17 თებერვალს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ბელგიამ სისხლის სამართლის პასუხისგება შემოიღო ტრადიციული ოჯახისა და ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისთვის“. სტატიაში ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ბელგია მსოფლიოში პირველ ქვეყანად იქცა, სადაც ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა ამიერიდან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. კანონი განსაკუთრებულად მკაცრად დასჯის მშობელს, რომელიც ტრადიციების პროპაგანდას შვილის მიმართ “ჩაიდენს”.
“საქინფორმის” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის პირველწყარო სატირული რუსული გამოცემაა. ბელგიაში ოჯახური ღირებულებების პროპაგანდისათვის სისხლის სამართლის სასჯელის დაწესების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 14 თებერვალს სატირულმა გამოცემა panorama.pub-მა გამოაქვეყნა. “საქინფორმის” სტატიაში ინფორმაციის ხასიათი და წყარო საერთოდ არ არის მითითებული, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და უქმნის შთაბეჭდილებას, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.
ამბავი, თითქოს ბელგიაში ტრადიციული ოჯახური ღირებულებების პროპაგანდა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა, პირველად 2020 წლის 14 თებერვალს სატირულმა გამოცემამ panorama.pub-მა გამოაქვეყნა. ვებსაიტს მისიის განაცხადში გაფრთხილების სახით მითითებული აქვს ინფორმაცია გამოცემის იუმორისტული ხასიათის შესახებ:
“გაფრთხილება საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალა სატირული ხასიათისაა და გამოგონილია. ნებისმიერი დამთხვევა panorama.pub-ის ტექსტებსა და რეალურ მოვლენებსა და ადამიანებს შორის არ ემსახურება ვინმეს ღირსების, პატივისა და რეპუტაციის შელახვას, რამდენადაც სტატიები შექმნილია სატირისა და ფელეტონის სახით”.
გამოცემის იუმორისტული შინაარსი მინიშნებულია panorama.pub-ის ლოგოშიც.
სატირული გამოცემის გამოქვეყნებული მასალა ნამდვილი ამბის სახით გაავრცელეს სხვა რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმაც: kolibri.press, mediabrest.bu, 7dniv.info, twnews.co.ua.
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ისეთი მოვლენები, როგორიცაა ტრადიციებისა და ღირებულებების უგულებელყოფა, ზოოფილია, ნეკროფილია და ა.შ.
“მითების დეტექტორი” გამოგონილ ამბებზე ადრეც წერდა:
- როგორ იქცა სხვისი სატირა სპუტნიკზე ნიუსად;
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა;
- დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე;
- Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.