მტკიცება ჩინეთში კოკა-კოლას სანტექნიკის განყოფილებაში გაყიდვაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

2023 წლის 29 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა ნაცნობი უფნობი, Levan Tavdishvili და Levan Megrelidze გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში კოკა-კოლა სანტექნიკის სითხეების კატეგორიაში გაიყიდება. მათ მიერ გამოქვეყნებულ ტიკ-ტოკ ვიდეოში ავტორი, ადილჟან ლატიფულად თვითიდენტიფიცირებული პირი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საჭმლის ხარისხის ქვედანაყოფმა მიიღო. მისივე მტკიცებით, ამავე ორგანიზაციის მიერ გაიცა რეკომენდაცია გაზიანი სასმლის მილების საწმენდ სითხედ გამოყენებასთან დაკავშირებით. ვიდეოს ავტორის თქმით, კოკა-კოლას დასამზადებლად კოშელინები (მწერები) გამოიყენება და რეცეპტში მათი არსებობა თურქეთში 2006 წელს აღძრული საქმის შედეგად გასაჯაროვდა. როგორც ის ვიდეოში ჰყვება, აშშ-ში პოლიციელები დანაშაულის ადგილას სისხლის კვალს კოკა-კოლით აქრობენ. 

ინფორმაცია სხვადასხვა წლებში რუსულენოვან ფეისბუქ-გვერდებზე, ანგარიშებსა და ვებ-საიტებზე ვრცელდებოდა (1;2;3;4;5;6).

 

kokakola da chinethi21 მტკიცება ჩინეთში კოკა-კოლას სანტექნიკის განყოფილებაში გაყიდვაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

ფეისბუქ-მომხმარებლები კოკა-კოლას შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ჩინეთში კოკა-კოლა სანტექნიკის სითხეების კატეგორიაში გაიყიდება, ამ თემაზე სტატია 2018 წელს სატირულმა ვებ-საიტმა გამოაქვეყნა. ასევე, მცდარია ინფორმაცია სასმელში მწერების გამოყენებასა და ამერიკელი პოლიციელების მიერ მისი სისხლის კვალის გასაქრობად მოხმარებასთან დაკავშირებით.

სტატია სატირულ ვებ-საიტზე გავრცელდა 

ვიდეოს ავტორის მტკიცებით,  ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საჭმლის ხარისხის ქვედანაყოფმა მიიღო გადაწყვეტილება, მაღაზიებში კოკა-კოლა გაყიდულიყო, როგორც სანტექნიკის სითხე და იგი მილების საწმენდ მასალად გამოეყენებინათ. ის საუბრობს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის ციხეებში კოკა-კოლას დღეში სამჯერადად მიმღები 500 პატიმრიდან 75 გარდაიცვალა და 150 შეზღუდული შესაძლებლობის გახდა.  

ვიდეოს ავტორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, საჯარო და სანდო წყაროებით ორგანიზაციის გადაწყვეტილება და ვითომდა ლეტალური შედეგებით დასრულებული კვლევა არ იძებნება. სასმელთან დაკავშირებული იმავე მტკიცებით 2018 წელს სტატია გროტესკულ-სატირულ ვებ-საიტ panorama.pub-ზე გამოქვეყნდა – რუსული ვებ-საიტების მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაციის პირველწყარო, სავარაუდოდ, სწორეს ეს სტატიაა. panorama.pub-ის საიტზე მითითებულია, რომ ის სატირული გამოცემაა და საიტზე განთავსებული ინფორმაცია არა ნამდვილ ამბებს, არამედ რეალობის გროტესკულ პაროდიას წარმოადგენს. 

kokakola da chinethi მტკიცება ჩინეთში კოკა-კოლას სანტექნიკის განყოფილებაში გაყიდვაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა

სატირული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა Лапша Медиа-მ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Лапша Медиа არის АНО Диалог Регионы- ის პროექტი, ორგანიზაციის, რომელიც ევროკავშირმა 2023 წლის 28 ივლისს დაასანქცირა, როგორც კრემლის ერთ-ერთი დასაყრდენი უკრაინის ომთან მიმართებაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად.    

გავრცელებული ვიდეო არ არის პირველი შემთხვევა, როცა სატირული panorama.pub-ის სტატია “ნამდვილ ამბად” გავრცელდა.“მითების დეტექტორმა” 2020 წელს გადაამოწმა გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს ბელგიამ სისხლის სამართლის პასუხისგება შემოიღო “ტრადიციული ოჯახისა და ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისთვის”. სატირულ გამოცემას ეყრდნობოდა მტკიცებაც, თითქოს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა.

დეზინფორმაცია კოკა-კოლას ინგრედიენტებზე 

ვიდეოს ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ კოკა-კოლას ეტიკეტზე გადმოცემული ინფორმაცია გაზირებული სასმლის შემადგენლობისგან განსხვავდება და რეალურად მის დასამზადებლად მწერი კოშელინი გამოიყენება. ის ასევე საუბრობს 2006 წელს თურქეთში დაწყებულ სასამართლო განხილვაზე, რომელზეც ნამდვილი რეცეპტი გახდა ცნობილი. Coca-Cola-ს მუქი ფერის მისაღებად კოშელინის მიერ გამოყოფილი პიგმენტის გამოყენებასა და თურქეთში დაწყებულ გამოძიებაზე დეზინფორმაცია ქართველი და უცხოეული ფაქტების გადამმოწმებლებისთვის არახალია. მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე, მტკიცებულების გარეშეა მოსაზრებაც, თითქოს სასმელში თაგვების და მწერების სისხლი ხვდება. რაც შეეხება სასამართლო განხილვას, სარჩელი, რომელიც 2007 წელს იყო აქტუალური, მიზნად ისახავდა არა სასმლის ფორმულის დადგენას, არამედ შრომითი უფლებების დაცვას. 

 ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ში პოლიციელები სისხლის კვალის გასაქრობად კოკა-კოლას იყენებენ

წარსულში ასევე გავრცელებულა მტკიცება, რომ აშშ-ში პოლიციელები სისხლის კვალის გასაქრობად კოკა-კოლას იყენებენ. თუმცა, აშშ-ის საპოლიციო ძალების კონტრაქტორი კომპანია Crime Scene Cleaners-ის ხელმძღვანელი, ნილ სმიტერსი და ვაშინგტონის შტატის პოლიციის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი ჯორჯ ჯონსტონი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სისხლის კვალის გაქრობა ამ მეთოდის გამოყენებით არაეფექტურია და იგი პრაქტიკაში არ გამოიყენება. შესაბამისად, დეზინფორმაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს აშშ-ის ზოგიერთ შტატში პოლიციელებს ვალდებულება აქვთ,  შვიდ ლიტრზე მეტი კოკა-კოლა თან იქონიონ, რათა ავტოავარიის შედეგად დაღვრილი სისხლი გაწმინდონ.

კოკა-კოლაზე გავრცელებულ მითებზე ვრცლად იხილეთ მასალა:

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-ანგარიში ნაცნობი უფნობი იგივე “ფანტინა”, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3) ერთად, მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა.  

დეზინფორმაციული პოსტები არაერთხელ გაუვრცელებია ფეისბუკ-მომხმარებელ Levan Tandishvili-საც. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულში ასევე მრავალზჯერ გადაამოწმა. 

ფეისბუქ-მომხმარებელ Levan Megrelidze-ის მიერ გავრცელებული პოსტები “მითების დეტექტორისა” და სხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული

kokakola da chinethi1 მტკიცება ჩინეთში კოკა-კოლას სანტექნიკის განყოფილებაში გაყიდვაზე სატირულ გამოცემას ეყრდნობა


დაჩი მაზანაშვილი

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია, სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist