31 აგვისტოს, ZNEOBA.GE-მ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსს ეხებოდა. პოსტში კოდექსი მოხსენიებულია, როგორც ‘’ბავშვების ღმერთთან დამაპირისპირებელი’’ და ‘’ოჯახების დამანგრეველი’’. ავტორის მიერ გაკრიტიკებულია ასევე გაეროს როლი და მათ მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია. ბავშვის უფლებათა კოდექსი 1 სექტემბერს ფეისბუქ პოსტში პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკრიტიკა. ის ბავშვის მშობლისგან განცალკევების საკითხს და სოციალური მუშაკის მუშაობას შეეხო. ლორთქიფანიძის პოსტი კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა.
ბავშვის უფლებათა კოდექსით მანიპულირება პრო-რუსული და ანტილიბერალური აქტორების მხრიდან უკვე წლებია მიმდინარეობს და ის თანხვედრაშია რუსულენოვან მედიაში ამ თემაზე გავრცელებულ მასალებთან. პერიოდულად ხდება ისეთი გზავნილების გავრცელება, როგორიცაა: “იუვენალური ფაშიზმის კანონი ოჯახების დამანგრეველია”, “მშობელს არ აქვს უფლება, ბავშვის კუთხეში დააყენოს”, “კოდექსი ითვალისწინებს გაჭირვებული ოჯახებისთვის ბავშვების წართმევას”, “მშობელი ბავშვს საკუთარი რელიგიური შეხედულებებისამებრ ვერ აღზრდის”, “კოდექსი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას ახალისებს” და სხვა.
ბავშვთა კოდექსის ცალკეული მუხლების მანიპულაციური ინტერპრეტაცია კოდექსის პროექტზე მუშაობის პერიოდიდან დაიწყო და ეს საკითხი ანტილიბერალური და პრო-რუსული ჯგუფების დღის წესრიგის შემადგენელია. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რეალურად რას ითვალისწინებს კოდექსი.
რას ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კოდექსი?
კოდექსის თანახმად, ის ორიენტირებულია თითოეული ბავშვის კეთილდღეობის დაცვაზე და ასევე მიზნად ისახავს ოჯახის გაძლიერებას, ითვალისწინებს ოჯახის მხარდაჭერის პროგრამებს, შესაბამისად იქმნება გარანტიები ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობისთვის. კოდექსის მიხედვით, ბავშვი უნდა აღიზარდოს ჰარმონიულ გარემოში, სადაც არ გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები, ბავშვის ფიზიკური დასჯა და სასტიკი მოპყრობა. ასევე გამახვილებულია ყურადღება მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებებზე, ინკლუზიურ განათლებაზე და პიროვნულ განვითარებაზე.
პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსი 2019 წლის 20 სექტემბერს დაამტკიცა, ხოლო მისი ამოქმედება 2020 წლის 1 სექტემბრიდან დაიგეგმა.
- ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიხედვით ბავშვის ღირსება შეუვალია:
Zneoba.ge-ს უტრირებულად აქვს ინტერპრეტირებული კოდექსის მე-4 მუხლი, მისი მტკიცებით, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე მშობლები შვილების მიმართ ისეთი მსუბუქი დასჯის მეთოდის გამოყენებასაც კი ვეღარ შეძლებენ, როგორიც ბავშვის კუთხეში დაყენებაა. რეალურად კოდექსში ვკითხულობთ, რომ ‘’დაუშვებელია ბავშვის წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება’’.
- ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა ბავშვის ძირითადი უფლება და თავისუფლებაა:
კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით: ’’ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები’’
zneoba.ge-ს პოსტში მორიგ მანიპულაციას წარმოადგენს მტკიცება, რომ თუ მშობელი ბავშვს ეტყვის რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა და გადაწყვეტს ამ პრინციპზე აღზარდოს ის, აღნიშნული, შესაბამისობაში არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესთან და ამ შემთხვევაში, შესაძლოა მშობლისთვის შვილის ჩამორთმევა მოხდეს.
