით უკანონო ვაჭრობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მსგავსი კადრები ინტერნეტ სივრცეში მარტივად მოპოვებადია და უსაფუძვლო მტკიცების გასამყარებლად მანიპულაციურად არის გამოყენებული.
ტყუილი 1: იულია ტიმოშენკოს ყოფილი ადვოკატისა და გერმანელი ქირურგის მიმოწერა ორგანოებით ვაჭრობის შესახებ ფაბრიკაციაა.
14:37 წუთზე სიუჟეტში მოყვანილი მიმოწერა იულია ტიმოშენკოს ყოფილი ადვოკატის სერგეი ვლასენკოს და გერმანელი ქირურგის ოლგა ვიბერის მიერ ორგანოებით უკანონო ვაჭრობის შესახებ 2014 წელს მომზადებულ Россия 24 და Россия 1 -ის გადაცემებშიც იყო ასახული. აღნიშნული მიმოწერა 2014 წელს StopFake-მა გადაამოწმა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ის გაყალბებულია.
ოლგა ვიბერი ქირურგი არ არის და სერგეი ვლასენკოსა და სემიონ სემენჩენკოსთან არავითარი ნაცნობობა არ აკავშირებს. StopFake ესაუბრა ოლგა ვიბერს, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ არის ექიმი, არ იცნობს პირადად სერგეი ვლასენკოს, სემიონ სემენჩენკოს და მთელი მიმოწერა ყალბია. ინფორმაცია გადაამოწმა ასევე გერმანულენოვანი რადიოსადგურის WDR -ის ჟურნალისტმა ჰორსტ კლოიზერმა, რომელიც დაუკავშირდა არა მხოლოდ ოლგა ვიბერს, არამედ ორგანოების ტრანსპლანტაციის გერმანულ ფონდს, გერმანიის ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, სადაც განაცხადეს რომ არ არსებობს რაიმე უმცირესი საფუძველი, რაც ამგვარი არალეგალური ბიზნესის არსებობას შესაძლებელს გახდიდა.
ტყუილი 2: უკრაინაში ომში დაღუპული ჯარისკაცების ორგანოების ამოკვეთა და გაყიდვა ტექნიკური და სამედიცინო ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია
სიუჟეტში საუბარია, რომ ორგანოების დონორებად გამოიყენებოდნენ როგორც დაჭრილი, ასევე უკვე გარდაცვლილი ჯარისკაცები. თანდართულ ვიდეოში კი ნაჩვენებია, რომ ორგანოების მოპოვების მიზნით მიმდინარეობს გვამების ექსჰუმაცია.
რეალურად, გვამების ექსჰუმაცია ორგანოების გაყიდვის მიზნით არარეალურია, რადგან სიკვდილის შემდგომ ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის ვარგისიანობა დროში მკაცრადაა შეზღუდული. ამოკვეთასა და გადანერგვას შორის პერიოდი ორგანოთა უმეტესი ნაწილის შემთხვევაში 12 საათზე ნაკლები უნდა იყოს. ასევე, აუცილებელია, რომ დონორის გარდაცვალების შემდეგ ტრანსპლანტად გამოსაყენებელი ორგანო სპეციალურ პირობებში იქნას შენახული და მას სტაბილურად მიეწოდებოდეს ჟანგბადი. ამდენად, გვამური ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგი არ არის გარდაცვლილი სხეულიდან მოგვიანებით ამოკვეთილი მკვდარი ორგანოები.
მსგავსი დეზინფორმაცია კრემლისტურ მედიაში 2014 წლიდან არაერთხელ გავრცელდა. ვრცლად ამის შესახებ, იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაცია.
წყაროების შესახებ:
შოთა აფხაიძე
შოთა აფხაიძე “ევრაზიის ინსტიტუტს” მას შემდეგ შეუერთდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვა. ის სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულის გამო იხდიდა. 2015 წელს აფხაიძემ “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. დაკავებამდე აფხაიძე მალხაზ გულაშვილის მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პუბლიცისტი იყო. აფხაიძე 2013 წელს ასევე მონაწილეობდა “კავკასიური თანამშრომლობის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ჩრ. ოსეთში, ყაბარდო-ბალყანეთსა და დაღესტანში ტურს გულისხმობდა. აფხაიძე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა. შოთა აფხაიძე რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში 2017 წლის ივლისში ე.წ. “ქართული მარშის” ორგანიზებით გამართული ქსენოფობიური და ანტი-მიგრაციული მსვლელობის ორგანიზატორად პოზიციონირებდა.
News Front Georgia
ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა. News Front Georgia-ს ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძეა, რომელიც ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. პარალელურად, „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი მართავს საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”.