უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

185
VIEWS

22-24 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა – ირაკლი ანთიძე, შაკო ქერელაშვილი, More Caucasus, Levan Tavdishvili (1;2), ნინო ადამაშვილი და ანგარიშმა “კონსერვატიული მოძრაობა ახალციხე” გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, დედისთვის ბავშვის ძალით ჩამორთმევას ასახავს და “ევროპული სამართლის ნიმუშია”. როგორც ფეისბუქ-მომხმარებლები წერენ, ბავშვის ჩამორთმევის მიზეზი შვილის “სწორად” ვერაღზრდაა – “თურმე , დედა ” სწორად” ვერ ღზრდის შვილს და ვერ უხსნის “ევროპული ტოლერანტობის” არსს”, ხოლო “კონსერვატიული მოძრაობა ახალციხე” წერს – “ეს ევროპაა, ძმებო და დებო, მათ აინტერესებთ ოჯახური ღირებულებები”. 

shvilis chamorthveva12 უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას shvilis chamorthveva13 უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას

 

 

ვიდეო კონტექსტის გარეშე, მანიპულაციური აღწერით ვრცელდება. თავდაპირველად, ქმარს ბავშვზე ძალადობის ბრალდებით სასამართლოში ცოლმა უჩივლა, თუმცა ძალადობა არ დადასტურდა და საქმე დაიხურა. 2022 წელს ბავშვმა ფსიქოლოგთან თქვა, რომ დედამ მას დაარტყა, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ბიჭი უსაფრთხო გარემოში, მამასთან გადაიყვანეს, თუმცა ქალმა შვილი წაიყვანა, თვეების განმავლობაში მალავდა და სკოლაში არ უშვებდა. 21 დეკემბერს სპეციალურმა სამსახურებმა, პოლიციის ჩართულობით, ბავშვი დედისგან წაიყვანეს და მამას დაუბრუნეს.

შემთხვევა, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ლიეტუვაში 2023 წლის 21 სექტემბერს მოხდა. კადრები ბავშვის დედამ თავად გაავრცელა, შემდეგ კი წაშალა. ლიეტუვაში საქმეს ვილნიუსის საქალაქო სასამართლომ განიხილავს – მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბავშვი უსაფრთხო გარემოში, მამასთან უნდა გადაეყვანათ, დედას, ედიტა ბანდონიტე-ნეძინს კი მისი ნახვის შესაძლებლობა ექნებოდა. თუმცა, ქალი გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და ბავშვს მალავდა, რის გამოც ვიდეოში ნაჩვენები ზომების მიღება გახდა საჭირო.  

დედა დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ პროცესში ბავშვის სურვილებს უნდა მოუსმინონ და მას ნივთივით არ უნდა მოექცნენ. მისივე სიტყვებით, შეავსეს საბუთები, წარადგინეს ფსიქოლოგის დასკვნა და სხვა დოკუმენტები, თუმცა მათ არავინ მოუსმინა და არავინ იკითხა, რატომ არ სურს ბიჭს მამასთან დაბრუნება. ედიტა ბანდონიტე-ნეძინის თქმით, ვიდეო იმ ახლობლებისთვის ატვირთა, რომლებიც მისი გაუჩინარების მიზეზს კითხულობდნენ და არ უფიქრია, რომ მას თითქმის მთელი ლიეტუვა ნახავდა.  

“დიდი იმედი მაქვს და ძალიან მინდა, ჩემი შვილი დამიბრუნდეს. არ მინდა კონფლიქტი, არ მინდა, ის სახსრები მეტად დავხარჯო ადვოკატებზე, რომელიც ბავშვისთვის უნდა დამეხარჯა. ვითხოვ, ვამბობ, რომ შობის ჩემს შვილთან ერთად გატარება მინდა”. – ამბობს ის. 

მანამ, სანამ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ქალმა ყოფილ ქმარს რამდენჯერმე უჩივლა. როგორც კაცი ამტკიცებს, მას ბრალს სდებდნენ დანაშაულებში, რომელთაგან არცერთი არ დადასტურდა. მისივე ინფორმაციით, 2018 წელს, განქორწინების შემდეგ, ედიტა ბანდონიტე-ნეძინთან შეთანმდა, რომ მათი შვილი დედასთან იცხოვრებდა, ხოლო მამას ნახვის საშუალება ექნებოდა. თუმცა, 2021 წელს ქალმა ყოფილ ქმარს ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო უჩივლა. 