უპირველეს ყოვლისა, მე-16 მუხლში განმარტებულია, რომ “მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ.” ხოლო ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი მეთოდია, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც სხვა მსუბუქი ზომა უკვე იქნა გამოყენებული იყო და შედეგი არ ჰქონია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი მშობლის მიერ ბავშვისთვის კონკრეტულ რელიგიურ სწავლებასთან მიმართებით კი არ გამოიყენება, არამედ მაშინ, როდესაც ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.
26-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ: “ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.”
“იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მიიღოს ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს თანხმობის მისაღებად.”
- კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვის დაცვის სახელმძღვანელო წესების შემუშავებას
მანიპულაცია ხდება მე-9 მუხლითაც, რომელიც ეხება ბავშვის პირად სივრცეს. როგორც კანონში ვკითხულობთ: “დაუშვებელია ბავშვის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის, მის პირად სივრცეში, ოჯახურ ცხოვრებაში ან პირად მიმოწერაში დაუსაბუთებელი და არაკანონიერი ჩარევა.”
აპელირება ხდება იმ ფაქტზე, რომ მოზარდები ინტერნეტ-თამაშების შედეგად თვითმკვლელობას მიმართავენ და აღნიშნული მუხლი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს, თუმცა ბავშვის უფლებათა კოდექსი მე-15 მუხლში განმარტავს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვისთვის საფრთხისშემცველი ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვის დაცვას.
ამასთან, 66-ე მუხლში წერია, რომ “ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტპროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა.” შესაბამისად მშობელს საშუალება ეძლევა გააკონტროლოს თუ რა ტიპის ინფორმაციას იღებს არასრულწლოვანი ინტერნეტიდან.
- დიმიტრი ლორთქიფანიძის პოსტი ნახევრად სიმართლეა
დიმიტრი ლორთქიფანიძე 1 სექტემბერს ფეისბუქზე განთავსებულ პოსტში ბავშვის უფლებათა კოდექსის იმ მუხლს შეეხო, სადაც საუბარია ბავშვის მშობლისგან განცალკევების საკითხზე. როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, სოცმუშაკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ. აღნიშნულ პრაქტიკას ლორთქიფანიძე ოჯახის სოციალური ნიშნით დისკრიმინაციას უწოდებს და ამბობს, რომ ოჯახისთვის კონტრზომების მისაღებად 1 დღის მიცემა არასწორია. ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ თუ განცალკევების მიზეზი ძალადობაა, ის პოლიციის მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.
რეალურად, კოდექსის 26-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ ფინანსური სახსრების არქონის გამო, ასევე ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამოქმედო ინსტრუქციაში დაზუსტებულია, რომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მეყსეული საფრთხის ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან მიმართებით და შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია სასამართლოს 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შუამდგომლობა დასტურის მისაღებად. თუმცა ბავშვის უფლებათა კოდექსში ვკითხულობთ იმასაც, რომ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს განცალკევების გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებას. აღნიშნული საფრთხის შეფასებაში კი, კოდექსის მიხედვით, უნდა მონაწილეობდეს პოლიციის თანამშრომელიც, რომლის დადებითი ან უარყოფითი დასკვნა შესაბამის ოქმში შეიტანება. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ პერიოდულად გადაიხედება.
მითები ბავშვის უფლებათა კოდექსზე
სხვადასხვა დროს ბავშვის უფლებათა კოდექსით მანიპულაცია ხდებოდა პრო-რუსული და ანტილიბერალური ჯგუფების მხრიდან. მითებს 2018-2020 წლებში გაზეთი “ასავალ-დასავალი”, ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ონლაინ მედია “ალტ-ინფო” და მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა ავრცელებდნენ.
ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაციები:
- მანიპულაცია, თითქოს “ბავშვის უფლებათა კოდექსი” მშობლებს ბავშვის რელიგიურ აღზრდას უკრძალავს
- ახალისებს თუ არა “ბავშვის უფლებათა კოდექსი” და UNICEF არასრულწლოვნებში ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებას?
- 5 მითი ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ
- რა დეზინფორმაციებს ავრცელებს პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი UNICEFის შესახებ?
- საქართველო და მსოფლიოს მითები ბავშვთა კოდექსსა და იუვენალურ მართლმსაჯულებაზე