მანიპულაცია, თითქოს “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მშობლებს ბავშვის რელიგიურ აღზრდას უკრძალავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

35
VIEWS

2019 წლის 4 მარტს, ონლაინ-გამოცემამ  “ალტ-ინფო” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ქართულმა ოცნებამ პარლამენტში წარადგინა ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომლის საფუძველზეც მშობლებს შეიძლება ბავშვისთვის დაყვირება ან ყურის აწევა აეკრძალოთ, ხოლო ბავშვისთვის რელიგიური ნორმების ქადაგება მათთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდებად ჩაითვალოს.“   “ალტ-ინფოს” მტკიცებით, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი “ბავშვის უფლებათა კოდექსი” ბავშვის რელიგიური ნორმების მიხედვით აღზრდას კრძალავს, რადგან რელიგიური სწავლება “დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ ინფორმაციად” განიხილება და კანონით იკრძალება.

4 მარტსვე პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე “ბავშვის უფლებათა კოდექსის” განხილვისას პარლამენტის ყოფილმა წევრმა კობა დავითაშვილმა “ალტ-ინფოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის იდენტური განცხადება გააკეთა. “ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ მან აღნიშნა, თითქოს არსებობს საფრთხე, რომ ბავშვის რელიგიური დოქტრინის მიხედვით აღზრდა მშობლისთვის ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს. კობა დავითაშვილის გამოსვლის ამსახველი ვიდეო  ულტრა-მემარჯვენე მოძრაობა “ქართული მარშის” წევრმა  ბექა ვარდოსანიძემ  სოციალურ ქსელში გააზიარა, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“ალტ-ინფო”: “[ბავშვთა] კოდექსში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს “დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია”. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ, იდეაში, დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ ინფორმაციად შეიძლება ჩაითვალოს, ვთქვათ, ნებისმიერი რელიგიური სწავლება, რომლის მიხედვითაც გარყვნილებად და მძიმედ ამორალურ მდგომარეობად მიიჩნევა რაიმე სახის ქცევა ან მდგომარეობა, ვთქვათ, ჰომოსექსუალობა..”

კობა დავითაშვილი:  “დისკრიმინაციის წახალისება ძალიან ფართოა იმ გაგებით, რომ, მაგალითად, მთელი რიგი რელიგიები …ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევენ ცოდვად. მე რომ ჩემი რელიგიის დოქტრინა ავუხსნა ბავშვს, და ავუხსნა, რომ ეს ცოდვაა …წარმოადგენს დისკრიმინაციას. მე ჩავითვლები ამ კანონის დამრღვევად და მინდა შეგახსენოთ, რომ ბავშვისთვის საფრთხისშემცველ ინფორმაციას თუ მე სისტემატურად ვაწვდი ბავშვს, შემდეგ ეს არის საფუძველი და შეიძლება გახდეს საფუძველი ჩემთვის ბავშვის ჩამორთმევისა.”

“ალტ-ინფოსა” და კობა დავითაშვილის მტკიცება, თითქოს “ბავშვის უფლებათა კოდექსის” საფუძველზე ბავშვის რელიგიური ნორმების მიხედვით აღზრდა დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ ქმედებად მიიჩნევა და იკრძალება,  მანიპულაციაა. კოდექსი განსაზღვრავს დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ ინფორმაციას, როგორც ბავშვისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას. ეს ტერმინი ნახსენებია მხოლოდ ბეჭდური მედიასა და ინტერნეტ სიცრცეში განთავსებულ შინაარსთან მიმართებით და მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასთან კავშირი არ აქვს.  კოდექსის მე-16 მუხლი კი განმარტავს, რომ მშობლებს უფლება აქვთ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ აღზარდონ.

  • რა იგულისხმება დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაციაში?

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” მე-3 მუხლში  ტექსტში გამოყენებული ტერმინებია განმარტებული, მათ შორის არის ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია.

მე-3 მუხლი. პუნქტი ო:  “ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია – ძალადობის, დანაშაულის, დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია. ასევე, ინფორმაცია, რომელიც ახდენს ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების და აზარტული თამაშების პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი ან თვითიუსტიცია სამართლიანობისა და მართლმსაჯულების მიღწევის ან აღდგენის გამართლებულ გზადაა მიჩნეული”.

ტერმინი ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია, რომელიც დისკრიმინაციის წახალისებისკენ მიმართულ ინფორმაციასაც გულისხმობს კოდექსში  მხოლოდ ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში გამოქვეყნებული შინაარსის მიმართ არის ნახსენები. ამ ფრაზას ტექსტში მხოლოდ 2 ადგილას ვკითხულობთ:

“დაუშვებელია ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების ბავშვზე  მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას”

“ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების მოწესრიგება ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ. “

აღნიშნული ტერმინი მშობლისა და შვილის ურთიერთობების ან ბავშვის აღზრდის მამართ არ არის ნახსენები.

  • კოდექსში განმარტებულია, რომ მშობლებს  უფლება აქვთ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ აღზარდონ

მე-16 მუხლში რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შესახებ განმარტებულია:

1. ბავშვს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.

2. მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ. ბავშვისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას და მისთვის მიმართულების მიცემისას აუცილებელია უპირატესად გათვალისწინებული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მოსაზრებები მისი ასაკის, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ “ბავშვის უფლებათა კოდექსის” წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რასაც გარკვეული ჯგუფები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იყენებენ. “მითების დეტექტორი” ამ კოდექსის მისამართით გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ ადრეც წერდა. 3 მარტს თბილისში, გაეროს ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა და  ლევან ჩაჩუამ, პარტია “ქართული იდეის” ლიდერმა, თანამოაზრეებთან ერთად  “ბავშვის უფლებათა კოდექსის” პარლამენტიდან გაწვევა მოითხოვეს.

იხილეთ “მითების დეტექტორის მიერ”  “ბავშვთა უფლებების კოდექსის” შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე მომზადებული წინა მასალები:

საქართველო და მსოფლიოს მითები ბავშვთა კოდექსსა და იუვენალურ მართლმსაჯულებაზე

5 მითი ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” შესახებ

“ბავშვის უფლებათა კოდექსი” შემუშავდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით. ის თავს უყრის ყველა აქამდე არსებულ ძირითად პრინციპებს ბავშვების უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ და აწესებს მათი დაცვისა და რეალიზებისთვის საჭირო მექანიზმებს. კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ სახის დისკრიმინაციას, რაც ასევე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით.


 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist