News Front Georgia

2019 წლის ოქტომბერში ქართულ მედია ბაზარზე კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდი გამოჩნდა. საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბების ფრონტი” ანუ News Front ინტერნეტში 2014 წლის ნოემბერში რუსულ ვებ-ჰოსტინგ სერვისზე reg.ru-ზე დარეგისტრირდა. ვებ-გვერდის IP მისამართი რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარეობს. News Front-ი ამ დრომდე ინფორმაციას 8 ენაზე – რუსულად, გერმანულად, ინგლისურად, სერბულად, ესპანურად, ფრანგულად და უნგრულად – აქვეყნებდა. ოქტომბერში კი პლატფორმას ქართული ენაც დაემატა. News Front უკრაინის ტერიტორიების – დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის –  დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია. ნიუსფრანტის 2020 წლის თებერვლის მასალაში გამოცემის რედაქტორად შოთა აფხაიძე არის მოხსენიებული, თუმცა მან 2021 წლის 2 მარტს “მითების დეტექტორის” რედაქციას მიმართა და განაცხადა, რომ გამოცემის რედაქტორი არასდროს ყოფილა. შოთა აფხაიძე კი “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელია, ის ხშირად ჩნდება ისეთ მედიებში როგორიცაა სპუტნიკი, ცარგრად ტვ, Новостной Фронт და სხვა.

ნიუსფრონტს კავშირები ისეთ ღიად პრო-რუსულ აქტორებთან აქვს, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”, რომელიც მეტწილად სოციალისტურ თემატიკაზე მანიპულირებს  და საბჭოთა ნოსტალგიის გაღვივებას ცდილობს. News Front-ის ქართულენოვან მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და Facebook გვერდი “სტალინი” აქვეყნებენ. ეს გარემოება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გვერდები ერთი ჯგუფიდან იმართება.

ქართულენოვანი „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი 2019 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა, რომლის ადმინისტრატორი კონსტანტინე ჩიკვილაძე იყო, ხოლო 2020 წლის აპრილში ფეისბუქის ადმინისტრაციამ აღნიშნული გვერდი და ასევე ნიუსფრონტის ქსელის სხვა გვერდები და ჯგუფები წაშალა. კონსტანტინე ჩიკვილაძე ამავდროულად “საქართველო და მსოფლიოს” სტატიების ავტორი და მისი ფეისბუკ გვერდის ადმინისტრატორიცაა. 2019 წლის აპრილში კონსტანტინე ჩიკვილაძე “რუსული სამყაროს” პარტნიორ ორგანიზაციებთან და ულტრა-ნაციონალისტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მონაწილეობდა ღონისძიებაში “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაცია”, რომლის ფარგლებშიც “უკვდავი პოლკის” მიერ 9 მაისის აღმნიშვნელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონსტანტინე ჩიკვილაძე ასევე მართავს პატრიოტი ტვ-ს ღია ჯგუფს, რომლის დამფუძნებელიც გიორგი ირემაძეა. გიორგი ირემაძე კი თავის მხრივ პრორუსული ორგანიზაციის “ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირის” პრეზიდენტია. 2017 წლის აგვისტოში ირემაძე სპუტნიკის ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას.

წაშლამდე „News Front”-ის ფეისბუკ გვერდი კიდევ 5 ადმინისტრატორთან ერთად მართავდა საჯარო ჯგუფს – “Россия и Грузия- дружба навеки!”. ჯგუფი 2014 წლის 11 სექტემბერს შეიქმნა და მას შემდეგ სახელი ოთხჯერ გამოიცვალა. 2019 წლის 4 თებერვალს ჯგუფმა სახელი ორჯერ შეიცვალა, ჯერ ერქვა Kidobani, ხოლო შემდეგ Kidobani News. სახელი Россия и Грузия- дружба навеки! ჯგუფმა 2019 წლის 4 აგვისტოს დაირქვა. ხოლო მას შემდეგ, რაც ნიუსფრონტ საქართველოს ფეისბუქ გვერდი წაიშალა და ჯგუფს 5 ადმინისტრატორი დარჩა, სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და “გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ჯგუფი:Россия и Грузия- дружба навеки!” დაირქვა. ჯგუფში ისევ ზიარდება ნიუსფრონტის სტატიები.

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist