ვინ იყენებს იზიუმში აღმოჩენილი საფლავების ფოტოებს ტრაგედიის უარსაყოფად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

518
VIEWS

18-19 სექტემბერს რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ანდრეი ერმაკის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ. მათი მტკიცებით,  უკრაინამ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ იზიუმში რუსების მიერ ნაწამები და დახოცილი უკრაინელების მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს, თუმცა რეალურად, ფოტოებში, რომლებიც ერმაკმა ტელეგრამ პოსტს დაურთო, საფლავის ჯვრებზე გარდაცვალების თარიღად 9 მარტია მითითებული. გავრცელებულ პოსტებში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი 1 აპრილს დაამყარეს და შესაბამისად, ჩნდება კითხვები: “ნიშნავს თუა არა ეს, რომ უკრაინელები ამ ადგილზე გარდაცვლილებს რუსი სამხედროების მისვლამდე კრძალავდნენ? მაშინ ვინ აწამა და დასაჯა სიკვდილით ისინი? იგივე უკრაინელებმა ხომ არა?” 

19 სექტემბერს თითქმის იდენტური განცხადება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდზეც გავრცელდა. განცხადებაში ცნობები იზიუმში აღმოჩენილი სამარხების შესახებ მოხსენიებულია, როგორც პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც დასავლური მედიაც შეუერთდა და კიდევ ერთი პროვოკაცია ბუჩას, ირპინისა და კრამატორსკის “სისხლიანი დადგმების” შემდეგ. საელჩო პოსტით ერმაკს შემდეგი კითხვით მიმართავს: “მაშ, რეალურად ვინ დასაჯა სიკვდილით ეს ადამიანები, ბატონო ერმაკ, უკრაინელმა ნაცისტებმა ხომ არა?”

იზიუმში აღმოჩენილი საერთო სამარხების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ანდრეი ერმაკის მიერ გავრცელებული ფოტოები რუსი ჯარისკაცების უდანაშაულობას არ ამტკიცებს. ეს კონკრეტული სამარხები 9 მარტს მრავალსართულიან კორპუსზე რუსი სამხედროების მიერ განხოცრიელებულ საჰაერო და საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაღუპული სტოლპაკოვების ოჯახის დაკრძალვის ადგილს ასახავს. ერმაკი არ ამტკიცებს, რომ ამ ოჯახის წევრები წამების მსხვერპლი იყვნენ, ასევე არც სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნები არ ამტკიცებენ, რომ საერთო სამარხში აღმოჩენილი ყველა ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. 

17 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ანდრეი ერმაკმა საკუთარ ტელეგრამის არხზე იზიუმში მდებარე სამარხის ამსახველი ფოტოები  შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “რუსები უკრაინულ ოჯახებს მთლიანად ხოცავენ. იზიუმი, ოლესია, 6 წლის. მოკლული რუსი ფორმიანი ტერორისტების მიერ. მისი მშობლები აქვე ახლოს არიან დაკრძალული.”

პოსტში არსებულ ფოტოებზე გარდაცვალების თარიღად ნამდვილად 09.03.22, ანუ 2022 წლის 9 მარტია მითითებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსულ მხარეს ადგილზე დაკრძალული პირების სიკვდილთან კავშირი არ აქვს.

ერმაკი საკუთარ პოსტში არ აკონკრეტებს, თუ როგორ გარდაიცვალნენ 6 წლის ოლესია და მისი მშობლები და არ ამტკიცებს, რომ ისინი წამების მსხვერპლი იყვნენ. 

2022 წლის მარტის დასაწყისიდან 1 აპრილამდე, ანუ იმ თარიღამდე, როდესაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დაიკავეს, იზიუმი აქტიურად იბომბებოდა და  ინფორმაცია სამოქალაქო პირების გარდაცვალების არაერთი შემთხვევის შესახებ მედიაშიც ვრცელდებოდა. 

უკრაინული და საერთაშორისო მედიის ცნობებით, 3 მარტს რუსული ძალების საჰაერო თავდასხმას მრავალსართულიან კორპუსსა და სახლზე 8 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 4 მარტიდან ქალაქის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

რუსული არმიის საარტილერიო იერიშები და საჰაერო თავდასხმები ქალაქზე შემდეგ დღეებშიც აქტიურად გრძელდებოდა. 7 მარტს იზიუმის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ქალაქის ცენტრი პრაქტიკულად განადგურებული იყო. 

იზიუმის საერთო სამარხში 5 წლის ოლესია სტოლპაკოვას და მისი მშობლების საფლავების აღმოჩენის შემდეგ მათი დაღუპვის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი. 9 მარტს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ საჰაერო და საარტილერიო იერიშის შედეგად მრავალსართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ოლესია, მისი მშობლები და უფროსი და, ასევე ბებია და ბაბუა, რომელთა საფლავებიც ასევე აღმოაჩინეს, ამ დროს შენობაში იმყოფებოდნენ. ექვსივე მათგანი ნანგრევებში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. 

სტოლპაკოვების ოჯახი. ფოტო: fakty.ua

შემთხვევის შესახებ ინფორმაცია Associated Press News-მაც გადაამოწმა. სააგენტო შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს და ქალაქის ადმინისტრაციის წევრებს დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნული მოვლენის ნამდვილობა დაადასტურეს. 

ის, რომ აღნიშნული ოჯახის წევრები წამების მსხვერპლი არ ყოფილან, არ ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარის ინფორმაცია იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ მცდარია. უკრაინის ოფიციალური პირები არ ამტკიცებენ, რომ საერთო სამარხში აღმოჩენილი ყველა ცხედარს წამების ნიშნები აქვს. 16 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთ ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა. 

ხარკივის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი ბოლვინოვმა Sky News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 440 აღმოჩენილი ცხედრიდან ზოგიერთს ესროლეს და ისე მოკლეს, სხვები კი საარტილერიო ცეცხლს, საჰაერო დაბომბვებს ან ნაღმების აფეთქებით მიღებულ ტრამვებს შეეწირნენ. ბოლვინოვის მიხედვით, ბევრი ცხედრის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება და გარდაცვალების მიზეზებს უფრო ზუსტად გამოძიება დაადგენს. 

რუსეთის საელჩოს განცხადება შეიცავს დეზინფორმაციულ მტკიცებას, რომ ბუჩას კადრები დადგმულია. აღნიშნული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist