22 ივლისს ფეისბუქ გვერდმა „საინტერესოა“ ვიდეო შემდეგი სახელწოდებით გამოაქვეყნა: “10 საშიში ფაქტი კოკა-კოლას შესახებ.” ვიდეოში კოკა-კოლას არაალკოჰოლური სასმელისა და ადამიანის ორგანიზმზე მისი ეფექტების შესახებ სხვადასხვა მტკიცებაა მოყვანილი.
ვიდეო კოკა-კოლას შესახებ 4 მცდარ 1 ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას შეიცავს. გარდა იმ მითებისა, რომლის მიხედვითაც კოკა-კოლას მეშვეობით სხვადასხვა საგნების ზედაპირების გაწმენდაა შესაძლებელი, ვიდეოში გამოთქმული მტკიცებები ასევე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას უშუალოდ კოკა-კოლა ახდენს. რეალურად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩამოთვლილი პრობლემების დიდი ნაწილი არა კონკრეტულად მხოლოდ კოკა-კოლასთან, არამედ ზოგადად შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებასთანაა კავშირში.
მცდარი ინფორმაცია #1: აშშ-ის ზოგიერთ შტატში პოლიციელებს ვალდებულება აქვთ, შვიდ ლიტრზე მეტი კოკა-კოლა თან იქონიონ, რათა ავტოავარიის შედეგად დაღვრილი სისხლი გაწმინდონ.
რეალური ფაქტი: აშშ-ის საპოლიციო ძალების კონტრაქტორი კომპანია Crime Scene Cleaners-ის ხელმძღვანელი ნილ სმიტერსის მიხედვით, კოკა-კოლას საგზაო პოლიციელები დასუფთავების მიზნით არ იყენებენ. მისი თქმით, სისხლის კოკა-კოლათი ამოყვანა თავადაც უცდია, მაგრამ წარუმატებლად. სმიტერსის კომპანია დანაშაულის ადგილებზე სისხლის ლაქების დასუფთავებაზე მუშაობს. ვაშინგტონის შტატის პოლიციის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის ჯორჯ ჯონსტონის განცხადებითაც, ამერიკელი პოლიციელები სისხლის ლაქების გასასუფთავებლად კოკა-კოლას არ იყენებენ.
მცდარი ინფორმაცია #2: კოკა-კოლაში შემავალი ასპარტამი კიბოს იწვევს.
რეალური ფაქტი: ასპარტამი ხელოვნური დამატკბობელია, რომლის კიბოსთან კავშირის შესახებ დეზინფორმაცია წლებია ვრცელდება. გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ცენტრის მიხედვით, ასპარტამი კიბოს გამომწვევი მიზეზი არაა. ასპარტამის შესახებ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ასევე განაცხადა, რომ მისი მიღება უსაფრთხოა. კოკა-კოლას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კლასიკური კოკა-კოლა ასპარტამს არ შეიცავს და სასმელი ფრუქტოზის სიმინდის სეროფით ან ლერწმის შაქრითაა დამტკბარი. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ასპარტამს Coke Zero შეიცავს. თუმცა ჰარვარდის და მელბურნის უნივერსიტეტების მკვლევრების მტკიცებით, არა მარტო კოკა-კოლას, არამედ დღეში თითო ტკბილი გაზიანი სასმლის მიღება ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს ზრდის. ამის მიზეზი კი დიდი რაოდენობით შაქრის მიღებაა.
მცდარი ინფორმაცია #3: ხორცის ნაჭრის კოკა-კოლაში ჩადებიდან ორ დღეში სითხე გაქრება, ხოლო ხორცი შეიწვება.
რეალური ფაქტი: კოკა-კოლა სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის ხორცზე სხვადასხვანაირად ზემოქმედებს. ძროხის ხორცი კოკა-კოლაში მოხვედრის შემთხვევაში ქიმიური რეაქციის გამო ფორმას შეიცვლის, თუმცა არ შეიწვება და დეფორმაციისთვის 5 დღე დასჭირდება. მაგალითად, ქათმის ხორცს კოკა-კოლაში ჩადების შემდეგ საათებისა და დღეების განმავლობაშიც კი რაიმე ცვლილება არ ეტყობა.
მცდარი ინფორმაცია #4: კოკა-კოლით სავსე ტაშტში ფეხების 4 დღით ჩაწყობა ფრჩხილების დაძრობას გამოიწვევს
რეალური ფაქტი: 2003 წელს ბლოგერმა ჯოშ მედისონმა კოკა-კოლასა და სხვა რამდენიმე გაზიანი სასმლის გამოყენებით ექსპერიმენტი ჩაატარა. მას ანტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა, რომ ამ სასმელებს ფრჩხილისა და ლურსმნის დაშლა გამოეწვია. ოთხის დღის განმავლობაში ვერცერთმა სასმელმა ფრჩხილის ან ლურსმნის დაზიანებაც კი ვერ მოახერხა.
ნაწილობრივ მცდარი #1: კოკა-კოლას მჟავიანობის მაღალი 2.8-იანი მაჩვენებელი აქვს, რის გამოც კოკა-კოლით ტუალეტისა და მანქანის ბამპერის გაწმენდა, ასევე ავტომობილის ჭანჭიკისთვის ჟანგის მოშორება და ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანა საუკეთესოდ შეიძლება.
რეალური ფაქტი: კოკა-კოლას მჟავიანობის მაჩვენებელი 2.5-2.7 PH-ია, რაც განსაკუთრებით მაღალი ან ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. შედარებისთვის, ლიმონათსაც, დაახლოებით, იდენტური 2.6-იანი PH მაჩვენებელი აქვს, ღვინის მჟავიანობა 2.5-დან 4.5-მდე მერყეობს. კოკა-კოლით ტუალეტისა და სხვა ნივთების გაწმენდა შესაძლებელია, თუმცა ბაქტერიების მოსაშორებლად იგი გამოუსადეგარია. ამისთვის უკეთესი, სპეციალურად ჰიგიენური დანიშნულებისთვის შექმნილი საშუალებები არსებობს. კოკა-კოლას საშუალებით ნივთების ცხიმებისგან თუ ჟანგისგან გაწმენდა სასმლის მჟავიანობას, კონკრეტულად მასში ფოსფორმჟავის არსებობას უკავშირდება, თუმცა ნივთიერების საკვებად გამოყენება დამაზიანებელი არ არის და ეს მჟავა ისეთ ყოველდღიურ პროდუქტებში შედის, როგორებიცაა, მაგალითად, ყველი, რძე, დამუშავებული ხორცი ან სხვა.
აზიანებს თუ არა კოკა-კოლა ადამიანის ორგანიზმს?
ვიდეოს მეორე ნაწილი ორგანიზზმე კოკა-კოლას გავლენას ეხება. მოყვანილი ინფორმაცია მეტწილად ჭეშმარიტია, თუმცა ისეა ნაჩვენები, თითქოს ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემას მხოლოდ კოკა-კოლას მიღება იწვევდეს. მაგალითად:
- ერთი ქილა კლასიკური კოკა-კოლას მიღების შემთხვევაში ორგანიზმში 10 ჩაის კოვზი შაქარი ხვდება, რაც დაახლოებით 40 გრამია.
- ამ რაოდენობის შაქრის სისტემატიური მიღების შემთხვევაში სხეული შესაძლოა ჰორმონი ინსულინის მიმართ ნაკლებად სენსიტიური გახდეს. ინსულინი სისხლიდან უჯრედებში შაქრის შეწოვას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მისდამი მგრძნობელობის დაქვეითების პირობებში სისხლში იმატებს შაქრის კონცენტრაცია, რის გამოც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება.
- კლასიკური კოკა-კოლას 1 ქილა 140 კალორიას შეიცავს, მისი სისტემატიური მიღება კი წონაში მომატების რისკს ზრდის;
- კოკა-კოლას გზით მიღებული კოფეინის რაოდენობა უძილობას მართლაც ხელს უწყობს და შარდმდენი ეფექტი აქვს, რითაც სითხეს ორგანიზმიდან დევნის.
თუმცა ხაზგასასმელია, რომ ჯანმრთელობაზე მსგავსი გავლენა ყავის სისტემატიურ მიღებასაც აქვს ისევე, როგორც სხვა მრავალ სასმელს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩამოთვლილი პრობლემების დიდი ნაწილი არა კონკრეტულად მხოლოდ კოკა-კოლასთან, არამედ ზოგადად შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებასთანაა კავშირში.
კოკა-კოლასთან დაკავშირებული გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
- ცნობილია თუ არა “კოკა-კოლას” საიდუმლო რეცეპტი?
- არეკლამებდა თუ არა კოკა-კოლა ნაცისტურ გერმანიას და ლგბტ დროშას?
- კოკა-კოლაზე სწრაფი ტესტი კოვიდ19-ის დასადგენად არასწორად ჩატარდა
- ანტიგენის ტესტები სწორად გამოყენების შემთხვევაში კოკა-კოლასა და წყალზე კოვიდ-უარყოფით პასუხს აჩვენებს
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.