“წინასწარი ზომები დამიწესეს. არ უნდა დავკავშირებოდი და არანაირი კონტაქტი არ უნდა მქონოდა ჩემს შვილთან. ეს 2022 წლის 10 ივლისამდე გაგრძელდა – გამოძიება შეწყდა და სისხლის სამართლის დანაშაული არ დადგინდა”. – ამბობს მამა. მისივე მტკიცებით, ბავშვზე გავლენას დედა ახდენდა.  

მაშინ, როდესაც მამის წინააღმდეგ სასამართლო დავა დასრულდა, ბავშვმა ფსიქოლოგს უთხრა, რომ დედამ მას სახეში დაარტყა. გამოძიება ამჯერად დედის წინააღმდეგ დაიწყო და ბავშვი უსაფრთხო გარემოში, ბებიასთან გადაიყვანეს. იმის გამო, რომ მამის წინააღმდეგ ბრალდებები არ დადასტურდა, ხოლო ედიტა ბანდონიტე-ნეძინის სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო, ქალაქ ალიტუსის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის დროებით საცხოვრებლად მამის სახლი განსაზღვრა, ხოლო დედას მისი კვირაში 2-ჯერ ნახვის საშუალება მისცეს. შეხვედრებში ფსიქოლოგიც იღებდა მონაწილეობას. 2023 წლის ივნისში სასამართლომ დედას შვილთან კომუნიკაციის პირობები გაუუმჯობესა – ქალს უფლება მისცეს, ბავშვი ყოველ მეორე შაბათ-კვირას წაეყვანა და მასთან ერთად 14-დღიანი დასვენება დაეგეგმა. მამის მტკიცებით, ქალმა ბავშვი რამდენჯერმე წაიყვანა და დააბრუნა, თუმცა შემდეგ მისი ექიმებთან მიყვანა დაიწყო – მისი ვარაუდით, ეძებდა რაიმე სახის მტკიცებულებას, თითქოს მამამ შვილს ზიანი მიაყენა და არ მალავდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა და ბიჭის დაბრუნებას არ აპირებდა.  

2023 წლის ივლისში ქალმა ბავშვი წაიყვანა და აღარ დააბრუნა, რის გამოც ვილნიუსის სასამართლომ მათზე ძებნა გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში ბიჭი, რომელიც მე-3 კლასელი უნდა ყოფილიყო, სკოლაში არ დადიოდა. 18 სექტემბერს დედას უბრძანეს, ბავშვი მამისთვის რაც შეიძლება სწრაფად დაებრუნებინა, თუმცა ედიტა ბანდონიტე-ნეძინი ამ გადაწყვეტილებასაც არ დაემორჩილა. 21 დეკემბერს მის სახლში პოლიცია და ბავშვთა უფლებების სპეციალისტები მივიდნენ და ბიჭი წამოიყვანეს. კადრები დედამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა, თუმცა ვიდეო სწრაფად გავრცელდა. ბავშვი მამას დაუბრუნეს. როგორც ის ამბობს, ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მისი შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა, კლასელებმა კადრებში იცნეს და კითხვებს უსვამდნენ, რის გამოც გარკვეული პერიოდი დისტანციურად ისწავლის. “სხვა სკოლაში ან კლასში ვერ გადავიყვან, რადგან ჩანაწერი მთელმა ლიეტუვამ ნახა”. – ამბობს მამა.   

გავრცელებულ კადრებს პროცედურასთან დაკავშირებული კრიტიკა მოჰყვა. ვიდეოს გამოეხმაურა პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედაც და კადრებს “შოკისმომგვრელი” უწოდა. 

“სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულონ ინსტიტუტებმა და მოქალაქეებმაც. თუმცა, როდესაც სახლში მოდიან ექიმები, პოლიციელები და ბავშვთა უფლებების დამცველები, იმედი გვაქვს, რომ ბავშვი იქნება არა ჩხუბის, არამედ ყურადღებისა და ზრუნვის ცენტრში. სამწუხაროდ, პალანგაში მომხდარი ინციდენტის დროს სახელმწიფო ინსტიტუტებმა ბავშვის ინტერესები უგულებელყვეს. ბავშვის მიმართ ძალის გამოყენება, თუნდაც საუკეთესო განზრახვით, მიუღებელი და დაუშვებელია. ეს არ არის ბავშვის ინტერესების დაცვა, პირიქით. სამსახურებმა მათი ქმედებებით ბავშვის დამატებითი ტრავმული გამოცდილება არ უნდა გამოიწვიონ…” – დაწერა მან და აღნიშნა, რომ სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრმა, მის სამინისტროს დაქვემდებარებულ ბავშვთა უფლებების დაცვისა და შვილად აყვანის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, დაუყოვნებლივ უნდა შეაფასოს სიტუაცია და თანამშრომლების ქმედება, ჩაატაროს დეტალური გამოკვლევა და სწრაფად მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი სიტუაციები არ განმეორდეს.  

კრიტიკას გამოეხმაურა სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრი, მონიკა ნავიკიენე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კომენტარით იმედგაცრუებული იყო და მას “ოპორტუნიზმი” უწოდა. მისივე სიტყვებით, გამოძიებაზე მოწოდება დაგვიანებული იყო, რადგან მოკვლევა კადრების გავრცელებისთანავე დაიწყო. კადრები 13 ოქტომბერს სასამართლოზეც წარმოადგინეს

შესაბამისად, ვიდეო კონტექტის გარეშე, მანიპულაციური აღწერით ვრცელდება. სპეციალურმა სამსახურმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და ბიჭი “უსაფრთხო გარემოში”, მამასთან დააბრუნა. დედას ბავშვის ნახვის უფლება აქვს. ბავშვთა უფლებების დაცვის მაკონტროლებელი, ედიტა ჟიობიენე ამბობს, რომ მშობლებისთვის ბავშვის ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკიდურეს შემთხვევაში ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ბავშვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.   

ბავშვის მშობლისგან განცალკევება საქართველოში

ფეისბუქ-მომხმარებლები, რომლებმაც ვიდეო გაავრცელეს, მომხდარს “ევროპულ ღირებულებებს” უკავშირებენ და ევროპაში ბავშვის მშობლებისგან განცალკევებასთან დაკავშირებით დამახინჯებული აღქმის გაჩენასა და მის საქართველოსთან დაკავშირებას ისახავენ მიზნად. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, საქართველოში ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკი იღებს და შუამდგომლობას სასამართლოს წარუდგენს. იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას, სოციალურ მუშაკს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღოს ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება და შუამდგომლობა სასამართლოს 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს. სოციალური მუშაკის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ბავშვის მშობლისგან განცალკევების გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებას, ასევე, საფრთხის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს პოლიციის თანამშრომელი. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით: 

  • ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება. 
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ოჯახში ცხოვრების ისეთივე უფლება, როგორიც სხვა ბავშვს. დაუშვებელია ბავშვის მშობლისგან განცალკევება იმის გამო, რომ ბავშვი ან მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. 
  • ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის მშობლისგან განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. 
  • დაუშვებელია მშობლისგან განცალკევებული ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი ბავშვის სისხლის სამართლის წესით დაკავება, დაპატიმრება ან მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის გამო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასეთ შემთხვევაში ბავშვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო დროებითი ალტერნატიული ზრუნვა, მხარდაჭერა მისი ოჯახთან გაერთიანების მიზნით და დაცვა მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 

მშობლებისგან ბავშვის განცალკევებასა და ბავშვის უფლებათა კოდექსთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთხელ გადაამოწმა. დეტალურად წაიკითხეთ მასალებში: 

 წყაროების შესახებ 

 ფეისბუქ-მომხმარებელი ირაკლი ანთიძე ავტივაქსერული, ანტიუკრაუნული და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტეტორმა წარსულშიც რამდენჯერმე გადაამოწმა. ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ მისი მრავალი პოსტია მონიშნული. 

shvilis chamorthveva2 უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას

“მითების დეტექტორის” მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული ფეისბუქ-მომხმარებელ შაკო ქერელაშვილის პოსტებიც. ის, ძირითადად, ჰომოფობიური და ანტიოპოზიციური შინაარსის მასალას ავრცელებს.

shvilis chamorthveva3 უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიშის, More Caucasus-ის მიერ გავრცელებული ვიდეოფაბრიკაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც აქვს მონიშნული

shvilis chamorthveva4 უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას

ფეისბუქ-მომხმარებელი Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.  

“მითების დეტექტორს” ასევე გადამოწმებული აქვს ნინო ადამაშვილის მიერ სხვადასხვა ფეისბუქ ჯგუფში გაზიარებული ყალბი ინფორმაცია.  

ასევე, “კონსერვატიული მოძრაობა ახალციხის” მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტეტქორს” წარსულში აქვს მონიშნული.

shvilis chamorthveva5 უკონტექსტოდ ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აშორებენ შვილს დედას


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist